ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: jonatan livingstoni
ჟანრი: პროზა
23 თებერვალი, 2012


სხვისი გმირი

აგვისტო იწურებოდა. უზბეკეთისთვისაც კი უჩვეულოდ ცხელი ზაფხული იდგა. ერთ თვეზე მეტია,  თერმომეტრის ვერცხლისწყლის სვეტი + 40 გრადუსზე ქვემოთ არ ჩამოსულა. სამარყანდის გარეუბანში, ხრიოკ ფერდობებს შორის , სამხედრო ნაწილი დაბანაკებულიყო. კვირაობით  ჯარისკაცებს ქალაქში გასვლის უფლება ჰქონდათ, მაგრამ სიცხე ისე ტორტმანებდა ქალაქის თავზე, რომ სამარყანდის უძველეს ქუჩებში სეინობის მსურველი თითქმის არავინ აღმოჩნდა. მხოლოდ ერთი ჯარისკაცი ემზადებოდა დილიდანვე. საგულდაგულოდ გააპრიალა ჩექმები, მოწესრიგდა, "ტრაინოი" ოდეკალონიც იპკურა... სამედიცინი ნაწილის ყველაზე ლამაზი მედდა, დაშა უსმანოვა, როგორც იქნა, პაემანზე დაითანხმა ოთარმა.
ბევრი ეტრფოდა ნაწილში დაშას, მან კი ქართველზე შეაჩერა არჩევანი. ყაზარმის დერეფნებსა თუ ეზოში ხანმოკლე შეხვედრებისა და შორიდან ქურდული მზერის შემდეგ, პირველი სერიოზული პაემნის დროც დადგა.
ოთარი მთელი ღამე ფიქრობდა იმაზე, როგორ ისეირნებდა დაშასთან ერთად სამარყანდის ვიწრო ქუჩებში, მერე კინოში შევიდოდნენ, ბოლო რიგში დასხდებოდნენ, ქალიშვილის გრილ მკლავებს ჯერ თითქოს შემთხვევით შეეხებოდა, მერე, ფრთხილად მოხვევდა ხელს... მერე ნაყინსაც ერთად შეექცეოდნენ...
დაშაც გამოჩნდა. დედის გენს ემძლავრა გოგონაში- ლურჯთვალა და ქერათმიანი იყო, მხოლოდ მაღალი ყვრიმალები და პატარა ტუჩები მიანიშნებდა მის აზიურ წარმომავლობაზე. უზბეკურად  გამოწყობილიყო. უამრავი ქერა , წვრილი ნაწნავი ჭრელი, კოხტა ქუდიდან მხრებზე ეფინებოდა, ფრიალა კაბაც ქუდისფერი ეცვა. ასე ლამაზი არასდროს მოჩვენებია ოთარს ქალიშვილი.
ფეხით გაუყვნენ გზას.
- ოთარ, რაღაც რომ გთხოვო. შემისრულებ?
- ყველაფერს, დაშენკა!
- ჩვენთან ასეთი ტრადიციაა: თუ გოგო და ბიჭი  ერთად შემკობენ  გმირის ძეგლს ყვავილებით, ესე იგი, უკვე შეყვარებულები არიან. მივიდეთ რა ძეგლთან! - მორცხვად ახედა დაშამ ოთარს და პასუხის მოლოდინში გაინაბა.
- ძეგლის ყვავილებით შემკობა კი არა, თუ გინდა ,შენც ძეგლს დაგიდგამ , საყვარელო !- შესცინა ვაჟმა, ხელკავი გამოსდო და ძეგლისკენ წავიდნენ. გზად მიხაკების თაიგული იყიდა ოთარმა.
ყვავილები კვარცხლბეკზე დადეს.  ერთი კი შეავლო თვალი აღმოსავლელი მეომრის ძეგლს ქართველმა და უკვე კინოდარბაზში წარმოიდგინა თავი. უცებ ქარმა თაიგული კვარცხლბეკიდან კიბეებისკენ გადმოაგდო. ოთარი  დაწვდა, ის იყო, თავის ადგილზე უნდა დაედო, რომ ძეგლზე ოქროსფრად მოლაპლაპე წარწერა მოხვდა თვალში. " ამირ თემურ"- იუწყებოდა ძეგლის ვინაობას წარწერა. ნელა ააყოლა მზერა ქანდაკებას. ისტორიის სასკოლო სახლმძღვანელოში ნანახი სურათი გაახსენდა უმალ- " თემურ ლენგის ლაშქრობა საქართველოში"...
ტამერლანის ხმალივით მოიქნია მიხაკები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები