ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პროზა
2 თებერვალი, 2012


სადღეგრძელო ქიზიყურად ( მამას სადღეგრძელოებიდან)

მამამ, ჩემი ნაწერები რომ წაიკითხა, მითხრა, ახალგაზრდა გოგოს ასეთი პესიმისტური ნაწერები არ შეგშვენისო. მეც შემრცხვა და მას ვუძღვნი, მისსავე სადღეგრძელოებს!
შენც გაგიმარჯოს მამი! კარგად და დიდხანს მეყოლე, შემოგევლოს შენ ჩემი თავი!!!!
სადღეგრძელო ქიზიყურად ( მამას სადღეგრძელოებიდან)
*****
ეს ამბავი გასულ საუკუნეში, შევარდნაძიი პირველი მეფობიი დროი მოხდა. იმ წელიწად კახეთ სეტყვამ რამდენჯერმე გადაუარა. ამაი გვალვებიც დაერთო და ჩემი ვენახიდანაც კი, რომელიც სეტყვამ ძალიან დააზარალა, არასოდეი ტონაზე ნაკლები რო არ მამიკრეფია, ახლა ორას კილომდე ყურძენი ძლივ მოვკრიფე. რთველმა ყველგან უხმაუროდ ჩაიარა. მეცა, ჩემ დედ-მამაითან ერთად სამი ვედრო ყურძენი ძლივ მოვაქუჩე, აი, ნარჩევ ყურძენ რო ვეძახით. დედაჩემმა ორ ვედროი ძველი გაზეთები მააკრა თავზე, დილით გზაზე გავედი, ავტობუსი გავაჩერე და იქ ჩემი ორი ვედრო ძლივ ჩავდგი. ყველა მგზავრ მიჰქონდა თითო-ოროლა ვედრა. მეც, ერთი ვედრო  ყურძენი ჩემი დიივინ უნდა მიმეწოდებინა, აბა, სხვანაირად შაიძლებოდა, კაცო?
ავტობუსი კაჭრეთში, გზიი პირაი დამდგარმა შეიარაღებულმა მილიციელებმა გააჩერეი. უკანა კარიდან ლამაზი, შავგვრემანი მილიციი კაპიტანი ამოვიდა.
_ აბა, ყველამ ქვემოთ  ჩამაალაგეთ თქვენი ვედროები! _ მკაცრად გამოგვიცხადა კაპიტანმა. ყველა მგზავრი რამდენიმე წუთით დამუნჯდა.
ამასობაში კი კაპიტანი დაბლა  ჩავიდა და რიგითმა მაინცა და მაინც ჩემი ვედროები ჩაათრია დაბლა, თუმცა კართან პირველი ჩემი ვედროები იდგა და სხვაი როგორ  ჩაიტანდა. მეც დაბლა ჩაველ და რასა ცხედავ: მილიციელმა ვედროი გაზეთი შამაახია.
_ გაგიჟდით, ხალხო? _ მე მგონი მთელი ხმით ვიღრიალე, რადგან კაპიტანიცა და სხვა მილიციელებიც ჩემკენ მოტრიალდნენ _თბილისში ჩემ ცოლ-შვილ ყურძენი რო ჩავუტანო და ბალღებ ვაჭამო, ამაი მიკრძალამთ?
_ რა ვქნათ, ძმაო, შევარდნაძის ბრძანებაა და _უკვე დაიმორცხვა კაპიტანმა, მაგრამ ავტობუსიდან ვედროების ჩამოზიდვა ისევ გრძელდებოდა.
_ ჯო, ერთი შამამხედეთ! _ უკვე ავტომატიანებისაც აღარ მეშინოდა _გაზაფხულიდან მოყოლებული თითქმიი ყოველ  პარასკევ სოფლიიკენ სამუშაოდ რო დავდივარ ხოლმე, ბოლოი შვიდჯერ მარტო დასაწამლად ვიყავი წასული, მაშინ რატო არ გამაჩერეთ? რატო არ მითხარით, ჯო, შენ ექიმებმა ფიზიკური მუშაობა აგიკრძალეი და არ გაგატარებთო? თქვენ კაი ხალხო, აქაურები არა ხართ? მონგოლები არც ერთი არა იჩანხართ, ჰა?
_ ამი დედა ვატირე, ჩვენ გვიბრძანეი, თორე, რა გვეხალისება?
_ ჯო, ერთი მამხედე, ძმაო _აქ ახლა სხვა, ჭაღარათმიანი კაცი ჩაერია _ე, შავარდნაძე რო გაგიჟდეი და გიბრძანოთ, ესენი ყველანი ამოხოცეთო, უნდა ამოგვხოცო, კაცო? ქრიიტიანი არა ხარ?
_ მოშორდით მაგ ვედროებ! _ უბრძანა კაპიტანმა თავის ხელქვეითებს. თქვენ კიდენა, აიღეთ თქვენი ვედროები ჩქარა! ამ ბრძანებიი გამომცემიი დედაც და შამსრულებლებისაც! მართლა ყიზილბაშები ვგონივართ ვიღაცეებ, მაგათი დედავატირე!

მოდი, ამ ჭიქით იმ მილიციელებსაც გაუმარჯოი, ცხრა აპრილ რო ჩვენ გოგო-ბიჭებ იცავდნენ იმათაც და ყველა იმ პოლიციელსაც, ისინიც ხო ჩვენი ძმები და შვილები არიან და არა უცხოპლანეტელები, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად გვიცავენ და ისეთ გიჟურ ბრძანებაი არ აღასრულებენ, რომელიც თავიანთივე შვილების, ძმებისა და მშობლების სიცოცხლეი დაემუქრება.
გაუმარჯოს! ამინ!


ერთ, მზეს ზურგით მიფიცხებულ კამეჩებიან დღეი, ალაზანზე ბორნით გადადიოდა ხალხი. ბორანზე გაღმელები და გამოღმელები იყვნენ. ზოგი დაითან მიდიოდა, ძოგ ქათმები გადაიქონდა და ზოგ კიდე სიმინდიი ფქვილი გადმოიქონდა. უცებ, ერთი გამხდარ-გალეული მგზავრი, რომელიც კუთხეში ჩუმად მიყუჟულიყო და საერთო ქოთქოთს არიდებდა თავს, სულ მთლად დადუმდა და ყურადღებიან კახელებ, გახურებულ საუბარშიც ვერ გამოაპარა თავისი წასვლა ბორნიდან და ამ ქვეყნიდან.
- ეეე, ჯო! ამაი შეხედე, მგონი წერილი წაიღო, კაცო!
- რაი ამბობ, გიჟი ხომ არ ხარ?!
- ისაა, საკითხავი, აქამდე როგორ  ცხოვრობდა ეს გაჭირვებული, შეხედე ერთი რა ძვალი და ტყავია _ ამბობდა კახელი-იმერელი თუ პირიქით.
- ეხლა რა უნდა ვუყოთ ამ მკვდარსა ჰა?
- უნდა დავადგინოთ რომელი მხარისაა და ის მხარე მიხედამს, აბა მიწიი ზემოდ ხომ არ დავტოვებთ კაცსა?!
- ეს კაცი ნამდვილად თქვენიანია, ჩვენ მხარეს ასეთი ფართო ულვაშები არა გვაქვს _ამტკიცებდა იმერელი-კახელი თუ პირიქით.
- იიიი, ჩვენ მხარეი კიდემა, აგრეთი გამხდრები არა გვყვანან, არც ფერი ედო ამასა და არც ხორცი! _ ამტკიცებდა კახელი.
ამასობაში კი მიაღწიეს გაღმა ნაპირს და მათ კამათში ერთი გამვლელი ჩაერია. რაშია საქმეო იკითხა. ამათაც სუნთქვაშეკრულებმა მოუყვნენ ყველაფერ.
- მაშინ, მუცელი გაუჭერით, თუ მჭადი ექნება ნაჭამი _აქეთა ნაპირისა იქნება, თუ _პური , მაშინ იქითა _ურჩია გამვლელმა.
ჭკუაში დაუჯდათ. გაუჭრეს მუცელი და ჰოი სასწაულო! მუცელი ცარელა ჰქონდა. ის კაცი შორიდან მოაბრუნეს და აცნობეს ამბავი.
- ცარელა ჰქონდა?! მაშინ, საცოდავი მასწავლებელი იქნება და აგერ ე მანდ დამარხეთ საერთო ძალებით, რა მნიშვნელობა აქვს რომელი მხარისა იქნება?!_ უთხრათ შეწუხებულმა.
ჰოდა, მასწავლებლებიი სადღეგრძელო იყოი. იქ წასულებიი სული ნათელში ამყოფოი ღმერთმა და აქ დარჩენილები კი დღეგრძელები და კუჭსავსეები გვიმყოფოი!

გაუმარჯოს! ამინ!

პ.ს. იოტას არარსებობის მიუხედავად, მიხვდებით ყველაფერს! ეჭვიც არ მეპარება!


ერთ ცივ ზამთარ, ქალაქ წნორში ცირკი ჩამოვიდა და კახელებიი გული გაახარა. ბებიაჩემმა მოჰკიდა  ხელი ჩემ ძმასა და წაიყვანა ცირკში. საპატიო აქლემზედაც შესვა და ჩაასურათა ჩაკომბოსტოებული. კმაყოფილი დაბრუნდა სახლში.
რამდენიმე დღის შემდეგ, პაპაი  სთხოვა სურათიი მოტანა.
პაპამაც მოიტანა სურათი (ისიც კმაყოფილი იყო, გაწეული ჯაფით)
დახედა ბებომ და...
      - იიი, კაცო, ეეე რა მაიტანე?
- რა და სურათი!
- ხო, მარა, ეგ რომ ჩვენი ბალღი არაა!!! 
პაპამ დახედა, დაათვალიერა, სათვალეც მოირგო ცხვირზე....
- ქალო, პალტო აცვია? აცვია. ქუდი ახურამ? ახურამ. აქლემზე ზის? ზის. სათვალეები უკეთია? უკეთია. ხოდა ბალღი კიდენა ბალღია!

ჰოდა, იმ ხალხ გაუმარჯოი, ვისთვინაც ბავშვი ბავშვია, განურჩევლად ერისა, სქესისა და რასისა!!!!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ფრესკაული ვულოცავთ დაბადების დღეს