ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თიკო ცოცხალაშვილი
ჟანრი: პოეზია
2 თებერვალი, 2012


მე. ბავშვი

მე ჩავიცვამ თბილი შალის წინდას
და ვიქცევი იმ ბედნიერ ბავშვად,
ბებიას რომ უყვებოდა ზღაპრებს,
გუშინდელ დღეს რომ ეძახდა “შარშანს”.

სილისაგან რომ აცხობდა ნამცხვრებს,
ვარსკვლავებს რომ სათითაოდ თვლიდა,
დასაჭერად რომ დასდევდა პეპლებს,
ყვავილებს არ იცილებდა თმიდან.

სიზმარში რომ აშინებდა “ბუა”
და ყოველთვის დაეძებდა დედას,
რომ ნატრობდა ჯადოსნურ ჯოხს... მაშინ
მზეს ხატავდა უშნოს, მაგრამ ფერადს.

ხელისგულს რომ ატოლებდა მთვარეს
და უნდოდა რომ ჰქონოდა ფრთები,
“ერთშაბათით” რომ იწყებდა კვირას,
მცველებად რომ ჰყავდნენ მამის მხრები.

ფანჯრის მინას რომ ათბობდა სუნთქვით,
საკუთარი ანბანით რომ წერდა,
ღრუბლის ქულა რომ ეგონა ბამბის
ნაყინი და შესცქეროდა ზეცას..

ცრემლები რომ ერეოდა ხმაში,
როცა ღამით სიბნელეში დარჩა...
მე ჩავიცვამ თბილი შალის წინდას
და ვიქცევი იმ ბედნიერ ბავშვად.

30. 12. 2011 (ვუძღვნი სოსოს და სოფოს, საკუთარი ბავშვობა რომ გამახსენეს)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები