ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პროზა
26 ოქტომბერი, 2011


ალბათ , ბედია

          – ნანა,ნანა, დამელოდე – მოესმა, შეჩერდა, მოიხედა და მეტროს ვაგონის კარებიც დაიხურა.
          ახალგაზრდა ქალს ჩქარი ნაბიჯით შეცბუნებული მამაკაცი მუახლოვდა:
        – მაპატიეთ, ჩემს თანაკლასელი მეგონეთ, რომელიც წლებია არ მინახავს. მატარებელზეც კი დაგაგვიანეთ...
        – არაუშავს.. – გაიღიმა ქალმა, – ხდება ხოლმე, მით უფრო მეც ნანა მქვია და...ნაცნობი მეძახდა მეგონა.
        – თბილისში წელიწადია რაც დავბრუნდი, ისე მენატრებიან კლასელები...თვალებით სულ ნაცნობ სახეებს ვეძებ...კიდევ ერთხელ, ბოდიში
        – არ ღირს ამდენ მობოდიშებად, არ მაგვიანდება.
        – ეტყობა ეს შეხვედრა ბედია – მომხიბვლელად გაიღიმა მამაკაცმა – ბარემ გაგეცნობით, მე ლევანი მქვია, თქვენი სახელი უკვე ვიცი. სამსახურში მიგეჩქარებათ ალბათ.
        – პირიქით, ვბრუნდები.
        – სად მუშაობთ? თუ, რა თქმა უნდა, საიდუმლო არაა.
        – არა, რა საიდუმლოა...აფთიაქში. ყოველი მეოთხე მორიგეობა ღამის სმენაში მიწევს და ბავშვს დედას ვუტოვებ ხოლმე.
        – მეუღლეს ეზარება თავის შეწუხება?
        – მეუღლე 2  წელია დამეღუპა...– ჩაილაპარაკა ქალმა და ჩამომდგარ ვაგონში შეაბიჯა.
        – მაპატიეთ...– სინანულით ჩაილაპარაკა კაცმა.
        ვაგონში სიხალვათე იყო, გვერდიგვერდ დასხდნენ.
        – შორს მიბრძანდებით? – უხერხული სიჩუმე დაარღვია ლევანმა.
        – თუ დელისში გადმოსულს ვაჟაზე მიმავალი მატარებელი დამხვდა , ვაჟაზე, თუ არა, დელისში ამოვალ და ფეხით გავაგრძელებ, თითქმის შუაგზაზეა დედას სახლი.
        – თანამგზავრები ვყოფილვართ – იცრუა კაცმა, არ ეთმობოდა შემთხვევით გაცნობილი ლამაზი ქალი. „მერე რაა, სამედიცინომდე რამეს გამოვყვები, იმედია, გოგი არ დატოვებს ჩემს მისვლამდე სამორიგეოს... იქნებ, მართლა ბედმა შემახვედრა ნანას...“
        შეფარვით შეათვალიერა ქალი. მაღალი, ლურჯთვალა, ქერა გრძელი თმებით, სპორტული აღნაგობით, მოკრძალებული მაკიაჟით და სადა ჩაცმულობით საოცრად სასიამოვნოდ გამოიყურებოდა.
        „ალბათ მარტო ცხოვრობს მეუღლის სიკვდილის შემდეგ. ნეტავ რა დაემართა ახალგაზრდა კაცს? რა დროს ეგაა, უნდა დაველაპარაკო, თორემ ..მატარებელი მიქრის...“
        – ბიჭი გყავთ ნანა?
        – კი, ბიჭი – გაეღიმა ქალს და სითბო ჩაუდგა თვალებში – ისეთი მოუსვენარია...ოთხი წლისაა და იმდენი რაღაც იცის... მაგდენი მე 10 წლისამ არ ვიცოდი. კომპიუტერიც ისე უცებ ისწავლა, მიკვირს. ინტერნეტშიც ადვილად ეძებს თამაშებს.
        – ახლანდელი თაობა საოცრად ადრე ვითარდება – დაეთანხმა ლევანი.
        – თქვენ არ გყავთ შვილი?
        – სამწუხაროდ არა. ამჟამად ცოლიც არ მყავს.
      მატარებელი „სადგურის მოედანზე“ გაჩერდა. გადასასვლელისკენ გაემართნენ.
      ლევანმა მოხუც მათხოვარ ქალს ხურდა ჩაუყარა.
      – რატომღაც ბებიას მაგონებს....
      – აჟამად არა...ე.ი. გყავდათ ? – საუბრის თემას დაუბრუნდა ნანა.
      – სკოლის დამთავრების შემდეგ  რუსეთში წამიყვანეს, რადგან მაშინ აქ სამედიცინოზე ჩარიცხვა სასწაულის მოხდენას ჰგავდა.
        – ექიმი ბრძანდებით ?
        – დიახ, ქირურგი ვარ. იქ კურსელი შემიყვარდა. მეოთხე კურსზე დავქორწინდით, მაგრამ ქალური პრობლემების გამო, შვილი არ უჩნდებოდა. დავამთავრეთ და  მშობლების მოთხოვნით უკანვე დავბრუნდით. ნასტია ჯერ კი გამომყვა, მაგრამ ვერ გაძლო უშუქო, უწყლო, გაყინულ თბილისში და...დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში. ორ წელიწადში გათხოვდა კიდეც. ვერც მე გავძელი ამ არეულ ქვეყანაში, არ იყო სამუშაო, ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა და  მეც  წავედი რუსეთში, ოღონდ სხვა ქალაქში. იქ ვიმუშავე ეს წლები და შარშან დავბრუნდი უკან.
        – ცუდია... – ჩაილაპარაკა ნანამ.
        – რაა? რომ დავბრუნდი?
        – არა, არა, რას ამბობთ...ოჯახი რომ დაგენგრათ.
        – ალბათ ასე სჯობდა...რომ ვყვარებოდი ისე, როგორც მეგონა...არ დამტოვებდა.
        მატარებელი „დელისში“  გაჩერდა. გადმოვიდნენ თუ არა მოესმათ : „მატარებელი მიდის სადგურ „ სადგურის მოედანზე“.
        – მირჩევნია ფეხით წავიდე
        – მეც – გაიცინა ლევანმა.
        ამოსვლა და მობილურის ზარი გაისმა :
        – ლევან, ვერ დაგიკავშირდი, გათიშულიაო, არ მოდიხარ? ხდება რამე?
        – მოვდივარ გოგი, მოვდივარ. ჩემს მოსვლამდე დარჩი რა.
        – კარგი, ოღონდ ძაან არ დააგვიანო, უფროსმა არ შემოიაროს.
        – არა, არა, ათ წუთში მანდ ვარ.
        – ჩემს გამო აგვიანებთ?
        – არა, არა, რას ბრძანებთ...მე ისეთი ბედნიერი ვარ ამ შეხვედრით...ეტყობა ბედია...
        – ცრუმორწმუნე ბრძანებულხართ ლევან, აი, დავშორდებით ერთმანეთს და...ვინ იცის, შევხვდებით კი?
        – მობილურის ნომერს არ მომცემთ ?
        – რა საჭიროა? თუ ბედია...ისედაც შევხვდებით. აი, მოვედით კიდეც. მშვიდობით ლევან.
        – არა, ნახვამდის ნანა...
        – კარგით, იყოს ნახვამდის. – გაეღიმა ნანას, შეტრიალდა და მალევე სადარბაზოში შევიდა.
        ლევანმა ტაქსი გააჩერა :
        – რესპუბლიკურში – უთხრა მძღოლს.
          გარემოს გაჰყურებდა  და თვლწინ ნანა ედგა , მისი ნაღვლიანი თვალების გამოხედვა, უზადო ღიმილი...

                                                                                    ( გაგრძელება იქნება )

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები