ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნელიკო გოგუაძე
ჟანრი: პოეზია
30 ოქტომბერი, 2011


უმისამართო ფიქრი

ერთ მშვენიერ დღეს გეტყვი, რომ
უშენობას მივეჩვიე და აღარ აწვიმს ჩემს ბალიშს,
ჩემს სხეულზე შემოხვეულ შენს ფიქრებს
სკალპელის სიზუსტით ავიცლი სხეულიდან და
გარეთ გავკიდებ გასახმობად
/ ხსოვნაშიც რომ არ ჩარჩეს მოგონებებად/,
სხეულში ჩაბუდებულ იმ გრძნობას კი,
თოთო ბავშვივით რომ ვზრდიდი და ვეფერებოდი,
ვიმშობიარებ და უღრან ტყეში გადავმალავ,
მონადირემ იპოვოს იქნებ და ჩემს მაგიერ ესროლოს ტყვია,
მე ახლა მივხვდი,
როგორი მძიმე ყოფილხარ ჩემთვის
/ სათუთი კი მეგონე დიდხანს/....
ტყვიასავით ჩამეკირე სულში და ...
ჰო, ერთ მშვენიერ დღეს გეტყვი, რომ უშენობას მივეჩვიე
და მაშინ მივხვდებით,
რა საოცრად ლამაზ გრძნობას დავადეთ ლოდი
და არც კი ვეცადეთ მის გადაგორებას...
უფრო სწორად არ გვეყო ძალა,
და ახლა, შენ შენს სამყოფელში,
მე ჩემს სიმარტოვეში
სანთლებს ვუნთებთ ფიქრებს და ვფიქრობთ:
იქნებ მონადირეს არ ქონდეს ტყვია
/მაგრამ მონადირე რისი მონადირეა/
და არ გათენდეს ის დღე,
როცა გეტყვი, რომ უშენობას მივეჩვიე.
მე ხომ მიყვარხარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები