ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: jonatan livingstoni
ჟანრი: პროზა
26 დეკემბერი, 2011


იგორა

      -ეგორ სერგეევიჩი - ასე წარადგენდა ხოლმე თავს, თუმცა ყველა იგორას ეძახდა.
არავინ იცოდა, საიდან ჩამოვიდა იგორა, როდის გამოჩნდა სოფელში, პირველად ვის ესტუმრა...საბოლოოდ კი, სოფლის განაპირას, სასათბურე მეურნეობაში დამკვიდრდა, ღამის დარაჯად.
უსაქმური და სხვის ხარჯზე მყოფი არ იყო ხიზანი, არც ლოთი-შფოთი.
მიწის მადლი და წიგნის ყადრი იცოდა.
შეითვისა სოფელმა უცხოტომელი. თვითონ, ყველაზე მეტად, მეურნეობის თავკაცს, დავითს დაუახლოვდა. სახლშიც ხშირად სტუმრობდა - განათლებულ ხალხთან საუბარი მიყვარსო...
მარიკა, დავითის ქალიშვილი, რუსულენოვან წიგნებს ურჩევდა საოჯახო ბიბლიოთეკიდან, ახლო მეზობლების ბიბლიოთეკებსაც გადაწვდნენ,მერე-შორებლებისასაც...
აბა, პატარა სოფელში იმდენი რა რუსული წიგნი უნდა ყოფილიყო და გადაწყვიტა იგორამ - ქართულად წერა-კითხვა უნდა ვისწავლოო. "დედა-ენა" უშოვეს და როცა არ საქმიანობდა, წიგნი სულ ხელში ეჭირა, კითხულობდა, წერდა...
მარიკას დაბადების დღე მინდვრის ყვავილებითა და ქართულად დაწერილი ღია ბარათით მიულოცა.
სადღეგრძელოებსაც ქართულად იწერდა - რომ წავალ, უნდა წავიღო ეს რვეულიო. სად აპირებდა წასვლას, არასდროს უთქვამს.
სადილობას ერთი ჭიქა ღვინითა და " ქართველებს გაუმარჟოს , კაცო"-თი ამთავრებდა სულ.
გული აწუხებდა. მარიკა, მომავალი ექიმი, იგორას პირად ექიმად იქცა.
- ჩემი ანდრეიც ექიმიაო  - წამოცდა ერთხელ, მერე აღარასდროს უხსენებია ეს სახელი.
იმ წელსაც, აგვისტოს ცხელ დღეებს სათბურებში ატარებდა - ახლა უნდა ხელის შეშველება და მუდმივი ყურადღება ბოსტნეულს, სიცხემ რომ არ დაგვიზიანოსო.
ერთ საღამოს, დავითის ოჯახი ტელევიზორთან რომ შეკრებილიყო და ყოველ ახალ ინფორმაციას შიშითა და იმედითაც ელოდა, მოულოდნელად სახლის კარი იგორამ შემოაღო. საზაფხულო  ქუდს, ფაფანაკს რომ ეძახიან, ნერვიულად ჭმუჭნიდა ხელში. უსიტყვოდ ჩამოჯდა სკამის განაპირას, ტელეეკრანს თვალს არ აცილებდა.
მარიკა მიხვდა, რომ შეუძლოდ იყო, წნევა გაუზომა - მაღალი ქონდა, არითმიაც...
წამლები დაალევინეს, თითქოს მოიკეთა.
- აქ დარჩიო, შესთვაზეს. - არა, "ჩემს სახლში " მირჩევნიაო (სახლს სათბურებს ეძახდა).
მეორე დღეს იგორა აღარ იყო...
იმ დღეებში, იქნებ, ლოგიკურიც კი ყოფილიყო, რომ სოფელს არ ეზრუნა მიცვალებულზე, როგორც წესი და რიგია...
იგორა ქრისტიანულად მიაბარეს მიწას, არც წესის აგება დაუკლიათ, არც ქელეხი და შესანდობარი.
იმერეთის ერთ პატარა, სოფლის სასაფლაოზეა დაკრძალული. გაზაფხულზე იებითა და ყოჩივარდებით იჩითება საფლავის ბორცვი, რომელსაც ხის ჯვარი ამკობს და პატარა ლოდიც, წარწერით " იგორა. 1947-2008"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები