ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მია დადიანი
ჟანრი: პოეზია
30 მაისი, 2014


ზამთრის დეკადა



მე რომანისტი ვარ და ხვდებით, ეს ისტორია
გამოვიგონე, რაც ქუჩაში ხდება სახალხოდ
გაჩერებასთან, ახლოს, იქვე რესტორანია...
შეშა ნაცარში მწუხარებას ჩუმად ბალახობს...

სარდაფში ბავშვი დაასვენა ყინვამ ყუთებზე,
პირიდან შიმშილს თეთრი ორთქლი ამოაყოლა,
შეციებული კანკალებენ გარეთ თუთები...
მიჭირს და მიწევს სევდიანი ამბის მოყოლა.

ბავშვი წამოდგა, სიბნელეში რაღას ნახავდა,
დედის სარეცელს ძლივს მიაგნო, სურს გაღვიძება,
ვეღარც კი ხვდება, თენდება თუ ახლა დაღამდა,
არაყს მიაგნო, სიმწრისაგან ეწვის ღრძილები.

ხელის ფათურით დედის შუბლი (უკვირს) მონახა,
ცივია, როგორც მდუმარება ცივი კედლების,
ესეც ზამთრის სუსხს დააბრალა, ბედი ონავარს
აბურთავებდა, ღამე იყო ჩუმი, დრეკადი.

თურმე დედასაც შესცივდაო, რას იფიქრებდა...
მიცვალებულის მკერდს დააჩნდა ნათითურები
ბავშვის, გარეთ კი იანვარმა თოვლად იფეთქა,
სურს გარეთ გასვლა, ეშინია საწყალს ტურების.

შიში დაძლია, გზას ანათებს ძველი მაშუქა,
მინის იქით კი, ნაძვისხესთან ცეკვავს ბუხარი,
კარი შეაღო, ღიმილიც კი არვინ აჩუქა,
ისე მოქოჩრეს, გააგდეს და მშიერ-მწყურვალი

გარბის უქუდოდ, უსასრულოდ, უმისამართოდ,
ჭიშკრის ქვემოდან შეძვრა, ღმერთი ეზოს ალაგებს
სასწაულია, ეს ნაძვის ხე ვინღამ გამართა?
ან ამ ბავშვებთან დედა რატომ ჰყვება არაკებს?

დედა, დედიკო, რა კარგია, შენც ხომ არ გცივა?..
ამდენ პატარას თავს დაადგა ბედი ყასაბი,
ზოგი მშობლებმა თბილ კერძსა და შალში გაცვალეს,
ზოგს გასაყიდად აჩენდნენ და ყიდნენ ბოზები...

გარეთ ცივი ცა ფანტელების წყებას ასხვისებს
და იკბინება ნადირივით ზამთრის დეკადა...
ახლა უფალი დგას შუაში, როგორც ნაძვისხე,
თბილა და ღამეც აღარ არის ისე დრეკადი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები