ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: თარგმანი
11 იანვარი, 2012


== პ რ ო ფ ე ს ი ო ნ ა ლ ი ==

/სერგეი ლუკიანენკო/

არაჩვეულებრივი სამუშაო მაქვს. საუკეთესო ამ ქვეყნად. საწინააღმდეგოში ვერავინ დამარწმუნებს და
პრინციპში, არც არავინ შეეცდება.

გორაკის ფერდობზე ვისხედით.
ივნისის მწველი მზე ალერსიანი სხივებით გვადნებოდა სხეულზე.  ქარს კი სურნელების და არომატების მთელი
ზღვა ამოჰქონდა მონაბერებით. თივაქასრას სურნელი მსუბუქად იღვრებოდა და ცხვირში ოდნავ გვიქიცინებდა. ავშანი
კი ხმამაღალ, მომწარო ნოტად ფეთქდებოდა. გვირილები ტკბილ და მშვიდ არომატს აფრქვევდნენ ჰაერს.
– რა მშვენიერია! შესანიშნავია,რიჩ..._ ძლივს გასაგონად წარმოთქვა გოგონამ. თავი უკან გადააგდო და სახე მზეს მიუშვირა.
დღის განმავლობაში პირველად შეეფაკლა ფითრისფერი, უსისხლო სახე.
– რა ნახე შესანიშნავი აქ?_ უხეშად გავეპასუხე_ ყოველთვის, როცა ლამაზ გოგონებთან საუბარი მიწევს, უხეშობას ვიწყებ. ალბათ,
უხერხულობის ბრალია. ჩვენთან გოგონა ცოტაა. ოცი წლის განმავლობაში ათზე მეტი არც მინახავს.
– როგორ თუ, რა?_ გულწრფელად გაიკვირვა_ ეს ჰაერი... ასეთი სუფთა და მოტკბო...ალბათ, მხოლოდ ამ ჰაერითაც შევძლებდი
კვებას.
– კვებას რაც შეეხება, ტყუილად ფიქრობთ ასე, _ გავუწყერი_ ახლა სახლში მივალთ და დედა თქვენთვის ნამდვილ ნადიმს
მოაწყობს. ძმამ თევზი დაიჭირა – უხას მოამზადებენ. მამამ კიდევ, გუშინ ირემი მოკლა...
_ირემი? ეს ის სასაცილო ცხოველია ხეებზე რომ დახტის?
_ ეგ ციყვია!_ გადავიხარხარე,_ ირემი სულ სხვაა.
გოგონა შიშმუშნა და შემრცხვა კიდეც საკუთარი სიცილის. რა თქმა უნდა...აბა,საიდან უნდა იცოდეს რომელია ირემი...
–იცი,რიჩ ...?!_ თითქოს ჩემს ფიქრებს ეპასუხებაო, ისე ამოთქვა,_ ჩვენთან,ქალაქში, ვირთხების გარდა ცოცხალი არსებებიდან
არაფერი შემორჩა. ადამიანებს თუ არ ჩავთვლით. ჩვენ კიდევ უფრო ამტანები გამოვდექით...
დადუმდა. ვიცოდი, რა კადრები ირეოდა ახლა მის მეხსიერებაში.
ჯმუხი, კვამლით დაბურული ქალაქი. აირწინაღებიანი გამვლელები. ერთნაირად მოხეტიალე სიბინძურით დაფარულ ტროტუარზე.
ნაცრისფერი მხრჩოლავი ბოლის მბოლქვავი მანქანების კოლონები. ცის გარსიდან _მძაფრსუნიანი წვიმა. ოქსიდების წვეთებით
დაფარული  სარკმლის მინები. ეზოებში მოთამაშე უშნო ბავშვები აირწინაღების გარეშე – ისინი უკვე შეეთვისნენ ახალ და ასეთ სამყაროს.
_არც კი ვიცოდი, ასეთი მშვენიერი ადგილები კიდევ თუ შემორჩა. ტყეები, მთები...
_ ჩუუუუუ...–ნელ–ნელა წამოვდექი. თან მხრიდან თოფს ვიხსნიდი.
ტყიდან ირემი გამოვიდა. დიდი, ლამაზი ირემი. მხეცურად,მტაცებლურად დაფჩენილი პირით და აჯაგრული შავი მბზინავი ბეწვით.
კუდს ნერვიულად იქნევდა.
მიზანში ამოვიღე.

- - -

  ტყის ზღაპრული სამყაროს შემდეგ ტელეცენტრის პატარა მყუდრო ოთახი არარეალური ჩანდა.
  ტექნიკოსები აჩქარებით მხსნიდნენ სენსორ–გადამცემებს, მსხვილ მავთულთა გორგლებს ახვევდნენ.
  რეჟისორი მომიახლოვდა. მდუმარედ გაშალა ხელები და მერეღა ამოთქვა:
_ აბა, რიჩარდ! აბა, ძვირფასო! ასეთი ფილმი შენ ჯერ არ გამოგიგონია!
_ცუდია? _ შეშფოთებით ჩავეკითხე. არც ჟანგბადის გადასახადი მქონდა შეტანილი, არც სახმარი თუ სასმელი წყლის დავალიანება
დაფარული.  თუ რეჟისორი არ მიიღებს და დაიწუნებს ჩემს ახალ აზრო–ფილმს...
_ შესანიშნავია! გადასარევი! მთელს სერიალს შევქმნით ამ გმირებით!
წამოდგომაში მომეშველნენ.
ტექნიკური პერსონალი და მსახურები მოწიწებით მაკვირდებოდა. რაც უნდა იყოს, ცნობილი აზრო–ოპერატორი, ათობით გასართობი
ტელესერიალის ავტორი ვარ. ყველას როდი შეუძლია თავისი ფანტაზიები ისე მკვეთრად წარმოიდგინოს, რომ ეკრანზე ნამდვილისგან
თითქმის არ განსხვავდებოდეს.
_ საერთოდ საიდან მოგდის ასეთი აზრები! როგორ ახერხებ ასეთების მოფიქრებას?! _ხელი ჩამავლო რეჟისორმა და გასასვლელისკენ
წამიყვანა._ ეს ტყე... ირემი... ირემი როგორი ცოცხალი გამოვიდა, თმა ყალყზე დამიდგა! მაგრამ... მე მგონი ირმებს რქები ჰქონდათ...
_ რქები ჰქონდათ მგლებს,_ განვუმარტე მე_ და მაგ რქებით ირმებისგან იცავდნენ თავს. მოფიქრებით, ბევრს არაფერს ვიფიქრებ–ხოლმე
მე. უბრალოდ, ძველ წიგნებს ვკითხულობ და ვცდილობ წარმოვიდგინო.
_ ჩემი აირწინაღი აიღე_მზრუნველად მომაწოდა კართან._ სამხრეთ ქარხნების ქარი ქრის.
_აქვე  ახლოს ვარ, მივირბენ...
კარი ზურგს უკან მჭიდროდ დაიხურა და ქუჩაში აღმოვჩნდი. სახესაც რესპირატორი ეკრა მჭიდროდ. ჯიბეში კი, დღეს გამომუშავებული
პურის ბარათები და შაქრის ტალონები მეწყო.
ქუჩაზე მჟავე ნისლის ტალღები მოცურავდა. ნამდვილად სამხრეთ ქარხნებიდან ქროდა ქარი.
ნაგვისგან მოზიპულ ტროტუარზე შიმშილით გაბეცებული ვირთხა შემომეფეთა. მტერს ფეხის მოქნევით შევხვდი. მხრიდან არბალეტი
მოვიხსენი და გავისროლე.
ვარდისფერი შიშველი კუდით ავიღე მოფრთხალე ვირთხა.
საკმაოდ წონადია. ასე, ორ კილოგრამამდე.
_ დღეს დედა ნამდვილ ნადიმს მოაწყობს¬_ ცხვირში ჩავიბურტყუნე._ ამ ქვეყნად ყველაზე მაგარი სამსახური მაქვს!









http://lib.ru/LUKXQN/expert.txt

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები