ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არმენ არუთინოვი
ჟანრი: პროზა
22 მარტი, 2012


მ ა რ ი შ ა

                                           
                    ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო. ჩაჯდა თვითმფრინავში და მოსკოვში გაფრინდა. ადრე ყოველთვის პეტერბურგზე ოცნებობდა. იქიდან იწყებოდა მისთვის რუსეთი - ესენინის, ცვეტაევას და დოსტოევსკის სამშობლო, სხვა რუსეთი. ყოვეთვის ოცნებობდა ენახა პეტერბურგი თავისი ულამაზესი ქუჩებით, პოლარული ღამეებითა და ერმიტაჟით, ესეირნა ნევის სანაპიროზე და ლომებთან გადაეღო სურათები; ენახა ქალაქი, სადაც მისი ევგენია ცხოვრობდა, ევგენია, რომელიც არასოდეს ყოფილა მისი.  მაგრამ ახლა თბილისი-პეტერბურგის ნაცვლად თბილისი-მოსკოვის ბილეთი ეკავა ხელში, იჯდა ილუმინატორთან და კავკასიონს ზევიდან დაჰყურებდა. თავს მშვენივრად გრძნობდა. არაფერზე ფიქრობდა, რაზეც უნდა ეფიქრა, ყველაფერი მილიონჯერ ნაფიქრი ჰქონდა. მხოლოდ მარიშასთან შეხვედრას ელოდა მოუთმენლად.
დომოდედოვოს აეროპორტში ძმა დახვდა ცოლ-შვილით. ამჯერად ისეთი მძაფრი რეაქცია არ ჰქონია მისი დანახვისას. გულამოსკვნილს აღარ უტირია, როგორც ოდესღაც შვიდი წლის უნახავი უფროსი ძმის მოულოდნელად დანახვაზე. უბრალოდ მაგრად ჩაეხუტა და ორი-სამი წუთი ყავდა გულში ჩაკრული. მერე რძალსა და პატარა ძმისშვილსაც მიუბრუნდა. პატარა სერგი მყარად იდგა ფეხზე და წონასწორობის შესანარჩუნებლად უფროსების საჩვენებელ თითზე მაგრად მოჭიდება აღარ ჭირდებოდა. დიდი ბიჭი იყო უკვე. 
მანქანაში ყველასა და ყველაფერზე ილაპარაკეს. ძმის ოჯახი დაუსრულებლად აყრიდა კითხვებს, ის კი მოთმინებით პასუხობდა მათ და საქართველოში დარჩენილი ოჯახის მონატრებას უქარვებდა, თან  მის გვერდით სავარძელზე მოკალათებულ პატარა სერგის ეთამაშებოდა.  ქართული უნდა ვასწავლოო, - გაიფიქრა.
დღითი-დღე  მამას ემსგავსება სერიოჟა, სულ თქვენ მხარესაა, მე საერთოდ არ მგავს. შენი და შენი ძმის ბავშვობის სურათები რომ ვნახე საქართველოში, ზუსტად ისეთია. ამასწინათ მე, ბავშვი და ჩემი დაქალი ავტობუსით ვმგზავრობდით. ჩვენ წინ მჯდომმა ქალმა ,,უი, დედიკოს როგორ გავსო“ და ლენას კალთაში მჯდარ სერიოჟას მოეფერა. რაკი ლენა შავგვრემანია, მისი შვილი ეგონა.- ღიმილით შესჩივლა რძალმა.
თითქმის ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ საცხოვრებელი კორპუსის ეზოში შევიდნენ. ძმამ მანქანა პირდაპირ სადარბაზოსთან გააჩერა და საბარგულიდან მძიმე ჩანთების ამოლაგება დაიწყო, დედამისს ასეთი რუდუნებით რომ გამოეტენა სხვადასხვანაირი სურსათ-სანოვაგით და ახლა ერთი სული რომ ჰქონდა, როდის ამოალაგებდა. მერე ხელი დაავლო ჩანთებს, წელში გაიმართა, საქართველოს და დედას სუნი მცემს ამ ჩანთებიდან ერთდროულადო, - სიხარულით თქვა და აცეტებული აუყვა სადარბაზოს კიბეებს.
ბიჭი ხელში აყვანილ სერგისა და გვერდით მომავალ ლიუბაშასთან ერთად მიყვა ძმის კვალს. სახლში რომ შევიდნენ, ქურთუკების გახდისთანავე ძმამ და რძალმა სამზარეულოში ჩანთების ამოლაგება დაიწყეს. Превосходно! - დაიძახა ლიუბაშამ ,,ხვანჭკარას“ ბოთლების დანახვისას  და  მაცივრის თავზე შემოალაგა ისინი. დიდი შეკვრა ჩურჩხელების დანახვაზეც თვალები გაუნათდათ. ერთი განსაკუთრებით მადისაღმძვრელი ჩურჩხელა ბავშვს მისცეს და თვითონაც გულიანად დაიწყეს ჭამა.
ღიმილს გვრიდა მათი ასეთი რეაქცია. ყველას  და ყველაფერს საზეიმო იერი დაკრავდა. სამზარეულოში  სუფრა წინასწარ იყო გაშლილი. ძმამ თავის ბავშვობის ძმაკაც გოგიტას დაურეკა, რომელიც გვერდით კორპუსში ცხოვრობდა, გადმოდით ჩვენთან, უკვე ჩამოვიდაო. მათ მოლოდინში სასტუმრო ოთახში გადაინაცვლეს. 
- აბა, როგორ მოგეწონა მოსკოვი, პირველი შთაბეჭდილება როგორია? - ჰკითხა ლიუბაშამ.
- ძალიან კარგი! - მექანიკურად უპასუხა. მხოლოდ ახლა შეამჩნია, რომ სახლისკენ მიმავალ გზაზე, საცობებშიც კი, მანქანის ფანჯრიდან თითქმის არ გაუხედავს, რომელ მოსკოვზე იყო ლაპარაკი.   
მალე სტუმრებიც მოვიდნენ. მოეფერნენ, საქართველოს სურნელი დაატრიალეო, ბევრი ალაპარაკეს, ბევრი ილაპარაკეს,  ქართული ღვინით საქართველოს სადღეგრძელოს შესმისას წაუტირეს.
-არასოდეს დამავიწყდება ის ადგილი, მაღალ მთაზე მდგარი მონასტრის ეზოდან რომ ვხედავდით, ორი მდინარის შესართავს, ერთი სუფთა რომ იყო, მეორე ამღვრეული და იქვე დიდი ეკლესია რომ იდგა, რა ერქვა იმ ადგილს? -საქართველოს სადღეგრძელოზე გაახსენდა ლიუბაშას და ჰკითხა.
- ჯვარი, მცხეთის ჯვარი, - დაბნეულად უპასუხა და მოგონებებში ჩაიძირა: მარიშა გაახსენდა. ,,დავით გარეჯში ვიყავით, ნარიყალაზეც ვიყავით, ბოტანიკურში - ბევრჯერ, მცხეთაშიც არაერთხელ ვყოფილვართ, მაგრამ რატომღაც იქ არასოდეს ამიყვანია.“ - გაიფიქრა და ინანა.
სტუმრები გვიან ღამით წავიდნენ. სერგისაც რა ხანია ეძინა უკვე. ბიჭები ლიუბაშას მაგიდის ალაგებაში მიეხმარნენ, მერე ცოტა კიდევ ილაპარაკეს სამივემ და საძინებელ ოთახებს მიაშურეს. 
ვერა და ვერ მოისვენა საწოლში, გამუდმებით ტრიალებდა. გონებაში კადრები სწრაფად ცვლიდნენ ერთმანეთს, ლამის სინათლის სიჩქარით ჩნდებოდნენ და ქრებოდნენ მოგონებები. ყველაფერი ერთად უტივტივდებოდა გონებაში. 
ალბათ ნახევარი საათი ან ორმოცი წუთი იქნებოდა გასული, ძმა რომ შემოვიდა მის ოთახში. თავი მოიმძინარა. არ უნდოდა მასთან პირისპირ დარჩენა და თვალებში ჩახედვა, - გულახდილად დალაპარაკება ემძიმებოდა. მისი ძმა ყოველთვის ხვდებოდა, მის გულში რა ხდებოდა,  მის თვალებსა და მის სუნთქვაშიც კი  შეეძლო ყველაფრის ამოკითხვა.
იქვე სკამზე ჩამოუჯდა და სახეში ჩააცქერდა. თვალდახუჭული ხედავდა და გრძნობდა ბიჭი, როგორი სიყვარულით უყურებდნენ და ეფერებოდნენ.  ძმას პირზე ხან ღიმილი მოეფინებოდა, ხან კი სევდა. მოგონებებში იყო ჩაძირული. ალბათ იხსენებდა, როგორი იყო მის წინ მწოლიარე უკვე ამხელა კაცი ბავშვობაში, როგორ თამაშობდა ან ტიროდა. მერე წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა, სულ ცოტათი გამოაღო და სიგარეტს მოუკიდა. რაფაზე მარცხენა ხელით დაყრდნობილი და ოდნავ წინგადახრილი ღრმა ნაფაზებით ეწეოდა. ერთი-ორჯერ ამოიოხრა კიდეც. მწოლიარეს ხმის გაცემა უნდოდა, მაგრამ ძალა არ ეყო საამისოდ.
ძმამ სიგარეტი წკიპურტით გაისროლა ქუჩაში, ფანჯარა მიხურა და ისევ სკამზე ჩამოჯდა.  კიდევ რამდენიმე წუთს უყურა, სევდიანად გაიღიმა და თქვა:
- ბავშვობაშიც ასე იცოდი ხოლმე, როცა მებუტებოდი. - მერე პატარა პაუზა გააკეთა და დაამატა: ხვალ წავალთ მარიშასთან.
წამოდგა და ოთახიდან გავიდა. მწოლიარემ იცოდა, რომ ძმას არ წყენია მისი თავის მომძინარება, ისიც იცოდა, რომ თავიდანვე მიუხვდებოდა ეშმაკობას, მაგრამ უფროსი ძმის წინ ისევ პატარა ბიჭად იგრძნო თავი და ესიამოვნა. უფრო მეტად კი ის გაუხარდა, რომ მიუხვდნენ.
როგორც იქნა, ჩაეძინა. ხან აეროპორტი ესიზმრა, ხან მცხეთის ჯვარი, სადაც დედასა და თავისი ძმის ოჯახთან ერთად იყო ბოლოს, მისი რძალი პატარა ბავშვივით დარბოდა წინ და უკან და სურათებს იღებდა. ხან ელენე და ანანო დაესიზმრა, კუდრაჭა დისშვილები, ცელქობდნენ, ის კი ეჯუჯღუნებოდა, ჭკვიანად იყავითო. ერთ სიზმარში ისევ ჯარისკაცი იყო, ერგნეთის საგუშაგოზე იდგა და სიგარეტის კვამლით ცდილობდა გათბობას, ძალიან სციოდა. უცბად წლების წინ გარდაცვლილი ბებიამისი მიუახლოვდა და ცხელი ლავაში მიუტანა, ცოტაც მოითმინე და გათბებიო, - უთხრა და გაქრა. მერე სიზმრები ქაოსურად აირივნენ ერთმანეთში, ვეღარ არჩევდა სად იყო, რას აკეთებდა, რას ამბობდა. კადრები უფრო და უფრო ჩქარდებოდნენ, ერთი მოქმედების ადგილიდან მეორეში ხვდებოდა. მერე სადღაც სიბნელეში მიდიოდა ხელების ფათურით, განუწყვეტლივ ეჯახებოდა კედლებს, გასასვლელს ვერ პოულობდა. როგორც იქნა ჩამრთველს მიაგნო და მიაჭირა. წამში ირგვლივ ყველაფერი თვალისმომჭრელად განათდა, სახეზე მარჯვენა ხელი მიიფარა, მერე ნელ-ნელა ჩამოუშვა და თვალი სინათლეს შეაჩვია. თანდათან ყველაფერი გაარჩია, -საავადმყოფოს დერეფანში იყო. ირგვლივ არავინ ჩანდა. ერთი-ორი ნაბიჯი გადადგა წინ. ყველა პალატის კარი დაკეტილი იყო. რამდენიმეს შეღებაც სცადა, მაგრამ არ იღებოდნენ. ბოლოს ცოტა მოშორებით ნახევრად ღია კარი დაინახა, გაუხარდა და იქით გაიქცა. სახელურს ხელი ჩაავლო და ერთ ადგილას გაიყინა - უზარმაზარ თეთრკედლებიან პალატაში ერთადერთი საწოლი იდგა, რომელზეც მარიშა იწვა. თავთან წვეთოვანი ედგა და მაჯა უღონოდ ჰქონდა საწოლის კიდეზე გადაკიდებული. წვეთოვანიდან თეთრი სითხე მიედინებოდა ვენაში. მარიშას ეძინა. უნდოდა ეყვირა, გაიტანეთ ეს წვეთოვანი, არ ჭირდება მარიშას, მარიშა ჯანმრთელია, მაგრამ პირს ვერ აღებდა რამის სათქმელად. უცბად მიხვდა, რომ ტუჩებს ვერ გრძნობდა, რომ პირი საერთოდ არ ჰქონდა. ადგილიდან დაძვრა კი არა, განძრევაც არ შეეძლო. ერთი ხელი ნახევრად შეღებული კარების სახელურზე ჰქონდა მიწებებული, მეორე - კარების ჩარჩოზე. მოულოდნელად მარიშას გაეღვიძა. თავი ცოტათი წამოწია ბალიშიდან და სულ ოდნავ გაიღიმა. ტუჩები უმწეოდ გაამოძრავა, რაღაცის თქმას ცდილობდა. ისეთი გამხდარი იყო, ისეთი ფერმკრთალი! მერე უღონობისგან თავი უკან გადაუვარდა და თვალები დახუჭა. თვალის უპეებიდან ცრემლები წამოუვიდა. ბიჭს სხეულში ყინვამ დაუარა, ერთიანად აკანკალდა, ძალიან ცდილობდა, რამე ეღონა, მიერბინა მარიშასთან და გულში ჩაეკრა, გაეთბო და გამთბარიყო, მაგრამ უძლური იყო, ერთ ადგილას იდგა ქანდაკებასავით. არ იცოდა რამდენ ხანს იყო ასე. მარიშამ ცრემლებით ავსებული თვალები ისევ გაახილა და სუსტი, უღონო, საყვედურნარევი, მაგრამ მადლიერი ხმით უთხრა: ,,მოხვედი? სად იყავი ამდენ ხანს, გელოდებოდი.“ მერე წამწამები ნელ-ნელა დაუმძიმდა და თვალები დახუჭა. ბიჭმა სახის კუნთები დაძაბა, მთელი დარჩენილი ძალა მოიკრიბა, რომ როგორმე ეყვირა, ეღრიალა, რამე ეთქვა, მაგრამ ვერაფერი მოახერხა იმაზე მეტი, რომ გაინძრა, ხელები გაითავისუფლა და კარებშივე ღონემიხდილი ჩაიკეცა.
გამოეღვიძა. ერთიანად ოფლში ცურავდა. ოთხი წლის განმავლობაში პირველად ესიზმრა მარიშა. თვალი ვეღარ მოხუჭა. დილით ლიუბაშამ სიგარეტის ნამწვავებით სავსე საფერფლე გაიტანა მისი ოთახიდან და თავი უკმაყოფილოდ გააქნია.


                                                  * * *

მოსკოვი-ჩეხოვის გზაზე მანქანაში სრული სიჩუმე სუფევდა. ხმას ვერ იღებდნენ. ვერაფრით ააწყეს საუბარი და დუმილი არჩიეს. სერგის საყვარლად ეძინა დედის კალთაში, ძმა კი მხოლოდ შიგადაშიგ რაღაცას უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკებდა  სხვა მძღოლების მისამართით, ეს იყო და ეს. ბიჭს თავი მინისთვის მიეყრდნო და უხალისოდ ათვალიერებდა გარემოს. მარიშა ედგა თვალწინ.
ყველაფერი როდის და როგორ დაიწყო, აღარც ახსოვდა. მაშინ ძალიან პატარა იყო. სამ-ოთხ წელიწადში ერთხელ ხედავდა  მარიშას. მთელი ოჯახი ერთი თვით საქართველოში ჩამოდიოდა და რამდენიმე დღით სოფელში მის ოჯახსაც ეწვეოდნენ ხოლმე. ორივე ერთმანეთს ,,პუშკინას“ ეძახდა, რადგან პუშკინივით ხუჭუჭა თმები ჰქონდათ. მათი მშობლები ბიძაშვილ-მამიდაშვილები იყვნენ, მარიშაც ბიჭზე თითქმის შვიდი წლით უფროსი იყო, მაგრამ ეს არ გამხდარა ბარიერი მათ შორის. მეგობრობა განსაკუთრებით მაშინ გამყარდა, როცა ბიჭმა უკვე მეორე კურსი დახურა უნივერსიტეტში და იმ ზაფხულს მარიშაც ჩამოვიდა მოსკოვიდან მთელი სამი თვით დედასა და პატარა დანიელთან ერთად.  სულ ერთად იყვნენ, საათობით ხეტიალობდნენ ქალაქის ქუჩებში, ექსკურსიებს აწყობდნენ თბილისსა და მის შემოგარენში, პატარა დანჩოც შეძლებისდაგვარად ყველგან დაყავდათ. მოილოცეს არაერთი ეკლესია-მონასტერი. მარიშა უზომოდ ბედნიერი იყო, მაგრამ შიგადაშიგ მოიწყენდა და ღრმად ჩაფიქრდებოდა ხოლმე. მხოლოდ მეორე ზაფხულს გაიგო ბიჭმა რაც ხდებოდა, რა იყო მისი ნაღვლიანობის მიზეზი - ის უკურნებელი დაავადებით იყო ავად. 
ავადმყოფობას არაფერი შეუცვლია. კიდევ ორი ზაფხული  გაატარეს ერთად, ისევ ბევრ დროს უთმობდნენ ქალაქში ხეტიალსა და ექსკურსიებს, ერთად დადიოდნენ კაფეებში და პარკებში სეირნობდნენ.
მარიშა მისი ლექსების პირველი მკითხველი გახდა, პირველი შემფასებელი. ბიჭი როცა ცუდ განწყობაზე დგებოდა, არშემდგარ სიყვარულსა თუ სხვა წვრილმანებზე როცა დაიჩივლებდა, გოგო არიგებდა, რომ ცხოვრებაში უნდა ებრძოლა თავისი ადგილის დასამკვიდრებლად, ამხნევებდა და ოპტიმიზმს უნერგავდა. ფიზიკურად ძალიან ნაზი და სათუთი ენერგიას და ცხოვრების ხალისს ასხივებდა.
ძალიან დიდ დროს უთმობდა ბავშვის აღზრდას. უკითხავდა უამრავ ზღაპარს და საბავშვო ლექსებს ასწავლიდა. ცდილობდა მაქსიმუმი მოესწრო. დაისვამდა და დიდი კაცივით ელაპარაკებოდა. ორი-სამი წლის ბავშვს არც სიტყვა-პასუხი ეშლებოდა უკვე და არც ის, სად როგორ უნდა მოქცეულიყო. ლოგიკური და დალაგებული ლაპარაკით ყველას აკვირვებდა.
ყველაფერი როდის და როგორ დამთავრდა, ეს კი ძალიან კარგად ახსოვდა. გაფითრებული ბიძაშვილი მოიჭრა ბიჭის ოჯახში და უსამართლო განაჩენი წაიკითხა - მარიშა აღარ იყო.
გართულებული პოლიტიკური ფონის გამო საქართველოდან ვერავინ შეძლო დაკრძალვაზე რუსეთში წასვლა - საელჩოში მოკლედ მოუჭრეს, რომ მხოლოდ ახლო ნათესავებს შეეძლოთ ვიზის მიღება, ახლო ნათესავებში კი ოჯახის წევრები მოიაზრებოდნენ.
მთელი მგზავრობის განმავლობაში ბიჭს ეს ყველაფერი ახსენდებოდა. კიდევ ბევრი ჰქონდა მოსაგონარი, მაგრამ საათნახევრიანი მგზავრობის შემდეგ ჩეხოვში ჩავიდნენ კიდეც. მარიშას ოჯახი ძალიან თბილად დაუხვდათ. იყო ბევრი კოცნა, ჩახუტება, მოკითხვა, გამოკითხვა, სიხარულის ცრემლი, ბავშვების ჟრიამული, მაგრად ჩახუტებული დანჩო, მარიშას სეხნია პატარა მარია-მისი ძმისშვილი. მარტო მარიშა აღარ იყო. 
დანიელს, იგივე დანჩოს ყოველ ზაფხულს ნახულობდა, ბებიას ჩამოყავდა ხოლმე, მაგრამ რამდენიმე თვის უნახავი ბავშვი ახლა საგრძნობლად გამაღლებულიყო. დედასავით ხუჭუჭა თმები ჰქონდა. ბიჭმა ეს უკვე მერამდენედ მოიზიდა თავისკენ და თავზე აკოცა. სკოლაში თურმე ხუთებზე სწავლობდა და აღფრთოვანებაში მოყავდა თავისი საზრიანობით მასწავლებლები და გარშემომყოფები.  დანიელი რამდენიმე მარტივ წინადადებასაც ამბობდა ქართულად, რაც განსაკუთრებით ახარებდა. ყოველ ზაფხულს, როცა მანანა ბებოს სამშობლოში ჩამოყავდა, ბიჭი სულ ცდილობდა, მშობლიურ ენაზე აელაპარაკებინა, რასაც ალბათ მალე მიაღწევდა კიდეც. ეგ კი არა, დანჩომ გასულ ზაფხულს დამოუკიდებლად იპოვა ინტერნეტში ქართული ანბანი და ორ დღეში მარცვალ-მარცვალ, მაგრამ მაინც კითხვა დაიწყო რვა წლის ბავშვმა.
ბიჭს მარიშასთან მიეჩქარებოდა. სუფრიდან წამოდგომის შემდეგ მორიდებით სთხოვა მამიდაშვილებს, სასაფლაოზე წაეყვანათ. მინდვრის ყვავილები იყიდა და გზა უხმოდ გააგრძელეს. ჩეხოვიდან თხუთმეტიოდე წუთის სავალზე ერთი პატარა სოფლის სასაფლაოზე იყო დაკრძალული მარიშა. ძმებს მისი პატარა ქანდაკებაც დაედგათ საფლავზე.
ბიჭი ჩუმად იდგა და საფლავს დაჰყურებდა. ბევრი სათქმელი დაუგროვდა ამ ოთხი წლის განმავლობაში, მაგრამ ხმას ვერ იღებდა. უბრალოდ გაშეშებული იდგა. მხარზე მამიდაშვილის ხელის შეხებამ გამოაფხიზლა და საფლავზე ყვავილები გაშალა. 
უკან მდუმარედ გაბრუნდნენ. ძალიან უჭირდათ სიჩუმის დარჩვევა.
მამიდამ ღამით ლოგინი დანჩოს გვერდით გაუშალა და დასაძინებლად წავიდა. ბავშვს უშფოთველად ეძინა და ალბათ ანგელოზები და ზღაპრის გმირები ესიზმრებოდა. სახეზე ღიმილი დასთამაშებდა. ბიჭი საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და ოთახი მოათვალიერა. ეტყობოდა, რომ ყველაფერი ოდესღაც მარიშას მზრუნველი ხელით იყო შერჩეული და მოწყობილი. ოთახის ერთ კედელთან ხატების კუთხეში მეგობრის სურათს მოკრა თვალი ღვთისმშობლის ხატთან ახლოს. იმ წამს სასწაულად მოენატრა და მისი გულში ჩახუტება მოუნდა. უხმაუროდ წამოდგა, დანჩოს ძალიან ფრთხილად აკოცა, ოთახში სინათლე გამორთო და ფეხაკრეფით გავიდა სახლიდან.


                                                                    * * *

ღამის გრილი ნიავი სასიამოვნოდ მოელამუნა სახეზე.  ორასიოდე ნაბიჯის გავლის შემდეგ ტაქსი წამოეწია. მძღოლს სასაფლაოს მისამართი უთხრა. ქერა, გამხდარმა კაცმა საეჭვოდ გადმოხედა, მაგრამ მაინც კლიენტის ნებას დაყვა და ხმისამოუღებლად დაძრა მანქანა.
სასაფლაოს მყუდროებას არაფერი არღვევდა. ირგვლივ სრული სიჩუმე გამეფებულიყო. ჭოტის კივილიც კი არ ისმოდა. სწრაფად გაიკვლია გზა ვიწრო გასასვლელებს შორის და ძვირფას საფლავს მიადგა. მარიშა ელოდებოდა.
ბიჭმა მეგობრის ქანდაკებასთან ჩაიმუხლა, ხელები მოხვია და უხმოდ ატირდა. ძალიან აკლდა და ენატრებოდა. მის ადგილს ვერავინ შეუვსებდა ცხოვრებაში. მხრები უცახცახებდა და სახიდან ღვარად ჩამოსდიოდა ცრემლები. ხმას ვერ იღებდა.
ცოტა დაწყნარდა. ძალა მოიკრიბა. სახიდან ცრემლები მოიწმინდა, ჩამოუჯდა და თავისი ამბების მოყოლა დაუწყო. უამბობდა თავის ყოველდღიურობას, ყველაფერს, რაც ოთხი წლის განმავლობაში გადახდა. მოსაყოლი დიდი არაფერი იყო და მერე იმ დღეების გახსენება დაიწყო, რომლებიც ერთად გაატარეს. როდესაც სასაცილო ეპიზოდებს იხსენებდა, გულიანად იცინოდა. გრძნობდა, რომ  მარიშა ყურადღებით უსმენდა და ბედნიერი იყო.
მერე, როგორც ადრე, როცა ბალახებში მჯდარ მეგობარს კალთაში თავს ჩაუდებდა და თავის ოცნებებს უყვებოდა ხოლმე, ზურგით მიეყრდნო საფლავის ბორცვს და...ლექსების კითხვა დაიწყო. გატაცებით კითხულობდა, მთელი გრძნობით, იცოდა რომ მარიშა ყურადღებით უსმენდა და უსიტყვოდ ესმოდა მისი.
  ალიონი ახლოვდებოდა. თავთით მეგობრის გულისცემას გრძნობდა. ჩათვლიმა.  ცოტა ხნის შემდეგ რაღაც ხმა შემოესმა. თვალები გაახილა და წამოჯდა. მისგან ხუთიოდე ნაბიჯში მამიდამისი და შუათანა მამიდაშვილი იდგნენ და შეშფოთებით აკვირდებოდნენ.
- ვიცოდი, რომ აქ გიპოვიდით. - უთხრა მამიდამ და თვალებიდან ცრემლები წამოსცვივდა.


                                                                    * * *

მერე ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო. ჩაჯდა თვითმფრინავში და მოსკოვიდან გამოფრინდა. ადრე ყოველთვის პეტერბურგზე ოცნებობდა. იქიდან იწყებოდა მისთვის რუსეთი - ესენინის, ცვეტაევას და დოსტოევსკის სამშობლო. ახლა აღარაფერზე ოცნებობდა. გული საოცარი სიმსუბუქით და კმაყოფილებით ჰქონდა სავსე. ბედნიერი იყო. ყველას ყველაფერი აპატია, ყველა და ყველაფერი უყვარდა და უხაროდა. ახლა მარიასგან, დანჩოსგან და სერგისგან იწყებოდა რუსეთი, სხვა რუსეთი. 
დაბლა უკვე კავკასიონის მთები მოჩანდა, როცა ჩაეძინა. მზის სხივებით განათებული მცხეთის ჯვარი დაესიზმრა. ტაძრის ეზოში, იქ საიდანაც დაუვიწყარი ხედი იშლება, გალავანის ნანგრევთან მარიშა იდგა და ულამაზესი პეიზაჟით ტკბებოდა. გრძელ თეთრ კაბასა და გაშლილ თმებს ქარი უფრიალებდა.
იდგა და თვალს ვერ წყვეტდა ამ სურათს. სავსე იყო საოცარი სიმსუბუქით და სიხარულით. მარიშამ მოიხედა და გაუღიმა. ბიჭი ბედნიერი იყო. 





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები