ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პროზა
10 ნოემბერი, 2011


ალბათ, ბედია (დასასრული )


შეპკურებულმა წყლის წვეთებმა და ნიშადურის მძაფრმა სურნელმა ნანა გონს მოიყვანა. ჯერ წამწამები შეათრთოლა, შემდეგ თვალი გაახილა, გარშემო შემოატარა, უეცრად წამოიწია, იქვე ჩამომჯდარ ლევანს ჩაეხუტა და ქვითინი ამოუშვა. შეცბუნებულმა და ბედნიერმა ლევანმაც ფრთხილად მოხვია ხელი.
–ნანა!– საყვედურნარევი ხმით დაუძახა დედამ.
ნანა თითქოს ბურანიდან გამოერკვა, ხელები სახეზე აიფარა: „მაპატიეთ...“წაიჩურჩულა.
–არაუშავს, ეს ნერვიული შოკის ბრალია, ყველაფერი გაივლის – მიმართა ლევანმა შუახნის ქალბატონს და წამოდგა.
– ნუ გეშინიათ, ნანა, ბავშვს საგანგაშო არაფერი ჭირს, საღამოსკენ სახლში გავუშვებთ, ჭრილობაც მალევე შეუხორცდება და ნაწიბურიც სრულიად შეუმჩნეველი იქნება – თბილად მიმართა ლევანმა ქალს.
ნანამ პატარა ბავშვივით ცრემლები ხელის ზურგით ამოიწმინდა და ფეხზე წამოდგა:
– ბავშვთან მიმიყვანეთ ლევან.
– ვერა, ნანა. ბავშვს ახლა ალბათ ძინავს, თან მნახველთა მიღება სამი საათიდანაა.
– მე აქ დავრჩები.
– რა საჭიროა? თქვენ დაღლილი ხართ, წაბრძანდით, დაისვენეთ, მანამ ბიჭიც გაიღვიძებს და ნახავთ, საღამოს კი სახლშიც წაიყვანთ.
– საჭმელი ხომ უნდა ექიმო? თანაც პატარაა, იტირებს – ცრემლიანი ხმით მიმართა ბებიამ.
– საჭმელი შეგიძლიათ მორიგის ხელით აუგზავნოთ, იქ არ მოაწყენენ და არც ატირებენ, ნუ ნერვიულობთ ქალბატონო – გაუღიმა ლევანმა.
– ასე ჯობია დედი, წავალ, საჭმელს ვუყიდი, ავაგზავნოთ და ცოტა ხნით წავიდეთ სახლში, ადამიანის ფერი არ გადევს –უთხრა დედამ ნანას და გავიდა.
– რა მოგივიდათ ნანა? რა სუსტი გულის პატრონი ყოფილხართ – შეეხმიანა ლევანი.
– თქვენ რომ რომ შვილი გყავდეთ, ასე არ იტყოდით...
– შეიძლება... რა მოუვიდა?
– მაგიდის გარშემო დარბოდა, მე ჭიქა წამექცა , დასხმულ წყალზე ფეხი დაუცდა და კომპიუტერის მაგიდას შეასკდა...– ხმა აუცახცახდა ნანას.
– ბედი გქონიათ, რომ საფეთქელს აცდა...ყველაფერი კარგადაა და ახლა ნუ განიცდით ასე...გთხოვთ...
– აი, მეც მოვედი – შემოაღო კარი დედამ – მგონი ყველაფერი ვუყიდე რაც უყვარს, ამას მორიგეს გადავცემ და მოვალ.
– უთხარით, მესამე სართულზე, მეათე პალატაში–თქო –მიადევნა ლევანმა.
– უფ, ეგ კი არ მახსოვდა – ხელი ჩაიქნია მან და გავიდა.
– მეც წავალ, ლევან...
– წაბრძანდით ნანა, ნუ გეშინიათ, არ მოაწყენენ თქვენ ვაჟკაცს, სამისთვის მობრძანდით.
– გადასახადი ლევან? სად ვიკითხო რამდენია?
– არაფერია საჭირო, მიბრძანდით, დაისვენეთ, ნანა – გაუღიმა კაცმა
– ნანა, წამო დედი –შემოიხედა დედამ.
– გმადლობთ, ლევან, წავალ...
– დროებით, ნანა.
გაბრუებულივით მისჩერებოდა კარებს. ახლა ნამდვილად სჯეროდა, რომ დილანდელი შეხვედრა მართლაც ღმერთის საჩუქარი იყო..
ორი ხდებოდა. ლევანმა გადაწყვიტა დათუნასთან ასულიყო. ავტომატთან შეჩერდა.“რა ავუტანო? პატარებს კოკა–კოლა უყვართ, მაგრამ იქნებ არ ასმევს ნანა...ისევ წვენი სჯობს.“ატმის წვენი და სამი სნიკერსი აიღო, შემდეგ ეზოში მჯდარი გამყიდვლისაგან ორი, კურდღლისა და მგლის ფორმის გასაბერი საჰაერო ბურთები.
პატარასთან მედდა იჯდა და რაღაცას ეთამაშებოდა.
– თქვენიანია ლევან ექიმო?
– კი, ახლობლისაა.
– ისეთი ყოჩაღი ბიჭია...
– მართლა დათუნა? – გაუღიმა ლევანმა.
ბიჭმა იცნო ექიმი და სატირლად მობუსხა ტუჩები.
– აბა, ტირილი არ იყოს...ნახე, რა მოგიტანე? გიყვარს ატმის წვენი?
– ფორთოხლის მირჩევნია – ქვემოდან ამოხედა პატარამ.
– ოო, არ ვიცოდი. ახლა ეს დალიე და მეორედ ფორთოხლისას მოგიტან. სნიკერსი ხომ გიყვარს?
ბიჭმა თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. ლევანმა გარეკანი მოაშორა და შოკოლადი მიაწოდა. ბიჭმა გაუღიმა, ისევ თავი დაუქნია, ალბათ მადლობის ნიშნად და შოკოლადი ჩაკბიჩა.
– საჰაერო ბურთები ხომ გიყვარს? ნახე, კურდღელი და მგელია. გინახავს მათზე მულტფილმი?
დათუნამ ისევ თავი დაუქნია.
– მოდი, გავბეროთ. უფრო სწორედ, მე გაგიბერავ, შენ კი ითამაშე.
ლევანი მონდომებით შეუდგა კურდღლის გაბერვას. მას მუცელი გაებერა, თავი და ყურები კი პატარები დარჩა, როცა მუცელზე ხელი დააჭირა, თავი და ყურები გაებერა, მუცელი კი დაეჩუტა, ხელი აუშვა, ჰაერი მუცლისკენ წამოვიდა, თავი და ყურები დაპატარავდა. ჩაჰბერა მაგრად, ბურთი გაუსხლტა და დაიჩუტა. ამის დანახვაზე დათუნა აკისკისდა. ლევანს გაუხარდა ბიჭის გამხიარულება, ბურთი აიღო და ისევ ჩაბერა. იგივე განმეორდა. გწამდა კაცი, მზად იყო ბურთი სანაგვეში მოესროლა, მაგრამ ბიჭი ისეთი გახარებული იყო... გადაწყვიტა, ბოლოჯერ ეცადნა. მთელი ძალღონით ჩაჰბერა ერთჯერ, მეორედ, მესამედ და ..როგორც იქნა ბურთმა სასურველი ფორმა მიიღო. ლევანმა სიმწრის ოფლი მოიწმინდა, ბურთს თავი მოუსკვნა, დათუნას მიაწოდა და უთხრა:
– მეორე მერე გავბეროთ, კარგი?
დათუნამ შეჰღიმა.
კარმა დაიჭრიალა. ოთახში ნანა და დედამისი შემოვიდნენ.
– დედი, ნახე ძია ექიმმა რა მომიტანა...–ახარა ბიჭმა.
– დათუნა, როგორა ხარ დედი?
– შენ მოგიკვდეს ბებო...
– კარგად ვარ, არ იტირო დედა...
აირია ხმები ერთმანეთში...ლევანმა კარისკენ გაიწია.
– ლევან...– ნანა მიუახლოვდა.
– არ ვიცი, როგორ გადაგიხადოთ მადლობა...შესატანიც თქვენ დაგიფარავთ...
– არ ღირს თქმად –გაუღიმა ლევანმა – ახლა ხომ გჯერათ, დილით თქვენთან შეხვედრა რომ ბედია?
ნანას ოდნავ შეეფაკლა ღაწვები, თავი დახარა და მხრები აიჩეჩა.
დათუნა კი იცინოდა და ბებოს კურდღელი–ბურთის გაბერვის ისტორიას უყვებოდა.
ცნობისმოყვარე მზე ახლა უკვე ფანჯრიდან იჭყიტებოდა და წყვილს თვალს უკრავდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები