ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
12 დეკემბერი, 2011


თინა, მურა და ფისო

ზამთარია. სიხარულით
თოვლში დარბის ცელქი თინა,
მურაც მასთან კოტრიალობს,
განა თოვლმა შეაშინა?

ააგორეს გუნდა ერთი,
მას მეორე მიემატა,
თინასა და მურას თამაშს
შურით უმზერს ჭრელი კატა.

იზმორება ფანჯარასთან,
თან კრუტუნებს;“უჰ,უჰ ცივა...
ნეტავ ფიფქებს ვინ პატიჟებს,
ზემოდან რომ ცვივა, ცვივა.“

დაინახა, თოვლის პაპა
გააკეთა უკვე თინამ,
ფისოსაც იქ ყოფნა უნდა,
არ ეთმობა თბილი ბინა.

მოთამაშე მურიკელას
უთვალთვალებს შურით კატა,
უცებ...მურამ ვერ მოზომა,
თოვლის პაპას დაეტაკა.

დაყირავდა თოვლის კაცი
და გაბრაზდა ძლიერ თინა,
ფისოს გულის გასახარად
მიაბრძანეს მურა შინა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები