ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პროზა
26 იანვარი, 2012


ნაცნობი ქუჩა

ეს ამბავი სრულიად უბრალოდ დაიწყო. ერთხელ დათომ შეამჩნია, რომ ყოველ დილით თითქმის ერთსა და იმავე ადგილზე ხვდება ლამაზ, ქერა, ლურჯთვალა გოგონას. მას ყოველთვის უბრალოდ, მაგრამ გემოვნებიანად აცვია.
მეორე დილითაც იმავე ადგილზე აუარა გოგომ. დათომ უფრო დაკვირვებით შეათვალიერა. გრძელი თმები დაუდევრად გადაეყარა მხრებზე. ლურჯი კაბა თვალებს ბრწყინვალებას სძენდა, ლამაზი ტუჩები, პატარა, ოდნავ აპრეხილი ცხვირი, აქა-იქ დაყრილი Qჭორფლი მიმზიდველს ხდიდა მას.
გადიოდნენ დღეები და ყოველ დილით სამსახურში მიმავალ დათოს დაახლოებით იმავე ადგილზე აუვლიდა გვერდს გოგონა. დათო ისე შეეჩვია ამას, რომ ყურადღებასაც კი აღარ აქცევდა ხოლმე.
ერთ დილით სამსახურში მიმავალმა რაღაც მოუსვენრობა იგრძნო, თითქოს რაღაც აკლდა. მოიძია და საშვიც ადგილზე ჰქონდა, მობილურიც, პირადობის მოწმობაც, საფულეც და “მეტრომანიც”, საჭირო ნახაზებიც ჩანთაში ეწყო. დაბნეულმა მიმოიხედა და მიხვდა, გოგონა არ შეხვედრია. საათს დახედა, დრო გასულიყო, ქუჩა მოათვალიერა. არ ჩანდა იგი. დაფიქრებული გაუყვა გზას მეტროსკენ.
არც სესიების დრო იყო, თუ გოგონა სტუდენტი იყო, არც დასვენების დღე, თუ მუშაობდა. გვიან შემოდგომაზე ალბათ არც დასასვენებლად წავიდოდა. “ნეტავ სადაა?” აეკვიატა ფიქრი.
არც მეორე დილით შეხვედრია ქალიშვილი და არც მესამე. ის კვირაც უიმისოდ ჩამთავრდა.” თუ გამოჩნდა, გავიცნობ, როგორ დამაკლდა...”უკვირდა დათოს.
მეცხრე დღეს შეამჩნია შორიდან. გოგონას თბილად ეცვა, თავზეც კი მოეხვია შარფი. გამხდარი და თვალებამოღამებული სჩანდა.
“ავად ყოფილა”-გაიფიქრა ვაჟმა და უნებურად გოგოს მიესალმა:
-გამარჯობათ.
გაოცებით შეანათა თვალები ქალიშვილმა, ეშმაკურად ჩაეღიმა, სალამზე უპასუხა და ჩაიარა.
მოუთმენლად ელოდა დილას დათო.
იმავე ადგილზე შეხვდნენ.
-გამარჯობათ! – შეჩერდა ვაჟი.
-გაგიმარჯოთ!- გაუღიმა გოგომ.
-მე დათო მქვია, თქვენ?
-ლილე.
-რა ლამაზი სახელია, თქვენსავით... – წამოსცდა დათოს და ინანა, რადგან წარბი შეიკრა ლილემ.
-როგორ ხართ?
-გმადლობთ, უკვე კარგად –ისევ გაუღიმა ქალიშვილმა.
-სწავლობთ?
-დიახ–უპასუხა გოგონამ დაშებრუნდა.
-ნახვამდის ლილე.
-ნახვამდის.
შემდეგში წუთიერი შეჩერებებიც დაერთო მუდმივ შეხვედრებს.
რამდენიმე დღის შემდეგ შეხვედრათა რიცხვი გაორდა, მერე გახშირდა და... შეერთდა.
ახლა, როცა ნაცნობ ქუჩაზე ჩაივლიან, წამით შეჩერდებიან “მათ” ადგილზე, ერთმანეთს მრავალმნიშვნელოვნად გაუღიმებენ და  ერთად განაგრძობენ გზას ლილე და დათო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები