ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
29 იანვარი, 2012


დამიმახსოვრებ?..

რაღაცა მწყინს და რაღაც მახარებს,
გული სიგრილეს ვერ შეეჩვია.
ყველა მთავრობის ნაჩათლახარზე
სულ მეცინება, დროს რომ ერჩიან...
დრო არის ჩემი მაჯის შემტყობი,
ხან რედაქტორის ირგებს ამპლუას.
მეც სახის ნაცვლად  ლექსზე მეტყობა,
ხან ისე, ხანაც ასე რატოა...
ბედი კი არა, დროა მწერალი,
"ბესთსელერების" დიდი ოსტატი.
თხრობა ზუსტი აქვს, გაუწელავი,
და სიუჟეტსაც ვერვინ მოსტაცებს...
დგანან შავ-თეთრად გადაღებილი
ჩემი ფიქრები, ხსოვნის ფანჯრებთან.
დრო კი უგზავნის მერე-ს წერილში,
რაც ნახა, მაგრამ არ თქვა ამჯერად...
კაცი - დროით და დრო კი უვადოდ
მიდის და მოდის, ცხოვრობს ჩვენსავით.
და მინდა ერთხელ ვკითხო, უბრალოდ,
დამიმახსოვრებ? - მე სულ ესა ვარ!..
              26.01.12


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები