ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მე-კალ-მე
ჟანრი: პროზა
20 ნოემბერი, 2011


ბოდიალა

  -რატომ იგონებენ დიაგნოზებს? რა საჭიროა სიკვდილს ერქვას სახელი? სიმსივნე...ლეიკემია... რატომ? არ ჯობია, ვთქვათ გარდაიცვალა, მიიცვალა, მოკვდა, ჩაძაღლდა?
  -...
  -ისე, არ გაინტერესებს, ჩემზე რომელს იტყვიან? ჩაძაღლდაო? - სიმწრით ჩაიცინა და თან ანგარიშმიუცემლად მოჭმუჭნა ხელში თეთრი ქაღალდი, რომელზეც დიაგნოზი ეწერა.
  -...
  -გებრალები? ახლა უნდა იტირო?
  -ჩვენზე იტყვიან მიიცვალნენო... ერთადო... აი, ასეეეე...ხელი ჩასჭიდეს და წაფარფატდნენო. სიკვდილიც არანორმალური იციანო ამ შეშლილმა პოეტებმა.
  -"უიიი, თქვენც ჩამოდიხართ? მე კი მეგონა მარტო ჩავდიოდი...."
  -ნუ მაიმუნობ! მე სერიოზული შეთანხმების დადება მინდა შენთან...
  -ბრძანეთ, ქალბატონო.
  -მეც წამიყვანე, რააა... ერთად მივიცვალოთ. მარტო არ გეზარება იმხელა გზაზე?
  -...
  -ორივე ერთად დავიჭერთ ხელში ყვავილებს, გასვენებაზე რომ გვაჩუქებენ... მაგნოლიის ყვავილებიც იქნება, ყველამ იცის როგორ მიყვარს ეგ ყვავილი...
  -სამაგიეროდ არავინ იცის, რომ მეც მიყვარს.
  -არა უშავს, მე რომ მომიტანენ, გიწილადებ.
  -...
  -ჩვენს სურათებს დაიჭერენ პატარა ბავშვები... ჩვენი მეგობრები ერთად იბოდიალებენ ჩვენს საფლავებზე... წამიყვანე, რა...
  -ვერ წაგიყვან!
  -...
  -შენ ხომ არასდროს ანახებ სხვებს შენს სურათებს? მაგნოლიის ყვავილებიც ყოველთვის მხოლოდ მე მომქონდა შენთან... საფლავებზე ბოდიალიც შენ გიყვარს და... რა წესია, ეს ამხელა ქალი უცნობი ადამიანების საფლავებზე რომ დახეტიალობ? ჩემთან მოდი მხოლოდ...
  -არ დამტოვო, თორემ გავჩვეულებრივდები, გეფიცები... მე არ ვიცი როგორ უნდა პოეტურად გლოვა... წამიყვანე!
  -აბა, კარგად გაიხსენეთ რას მპირდებოდით, ჩემო პოეტესავ... ჩემსავით ზღვათვალება გოგონა უნდა ვაჩუქოო დედამიწას... ახლა მე რომ წაგიყვანო, რა ქნას სამყარომ? რა პასუხს გასცემ ჩვენს პლანეტას? ვინ გაალამაზებს მას? არა გრცხვენია? ამას როგორ ამბობ?
  -წამიყვანე... მოვკვდები უშენოდ.
  -არა... შენ მიიცვლები თავის დროზე... ოღონდ მანამდე ერთ ლურჯთვალა ფერიას აჩუქებ დედამიწას. მე იქ დაგელოდები... თან შენ ხომ გეზარება შორ გზაზე ფეხით ხეტიალი? მე წავალ, ეტლს გავაკეთებ და როცა შენ შეასრულებ შენს პირობას, სწორედ იმ ეტლს გამოგიგზავნი...



  ისევ მოვბოდიალდი შენს საფლავზე (აბა, უცნობი ადამიანების საფლავებზე ხომ არ ვივლი ეს ამხელა ქალი? რა წესია?) მაგნოლიის ყვავილიც მოგიტანე (მენანება ოღონდ დასატოვებლად... ისევ მე წავიღებ, რა... ხომ არ გეწყინება?). იმ ეტლს თეთრი ცხენები შეაბი , კარგი? ბანალურია? გეხვეწები... რატომ მახვეწნინებ ამდენს? შენ არ იცი, რომ, თუ ორსულს სურვილს არ შეუსრულებ, უშნო ბავშვი გაუჩნდება?


  -დეეე, ნუ მირტყამ ფეხებს... მამიკოს ვატყუებ, მართლა უშნო კი არ დაიბადები... შენ ყვეეელაზე ზღვისთვალა გოგო იქნები მთეეელ დედამიწაზე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები