ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არმენ არუთინოვი
ჟანრი: პროზა
23 თებერვალი, 2012


ლ ო ლ ა (I თავი)

                                                                                          I
  შენ ზღვის ქაფიდან დაიბადე, ძვირფასო ლოლა!
პირველად როცა დაგინახე, წყლიდან ამოდიოდი, მზის სხივები მოგაცილებდნენ და ყველანაირი სილამაზე შენ წინაშე უძლური იყო. ან იქნებ წარმოსახვა მაიძულებდა ასეთი შემყვარებოდი. არ ვიცი.
ყოველდღე სანაპიროზე გხედავდი. მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი პირველთაგანი გამოვდიოდი პლაჟზე, მაინც ვერ გასწრებდი ადრე ადგომას და ზღვაზე გამოსვლას, შენ ყოველთვის პირველი იყავი. ჩემს გამოჩენამდე ასწრებდი ბანაობას, ზღვის სიღრმეში შეცურდებოდი, ყველაზე მაღალ ტალღას ზემოდან მოექცეოდი, თავზე გადაუსვამდი ხელს და ისიც, როგორც საგულდაგულოდ დაგეშილი და პატრონის ერთგული გოშია, მთელ სხეულს საგულდაგულოდ გილოკავდა, შენს გარშემო ცელქობდა, მერე ისევ მთელი ძალით შენკენ გამოქანდებოდა, ტანზე მჭიდროდ მოგეკრობოდა და თავისი კუდის სველი ბუსუსებით გიღიტინებდა.
მაგრამ შენ ის არ გიყვარდა, ლოლა, და, ალბათ, არც არავის შეყვარება შეგეძლო. ჭირვეული გოგონასავით დაუსხლტებოდი ხოლმე ზღვის ტალღას ხელიდან, სველ სხეულზე მიწებებული საცურაო კოსტუმის სწორებ-სწორებით ამოდიოდი ქვიან სანაპიროზე. ფეხები ღრმად გეფლობოდა კენჭებში. ტალღაც ამაოდ ცდილობდა ფეხებში გამოგდებოდა და უკან, თავის სიღრმეში გაეტაცე. თითის წვერებზე მიემართებოდი შეზლონგისაკენ. ირგვლივ ვერავის და ვერაფერს ამჩნევდი. არადა რამდენი ათეული თვალი მოგჩერებოდა, რამდენი გული იწყებდა შენ დანახვაზე აჩქარებით ცემას, რამდენი კაცი იყო მზად, ხელში აეტაცებინე და ისე მიეყვანე, რათა წახნაგებიან კენჭზე დაბიჯებისგან გამოწვეული ტკივილი აერიდებინა შენთვის.
როგორი ლამაზი იყავი ლოლა!
თეთრი კანისფერი გქონდა, მუქი, გრძელი სწორი თმა ჩამოგშლოდა მხრებზე და შავი საცურაო კოსტუმი გეცვა, რომელიც ხაზს უსვამდა შენი სხეულის თითოეული ნაკვთის სრულყოფილებასა და მშვენიერებას. ისეთი მომაჯადოებელი გამოხედვა გქონდა, რომ შენი შავი თვალები და ამაყი, ოდნავ კეხიანი ცხვირი შუა საუკუნეების ყველაზე ძლევამოსილ და სასტიკ მონარქსაც კი აიძულებდა, შენს წინაშე მუხლებზე დაცემულიყო და მარადიული სიყვარულის აღთქმა დაედო, როგორც სიყვარულის ქალღმერთის ბომონთან დამხობილ პარისს.
როგორ მინდოდა, მეც შენკენ გამოვქანებულიყავი, შენს მუხლებთან დაჩოქილს ხელები შემომეხვია შენთვის, თავს შენს კალთაში ჩამერგო, შენი კანის სურნელი მეგრძნო და მისით გაბრუებულს თვალები დამეხუჭა.
მაგრამ მარტო არ იყავი, ლოლა.
ყოველთვის თან გახლდა ბედნიერი ბიჭი, რომელიც გასხივოსნებული სახით ამოდიოდა წყლიდან, შენს გარდა საერთოდ ვერავის და ვერაფერს ამჩნევდა და შენით სუნთქავდა. მოვიდოდა, ზურგით შენს შეზლონგს მოეყრდნობოდა, თავს მუცელზე დაგადებდა და ნეტარებისგან თვალებს ხუჭავდა. შეზლონგზე წამოწოლილი, როგორც დაუპატიჟებელ სტუმარს, ისე ეგებებოდი. ცივად გაუღიმებდი და ისევ თვალებს ხუჭავდი. ხანდახან ბიჭს სამოწყალოდ თავზე ხელს გადაუსვამდი, ან როგორც პატარა ბავშვს, ლოყაზე ხელს მოუთათუნებდი. ისიც ბავშვური თვითკმაყოფილებით და სიამაყით თვალს მოავლებდა სანაპიროს, კიდევ ერთხელ დატკბებოდა თქვენკენ მომართული თვალების სიმრავლით და თვლემას ბედნიერი აგრძელებდა .
ხანდახან, როცა შენი მშრალი ღიმილი და ხელის თავზე უბრალოდ გადასმა ეცოტავებოდა, მყუდროებას გირღვევდა და ნაწყენი სახით რაღაცას გეუბნებოდა. ალბათ გსაყვედურობდა უგულობას და უყურადღებობას, უფრო მეტ სითბოს მოითხოვდა, ოდნავ წამოიწევდი, იდაყვებზე დაეყრდნობოდი და მომნუსხველი თვალებით მიაჩერდებოდი. შენი თვალები საყვედურს გამოხატავდნენ, ბიჭს გააშეშებდნენ და შენთვის სათქმელ, გულში საგანგებოდ დალაგებულ წინადადებებს ავიწყებდნენ. რამდენიმე წამს მაინც ჯიუტად უძლებდა მომნუსხველ მზერას, მერე კი მოზღვავებული სილამაზითა და ვნებით მოჯადოებული, მეტად ვეღარ ახერხებდა წინააღმდეგობის გაწევას და ძალაგამოლეული და მოცელილი თავს მოგასვენებდა ხოლმე. შენ კი კლეოპატრას ამაყი ღიმილით მოავლებდი მზერას მთელ სანაპიროს და გულში ყველასა და ყველაფერზე გამარჯვებას ზეიმობდი.
ვერც კი წარმოიდგენ, როგორ მშურდა შენი კავალერის, ლოლა!
ამ მდგომარეობაში მარტო არ ვიყავი. ყველა კაცს უყვარდი იმ წუთს, ყველა მაგ ბიჭის ადგილზე ყოფნას ნატრობდა. ნებისმიერი გაიღებდა მთელ თავის სიცოცხლეს ნეტარების იმ რამდენიმე წუთისათვის, რასაც შენთან ყოფნა, თმებში შენი თითების შეგრძნება, შენი სხეულის სიმხურვალესთან შერწყმა ერქვა.
მეც იმ უსასრულო ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი ვიყავი, რომელიც ოცნებობდა, ისე მჭიდროდ შემოგხვეოდა სხეულზე, რომ ვერასოდეს შეგძლებოდა მისგან გათავისუფლებულიყავი და სამუდამოდ მის ტყვეობაში დარჩენილიყავი.
ასეთ წუთებში შენთვის თვალმოუცილებლად იმაზე ვფიქრობდი, რომ ისევ დავიგვიანე, ამჯერადაც გამასწრო მატარებელმა, ისევ სხვას შეხვდა ბედისწერის საუკეთესო საჩუქარი.
როგორ მინდოდა ახლოს მოსვლა და შენი ჩახუტება! შენს სილამაზეს ვწყევლიდი. ღამეს სიგარეტის ნამწვავებით სავსე საფერფლე და მე ერთად ვათენებდით. დაუსრულებელი ფიქრის და საკუთარ თავთან კამათის შემდეგ მივდიოდი იმ გადაწყვეტილებამდე, რომ გათენებისთანავე დაუფიქრებლად და უკანმოუხედავად მივატოვებდი ქობულეთს და სამშვიდობოს გავიდოდი, თბილისის ერთფეროვან ყოველდღიურობას შევაფარებდი თავს. მაგრამ მზის პირველი სხივების გამოჩენასთან ერთად ისევ შენ მოემართებოდი ჩემკენ, ზღვის ტალღებზე მოაბიჯებდი, ოქროსფერი შარავანდედით იყავი გაცისკროვნებული და აღარ შემეძლო, რომ გათენებისთანავე დაუფიქრებლად არ შევგებებოდი შენი სახით მზის პირველ სხივებად გადმოღვრილ სიყვარულს.


ყველაფერი თავდაყირა დადგა.
ოჯახურ დასვენებაზე გათვლილი ჩემი ხანმოკლე შვებულების ობიექტივში მარტო შენ ჩანდი, შენ იყავი ის ერთადერთი ადამიანი, რომლის სიახლოვეც ბედნიერებას მანიჭებდა, უფერულ ყოველდღიურობას მილამაზებდა. ოჯახის წევრებს თითქმის ვეღარც ვამჩნევდი, ჩემი თვალები მხოლოდ შენ გხედავდნენ. როცა ვინმე გამომელაპარაკებოდა, ან რაღაცას მკითხავდა, მექანიკურად და მოკლედ ვპასუხობდი. საერთოდ ვერ ვახერხებდი იმის გააზრებას, რაზეც იყო ლაპარაკი.
ვცდილობდი, არავის შეემჩნია ჩემი გონებაგაფანტულობის მთავარი მიზეზი. მერიდებოდა, არ მინდოდა, ჩემებს მორიგი სახუმარო თემა მისცემოდათ, როდესაც საღამოობით ფინჯანი ყავის დასალევად რომელიმე მყუდრო კაფეში მაგიდას მივუსხდებოდით.
თუმცა, მალე აღმოვაჩინე, რომ ჩემი სიფრთხილე სრულიად ზედმეტი იყო:
ჩემი მშობლებიც, ჩემი დის ოჯახიც, მამიდაჩემიც და ახალგაცნობილი, შუა ხანს გადაცილებული მეგობრული წყვილიც კი მხოლოდ შენი თვალთვალით იყვნენ დაკავებულები. შემპარავად გიყურებდნენ და ცდილობდნენ გამოეცნოთ შენი წარსული, შენი აწმყო და როცა შენკენ მომავალ ბიჭს შეამჩნევდნენ, გაღიზიანებულები აღარ ერიდებოდნენ თავიანთი არცთუ ისე სახარბიელო ჰიპოთეზების დაფიქსირებას. ნელ-ნელა კარგავდი მათ თვალში ქალღმერთის სტატუსს, მიწაზე ეშვებოდი და თანდათან მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ხდებოდი.
ასე მაგალითად, მამიდაჩემმა მუცელზე საკეისრო კვეთის კვალიც შეგამჩნია, ვიღაცამ კი დაუმატა, რომ ეს ბიჭი შენი საყვარელი იყო და ა.შ. და ა.შ.
ასეთ წუთებში გველნაკბენივით წამოვვარდებოდი და ზღვაში შევცურავდი ხოლმე. მთელ ჯავრს ხელების ენერგიული ქნევით ვიყრიდი. ბოღმა და ეჭვიანობა მახრჩობდა, ყელში რაღაც ბურთივით მეჩხირებოდა. ფილმის კადრებივით წარმომიდგებოდა სასიყვარულო სცენები შენი მონაწილეობით, როგორ ეფერებოდი ვიღაც ბიჭს, კოცნით ახრჩობდი და ეხუტებოდი. მერე ნათლად წარმოვიდგენდი სამშობიარო სახლს, რომლიდანაც მარტოხელა დედა ეწერებოდი, გულში ჩვილბავშვჩახუტებული. ფეხები უკან გრჩებოდა, არ იცოდი, რას იზამდი ყველასგან ზურგშექცეული და მიტოვებული; როგორ ცდილობდი პატარასთვის არსებობის ელემენტარული პირობები შეგექმნა და ღამ-ღამობით სამუშაოდ გადიოდი.
ამგვარ ფიქრებს გაგიჟებამდე მივყავდი და გამწარებული ვიქნევდი ხელებს, უკანმოუხედავად მივცურავდი სულ პირდაპირ და პირდაპირ. შავი ზღვა პატარა ტბად მეჩვენებოდა, რომლის გადასაცურად დიდი ძალისხმევა არ დამჭირდებოდა და ვბრაზობდი, რომ ვერ მოვახერხებდი ჯავრისა და ტკივილის გახარჯვას, ისე გავიდოდი მეორე ნაპირზე, მაგრამ უეცრად ისევ თვალწინ წარმომიდგებოდა სცენა, ზღვის ტალღებზე როგორ მოაბიჯებდი, ამომავალი მზის სხივებში შენს ფეხქვეშ ზღვა ცეცხლისფრად როგორ ენთო და თბილი ქარი გირხევდა თმას. შენი სახე კარგად არ ჩანდა, მაგრამ ქარს შენი თმების ისეთი საოცარი სურნელი მოჰქონდა, რომ თავბრუდახვეული და ფეხარეული მოვრბოდი შენკენ.
ასეთი თბილი ზმანებებით შეპყრობილს ხელახლა მიპყრობდა სურვილი, სასწრაფოდ მომეკრა შენთვის თვალი და პირს ისევ ნაპირისკენ ვიბრუნებდი ხოლმე.
სანაპირო სადღაც შორს, ჰორიზონტზე მოჩანდა.
ძლივს ვარჩევდი იმ ადგილის კონტურებს, სადაც შენ მეგულებოდი და თავდაუზოგავად ვიწყებდი ხელების ქნევას, გააფთრებული ვებრძოდი ტალღებს, რათა რაც შეიძლება მალე დამენახე. ნაპირთან მოახლოებულს და უკვე დაღლილს ძალიან მიჭირდა ცურვა, მეტი წინააღმდეგობა მხვდებოდა, მაგრამ შენთვის თვალის მოკვრის სურვილი ახალი ძალით და ენერგიით მავსებდა და ჯიუტი შემართებით შეუსვენებლად მოვცურავდი შენკენ.
ნეტავ არასოდეს შემხვედროდი, ლოლა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები