ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პროზა
1 მარტი, 2012


ბიო (დასაწყისი და გაგრძელება)


საოცარი არსებანი ვართ ეს ადამიანები. ქართველი ადამიანები ხომ გამაოგნებლად საოცარნი და დასაჯერებლად და გასაგებად რთულნი. რატომ? რატომ და მაგალითს მოგიყვანთ.
მაგალითი 1. სიგარეტის კოლოფის თითქმის ნახევარი დაფარულია წარწერით: მოწევა კლავს, მოწევა იწვევს სიმსივნურ დაავადებებს....და შედეგი?
მაგალითი 2. ინფორმაციის სწრაფი გავრცელების საუკუნეში, ყველას მოგვეხსენება გაზიანი სასმელებისა და ემულგატორებით გაჯერებული პროდუქტის მავნებლობა, მაგრამ შედეგი?
მაგალითი 3. ყველა ნორმალური შესაძლებლობის მქონე ადამიანს კარგად მოგვეხსენება, რომ ფული ჯანმრთელობის გარეშე_არაფერია და ჯანმრთელობა ფულის გარეშე_უბრალოდ სიღარიბეა. მაინც დაუნანებლად ვალევთ ჯანმრთელობას ფულის შოვნის პროცესს და შემდეგ, ფული გვიქრება ხელში,  ჯანმრთელობის აღდგენის დროს.
კიდევ,  ბევრი  შემიძლია ვისაუბრო ადამიანური ბუნების უგუნურებაზე და მისი აზროვნების პარადოქსალურ ფენომენზე, თუ ფენომენალურ პარადოქსზე.
ქართველები_ეს კიდევ სხვა ფენომენია თუ სხვა პარადოქსი. მტკიცებულება? აგერ ბატონო:
მტკიცებულება 1. მხოლოდ საქართველოში, პროდუქტი, რომელიც უნდა ჭამოს ჯანმრთელი სხეულის ქონის მსურველმა ადამიანმა, _არის საზიანო. თუ კარგად დავაკვირდებით რძის პროდუქტების 90%-ს, მის შემცველობაში არის სახამებელი და მცენარეული ცხიმი, კერძოდ ყველაზე იაფი , სოიას და პალმის ცხიმი, რომელიც მავნებელია ორგანიზმისთვის. ხაჭოს შენახვის ვადა იმაზე მეტია, ვიდრე უნდა იყოს ან კიდე რძეში და მაწონში რა უნდა სახამებელს და მცენარეულ ცხიმს? ხო, ეს მხოლოდ საქართველოში ხდება. გგონია რომ თავს იჯანსაღებ, საჭირო რკინით და ცხიმებით იმარაგებ ორგანიზმს და ამ დროს...
2. მხოხლოდ საქართველოში , ამდენი ნოყიერი მიწები გვაქვს და მაინც თურქულ ნიორს, ხახვს, კარტოფილს მივირთმევთ, სომხურ კომბოსტოს და სტაფილოს გეახლებით, ბერძნულ _ფორთოხალს და ისრაელიდან საგულდაგულოდ ჩამობრძანებულ ვაშლს ვჭამთ.
3. საქართველოში ყველამ ვიცით კაზინოების მიჩვევადობის ამბავი, მათი დამღუპველი და ადამიანების გამატუტუცებელი თვისება და ყველა ფეხისნაბიჯზე კაზინო (სამორინო, როგორც დიდი ილია ამბობდა) გვაქვს გახსნილი. თითქოსდა ამ საწყალი ხალხის ნებას ჩვენღა ვაკლდით გამოსაცდელად, თითქოსდა არ ეყოფათ მათ გასაძლები და დასაძლევი ამ ცოდვებით გაჯერებულ ქვეყანაში.
5. მხოლოდ საქართველოში იზრდება ნაგვის რაოდენობა, ელექტრო ენერგიის დახარჯული კილოვატების რაოდენობის პირდაპირპროპორციულად (თითქოს გაზით ვინც თბება, ის არც ჭამდეს, არც სვამდეს და ნარჩენი პროდუქტებიც არ უგროვდებოდეს, თავისუფალი იყოს ნაგვისგან_ალბათ გაზთან ერთად წვავენ მასაც )
6. მხოლოდ აქ, ჩვენთან , ჩვენს სამშობლოში, გვერდითა დაწესებულებაში რომ გააგზავნო წერილი, ფოსტას უნდა დაუკავშირდე, გადაუხადო იმაზე მეტი, ვიდრე ამანათის ამერიკაში გაგზავნა ღირს და მერე ეს წერილი ჯერ ფოსტაში გააგზავნო და მერე დანიშნულების ადგილას (მე კიდე მეგონა რომ მხოლოდ სვანები უჩვენებდნენ მარჯვენა ხელით მარცხენა ყურს.)
7. მხოლოდ აქ, საქართველოში იხსნება ამდენი საავადმყოფო, ცარიელი საავადმყოფო. ცარიელი რატომ? აბა მიმიხვდით. ამდენი სამედიცინო დამთავრებულია და მათგან ნამდვილი ექიმი_10%-იც არაა. ამდენი ავადმყოფია და გამოჯანმრთელების მცდელობის შემძლებელი კი მხოლოდ 10%.
უჰ, კიდე რამდენი შემიძლია ჩამოვთვალო, ნეტა იცოდეთ. ან კი რად გინდათ ამის ცოდნა, არ ცოდნა ხომ უფრო ადვილია_სინდისი და გონება დასვენებულია: არ იცი ესეიგი არ აშავებ. არ იცი ესეიგი_ყველაფერი კარგადაა. სიმღერა გამახსენდა: გემი იძირება და ყველაფერი კარგად არისო.
თუმცა...
თუმცა, ცხოვრებაში, სამწუხაროდ დგება ისეთი მომენტები, როცა ცხოვრება ისე მაგარ ალიყურს გაჩუქებს, ისე მაგრად შეგაჯანჯღარებს , სურვილიც კი გიქრება მიქარვის და დედი....-ის ჭამის დიდი ხნით, დროებით მაინც.
ხანდახან ადამიანები მაღალსართულიდან გადმოკიდებულ არსებებს ვგავართ: ყოველი არასწორი მოძრაობა, ყოველი მცდარი ნაბიჯი, ჩახველება, ცხიკინი, ამოსუნთქვა და ჩამოვარდები. ამერიკული ფილმი „ხერხი“ გამახსენდა. მასში ადამიანები დაუდევრად ეპყრობიან საკუთარ სიცოცხლეს, სანამ ცხოვრების ბოროტი ირონია არ აგრძნობინებს სიცოცხლის სურვილს, წყურვილს და ფასს. ამ ცხოვრებაშიც ისე, უბრალოდ არაფერი ხდება და ესეც, ცხოვრების გაკვეთილია ამ ფილმის გმირებისათვის.
მეც, ბავშვობიდან ვცდილობდი ცხოვრების  ნიშნების ამოცნობა მესწავლა, ყველაფერ ცუდში ნიშანი დამენახა და მორალი გამომეტანა.
ასეთი მორალის გამოტანა მომიხდა მაშინაც, როცა თოდუას კლინიკაში ენცეფალოგრამის სპეციალისტმა კარი ფართოდ გამიღო და ლამის წიხლისკვრით გამომისტუმრა კაბინეტიდან, მის ოთახში რომ არ ავცინგლებულიყავი მამაჩემის სურათის პასუხების მოსმენის შემდგომ.
მეც, სხვა რა გზა მქონდა, წამოვბარბაცდი და მანქანაში ვიჯერე გული. გავქანდი ონკოლოგიურში, იმის იმედად, რომ ქართველი ექიმები ხშირად ცდებიან, სტატისტიკას თუ დავეყრდნობით, თუმცაღა, ონკოლოგმა ენცეფალოგრამის სპეციალისტის სპეციალისტობა დაადასტურა დასტურით ყველაზე უარეს შემთხვევაზე და დააყოლა_საწყალი, რამდენიმე თვე აცოცხლებთ_აქეთ წახვალთ გველეშაპი შეგჭამთ, იქით_ბაყბაყდევიო. ოჰ, როგორი მადლიერი ვარ იმ ონკოლოგის, მან, წინარესგან განსხვავებით, მაცალა იქ გულის ჯერება, თუმცა  ჩვეული გულგრილობით უყურებდა სურათს_არანაირი შანსი, მიდი იტირე შვილო ჩემო!
მამამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. ჩემი დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, მისთვის გვეთქვა სიმართლე, რათა ადამიანი თავის ბედს შეგუებული ყოფილიყო, რადგან სრული უფლება ქონდა საკუთარ თავზე სიმართლე სცოდნოდა, საბჭო და სხდომები მის გარეშე იმართებოდა ფარულად და მალულად. თუმცა... თუმცა, 66 წლიანმა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ, სიტუაციის განჭვრეტისა და გაანალიზების დაგროვილმა უნარმა და დედაჩემის გადამეტებულმა ყურადღება- მოფერებამ დააფიქრა რეალობაზე და დააეჭვა.
სიგარეტის დამხრჩოლავი ბოლი შეცვალა გლიცერინის ორთქლმა და სიგარეტის კოლოფი, ძვირიანი ელექტრო სიგარეტის ფისტონების ყუთმა. ახლა ამ ელექტრო მაქინასაც იშვიათად ეწევა და გაოცებულია რა მოსახერხებელია, არც საფერფლე უნდა და არც სანთებელაო, არც აივანზე გაყინვა და არც შარვალ-კოსტუმის ამოწვის საშიშროება არისო. არადა ბავშვობიდან ეწევა და ცალსახად გვითხრეს_მისი დიაგნოზი მოწევითაა პროვოცირებულიო. და რას ამბობს მამა?!? : თუ მაინც უნდა მოვკვდე, მითხარით, ნორმალურ სიგარეტს მაინც მოვწევო.
აი მწარე მორალი! თუ უიმისობა?
მაინც კარგად ხალისობდა, საავადმყოფოს მოსაცდელში ქალბატონების გაოცებული სახეების ცქერით, თავის ელექტრო სიგარეტს უცებ ჯიბეში რომ მოიქცევდა. ამ დროს, სტალინის და ივანოვის ანეკდოტად ქცეული ამბავი გამახსენდა, ყოველ შეხვედრაზე რომ ეკითხებოდა სტალიანი: ამხანაგო ივანოვო, თქვენ კიდევ ცოცხალი ხართო? ამ კითხვის მერე, ხან ერთ ხელზე წაერთვა ძალა ივანოვს, ხან _მეორეზე. ბოლოს ინვალიდის სავარძელში მჯდომი რომ მიაგორეს ბატონ სტალინთან, მან კვლავ კითხა იგივე და ეს სიტყვები ბოლო რომ  აღმოჩნდა  ამხანაგი ივანოვისთვის, სტალინმა ხალხს მორალი დაანახა: ყველაზე რთულ წუთებშიაც კი, ჩვენ ვპოულობდით დროს ხუმრობისთვისო.
ამ ხუმრობა-ხუმრობაში იყო მამა, როცა  საბჭომ გადავწყივიტეთ წაგვეყვანა თურქეთში, აბა საქართველოს ონკოლოგები ხომ მკვლელები არიან! ამას თამამად ვამბობ, ხმამაღლა და თავაწეული! აბა ვინმე შემომედავოს?!  მხოლოდ საქართველოში, ონკოლოლოგიურში არაა ნორმალური ტუალეტი, მხოლოდ აქ, ონკოლოგიური საავადმყოფო გავს ნაგავსაყრელს და ქიმიის, წამალის მთელი დღის დოზას, საქართველოში 1 საათში უსხავენ პაციენტებს, ბიოფსიისთვის მოსამზადებლად კი, ავადმყოფებს, ყველაზე უფრო პრესტიჟულ ქართულ კლინიკაშიც კი, დერეფანში აიძულებენ გახდას. იმაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, თუ რამდენი ადამიანი შემოაკვდათ ხელში დასხივების დროს ან ქიმიის არასწორი დოზის შერჩევის გამო. ასეთი ექიმები მკვლელზე უარესები არიან. ისინი უდიდეს ფიცს არ ტეხენ.
როგორც გვირჩიეს, თბილისში გავუკეთეთ ბიოფსია და წავედით სტამბულში, მამის ფილტვის ნაგლეჯით ხელში, უფრო სწორედ ნიჟარით ხელში, რომელშიაც მამას დაზიანებული ფილტვის ნაგლეჯი იყო მოთავსებული.
ჩემმა ძმამ ამ განსაცდელში დადებითი მხარეც აღმოაჩინა, მამა ეკლესიაში წაიყვანა, აზიარა, აღსარება ათქმევინა და შვიდგზის ზეთისცხებაც ჩაუტარა მამაომ_მამა ცხოვრებაში პირველად ეზიარა საკურნებლად სულისა და ხორცისა და სადიდებლად უფლისა! „გაიქრიიტიანდა“_ როგორც ჩვენებურები იტყოდნენ.
შემდეგ...
შემდეგ იყო გაცილება და ცხოვრებაში პირველად შემეშინდა სახლში მარტო დარჩენის. ეს ამოუხსნელი შიში იყო. ცხოვრებაში პირველად მომინდა რომ ბავშვებს გაჰღვიძებოდათ და ეხმაურათ!
ჯერ მამა და ჩემი ძმა ჩავიდნენ სტამბოლში. აი იქ კი...
იქ დარწმუნდნენ რომ ქართველები ყველგან ბოლო ადგილზე ვართ. აქ, საქართველოში, თუ უცხოელი დგას შენს შემდეგ რიგში, იმას გაუშვებენ ურიგოდ, რადგან უცხოელია და პატივი ხომ უნდა ვცეთ?! აი თურქეთში კი, პრიორიტეტი თავიანთ ხალზე აქვთ აღებული. მამას რადიოაქტიული ნივთიერება დაალევინეს, დაზიანებული ადგილების ინდიკაციისთვის და ოთახიდან გამოსვლა აუკრძალეს. 16 საათი აშიმშილეს და ...
წევს რადიოაქტიული მამა რაღაც ოთახში და ბუნებრივი მოთხოვნილება გაუჩნდა.
-ჰოი! ხახლნო!!! არის აქ ვინმე ჯოუ! ხალხნი არა ხართ?! ბოლოს ბავშვობაში ჩატარებული ინგლისურის გაკვეთილები გაახენდა:
-ჰეეეელპ მი!!!! ჰელპ მიიიიიიი!
როგორც იქნა ვიღაც მოვიდა , ღვთისნიერი და წაიყვანა. მერე დერეფანში გამოვიდა და ექიმს დაუწყო ძებნა. მაშინ უნდა გენახათ ექიმების წიოკი_თქვენ საშიში ხართ და ოთახში უნდა დარჩეთო.
-კი მარა ჯო, იმათთვინ თუ საშიში ვიყავ, მე რა ნიკელის კი არ ვარ ამათი ....სისხლი გათეთრება არ დამმართონ ამ მკვდარძაღლებმა!!!_ჯავრობდა მამა.
მისი პროტესტიც საფუძვლიანი იყო.
-აბა, ჩემი წინაპრები არ დამცინებდნენ რომ მეთქვა, თურქებ ჩავუგდე ჩემი სიცოცხლე ხელში გადასარჩენად თქო?! _იცინოდა საკუთარ თავზე.
1 კვირა ისე გავიდა, ყველა ანალიზის პასუხს ვერ აღირსეს და ჩემი ჩასვლა გახდა საჭირო_შენაცვლება ძმისა.
დავტოვე ბავშვები ცრემლით და დარდიანი გულით, მოვუზიდე საჭირო პროდუქტი და სადილებიც მოვუმზადე_არხეინად რომ წამოვსულიყავი. სამსახურის საქმეებიც სინათლის სიჩქარით ვაგვარე და....
აგერ აეროპორტში ვარ.
არაერთხელ დამჭირვებია ეს ფრთებიანი რკინის ჯართი მანამდეც, მაგრამ ეხლა სულ სხვა გრძნობას შევეპყარი_შიშს. სიკვდილის შიშს. ცხოვრებაში არასდროს შემშინებია სიკვდილის_ეხლა ვაცნობიერებდი რომ ამის უფლება არ მქონდა და რომ ეს ყველაფერი ჩემზე ყველაზე ნაკლებად ხდებოდა დამოკიდებული_ეს უფრო მაშინებდა. მატარებლიდან და ავტობუსიდან ქემაინც გადმოხტები და თავს უშველი, ცალფეხა ან ცალხელა მაინც დაუბრუნდები ოჯახს. ამ დასაწვავი თვითმფრინავიდან კი, სად უნდა გადავხტეთქო, ვფიქრობდი.
ყველაფერი შეცვლილი მეჩვენა. 2-3 წლის უკან მხოლოდ ჩასასხდომ პუნქტთან გამოწმებდნენ, აქ კი აეროპორტშიაც არ შეგასუნინებენ შეუმოწმებლად. ჩავაბარე ბარგი და თვალცრემლიანი დავემშვიდობე მეუღლეს სიტყვებით_თუ რამე მომივა, იცოდე ბავშვებს მიხედე. თუ ცოლს მოიყვან ბავშვები დედაჩემთან გაიზრდებიან, დედინაცვალს არ ჩავუგდებ ხელში, ანდერძი ასე მაქვს შედგენილითქო_შევაშინე, თორემ ანდერძის დაწერის თავი მქონდა?!
ლამის საცვლებამდე გაგვხადეს, სანამ ცასასხდომ პუნქტამდე შეგვისვებდნენ. თავი დამნაშავედ ვიგრზენი.
გაჭედილი ავტობუსით მიგვიყვანეს თვითმფრინავთან. ჩემი ადგილი არის 21 დ. დავსკუპდი ფანჯარასთან, ზედ ფრთის თავზე. მოვიდა ვიღაც გოგონა და მეუბნება:ეტა მოიო მესტო_უხ რამდენი ვაგინე გულში. გამიხარდა მერე, ნისლი იყო და მაინც არაფერი ჩანდა, თუმც იმ ოხერს, მთელი გზა მაინც ეძინა, ისე რომ გამცილებელმა ძლივს გააღვიძა სტამბოლში და სკოლაში წამსვლელი მაბშვივით კარგა ხანი იჯდა და გონს მოდიოდა. აი მე კი ორჯერ ჩამეძინა და ისეთმა დაფეთებულმა გავიღვიძე 3-4 წუთში რომ ხალხი შევაშინე. მერე ჩემი წიგნი გადავშალე და კითხვა ვცადე, მაინც მაკიმარებდა. მერე მძიმე როკის მოსმენამ გამომიყვანა სიმძინარიდან, ძილის შემოტევისგან დამიხსნა.
ჩამოიწია ეკრანი და გვაჩვენებენ რა გემრიელი კერძები მზადდება პეგასუსის სამზარეულოში. გულში გავიფიქრე ალბათ დაამატეს საჭმელი თქო, მაგრამ როგორ შევცდი, როცა დავინახე, პატარა ბუტერბროდში როგორ მიაწოდა პირველმა შეთავაზებისგან თავბრუდახვეულმა მგზავრმა სოლიდური კუპიურა და თავადაც გაოცებული დარჩა ხურდის სინაკლულობით. მგონი მასაც უფასო ეგონა და მერე იხტიბარი არ გაიტეხა. სალონის მეორე ბოლომდე პეგასუსის სამზარეულოს შედევრებით დატკბობის მსურველთა რიცხვი ნელ-ნელა იკლებდა. იმედგაცრუებული გამცილებლები, რომელთაგან 2 საკმაოდ სიმპატიური ახალგაზრდა მამაკაცი იყო,მიაგორებდნენ ბორბლებიან ლანგარს.
აგერ თვითმფრინავმა კი დააგვიანა აფრენა, მაგრამ მაინც აფრინდა და ჩემი გულიც საგულედან ლამის ამოვარდა. მესიჯის მიწერაღა მოვასწარი, რომ ეხლა მივფრინავდი და ტელეფონი გამოვრთე შეშინებულმა. ტურბულენტობამ თვითმფრინავი ბევრი ანჯღრია და სავარძლის სახელურებს ჩაფრენილი ვლოცულობდი გულში. პატარა ეკრანი გვამცნობდა სად და როგორ მიფრინავდა ჩვენი ბორბლებიანი და ფრთებიანი ჯართი (ბოლო მაინც მაგია თვითმფრინავის).
როგორც იქნა დავეშვით. ყურები ამტკივდა. აგერ კიდე დავეშვით_უკვე მეწვის ყურები და მიწივის, უფრო და უფრო მკტივდება და... საოცარი ოსტატობით აჯენს თვითმფრინავს ტრასაზე პილოტი. რააღაც არაპოპულარულ აეროპორტში დავეშვით, ადგილიც ბევრი იყო და ტრასაც გლუვი და სუფთა. ისე დავეშვით, წარბიც არ შემტოკებია.
ძლივს ავახიე ტანი სკამს, წავლასლასდი გასასვლელისკენ უძინარი და დაღლილი. ძლივს ვეღირსე ბარგს და გასასვლელში დამხვდა სიმპატიური თურქი მძღოლი, ჩემი და ჰოსპიტალის სახელით ხელში. ეგრევე შემიმსუბუქა სიმძიმე და ასევე მსუბუქად და თბილად მიმიყვანა სასტუმროში, რომელიც ჰოსპიტალს ემსახურება.
გზად, ჩემი ძმა მიყვებოდა, თუ როგორ აწყნარებდა მამას და უხსნიდა, რომ ყველაფერი იოლად ქონდა. მე სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი, სიმართლის დამალვის: ადამიანს არა აქვს უფლება, იცოდეს საკუტარი თავის ამბავითქო_ვაპროტესტებდი. მჯეროდა, მამა ყველაფერს შეგნებით და გაგებით მიიღებდა, არც მისი სასოწარკვეთილების მეშინოდა, მაგრამ მე ვინ მისმენდა?!
გაუხარდა მამას ჩემი დანახვა. დაიწყო წუწუნი, რატომ გაწვალებენ, დიდი ხანი კი არ ვაპირებ აქ დარჩენას, ბავშვები რას დაგატოვებინესო, მაგრამ მალე სხვა , სამსახურებრივ საქმეებზე გადავერთვეთ და საუზმის დროსაც საქმიანი საუბრები გვქონდა.
ცოტა რომ მოვითქვი სული, ექსკურსი ჩამიტარეს, გამაცნეს იქავრობა, ექიმის სავიზიტო ბარათებიც გადმომცეს და ისე დავბრუნდით სასტუმროში.  ამ დროს ჩემი ძმა შეუძლოდ გახდა და გამაგზავნეს აფთიაქში. გავიქეცი. მაგრამ დიდი იმედგაცრუება მელოდა,  აფთიაქარებმა, რომლებიც ამხელა საავადმყოფოს ემსახურებიან, არც ინგლისური იცოდნენ და არც რუსული. ვერაფრით გავაგებინე რა მინდოდა. დარეკეს რუსულის მცოდნესთან, იმანაც ვერაფერი გაიგო. ვცადე ტელეფონში გუგლის თარჯიმანი ჩამერთო, მაგრამ მათი უკაბელო ინტერნეტი თურმე სხვანაირად ირთვება, ბრაუზერით თუ არ შეხვედი და „ლოგინი“ არ გაიარე, გინდ იყავი შეერთებული უკაბელოზე და გინდ_არა. მეც ვერაფერს ვაგებინებდი და მოკლედ მთელი ჩემი ქალური მომხიბვლელობის, მთელი ნიჭის, ცოდნის და პანტომიმური უნარის გამოყენების შემდეგ როგორც იქნა რაღაც წამალი მომცეს, რომელმაც იმოქმედა და გადავრჩი ქილიკს.
სანამ სტკიოდა თამამად გაიძახოდა აღარაფერს შევჭამო. როგორც კი ტკივილი უყუჩდა
-დაავიწყდა დანაპირები, გემოზე დანაყრდა და უფრო მეტიც და შემდეგ გადაწყვიტა ქალაქი დაგვეთვალიერებინა.
ჰოსპიტალის მინი ავტობუსმა სუადეიმდე მიგვიყვანა. ნახევარი გზა მეძინა. რომ მაკიმარებდა არ  ვიმჩნევდი. საკმაოდ გზა გავიარეთ, სანამ ბოლო წერტილს მივაღწევდით. ეს იყო ქალაქის ცენტრი, ახალი სტამბოლი, რომელიც ევროპას უფრო გავდა, ვიდრე თურქეთს, თუმც ევროკავშირმა ის მართლაც დააახლოვა ევროპას. ლამაზ აივნებიანი, ყვავილებით გაფორმებული შენობები, სხვადასხვაა ბრენდების დიდი და ლამაზი მაღაზიები, ლამაზი ადამიანები, რომლის შემხედვარეც დამერღვა თურქის გარეგნობის სტერეოტიპი და სუფთა და ლამაზი ქუჩები_სტამბოლის ძველ ნაწილზე სუფთას და ლამაზს ნაკლებად იტყვი. იქ ხალხიც სხვაა და მე მხოლოდ ის, ძველი ნაწილი მქონდა ნანახი, რამდენჯერაც ადრე ჩამოვსულვარ.  მერე სევიტყვე, რომ ეს მარმარილოსზღვისპირა უბანი, მდიდრების უბანს განეკუთვნებოდა .
გადავწყვიტეთ მამასთვის აიასოფია გვენახვებინა. მე თბილისის მანძილებით ვფიქრობდი მაინც. დავიჭირეთ ტაქსი და ჩემი დაჯღანვის მერე 40 ლირაზე დაგვთაანმხმდა, თორემ ჩემმა ძმამ ხომ შევაჭრება არ იცის საერთოდ რა ხილია!
იმდენი ხანი ვიმგზავრე ამ ტაქსით.... მიდის ეს ტაქსი და ვერაფრით ვეღარ მივიდა. დავინახე გადაჭრა ხიდი, შემაერთებელი ერთი ნაპირისა მეორესთან. ამ ხიდს ადრე, ძველი სტამბოლის სანაპიროდან ვუყურებდი ხოლმე. იმ სიგრძე იყო ეს დასაწვავი, ვერ დავაღწიეთ თავი. ძალიან ლამაზად კი მოსჩანდა ბოსფორის სრუტე, გემებით და ბორნებით გაჯერებული.
ძველი სტამბოლი გარეგნულად ისეთი ლამაზი ვერ იყო, მაგრამ როცა სანაპიროდან ესპანეთის დედოფლის უბანში შეუხვია მანქანამ, იგრძნობოდა უკვე ნამდვილი ევროპელების ნახელავი. იქაც ჩვენ საქართველოსავიტ, აღმშენებლობა მიმდინარეობდა, არესტავრირებდნენ ძველ ქუჩებს, ძველ შენობებს და ახლის შენებასაც არ აკლებდნენ.
აიასოფიას მუზეუმიც რესტავრირების პროცესში იყო.  იქ ყველას, ვისაც ჰკითხავდი რაიმეს, ი გულისყურით გვისმენდნენ, ამომწურავად გვპასუხობდნენ და საფუძვლიანად გვაკვალიანებდნენ: გოუ სთრეით დაუნ, ფერსთ ენტრანს_ნოუ, სექანდ ენტრანს_იეს.
სანამ მუზეუმში შევიდოდით, გადავწყვიტეთ მამა დაგვენაყრებინა. მუნჯურად შევუკვეთეთ მენიუ და... ჰოი საკვირველებავ, მთელი სტამბოლის ფისოები და კატუნები ჩვენს ფერხთით გაჩნდა. ისე შესაცოდებლად კნაოდნენ, ისე ურცხვად, რთული იყო ლუკმის გადაყლაპვა მატი თვალების შემყურე. ერთი ლუკმის სრულფასოვნად გადამუშავებას ვერ ვასწრებდი რომ ერთხმად, ხორად აკნავლდებოდნენ. ერთი, თავხედი მათგანი, იმასაც ბედავდა რომ მხარზე მახტებოდა. მერე გავიხედ-გამოვიხედე და მიუხედავად იმისა, რომ მიყვარს კატები, ხელის აქნევა მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ რას აუქნევდი ხელს, ისე სათუთად ექცეოდნენ კატებს, მივუტრიალდი და ბოდიში მოვუხადე ფისოს, ჩემს თეფშს რომ არ ვუდებდი ასფალტზე და მთლიანად მას რომ არ ვჩუქნიდი ჩემს სადილს. _რა ვქნა ფისო, მეც მშიერი ვარ და მომიტევე, მოდი ძმურად გავიყოთ მეთქი და წონის და ზომის პროპორციულად გავუნაწილე.
როგორც იქნა წმინდა სოფიას მუზეუმსაც მივაღწიეთ. ეზოში, ჩაღრმავებულ ადგილას ნაგლეჯებთან, რომელიც, ძველი, თითქმის ათასშვიდასწლიანი ნანგრევების ნარჩენებია, იდგა თეოდიუს მეორის მიერ შეკვეთილი ღვთის ცხვრის გამოსახულებიანი ბაზილიკის ქვა, მეორე ტაძრის მარმარილოს ბლოკის ნარჩენები და სხვა. იქ  მრავლად მოეყარა თავი სურათების გადაღების მსურველებს. რუსი გიდებიც მრავლად იყო და ყველა თავის, არც თუ ისე იაფ მომსახურებას გვაჩრიდა.
ყველგან ბადეები ეკიდა და ხარაჩოებიც საკმაოდ იდგა. მუზეუმის, რომლის უზარმაზარი გუმბათი მთელი კონსპექტია ბიზანტიის იმპერიის არქიტექტურის და რომელმაც შეცვალა არქიტექტურის ისტორია, უზარმაზარი კარი, კიდევ უფრო გვაპატარავებდა ჩვენ, მოკვდავთ.
დიდი დარბაზი ადრე მუსლიმანური კულტურის მუზეუმით იყო სავსე_ამ მუზეუმის თეთრი კედლები თითქმის მთელ დარბაზში იყო გადაჭიმული. ამ დღეს კი მთელი სიცხადით შეიგრძნობდი ამ შენობის  სიდიადეს. მთავარი დარბაზი, ხალხის თავებამდე ჩამოკიდული ლამაზი, ძველებური ჭაღებით ნათდებოდა, ზოგი უფრო დაბლა იყო , ზოგი უფრო მაღლა, ზოგი უფრო დიდი და მასიური, ზოგი შედარებით მცირე ზომის. თითქოს ოქროსფერი ვარსკვლავების გუნდები სინათლით უმღეროდნენ დარბაზში შემსვლელებს. ძალიან ლამაზი იყო იქავრობა. ვუმადლოდეთ ათა თურქს რომ მეჩეთი ისევ მუზეუმად აქცია, ძველი მუსლიმანური მინახატ-მინაწერები ჩამოაფხეკინა და პატივი სცა მართლმადიდებლურ ფრესკებს. ღვთისმშობლის გამოსახულება გუმფათიდან კვლავაც გადმოგვყურებს....
ეს ტაძარი, რომელიც ღვთის სამბუნევნობას ეძღვნება და მისი სახელიც ასე იშიფრება: ღვთის წმინდა სიბრძნის ტაძარი, 3 ტაძრისგან შედგება. სამივეში გვინდოდა მოხვედრა, თუმც ერთერთი ეხლა ჯერ კიდევ რესტრავრაციის პროცესში იყო. გულში ვბრაზდებოდი, რამხელა რამე მიისაკუთრეს თურქებმა თქო, მაგრამ უვლიან და უფრთხილდებიან, კარგი ბიზნესიც კი არის_20 ლირა კაცი(ისიც ქართველებისთვის, უცხოელ ტურისტებს დავინახე უფრო მეტს ახდევინებდნენ).
დიდი კარის მოზაიკის მუზეუმი ხალხს ვერ იტევდა. ადრე, მეორე სართულზე ნამდვილი ფრესკები ეკიდა. ეხლა კი მხოლოდ მუზეუმის აღდგენილი ხედების მაღალგარჩევადობის მქონე სურათები იყო გამოფენილი. მამა ძალიან დაიღალა, მაგრამ აღფრთოვანებული შეჰყურებდა უზარმაზარ სვეტებს, ფრესკების სურათებს, იმ სიმაღლეს, რომელზეც მიხვეულ-მოხვეული ვიწრო მოპირქეთებული-მოსრიალე გვირაბით ავედით. ამ გვირაბს შუქი ძლივს ანათებდა და არ თავდებაო, მამა გვსაყვედურობდა.
ქვევით, დარბაზის გასასვლელთან, ხალხი სურვილების ასრულების ხვრელში ხელს ყოფდა და ატრიალებდა, თუ კარგად დაატრიალებ სურვილი აგისრულდებაო_რა სულელია ეს ხალხი, მართლმადიდებლური ტაძრის კედლებში, თურქული წარმართული სისულეების სწამთო ერთმხმად აგვმოხდა სამივეს.
ხალხი მხოლოდ აია სოფიასთან ირეოდა, მეჩეთში მგონი არც არავინ შედის თავად თურქების გარდა. მეც გამახსენდა რომ მხოლოდ გარედან შევიხედე, ჭიშკარში შევედი და მეტი არც მქონდა სურვილი მაშინ, პირველად რომ ვიყავი სტამბოლში. აია სოფიასთან მდებარე უზარმაზარი პარკის დათვალიერების სურვილი აღარ გვქონდა, დრო აღარ ითმენდა, უკან უნდა დავბრუნებულიყავუთ. ყოველ ფეხის ნაბიჯზე შემწვარი წაბლის და სიმინდის სურნელი ტრიალებდა, ბარებიდან ხალხი ღიმილით გვეპატიჟებოდა. ბოლოს, ლამის თავბრუ დაგვეხვა ამ მიკლაკნილ-მოკლაკნილი, აღმართ-დაღმართზე „განფენილ“ ვიწრო ქუჩებზე ხეტიალით. ძმას ტაქსებში მაღაზიებში უნდოდა გასეირნება. დავინახეთ ქალაქის უზარმაზარი რუქა, ვერაფრით შეედავებით ჩემს ძმას, ვერაფრით დავარწმუნე რუქაზე სადაც ვიყავით, მანამ სანამ ისევ აიასოფიამ არ გადამარჩინა. მაინც ვერაფერმა გვიშველა, ჩემი ძმა თავის გზას უბერავდა. დაიჭირა ტაქსი და თვალები გადმომივარდა უბეებიდან ფასი რომ გავიგე: 200 ლირა თქვენს ჰოსპიტალამდეო. ძლივს გამოვაძვრინე ტაქსიდან ნახევრად ტაქსში ჩამხტარი ჩემი ძმა.
იმედგაცრუებული წავიდა და რუქა იყიდა ვიღაც თურქისგან, რომელიც პატარა დუქნის პატრონი იყო. კარებში პატარა ფინია ება. ვეკითხები მედუქნეს: ხომ არ იცით აქედან ანადოლუმდე რა ღირს ტაქსითქო, ამ მომენტში ჩემმა ძმამ ისე შემომღრინა, თავიდან ის ფინია მეგონა. გაეცინა მედუქნეს, ჩემი მეუღლე ეგონა და მითხრა, ნუ გაუვბრაზდები, საშიში კაცი ჩანს, სულ გაგყიდის თუ ცოტა ეკონომიურად არ წარმართე ოჯახიო. შევიდა და ფურცელზე დამიწერა მარშრუტი, რომლითაც უფრო იაფად გამოვიდოდით, ხელი ჩამომართვა და ბედნიერება მისურვა. მერე მთელი გზა, ჩემი ძმა ამტკიცებდა, საშიში იმ ფინიაზე თქვაო, ყეფის მაგივრად წკმუტუნი რომ ამოსდიოდა პაწაწუნა პირიდან და გამვლელების ყურადღების მისაქცევად რომ ება დუქანთან.
რკინიგზის ლიანდაგს ჩაყევით, სანაპიროზე გახვალთ, მერე გემით ჰარემზე გადადით და იქიდან ბევრი ტრანსპორტი მიდისო_ასე დაგვმოძღვრა მედუქნემ, თუმცა, ჩვენ რის ქართველები ვართ, თავას სტამბულის მცხოვრებზე უკეთესად რომ არ ვიცოდეთ სტამბოლის გზები?!
მივუყვებით ამ ოხერ ლიანდაგებს და მიიკლაკნება ზევით. მამას გენიალურმა აზრმა გაუელვა: ნებისმიერი სანაპირო დაღმართით უნდა მოვძებნოთო, ხოდა ჩვენც დავყევით უფროსის ნებას და გავუყევით დაღმართს, რომელმაც ჩიხში გაგვიყვანა, მერე ისევ აღმართს ამოვუყევუით, ისევ დაღმართს, ისევ აღმართს და რომ მივედით სანაპირომდე, მამამ სიამაყით გადმოგვხედა: ხომ ადვილად გაგიყვანეთო. ძმამ დააპირა პირის გაღება და თვალით ვანიშნე დადუმებულიყო, ანდა რა აზრი ქონდა შედავებას? გაგვეღიმა და დაველოდეთ გემს.
ეს გემი კი არა უზარმაზარი ბორანი აღმოჩნდა. ავიღეთ ჟეტონები და ჰოი იმედგაცრუებავ, როცა წამებში გაგვასწრო ბორანმა. კინაღამ მოლარეს შევუვარდი, სადაა აბა ბორანი თქო, როცა მითხრეს დაბრძანდით, დაისვენეთ და მოვაო. ჩემი გაოცება კიდე უფრო გაიზარდა და თვალების გუგები უფრო გამიფართოვდა, როცა 5 წუთში ახალი ბორანი მოადგა სანაპიროს. ასე სწრაფად ჩვენთან სამარშრუტო ტაქსებიც არ გადის გაჩერებიდან.
ბორანზე მგზავრობამ ამერიკულ-ბრიტანული ფილმი „მოჩვენება „ გამახსენა. მწერალი, რომელსაც დიდი პოლიტიკოსის ბიოგრაფიის აღწერას ავალებენ, ასეთი ბორანით გადაადგილდებოდა, ხოდა მეც, ცოტა შიში ვიგრძენი. საკუთარ ტავს გამოვუტყდი, ამ ბოლო დროს რაღაც მშიშარა გავხდითქო. ადრე, ბავშვობაში, ჩემზე ამბობდნენ , მას მამალი მგლისაც არ ეშინიაო.
ერთხელ მამას ვკითხე, ბავშვი როცა ვიყავი, მამაცი ისაა, ვისაც არაფრის ეშინიათქო. მან კი მომიგო: სულელებს  უგუნურებს და მამაცებს ნუ აურევ ერთმანეთშიო. მამაცმა იცის ვისი და რისი ეშინოდესო, სულელმა_არ იცისო, უგუნურისთვის კი სულერთიაო. ხოდა, გავიფიქრე, იქნებ მეც დავჭკვიანდი და ამიტომაც მეშინიათქო, მაგრამ მიზეზი ვერ აღმოვაჩინე შიშის და რაც მთავარია აზრს მოკლებული იყო თუნდაც თვითმფრინავის და გინდაც ბორანის შიშით შეპყრობა. რასაც არ ეშველება და რასაც ეშველება_განა მათზე შეიძლება ნერვიულობა ? ხოდა, მეც შევეცადე ამ საზღვაო გასეირნებიდან სიამოვნება მიმეღო, მოვიკრიბე ძალღონე და შევეცადე ჩემი იუმორის გრძნობა გამომეღვვიძებინა.
ლამაზად ჩაიარა ყველაფერმა, ჩვენც მივადექით მეორე ნაპირს, ჰარემად წოდებულს, სადაც ვაგზალი იყო გადაშლილი . ჩემი ძმა ისევ ტაქსის მძღოლებს ეტაკა. მე კი, ავტობუსებბისკენ წავედი და მთელი ხელფეხ-ენით ვუხსნიდი სად მინდოდა წასვლა. აღმოვაჩინე შესაფერი ავტობუსი, ჩავსკუპდით ყველანი, იმედგაცრუებულ ტაქსის მძღოლებს, რომლებსაც ჩემი ძმის სახით მსუყე ნაჭერი გამოვტაცე პირ-ნისკარტიდან, ხელი დავუქნიე და 3-4 სიზმარი ვნახე დანიშნულების ადგილამდე.
ჩვენი ჰოსპიტალის შენობას რომ მოვკარით თვალი, ისე გაგვიხარდა ლამის გადავფრინდით ჯერ კიდევ მოძრავი ავტობუსიდან. კიდევ ბევრი იყო ჩვენს სასტუმრობდე ფეხით სავალი, მხიარულად მივუყვებოდით გზას და ვისმენდით აღიარებით ჩვენებებს ერთმანეთისგამ ჩვენი დაღლის თაობაზე. მე არ ვიყავი დაღლილი, მაგრამ ასეთ რამეს აბა როგრო ვიკადრებდი და როგორ ვიტყოდი?!
შაბათ საღამოს ჩემი ძმა გავაცილეთ და ორშაბათამდე კიდევ რჩებოდა კვირა, რომელიც როგორღაც უნდა გაგვეტარებინა. ისევ ქალაქში წავედით, ოღონდ ამჟამად მხოლოდ მდიდრების უბანს დავადექით და დავიწყეთ მისი შესწავლა. ფასების შესწავლას პირველრიგში მოვრჩით_იქ რაიიმეს ყიდვას და თბილისში თრევას აზრი არ ქონდა არანაირი.
სისუფტავის, ფისოებისა და ყოველი მაღაზიის წინ ავტონომიური პანდუსებისა და ფეხის მოსრიალებისაგან დამცავი ხელოვნური მინდვრების გარდა, ერთმა უჩვეულო ამბავმა მიიქცია ჩემი ყურადღება: მსობლებს საკმაოდ მოზრდილი ბავშვებიც კი, საბავშვო ეტლებით დაჰყავდათ. ქანცგაცლილი და სეწუხებული ბავშვები, დაჯღანული სახეებით იყურებოდნენ თავისი სამყოფელებიდან. არ სემხვედრია არც ერთი ბავშვი, თავისი ფეხით მოსიარულე. საკმაოდ დიდი ხანი , 4 საათი ვიარეთ იმ ქუცებზე და ბავსვი ვერ დავინახე, რომელიც თავისი ფეხით რომ ევლოს. დავასკვენი რომ ეს უსაფრტხოების გამო იყო ასე.
გამაოგნა იმანაც, რომ მდიდრების უბანშიც კი, ვერც ერთ მაღაზიაში ვერც ინგლისურად და ვერც რუსულად მოსაუბრეს ვერ წავაწყდი. თურქული და მისი ჯანი, არადა როგორ მქონდა ჩემი უნარების იმედი?!
მამა აღფრთოვანებული შეჰყურებდა სანაპიროს, ლამაზ გამწვანებას და ცდილობდა რუქაზე მოეზებნა თვითოეული ადგილი, რომელსაც გავდიოდით. ჩემი თბილისის მაშტაბებიდან, სტამბოლის მაშტაბებზე გადასვლა ცოტა გამიჭირდა, მაგრამ მოვახერხე და მშვიდობიანად დავბრუნდით დათქმჯლ ადგილას, საიდანაც ჩვენი სამარშრუტო ტაქსის უფასოდ უნდა დავებრუნებიმეთ სასტუმროში. მამა რომ ამოდიოდა ტაქსიში, კარებს დაუწყო დახურვა. მძღოლმა გასძახა:თამამ, თამამო. მამამაც ტამამად, უფრო ძლიერად გამოსწია კარები, კიდე დაუყვირა მძღოლმა, მამამაც კიდე თამამად იმოქმედა და.... რომ მიხვდა, კარები თავისით იკეტებოდა, ავტომატურად, სიცილი აუტყდა . მე ვურჩიე თურქული შეგვესწავლა, თუმც მამას მაინც იმედი ჰქონდა, დიდი ხანი არ მომიწევს აქ დარჩენაო და ეხლა მაგაზე მაწვალეო მპასუხობდა.
საღამოს ისევ რუქას ჩავუჯექით, ტრამვაის ხაზებს ვათვალიერებდით, გემების სადგურებს და მარშრუტს ვიხაზავდით.
დადგა ორშაბათიც. მივედით ჰოსპიტალში, რომელიც 4 უზარმაზარი შენობისგან შედგება. ერთს „ტექნიკ ბინა“ აწერია, ყველაზე პატარას, რაც ტექნიკურ შენობას ნიშნავს. დანაჩენი 3 კი, ერთმანეთთან შეერთებული უზარმაზარი შენობებისგან შედგება. გარშემო ამ ჰოსპიტალს ულამაზესი, წიწვოვანი ტყე არტყია, მაგრამ ამ ტყეს თავად იმხელა წვეტებიანი ღობე აქვს შემოვლებული, ჩიტიც ვერ გადაფრინდებაო, ზღაპრებში იტყოდნენ. ულამაზეს ტყეში ბევრჯერ ვცადე შემდეგაც შეპარვა, მაგრამ ვერ მოვუნახე ღობეებს სუსტი ადგილი ვერსად.
მეორე მხრიდან ზღვა არტყია, ოღონდ ზღვის სანაპირო 200 მეტრის მოშორებითაა, იქამდე ეკლიანი ბუჩქებია და სანაპიროზე კი, სამხედრო ნაწილებია განლაგებული. ასე რომ , მხოლოდ ხედებით დატკბობაღა დამრცენოდა.
კაი ხანი ველოდეთ ჩვენს აგენტს, რომელიც საქართველოში დაბადებულ-გაზრდილი იეზიდი გოგონა სანტიტა წარმოადგენდა. უცებ ახალგაზრდა გოგონა მომიახლოვდა
-ბონჟურ!
- ბონჟურ, ბონჟურ_მეც ვუპასუხე, ვიფიქრე რა, რომ ფრანგია თქო და მივესალმე. ხოდა, მერე აღმოჩნდა რომ ფრანგი კი არა და ბურჯუ ყოფილა სახელად და გავწითლდი ისე შემრცხვა.
უკანა გზაზე, სასტუმროსკენ, მე და მამა ვიცინოდით ამ ამბავზე და მეგრელი კვარაცხელიას ამბავს ვიხსენებდით:
უცხოეთში, ერთერთ სასტუმროში დაბინავებული კვარაცხელია, ყოველ დილით, სასტუმროს სასადილოში იმდენ საჭმელს იღებდა და მიირთმევდა, ერთი გერმანელი ჩაუვლიდა და „ბონ აპეტიტ“_ეუბნებოდა. ესეც ფეხზე წამოხტებოდა და ხელს ჩამოართმევდა: კვარაცხელიაო+პასუხობდა. ერთხელაც ამ ამბავს ახალმისული ქართველები სესწრებიან და აუხსნიათ მისთვის სიტუაციის არსი. მეორე დღეს, საჭმელი ცოტა აუღია, დაუსწვრია გერმანელისთვის დასრულება ჭამის, მისულა მის მაგიდასთან და უსურვებია“ბონ აპეტიტ“. ამ დროს გერმანელი წამომხტარა და კვარაცხელიაო, სასწრაფოდ ხელი ჩამოურთმევია.
აი ასე იყო ჩემი პირველი დღე ჰოსპიტალში.
მერე დავუმეგობრდი ბურჯუს და უკვე ბონჟურს არ ვუმეორებდი სულელივით.

(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები