ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პროზა
4 ნოემბერი, 2011


ალბათ, ბედია (ნაწილი მესამე)

ტაქსიდან გადმოსული ლევანი სირბილით გაემართა მიმღებისკენ.
– მოხდა რამე?  რატომ დააგვიანე? – შეეკითხა გოგი.
– ისეთი არაფერი...გმადლობ , რომ დარჩი –გაუღიმა ლევანმა და ხალათი გადაიცვა. ის იყო ღილები შეიბნია , რომ კარი მთავარმა ექიმმა შემოაღო.
– გამარჯობათ, ვაჟკაცებო, ხომ მშვიდობაა?
– დილა მშვიდობისა, ბატონო ვაჟა – თითქმის ერთდროულად მიესალმნენ ისინი –კი, სიმშვიდეა.
– ორივენი რომ გნახეთ ...
– რაღაც თემაზე ვსაუბრობდით და შემოვრჩი ბატონო ვაჟა –გაუღიმა გოგიმ.
– ხო...ისაუბრეთ, იკამათეთ, კამათში იბადება ჭეშმარიტება, აბა! –ჩაილაპარაკა მან და კარი გაიხურა.
– ძაღლის ბედი გაქვს რა –მხარზე წამოჰკრა ხელი გოგიმ – მე რომ დამგვიანებოდა, აუცილებლად ადრე შემოივლიდა ბატონი ვაჟა.
– კარგი რა...შენც არ გეტყოდა არაფერს...
– ჰო, მაგარი კაცია, მაგრამ მაინც...–კარგი, წავედი , მშვიდ დღე – ღამეს გისურვებ.– გოგიმ ხალათი კარადაში შეინახა.
– გაიხარე, კიდევ მადლობა.
გოგიმ გაუღიმა და კარი გაიხურა.
ლევანი სავარძელში ჩაჯდა. არაფერზე არ შეეძლო ფიქრი , თვალწინ ნანა ედგა. „რა ქალის უნახავივით გავხდი...ასე ჯერ არავინ ჩამრჩენია გულში პირველივე შეხვედრისას...იქნებ , მართლა ბედმა შემახვედრა?  დროა, დაოჯახებაზე ვიფიქრო, წლები გარბიან და თან როგორ...დედაც როგორ განიცდის....შვილი რომ ყავს? მერე რა? ისე ვფიქრობ, თითქოს ნანა თანახმა იყოს ჩემს ცოლობაზე“–გაეცინა თავის თავზე. „აუცილებლად მოვძებნი, იქნებ მეორედ ნახვისა გამიაროს ამ აღტაცებამ...არა, არა, ეს შეხვედრა ბედია.“
სასწრაფო დახმარების მანქანამ სიგნალ – სიგნალით შემოუხვია და მიმღების წინ მკვეთრად დაამუხრუჭა. ლევანი გამოერკვა, სწრაფად ადგა და ოპერატორის ხმაც გაისმა :“ლევან ექიმო, საოპერაციოში!“
მედდები პატარა ბიჭს შემოხვეოდნენ და სახეს უწმენდნენ. ბავშვს გახეთქილი წარბი შეშუპებოდა, ჭრილობა საკმაოდ ღრმა ჩანდა, სისხლი ჯერ კიდევ დიოდა. ცრემლებშერეული სისხლი პატარას მთელ სახეზე მოთხუპნოდა და ფუნჩულა მკერდზეც გადმოსვლოდა.
ლევანს გული მოეწურა. საოცრად უყვარდა პატარები და ვერ იტანდა, როცა მისი პაციენტები ხდებოდნენ. მათი ცრემლებით დასველებული ლოყების, ცრემლ და შიშჩამდგარ თვალების ყურებისას გული ტკივილით ეკუმშებოდა.
ჭრილობა დაამუშავა,მაგრამ ნაკერის გარეშე დატოვება მიზანშეუწონლად ჩათვალა.
პატარას დამაყუჩებელის დოზა გაუდიდეს, სამი ნაკერი დაადო და „საღამომდე სტაციონარში გადაიყვანეთ“ –უთხრა მედდას.
– დედას შეხვდით რა, ბატონო ლევან – სთხოვა მორიგე ოპერატორმა, ძლივს ვაჩერებთ.
ლევანმა ხელთათმნები და პირბადე მოიშორა. ხელები გადაიბანა და მიმღების მოსაცდელის კარი შეაღო.
სანდომიანი, შუახნის ქალბატონი წამსვე მივარდა:
– ექიმო, როგორაა დათუნა?! – ქალს ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა.
– ექიმო...– მკლავში სტაცა ხელი უკანიდან ვიღაცამ.
ლევანი შემობრუნდა და...
– ნანა?...
– ლევან?...–ერთდროულად წამოიძახეს.
– ბავშვი?–წამოიძახა გაფითრებულმა ნანამ და შეტორტმანდა.
ლევანმა ხელი შეაშველა, მტირალმა ქალმაც, ოპერატორიც წამოიჭრა.
გულშეღონებული ნანა იქვე წამოაწვინეს.
– ნიშადური , წყალი !– გასძახა სამორიგეოში.

მიმღების ღია კარიდან იჭყიტებოდა  ივლისის თაკარა, ცნობისმოყვარე მზე  და ცხელი ხელებით ცდილობდა შეჯგუფული ხალხის გაწევ–გამოწევას...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები