ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პროზა
30 იანვარი, 2012


შავიდან შავში

მალვინას ქმარი რომ დაეღუპა, (როგორ და რანაირად, საერთოდ არაა საინტერესო) გამოხსნა კარადა და ჭრელი ტანისამოსი შორს და დიდი ხნით გადამალა. შავი ტანსაცმელი ლამაზად მოერგო მის ტანს!
მალვინამ კარგად იცოდა რომ ქმარი უნდა ყვარებოდა.
პანაშვიდებზე მოსთქვამდა და დასტიროდა უწერტილმძიმო ვერლიბრს, რომლის ტონალობა, მომსვლელ-წამსვლელისდა მიხედვით  იცვლებოდა.
ხანდახან დაფიქრდებოდა  მალვინა, გაციებულის სავსთუმალთან მჯდომი, დადუმებული ჩაფიქრდებოდა იმაზე, მართლა ეტირებოდა თუ არა. ვერც ის და ვერც გარშემო მყოფნი, ვერ მიმხვდარიყვნენ თუ საიდან იყო მასში ამდენი მარილიანი წყლის მარაგი.

ყველაფერი ისე მოაგვარ-მოაკვარახჭინა, ჯერ კიდევ ახალგაზრდა და ასეთ ამბებში გამოუცდელმა მალვინამ, მეზობლების და ქმრის ახლობელ-ნათესავების გაოცება ააჩურჩულა. მალვნა კი თვლიდა, რომ  მისი ქმარი იმსახურებდა ღირსეულ გაცილებას. ხო , მისი ქმარი, არა რამაზ ტორონჭაძე, არამედ, მისი , მალვინას ქმარი.

საღამოობით, როცა ხალხი მიმოიფანტებოდა, ფიქრობდა მალვინა, რამე ხომ არ გამომრჩაო, რამე ხომ არ დავაკელიო, ხომ კარგად დავსტირიო, ხომ ღირსეული მგლოვიარე ვარო.

სასაფლაოზეც, მიწის მიყრამდე, ღირსეულად გამოემშვიდობა თავის ქმრის გაქვავებულ სახეს, ღირსეული ცოლის დარად მოეალერსა შუბლზე და ისე შეჰკივლა, საფლავის ქვებიც კი გააქვავა, იქ მყოფ ხალხს ჟრუანტელი მოჰგვარა და დიდი ხნით მისცა სასაუბრო და მოსაგონარი.
მერე? მერე იყო ღრეობა, სმა-ჭამა დიდად შესარგი და ხელსახოცები, თეთრი, დაჭმუჭვნილი ხელსახოცებით მორთული დარბაზი...


მერე? მერე მალვინა სახლში მარტო დარჩა თავის ჩაშავებულ სილუეტთად და მაშინღა დაფიქრდა იმაზე, რად იწვალა ამდენი. რა გაუკეთებია მისთვის რამაზ ტორონჭაძეს ასეთ თავგანწირვას რომ იმსახურებდა. არა, ის ხომ მისი ქმარი იყო. ხო, ქმარი, მაგრამ არა მისი მეორე ნახევარი. მეუღლე მაგრამ არა მასთნ ერთად ერთი უღლის გამწევი. ბევრი ტკივილიანი მოგონება ამოუტივტივდა მალვინას მაგრამ მერე, თეთრი მიტკლის ნაჭერი ჩამოხსნა სარკეს და თავის თავს ჩაჰხედა თვალებში, არა, არ შეიძლება მიცვალებულზე ცუდი აზრების გავლება თავში. ახლა მისი სულისთვის უნდა ილოცოს. 40 დღე ხომ როგორი მნიშვნელოვანია მისი განსვენებული მეუღლის სულისთვის, რომელიც სადღაც მიისწრაფის, სადღაც ალბათ უკეთესი სამყაროსკენ.
მერე შეეცადა კარგი რამეებიც გაეხსენებინა და რომ ვერა გაიხსენა რა, რომ ვერ შეძლო ვერაფერი, დაღლილობას და მოთენთილობას დააბრალა.

მეორე დღეს სასაფლაოზე გასვლამდე მამიდამ ლამაზად შეკერილი შავი კაბა მოუტანა, ჩემი ხელით შეგიკერე და ჩაიცვი, ცოტა მაინც გაილამაზე ძაძებიო. გულის სიღრმეში გაუხარდა მალვინას და იმ კაბით დადიოდა გარეთ, ხალხში, იმ დღის მერე.
ასე იარა შავებში რამდენიმე წელი, მანამ ....

სანამ, შავი კაბა დაიკიდა კარადის ბნელ კუთხეში. არა, არ გაუჩუქებია, ხანდახან დახედავდა ხოლმე, მაგრამ ხალხში იმით აღარ დადიოდა. წარსულს ჩააბარა ის მიზეზი, რის გამოც ეამკაბებოდა. ვერც სამუდამოდ მოისროლა, მისთვის საკმაოდ ძვირფასი იყო ის მგლოვიარე წლები, რომელიც მასში გაატარა. მაგრამ აღარ ეკარებოდა ლამაზად მოყვანილ და შეკერილს. მხოლოდ შორიდან უცქერდა. და განა შავი აღარაფერი სცმია მალვინას? კი, როგორც ნებისმიერი ქართველი ქალის გარდერობში , მის გარდერობშიც უხვად იყო შავი ტონალობა, მაგრამ უკვე სხვა მიზეზით შეძენილი, სხვა დროს ჩასაცმელი და სხვა ემოციების მატარებელი, ახალი და ღია ემოციებით დატვირთული შავი ფერი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს