ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მე-კალ-მე
ჟანრი: პროზა
9 მარტი, 2012


შავი ჩაი ბერგამოტით (ლაშა აკოფაშვილს)

  უცნაურად შედგა ჩვენი შეხვედრა, სუპერმარკეტში. ჩაის ვარჩევდი. დაგეხმარებიო. არაფერი მითქვამს, მან კი თანხმობად აღიქვა ეგ "არაფერი" (მეც სწორედ თანხმობა ჩავდე, ალბათ, უთქმელობაში).
  შლიაპა ეხურა. შავი, ნაცრისფერი ლენტით. ჭაობისფერი თვალები შლიაპის კიდეებიდან სანახევროდ უჩანდა.  პირველი ფიქრი, რომელმაც მის სახეზე თვალის შევლებისას გამიელვა, სიტყვებად ასე ჩამოვაყალიბე გონებაში: "ეს არის, ალბათ, ერთადერთი მამაკაცი პლანეტაზე, რომლის სახეზეც წვერი არ გამაღიზიანებდა"... და პირველი შეკითხვაც გაჩნდა:
  -წვერს რატომ არ ატარებთ?
  -აღარ ვატარებ... სამსახურში იკრძალება შინაგანაწესით.
  -სიამოვნებით გავაუქმებდი ასეთი შინაგანაწესის მქონე ყველა დაწესებულებას.

  ავარჩიეთ - შავი ჩაი ბერგამოტის არომატით. ის მხოლოდ მიყურებდა და ჩემს ჩაისთან დაკავშირებულ ყველა მოსაზრებას თავის ქნევით ეთანხმებოდა. მივხვდი, რომ მისთვის ჩაის სმა არ იყო ისეთივე რიტუალი, როგორიც ჩემთვის.
  -არ გიყვართ ჩაი?
  -ყავა მიყვარს.
  -მაშინ თქვენ ყავას დალევთ, მე კი - ჩაის.
  შეხვედრაც დავთქვით: პარასკევი,  საღამოს 9 საათი. პარიზი. ბუტებრის ქუჩა № 6, 75 005. რესტორანი "ფიროსმანი" (პარიზში არსებული ორი ქართული რესტორნიდან ერთ-ერთი).
    წვიმიანი საღამო იყო.  მანქანიდანვე დავინახე - ნაცრისფერი ლაბადა ეცვა, შავი შარვალი, კლასიკური ფეხსაცმელი, ოდნავ წაწვეტებული ცხვირით,ლაბადაზე ორიოდ ტონით მუქი ფერის შარფი, იგივე შლიაპა, რაც მარკეტში შეხვედრისას და უზარმაზარი, შავი ქოლგა.
  მანქანის კარი გამიღო, ხელი გამომიწოდა და ქოლგა გადამაფარა. ხელკავი გავუყარე და რესტორნის შესასვლელისკენ წავედით.
  რესტორნის დარბაზში კედელზე ჩამოკიდებულმა ძველებურმა საათმა ზუსტად ცხრაჯერ ჩამოჰკრა.
  -აი, მესმის პუნქტუალობა!
  გავუღიმე და ხელთათმანი გავიძრე.
  -ეს ქართული იებია - ხელში პატარა იების კონა ეჭირა, რომელიც ვერც შევნიშნე, საიდან მოიტანა - მართლა ქართულია, ნუ გეღიმებათ. ჩემმა დამ ჩამოიტანა საქართველოდან ნერგები და მესამე წელია შვილივით ვუვლი.
  -ძალიან ლამაზია და საქართველოს სუნი აქვს...  - ხარბად დავყნოსე პატარა კონა.
  -ვერ ეგუებოდა ემიგრაციას და წელს პირველად იყვავილა სამი წლის მანძილზე...
  -უკვე დახურეს ის დაწესებულება, რომლის შინაგანაწესიც წვერის ტარებას კრძალავდა? - ვკითხე და ცხვირი სასაცილოდ მომეჭმუხნა (ყოველთვის ასე მემართება, როცა კეკლუცობას ვიწყებ).
  -არა, უბრალოდ ორი დღე უფროსის თვალს ვერიდებოდი, რომ ერთი ჩაისმოყვარული ქალბატონისთვის  დამეკმაყოფილებინა ჩემი წვერებში ნახვის სურვილი...
  დარბაზში დაბალ ხმაზე ისმოდა "ქართული ხმები"-ს მიერ შესრულებული "გაზაფხული შემოსულა, ლენ..."
  -იცით? ის ჩაი, მგონი, სუპერმარკეტში დამრჩა.
  -აკი, ყოველი საღამო დაკარგულია, რომელიც ჭიქა ჩაით არ ბოლოვდებაო?
  -საღამო არ დამიკარგავს... მქონდა სახლში სხვა ჩაიც.

  სახლამდე მომაცილა და წავიდა. დამშვიდობებისას ხელზე მაკოცა, თან ოცდამეერთე საუკუნისთვის ერთგვარი უცნაური მოწიწებით შემავლო  შლიაპის კიდეებით სანახევროდ დაფარული ჭაობისფერი თვალები. სწორედ ამ ამოხედვისას შევარქვი მას გონებაში "რეტრო-უფლისწული".

  ორი დღე გავიდა. ჩემი "რეტრო-უფლისწული" არ შემხმიანებია. ალბათ იმიტომ, რომ ტელეფონის ნომერი არ გამოურთმევია ჩემთვის (ეს მამაკაცი, მგონი, იმ ეპოქის რეტროა, მობილური ტელეფონები რომ არ არსებობდა).
  კვირა საღამოს უკვე აკვიატებად ქცეული "ქართული ხმები"-ს "გაზაფხული შემოსულა, ლენ" ჩავრთე ძალიან დაბალ ხმაზე, ჭიქა ჩაი გავიმზადე, ფანჯარასთან დავჯექი და პატარა ლარნაკში ჩადებული იების კონის მიღმა, პარიზის წვიმიან ქუჩებს დავუწყე თვალიერება...
  კარებზე ზარმა დარეკა.
  ის იყო...
  -იცით? თურმე, იმ დღეს ჩაი შემთხვევით ჩემს პარკში ჩაუდია გამყიდველს, ახლაღა აღმოვაჩინე და მოგიტანეთ...
  გამეღიმა.
  -შემოდით, სულ სველი ხართ.
  -არა... სხვა დროს იყოს. დილით ადრე ვარ სამსახურში წასასვლელი და... წავალ მე...
  მხრები ავიჩეჩე.
  -მშვიდი ღამე! - ამ სიტყვებით ისევ ისე მაკოცა ხელზე,როგორც ბოლო შეხვედრისას,  ისევ ისე ამომხედა შლიაპის კიდეებით ნახევრადდაფარული ჭაობისფერი თვალებით და მეც ისევ გავიფიქრე, რომ ეს იყო "რეტრო-უფლისწული"...
  ოთახში შევედი, თან ინსტიქტურად ჩაის დავუწყე ყნოსვა - ჩვეულებრივი შავი ჩაის სურნელი ჰქონდა, დავხედე შეფუთვას და... ეს იყო ზუსტად იმავე მარკის შავი ჩაი, რომელიც სუპერმარკეტში ავირჩიე, ზუსტად იგივენაირი შეფუთვით, ოღონდ არა ბერგამოტის არომატით...
  ცხოვრებაში პირველად მესიამოვნა მამაკაცისგან ტყუილი.
 
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები