ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პროზა
31 ოქტომბერი, 2011


ალბათ, ბედია ( ნაწილი მეორე )

  „ მოვძებნი, აუცილებლად ვიპოვი, მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე ყველა აფთიაქს შემოვივლი, აუცილებლად, აუცილებლად ვიპოვი...ნამდვილად ბედი იყო ეს შეხვედრა.“

  ნანა ნელი ნაბიჯით ადიოდა კიბეებზე.
  „მართლაც, რა იყო ეს შეხვედრა? რამდენი ვილაპარაკე უცნობ მამაკაცთან... ისეთი გრძნობა გამომყვა, თითქოს კარგა ხნის ნაცნობი იყოს. სასიამოვნო საუბარი აქვს, გარეგნობაც“
  მეორე სართულის ბაქანზე შეჩერდა. მოაჯირს დაეყრდნო და თვალწინ ლევანი წარმოუდგა. მაღალი, მხრებგაშლილი, ზომიერად დაკუნთული. ღიპის ნასახიც არ ეტყობოდა, ღიპიანებს ვერ იტანდა ნანა, ონდავ შევერცხლილი, შემელოტებული შავი თმა, კეხიანი, ქართული ცხვირი  . შავგვრემან სახეს საოცრად უხდებოდა მწვანე თვალები. უცებ რომა გაახსენდა, მხატვარი ვარო და ყური გამოუჭედა ტრაბახით, გრძელი თმები (ხშირად გაზინთული), დონდლო სხეული, გვარიანი ღიპით...ცოლობას რომ სთავაზობდა და თანაც ისე, თითქოს საოცარ გმირობას სჩადიოდა...“ფუჰ, რამ გამახსენა ახლა რომა? ლევანთან მიმართებაში მაინც...“
  ქვემოდან ხმაური შემოესმა, გამოერკვა და კიბეებს აუყვა.
  „რატომ არ მივეცი ნომერი? თუმცა, თუ მასაც დავამახსოვრდი, მომძებნის. ხომ დამპირდა, გიპოვიო. თუ მიპოვა?! ჯერ მიპოვოს და.. მერე ვნახოთ...თემო? თემო ჩემი ტკივილია, მუდმივი ტკივილი, მაგრამ..“.მაშინ ეგონა ყველაფერი დამთავრდა. თემო და მისი დედ–მამა ერთად...ეს ენით აუწერელი ტკივილი იყო ოცდარვა წლის გოგოსთვის. ორი წლის ბავშვით მარტო დარჩენილი ქვრივად. რომ არა მისი მშობლები და ძმა, ალბათ ვერ გაუძლებდა ასეთ დარტყმას...ორი წელი და ოთხი თვე გავიდა მას შემდეგ. ლამაზ ქვრივს მალევე გამოუჩდნენ მთხოვნელები, მაგრამ ნანას ამაზე ლაპარაკიც კი არ უნდოდა. „დღეს კი...რა მოხდა, რა თვალით შევხედე იმ კაცს?!“
  – მოვდივარ, მოვდივარ – შემოესმა დედის ხმა.
  – რა მოხდა შვილო? – შეეკითხა შეშფოთებული დედა.
  – არაფერი, რატომ ?
  – რა ვიცი, ზარს ხელი არ აუშვი და...
  – უჰ, რაღაცას ვფიქრობდი და ინსტიქტურად ალბათ...
  – დედიკო, დედიკო მოვიდა...–საძინებლიდან გამოვარდა დათუნა – ჩემი დედიკო!– ფეხებზე შემოეხვია ბიჭი.
  ნანამ ხელში აიყვანა და ჩაიხუტა.
  – ხომ კარგად იქცეოდი დედი? ხომ არ გააბრაზე ბებო?
  – არა, მართლა კარგად იქცეოდა, ყველაფერს მიჯერებდა. – უთხრა ბებომ და დათუნას მიუბრუნდა:
  – ჩამოდი ბებო, დაღლილია დედა, ეძინება. მოდი, საუზმე გავაწყოთ, ვჭამოთ. მერე დედა ცოტას დაიძინებს, მე და შენ კი საქანელებისკენ წავიდეთ.
  დათუნა ჩამოსრაიალდა დედის ხელებიდან და ხტუნვა დაიწყო.
  – რა კარგია, რა კარგია...
  მაგიდა გაშალეს. ბიჭმა მალე შეჭამა ფაფა, დააყოლა კაკაო და მაგიდის ირგვლივ სირბილს მოჰყვა.
  – გეყოფა ბებო, დაიღლები – დაუშალა ბებომ.
  – არ დავიღლები –უპასუხა დათუნამ და სირბილს უმატა.
  – კარგი რა, დათუნა, გაჩერდი – უთხრა ნანამაც – თავბრუ დაგეხვევა და წაიქცევი.
  – მე მაგარი ბიჭი ვარ, მე სპაიდერმენი ვარ –იძახოდა დათუნა და უფრო და უფრო სწრაფად დარბოდა მაგიდის გარშემო.
  – გაანებე თავი, დაიღლება და გაჩერდება – უთხრა ნანამ შეწუხებულ დედას და  ცივი წყალი დაისხა, უცებ ჭიქა წაექცა, წყლის ნაწილი იატაკზე დაიღვარა და...დათუნას ფეხი გაუსრიალდა, წაიფორხიალა და ახლოს მდგარ კომპიუტერის მაგიდის კიდეს თავით შეასკდა.
  დედამ და ბებიამ ერთდროულად მიაკივლეს . ნანა ბავშვს მივარდა.გადმოაბრუნა, ბავშვს მარცხენა წარბი გასკდომოდა, სისხლი მთელ სახეს უფარავდა, შოკირებულმა პატარამ ერთი კი შეხედა დედას და თვალები ამოატრიალა.
  – დედა, წყალი –იკივლა ნანამ –თითქმის მთელი გრაფინი დაასხა თავზე, თან ჭრილობაზე ხელი მიაჭირა.
  დათუნამ მძლავრად ამოისუნთქა, თვალები დაახამხამა და აღრიალდა.
  – სასწრაფოს, სასწრაფოს დაურეკე – ძლივს ამოიქვითინა ნანამ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები