ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
15 ოქტომბერი, 2011


ვასოს ბებო აღარა ჰყავს (გაგრძელება)

4.
Uმართლაც დარეკა. ახლა უკვე ჩემით გამოვედი გარეთ. არ მიყვარს ეს სენტიმენტალური რაფსოდიები. ცრემლის ღვრა და პანაშვიდები სოფელში რომ ჩავიდოდი, მაშინაც მეყოფოდა. ვასო რეკავდა რას შვებითო. ვალოდია ტუტინი, ზანგი ისმაილა და ალიკე სულ პეშვებით ყრიან ცრემლებს, სოსიკო კი ამშვიდებს სამივეს, რო იცოდე რა კაი ცრემლი მიყვება ბებიაშენს-მეთქი, - დავიწყე ბოდიალი.  რას ღადაობო, - არ დაიჯერა. ახლა კუპეში რომ შემეგეხედა ხო არ იტყოდა ამას-მეთქი.  დამიპატიჟე ეს ხალხი გასვენებაშიო – ვერ არი.  ვალოდია კიდევ ხო და ისმაილა მატარებელს ხო არ დატოვებს-მეთქი. ახლა ვეფხვია ყვირის, არ დატოვებს და თან წამოიღოსო. ისიც ვერ არი... კიდევ გაითიშა.
ტამბურში რაულ პერტიას მამის სიდედრს ვხედავ, ეტყობა ვიღაცას ეძებს ალბათ რაულს. კაკ რაულ – ვეკითხები. ა ვი ატკუდა ზნაიტე რაულო, - აქეთ მეკითხება. მი სნიმ დავნიე დრუზია-მეთქი. ბებიამისმა, ონ მენია ს უმა სვოდით,  ვსე კაკ ატეც, ზა ბაბამი ბეგაეტო... – ეტყობა ვიღაც გოგოებთან შესულა კუპეში ეს რაული... მალადეც რაულ, ა კაცი – ეს მე დავამატე, გუნებაში...
კუპეში შევდივარ. თვალი კონიაკის ბოთლისკენ მირბის, ასეა თვალი იქით გარბის საითკენაც უხარია.  ვაკვირდები, აკლია. ჭიქებიც ცარიელია. რაღაცა უთქვამთ. ჩემს ჭიქაში კი არაფერი ასხია. რა მუხანათობა და ბოროტებაა. ვინ იყოო, - ალიკა მეკითხება. ჯერ ის მითხარით, რა დალიეთ-მეთქი, - არ მომისვენა გულმა. კონიაკიო, - ალიკამ.  ვითომ სხვა რამეც გვქონოდა დასალევი. არა, მართლა ვინ იყოო. აბა  ამათ რა უნდა ელაპარაკო, ერთი ჭიქა კონიაკი მომიტეხეს. ვასო იყო და მთხოვა, აი კაი ხალხი ქელეხში დამიპატიჟეო. მოკლედ დაპატიჟებული ხართ-მეთქი – მოვილიე საქმე. ვალოდიამ გასვენება როდის არისო, - ზეგ-მეთქი. ანუ თუ უკვე თორმეტს გადასცდა დრო, ხვალ-ისე კი ზეგ-მეთქი, - სულ ავურიე. ასე იცის იმან, კონიაკის ჭიქას რო გამოტოვებ... თუმცა მორცხვი არ ვარ და რა სადღეგრძელო თქვით უჩემოდ-მეთქი, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე მივახალე თამადას. ცამეტი მაისისო. ხო ვამბობ ვერ არი. რა შუაში იყო... ჯერ ეს ერთი რომ დღეს ოცდაშვიდი ოქტომბერია, მეორეც და თუ ცამეტი მაისისა ამბობ, პირველმა რა დააშავა... სულაც პარადებზე დავდიოდი მაგ დღეს და მიხაროდა... რატო წაართვეს მშრომელებს  ეს დღეE – ვერ გამიგია, ან რატო არავინ ამბობს არაფერს, ანუ ან მშრომელები აღარ დარჩნენ, ან რაიმეს მთქმელი ხალხი. - ესო, დინამომ თასი აიღოო, - თამადა მიხსნის... ქართველებს თასი უნდა აეღოთ, აბა სხვას რა აიღებდნენ, და თუ თასი აიღეს,  იასნია იმ თასიდან დალევდნენ, ხოდა აბა დამისხი-მეთქი... იფ რა წავიდა, რო დავლიე, სხვა თასი არ აუღიათ-მეთქი... მომინდომა ამან ევერესტზე მოფსმაო, - ალიკე იცინის. ანახეთ ეს კაცი მსოფლიოს და ომი არ იქნება, - ალიკაზე ვამბობ, - ტირილის მერე ისე უცებ იცინის, ვერც გაარჩევ ტირის თუ იცინის. ისე გამახსენდა კალათბურთელებსაც აქვთ ერთი თასი, ევროპულიო - ხოდა ახალ იმათიც ვთქვათო... ასე ერთჯერადი ჭიქებით ვთქვით მეორე თასის სადღეგრძელო... მერე ისმაილამ „გლესავ და გლესავ ნამგალოო”, - წამოიწყო... – რეპერტუარი შეცვალა...  ვე არის ეს კაცი, სად ნამგალი და სად თასი...
მერე სოსიკო კოლმეურნეობები რომ იყო, იმ დროინდელ ანეკდოტს ყვება, ალბათ ნამგალზე  თუ გაახსენდა: გურიაში ერთ კოლმეურნეობაში კრებაა, გამოაქვთ დადგენილება, ამერიკამ გამოიყვანოს ჯარი ვიეტნამიდან, ერთი კოლმეურნე - გურული რა თქმა უნდა, წამოდგება  და გაბრაზებული ეკითხება კრების თავმჯდომარეს, კი მარა, ძამა, აი დადგენილება წინა სხდომაზე მივიღეთ ხომ კიო. კიო, მივიღეთო... – დაუდასტურა თAვმჯდომარემ. ხოდა თუ მივიღეთ,  რავა კიდო, არ გამოუყვანია ჯარი ამერიკასო - ბრაზობს...
ალიკე ყვება, რაფერ გადირია ერთი გურული და თოფით დაჭრა მეზობელი. მოვიდა პოლიცია და მთელ სოფელში ყველას ჩამოართვა თოფი – დაჭრილსაც. ხოდა გაბრაზდა დაზარალებული, თუ ასე იქნებოდა საქმე, თოხი ესროლა იმ აბდალას ჩემდა და თოხებს ჩამოგვართუმდნენ,  დევისვენებდი პაწას, აი თოხია რო მკლავს მე, თუ არა თოფი რას მიზამსო...
მერე მეც ჩავარტყი ერთი ამბავი, ორი გურული რო ხვდება ერთმანეთს და საუბრობენ: რავა ხარ ძამა, ერთი ეკითხება,  გადასარევადო, შენ რავა ხარო, ახლა მეორე ეკითხება... მე გადვირიე უკვეო... – პირველმა...
ისეთი ხარხარია კუპეში, ვის დაუმტკიცებ ახლა რომ გასვენებაში მივდივართ, კიდე კარგი საწყალი თინა ბებია არ და ვას ოარ გვიყურებს... … ალიკე მეუბნება, აბა ის მოყევი ბანკში რომ შედიოდი და მოძრავი კარები რომ არ გაიღო და შენ რომ ხელით გინდოდა გაღება და პოლიცია რომ მოვიდა და ხელების გადაჯვარედინებით რომ გაჩვენა დაკეტილიაო და შენ რომ პაროლი გეგონა კარების და ერთ საათი რომ უჩვენებდი კარებს გადაჯვარედინებულ ხელებს იქნება გეიღოსო... მოყვა უკვე და მე რაღაA მოვყვე...
მერე მე ვეუბნები ალიკას, აბა შენ ის მოყევი, კარატისტებზე რო გადაცემა ნახე და ერთ გოგოს რომ ემარიაჟებოდი, მეც გავტეხავ აგურებსო და რო გლიჯე ხელი აგურს და მერე სამი თვე გიფსით რომ დადიოდი-მეთქი... …
მერე ისმაილამ, - წავედი ახლაო, ხალხს უნდა მივხედოო... ა, კაცი, კიდე დარჩენილა ადამიანი, ხალხის მიმხედავი... გავაცილე კუპეს კარამდე და ზეგ, ანუ ხვალ ხო გცალია, დავაფასოთ თინა ბებია-მეთქი... კიო, არა უფრო სწორად არ მცალია, მარა უარი როგორ  ვთQვა. გადავცვლი სმენასო...  წავიდა. რო დავაკვირდი, მთლად სწორად ვერ გაიარა ტამბურში მაგრამ წაქცევით არ წაქცეულა, ერთი მხრიდამ ფანჯრები უშლიდა, მეორე მხრიდან კუპის კარები... ამ დროს რაულიც გამოძვრა საიდანღაც, შავი  კაცი რომ დაინახა, ეტყობა არ მოეწონა და ისევ უკან შეძვრა... ასე შემეშინდა მეც თავიდან, ისმაილა  რომ დავინახე, მარა  ახლა შევეჩვიე. ძაან შავიც არ არი, უფრო შოკოლადის ფერში გადის, მაგარი იქნება,  უნდა გადავრიო მეზობლები, რაღაც არ მახსოვს ჩვენ სოფელში ზანგი ყოფილიყო სტუმრად. ვასოიას პრესტიჟს ავუწევ. სოფელში ვიტყვი, ობამას ბიძაა, გაუგია თინა ბებიას ამბავი და შეწუხდა ძალიან, თვითონ ვერ შეძლო წამოსვლა და ა, ბიძაAგამოუგზავნია-მეთქი... შეიძლება არ დამიჯერონ, მერე რა, მთავარია ისმაილამ არ გამთქვას,  და არაფერი არ თქვას – თან ქართულად, თორემ იმაზე რა ვუთხრა ხალხს, ქართული საიდან ისწავლაო, რომ მკითხონ, არადა მკითხავენ აუცილებლად... კაცს კიდე ხო არ ვეტყვი, ხმა არ ამოიღოს. ხო მოვიფიქრე: ჩვენ პრეზიდენტი და მთავრობა, ამერიკაში რო დადის, სხვას კი არაფერს აკეთებს, ობამას ბიძას ქართულს ასწავლიან-მეთქი ვიტყვი, სულ იქეთ არ დაფრინავენ...
მარა ერთია პრობლემა, ობამას ბიძა თურმე პოლიციას დაუჭერია ამას წინებზე, მთვრალი მჯდარა საჭესთან, მაინც რა ქვეყანაა ეს ამერიკა, აქ რომ გააჩეროს პატრულმა  პრეზიდენტის ბიძა, ზვანიას და თანამდებობას კი არა, თავს  დაატოვინებენ – ქუდიანად.  თუმცა ობამას ბიძის ამბავი  ეცოდინიბათ უეჭველი...  სოფელში რომ ჩავდივარ, აქეთ მახვედრებენ ცინცხალ და ცხელ-ცხელ მსოფლიო ამბებს, საიდან არ ვიცი...  მოვიფიქრე ვიტყვი მეორე ბიძაა-მეთქი... ბიძების მეტი რა ეყოლება ობამას.
ტუტინი უნდა დავმალო ტუტინი რომ არის, თუ არა დათვრებიენ და არჩიე მერე ტუტინია თუ პუტინი, შემეელახება ვინცხას, წესით კი უნდა დავიცვა – სტუმარია და მეც მიმაყოლებენ ზედ...
დილაა... მე მეორე კოიკაზე ვწევარ, პირველი ვინც მოვიძებნიე, ვალოდიაა, წევს და ფშინავს, არადა ღამით სიზმარში ვნახე, თითქო ისევ კუპეში ვარ და ვალოდიას მაგივრად ჩემს მეზობლად, მეორე კოიკაზე თევზი წევს - ლოქო... ახლა კოიკაზე ისევ ვალოდია წევს... ქვემოთ სოსიკო და ალიკა... მატარებელი კი დგას... პატარა მაგიდაზე კონიაკის ცარიელი ბოთლები აწყვია, მოწყენილი... …  ფანჯარაში გავიხედე... წარწერას ვხედავ - „ბროწეულა”, ანუ ბროწეულაში ვართ,  სოფელია სამტრედიამდე. ადრე აქ ბროწეულებიც დამინახია, ახლა არ ვიცი არის თუ არა... კაი ბროწეული, კუპატს უხდება... წვიმს... თუმცა წუხელ საკმაო შევთვერი, მაგრამ მახსოვს ვასოიამ და ვეფხვიამ სამტრედიაში დაგხვდებითო, რომ თქვეს...
სამტრედიაში ისე წვიმდა, გეგონებოდა წყალი დარჩა მეზობელს ზედა სართულზე მოშვებული...
მართლა დაგვხვდნენ ვეფხვიე და ვასოიე მეზობლის დანჯღრეული ვილისით, ისმაილა და ვალოდია გავაცანით...  მანამდე ვალოდია  და ისმაილა შეთანხმდნენ, აქვე სადგურში შეხვდებოდნენ და ერთად ამევიდოდნენ სოფელში თინა ბებიას დასაფასებლად...  რო წამოვედით ვასო მეუბნება, ძალიან შავია აი კაცი და ვინმეს გასვენებაში გული არ წოუვიდესო.  გასვენებაში გული უნდა წოუვიდეს ვინმეს აბა ისე სად გინახავს-მეთქი დავაწყნარე, მთავარია თინა ბებიას არ დაემართოს რამე-მეთქი... – წავუშტერე, აბა თინა ბებიას რა დაემართებოდა  აწი, ცოცხლებს ეკითხა...
მერე ვალოდიამ სადღაცAსაწყობ-მაცივრებში მიგვიყვანა,  ვიღაცა ფუშფუშა ქალს ოცი კილო ლოქო ააწონია, ჩემს სახელზე ჩაწერეო უთხრა... ვასოიე მეჩურჩულება, მადლობა რაფერ ვუთხრა ამ კაცსო, რაფერ და ქართულად-მეთქი...
წამოვედით. გზაში ვასოიე ჯავრობდა, ბებიაჩემი ფოსტალიონად გამიხადეს, ვის რა დარჩა სახლში იქეთ წასულ მეზობლებს, ყველას უნდა ბებიამ წოუღოს,  ზოგს თბილი ნასკი, ზოგს სათვალე,  ზოგს კიდე საათი, თბილი ნასკი და სათვალე კიდე გასაგებია,  მარა იქ საათი რაღათ უნდათ, ნეტა სად ეჩქარებათო...  რა იცის ვასოიამ იქ რა ხდება, აქ თუ ჭირდებათ საათი, ვითომ იქ რატომ არ დაჭირდებათ...
ავედით სოფელში... გამოდარებული დაგვხვდა. სეფის გაშლას ამთავრებდნენ მეზობლები... თევზი მზარეულს ჩავაბარეთ... მისამძიმრებ-მისალმებები  გავიარეთ... დედაჩემი სხვა მეზობელ ქალებთან ერთად საინებს რეცხავდა... დედა, უნდა მოკვდეს ვინმე ან ცოლი უნდა მოიყვანოს რომ გნახოო, საყვედურით ამავსო...  ბაღნები და ცოლიც წამოგეყვანაო, - კიდე კარგი სიდედრი არ მითხრა... კლასი აქ ბაღნებს-თქვა, გავიმართლე თავი... ცოლი წამოგეყვანაო, იმასაც კლასი აქვს თქვა, მართლა ასეა. დაპირებული ვარ დედაჩემზე, ბაღნები კლასს რომ დაამთავრებენ, ცოლსაც დავამთავრებინებ კლასობანას,  მოვკიდებ ხელს და სულ აქ ჩამოვალ-მეთქი... დაბარებულივით ცოლმაც დარეკა ამ დროს, რა შვებიო... ა, ელაპარაკე ნენას, ის გეტყვის თქვა... ტელეფონი  დედაჩემს დავუტოვე და ბიჭებს გავყევი,  ვეფხვიასთან საქმეა პატარა და იქ მივდივართო, ალიკა ხელებით მანიშნებდა...   
რა საქმე უნდა ყოფილიყო, ალბათ გადმოსატანია რამე ვასოიასთან-თქვა... ასეა, თუ რამე შემთხვევაა, ერთ ოჯახში იყრის თავს მთელი სოფლის ჭურჭელი, მაგიდები და ბრიზენტი...  … ვეფხვიას ჩვენი კლასელი ყავს ცოლად, ნესტანი... რომ მივედით, სუფრა შლიდა... ბიჭო, რაის სუფრაა, გადავიტანოთ თუ რამე გადასატანია-მეთქი,  - ვამბობ. მართალი ხარ  შენო, - ვეფხვია მეუბნება, -  უნა გადევიტანოთ ეს ამბავი რამენაირად, დაჯექი ერთი თუ კაცი ხარო  და დამადო უშველებელი ტორი,  ნუ დაჯდები თუ ბიჭი ხარ...
იქედან ჩემთან სახლში სოსიკომ წამომიყვანა თუ მე წამევიყვანე სოსიკო,  არ მახსოვს... სოსიკომ თავის Oოთახში დაიძინა (მისაკუთრებული აქვს ერთი ოთახი)...
მერე, ზუსტად არც მახსოვს, მე მიკითხავს დედა, მამა სად არის-მეთქი... არადა მამაჩემი უკვე ხუთი წელი იქ არის სადაც ახალ თინა ბებია მიემგზავრება... ის მახსოვს დედაჩემი მეუბნებოდა, რაფერ გიძლებს შენი ცოლი, სულ მთვრალი იყვეს ადამიანი შეიძლებაო... 
დილით თავი მისკდება... არ იცის ვეფხვია ღვინის დაყენება... ბომბივითაა, ოღონს შენელებული  მოქმედების, პირველ დღეს კაია რო სვამ, აფეთქებით მეორე Dღეს ფეთქდება... ალიკას თავი გვერდზე გადაუგდია და ძინავს... ე, ბიჭო გაასვენეს ქალი, თან ისმაილა და  ვალოდია ამოსულა, სირცხვილია მოგვეჭრა თავი-მეთქი და  წამოხტა. არადა თერთმეტი საათი იყო ჯერ...
ვასოიასთან რომ გადავედით, მომპატიჟებლები, მესამარეები, სუფრის მომსახურე ხალხი, მერიქიფეები,  ეზოდან გასვენების წინ სიტყვით ვინ გამოვიდოდა თავ კაცს დანიშნული ყავდა უკვე ყველა, მე და ალიკას დაგვევალა მესამარეებთან შუადღით სადილის ატანა...
სოფლის სასაფლაო გორზეა... სულ რამდენიმე წუთის სავალია, მარა მთელი ცხოვრება ამ სავალიზა მზადებაა კაცის... ეს გორა ყველა სახლის ეზოდან ჩანს. თუ ვინმეს მოენატრება იქ წასული, პირდაპირ ეზოდან ან ფანჯრიდან ელაპარაკებიან.  ასე მგონია იქეთ წასულებიც ასე უყურებენ თავის სახლ-კარს  და დანატოვარს...
რომ ავედით, ამთავრებდნენ უკვე საქმეს...  ალიკა ჩახედა სამარეს და არ მოეწონა სიღრმე, ეს არ ეყოფა კიდე გათხარეთო, - ვინ ეკითხებოდა. ვითომ რაც იყო ამოთხრილი  იქედან ამოხტებოდა საწყალი თინა ბებია თუ რაი... 
უკან რო დავრუნდით ისმაილა და ვალოდია დაგვხვდა მოსული. ასეთი სიტყვის კაცი არც ამერიკელი და არც რუსი არ მყავდა ჯერ ნანახი. რიგ-რიგობით მოდიოდანენ მეზობლები და ხელს ართმევდნენ... 
- ნენა,  რეიზა მიდიხარ ნენაა, რა ხალხი მევიდნენ ნენა,  ამერიკაც აქ  არის ნენა და რუსეთიც, ახლა მიდიხარ ნენაო – ტიროდა ვასოიას მამიდა,  ეტყობა ვასოიას ეთქვა ისმაილაზე და ტუტინზე... პანაშვიდზე გული არავის წასვლია, ისე ერთი-ორი მეზობელი კი მოვიდა და მკითხა მართლა ზანგიაო. არა, შეღებილია-მეთქი... ტყულად ზანგი სად ყავდათ ნანახი, ეს მაინც ვიცოდე...
დადგა გამოსვენების დრო.  ძირითადი გამომსვლელი ისე იყო მთვრალი, სიტყვა ეთქვა კი არადა და ენას ვერ აბრუნებდა პირში, გინდ ქონოდა გინდ არა, ლუღლუღებდა რაცხას...  თავ კაცმა კაცმა ალიკას უთხრა, შენ ხარ პროფესორი და თქვი რამეო... დეიმორცხვა იმან, არ ვარ მომზადებულიო. მარტო ჭიქა რომ აქვს ხელში მაშინაა მზად და გეიკრიფება ენად. კლიმენტიეა ერთი, ადრე რკინიგზელი იყო, ახლა პენსიონერია, ცალი ფეხის ტერფის ნახევარი არ აქვს, მატარებელმა გადაუარა (რაფერ მოახერხა). მერე კი მოირჩინა ის ნახევარი ფეხი, მაგრამ რად გინდა?  ბალზე იყო გასული, გადმოვარდა  და სამი Dდღე კომაში იყო,  მოუვლია ის ქვეყანა, არ მოწონებია და დაბრუნდა უკან. მაგარი კაცია ეს კლიმენტია, ნიჭიერს ეძახიან სოფელში, იმიტომ რომ ზარმაცია. ხო ამბობენ, ყველა ქართველზე ნიჭიერია და ზარმაციაო. კლიმენტიას ნიჭიერებაზე არაფერი გამიგია, აი,  ზარმაცი  კინამდვილად ლარის. რაც ნახევარი ტერფი არ აქვს, ხელჯოხით დადის. ავტობუსში ასულა ერთხელ და ხელჯოხით რომ დაუნახავს, დაბრძანდითო,  ამდგარა ვიღაც კაცი. არა, ვერ დაჯდები, მეზარება მერე ადგომაო, უთქვამს. მე მგონია ფეხი ედო ლიანდაგზე და გამოწევა შეეზარა, და იმიტომ გადაუარა მატარებელმა – აბა ვის უნახავს კაციზა მატარებელის ნახევარ ტერფზე გადაევლოს. ხოდა მე გამოვალ სიტყვითო.  უარს რავა ეტყოდა ვინმე, მითუმეტეს ერთნახევარტერფიან და იმ ქვეყანაში უკვე ნამყოფ კაცს... თინა ბებია, თინა ბებიაო, ორჯერ თქვა – ალბათ უფრო კარგად რომ გაეგო ხალხს, აბა თინა ბებია რას გაიგებდა?  შენი გამომცხვარი ხაჭაპური მომენატრება და შენი მოწოდებული არაყი და თხილიო. იქ არ იყო, რას მორბოდა აქეთ, ჩავიდოდა თინა ბებია და დოუცხობდა ხაჭაპურებსო, ალიკე მეჩურჩულება. სიტყვა თუ გინდოდა გითხრეს და გეთქვა-მეთქი, მე ვუთხარი. მარა ღვთის განგება ყოფილა ამფერი, - აგრძელებს კლიმენტია, -  დაფასებული ქალი იყავი და ახლაც გაფასებს მთელი დუნია, მოგყვება უკან ამერიკა და რუსეთი, ობამას ბიძა, ვალოდია პუტინი (აქ აურია), ნათესაობა და მთელი სოფელიო... მოკლედ არ დაგვტია არავინ აქეთ, ყველა გაგვაყოლა  თინა ბებიას... ვინც მიხვდა რა თქვა, ვერ შეიკავეს თავი და ატყდა ფხუკუნი ხალხში... 
წავიდა მერე მთელი ხალხი  და პროცესია პატარა გორისკენ, პატარას რომ ეძახიან და ყველაზე დიდ რომაა...
- ნა დაროგე სმერტ, პოსლე  პასადკაო, - ანუ ჯერ გასვენება და მერე კიდო ჯდომა იქნებაო, ხალხს ისმაილას და ვალოდია ტუტინის ხათრით რუსულად პატიჟებდა კლიმენტიე – ინგლისური არ იცოდა...
(გაგრძელება იქნება)

(გაგრძელება იქნება)


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები