ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: jonatan livingstoni
ჟანრი: პროზა
2 თებერვალი, 2012


მამალო (დასასრული)

მოვიდა ბოშა ქალიც "მამალოსთან".
არც ფრიალა, ჭრელი ქვედაკაბა ეცვა, არც ჟღარუნა ზიზილ-პიპილოები ჰქონდა ასხმული, მხოლოდ დიდი, მწვანე, წითელ-ყვითელი ვარდებით მოჩითული, ფოჩებიანი თავშალი მიანიშნებდა მის წარმომავლობაზე. მსხვილი, შავი ნაწნავი გვირგვინად ედგა თავზე, მთლად "მამალო"-სნაირი თვალები და ოდნავ ღია ფერის კანი.
-ეს ზულფაა, ჩემი და. ეტა ანუშკა, მაია პადრუჟკა-გაგვაცნო ერთმანეთი ბარონმა და დერეფანში , "მოჭადრაკეებს" შეუერთდა.
ზულფამ საწოლი გაასწორა, უჯრები დაალაგა. მდუმარედ ვადევნებდი თვალს. მაღალი იყო, ჩამოსხმული, ახალგაზრდა აღარ ეთქმოდა, მაგრამ ის ორი  ზურმუხტი მაინც  ციმციმებდა და ნაპერწკლებად იფრქვეოდა.
რამდენადაც "მამალოს" უცებ გავუშინაურდი, იმდენად მერიდებოდა ამ ბოშა ქალის.
-ანუშკა, შენი ხელი მომეცი - მოულოდნელად მითხრა ზულფამ. დაბნეულმა მარჯვენა დაახლოებით ისე გავუწოდე, ფაშისტები რომ ესალმებოდნენ ერთმანეთს.
გაეცინა, ხელისგული ამომიბრუნა, ცოტა ხანი მაკვირდებოდა...
- დიდი ქალაქი არის, ბევრი წიგნები, კველგან წიგნი არი, ავადმკოფობა არი, ბევრი დარდი, მარამ ბევრი სიხარულიც არის...ერთი დღე არი-სიკვდილის დღე, სიცოცხლის დღე...ვსიო ხარაშო ბუდეტ ანუშკა!
თითქმის ვერაფერს მივხვდი მამალოს დის "მარჩიელობიდან", მაგრამ მეორე დღეს,სკოლაში,  დიდ დასვენებაზე, ჩემს მერხთან შეკრებილ გოგონებს სულ "სიტყვასიტყვით" ვუამბე, რა მითხრა გრძნეულმა ზულფამ: -დიდ ქალაქში წავალ, სულ უზარმაზარ ბიბლიოთეკებში ვივლი,იქ გავიცნობ იმ დიდი ბიბლიოთეკის დირექტორის ვაჟს, მერე ავად გავხდები. ის ბიჭი გადამარჩენს და ერთად ვიცოცხლებთ დიდხანს, მერე კი ერთ დღეს მოვკვდებით...
პალატაში კუკური ექიმი შემოდის. ჯიბიდან პატარა, დეზოდორის მსგავს ვერცხლისფერ ბალონს იღებს.
-ეს აეროზოლია, ახლახანს შემოვიდა ჩვენში, შეტევებს ფაქტიურად გამორიცხავს, თუ იშოვით...
მამას აეროზოლის გამოყენებას ასწავლის- ღრმად ამოისუნთქავ და ძლიერად შეისუნთქავ აეროზოლიდან გამოფრქვეულ წამალს. შედეგი 2-3 წუთის შემდეგაა. აბა, იგრძენით რამე, ბატონო ჯემალ?
-ასე თავისუფლად ბავშვობის მერე პირველად ვსუნთქავო, გაოცებული და გახარებულია მამა.
"მამალოც" დააინტერესა აეროზოლმა, კარგა ხანს ათვალიერა.
- ეკიმო, მალე აგარვინ მოკტება- ამბობს და მოწონების ნიშნად ცერა თითს მაღლა წევს.
- იცით, სადაც უნდა იშოვოთ. ცოტა ძვირი კია, მაგრამ ღირს ნამდვილად-გვეუბნება ექიმი და გადის.
ვიცით, სადაც უნდა ვიშოვოთ. მამასთვის საჭირო წამლების უმეტესობა აფთიაქებში არ იყიდება. ამისთვის არსებობს შაუმიანის ქუჩა, სადაც ყველაფრის ყიდვა შეიძლება, ჯანმრთელობისაც, სიხარულისაც, იმედისაც...
იმ დღესვე მივდივართ მე და დედა შაუმიანზე. იოსკას კარზე ვაკაკუნებთ, მისი მეუღლე, ზანა გვიღებს კარს. წამლის სახელს ვეუბნებით და მისაღებში ველოდებით. მალე თავად იოსკა გამოდის.
-არაა ჯერ ეს წამალი ჩვენთან!
უარს არ ველოდით.
- ვის ექნება ბატონო იოსკა?-ეკითხება დედა.
- აქ არავის!
- იქნებ , გქონდეთ-არ ეშვება დედა.
- ქალბატონოო... რომ მქონდეეს, გასაყიდათ მინდა მე, "ვიტრინაში " დასადობათ კი არაა!- გვიჯავრდება იოსკა და იმ კვირისთვის გვიბარებს.
მეორე დღეს კვირაა და ადრიანად მივდივართ მამასთან. რა ძნელი სათქმელია , ვერ ვიშოვეთ-თქო..
-მამიკო, ასე თქვა იმ კვირაში აუცილებლად მექნებაო ის კვირა ხვალ კი არის უკვე და...
- ჩემი იმედიანი გოგო! - გულში მიკრავს მამა.
ორშაბათსაც ვიყავით შაუმიანზე, სამშაბათსაც...
ოთხშაბათს "მამალომ" მითხრა, რომ ხვალ საავადმყოფოდან გაეწერებოდა.
- დილით წახვალ "მამალო" ?- მოვიწყინე.
- ნეეტ ანუშკა, კაკ ეტა? უშენოდ სად წავალ? ბუდუ ჟდატ!
- შვიდი გაკვეთილი მაქვს "მამალო"- ამოვიკვნესე.
-ნიჩევოო, ბუდუ ჟდატ!
ვერ მოვითმინე მაინც და ბოლო გაკვეთილიდან თავი გავითავისუფლე. გაჩერებიდან საავადმყოფომდე , სამასიოდე მეტრი სულ სირბილით გავიარე, კიბეებზეც ავირბინე. პალატა ცარიელი იყო, "მამალოს" საწოლი აკეცილი. გული ჩამწყდა და ის იყო, ცრემლები უნდა წამომსვლოდა, რომ დერეფნიდან ბოშას ხმა მომესმა- ანუშკა მოვიდა!
გარეთ გამოვედი და მეორედ შემეკრა სუნთქვა მის  დანახვაზე. ჩემს წინ ნამდვილი ბოშათა ბარონი იდგა: ტყავის მაღალყელიანი ჩექმა, შავი , "გალიფე" შარვალი, თუთუნისფერი, გვერდზე ჩაღილული ატლასის პერანგი, შავი , ტყავის მოკლე პიჯაკი, თმა შეკრული...
- ანუშკა, დოჩენკა! - ჩამეხუტა.
მერე, პირველად ვნახე ჩემს წინ, ცალ მუხლზე გალანტურად ჩამუხლული მამაკაცი, ჯერ ხელზე მაკოცა, მერე-შუბლზე...
წამოდგა, ჯიბიდან რაღაც შეკვრა ამოიღო, მომაწოდა და მითხრა:
-მამაშენი ზალიან კარგი კაცია ანუშკა. დიდხანს იცოცხლებს გრიგორიჩი! ბედნიერი იკავი დოჩენკა!
მსუბუქად ჩარბინა კიბეები. თითქოს ცხენის ჭიხვინი და ფლოქვების თქარუნიც კი შემომესმა ეზოდან...
რომ გამოვფხიზლდი, მაშინღა ვნახე- სამი ცალი აეროზოლი მეჭირა ხელში.
მას შემდეგ ათეულობით ისეთი აეროზოლი დასჭირდა მამას, მაგრამ სულ მეგონა, რომ "მამალოს " ნაჩუქარი წამალი უხანგრძლივებდა სიცოცხლეს.
იმ დღიდან თითქმის 25 წელი გავიდა, მამას გარდაცვალებიდან - 15  წელი.  ახლაც ხშირად მახსენდება "მამალო", ოღონდ, ბოშების დანახვისას  არა, მე ხომ ის ბოშებთან ერთად არასდროს მინახავს..
ყოველთვის, როცა ზრდილობიანად მომღიმარი ფარმაცევტი ბოლო თაობის აეროზოლს მაწვდის, ფრანგულ სუნამოსავით ძვირფასს და რობოტივით ამბობს- ჯანმრთელობას გისურვებთო, სულ ის დამიდგება თვალწინ -  ჩემი ზურმუხტისფერთვალა ბოშათა ბარონი.
* * *
გუშინ ჩემი დაბადების დღე იყო... მამას გარდაცვალების დღეც..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები