ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მექანიკური ფორთოხალი.
ჟანრი: პროზა
5 აპრილი, 2012


ყოფითი ამბავი სამი

(რაზეც არ უნდა ვწერდე)
მდე.
საერთოდ ფეხით სიარულმა მიჩვევა იცის. ათასი რამის მოფიქრება შეიძლება გზაში. Aაი, მაგალითად, შეიძლება, დააკვირდე წინ მიმავალის სიარულის მანერას. ერთხელ მითხრეს, ადამიანის სიარულის მანერით შეიძლება მიხვდე, იცის თუ არა მან ცურვაო. არ ვიცი, მე ვერ ვარკვევ, ალბათ, ჯერ საკმარისად ბევრი არ მივლია.
ტბის პირას რომ ვცხოვრობდე და ყავისფერი ლაბრადორი მყავდეს, უფრო ბევრს ვივლიდი წყლის პირას, მაგრამ ჯერ თბილისში ვცხოვრობ და ყველაზე ხშირად ტბის პირას კი არა, უნივერსიტეტიდან რუსთაველის მეტრომდე დავდივარ. ამ გზის ერთი ნაწილი მიყვარს, ფილებია დაგებული, ოღონდ არც თუ ისე ხარისხიანად. ბევრგან არის ქვები ამოცვენილი და წვიმის დროს მათ ქვეშ გუბეები დგება. ნახევარი წლის განმავლობაში ვისწავლე, რომ წვიმაში ამ ფილებზე არ უნდა გავიარო და ვუყურო, როგორ იწუწებიან ისინი, ვინც ჯერ ამას ვერ მიხვდნენ. უცნაურია, ჯერ აქეთ-იქით იყურებიან ხოლმე და მერე იწმენდენ შარვლებს. ბრრ.. არ ვიცი, რატომ არის სასაცილო მათი ყურება.
თებერვალში სწავლა არ არის და ფეხითაც ცოტას დავდივარ. საერთოდ უცნაური თვეა თებერვალი, ნაკიანი. “თებერვალი დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო”. ნეტა მართლა თუ დგება ხეში წყალი? არ ვიცი თებერვალში არასოდეს ვყოფილვარ ტყეში. Aაი, ივნისი გადარუჯულ მუხლამდე ბალახში ცხოვრობს, აგვისტო-ზღვაში, ოქტომბერი- ნაწვიმარ ტყეში, დეკემბერი-თოვაში, თებერვალს სახლი არ აქვს. გარეთ ყიფნის, მთაში წასვლის თვეა თებერვალი. ჰოდა ასე. “ხვალ დათოვლილ სახლში მივდივარ. შეყვარებული ვარ”- წერილი წასვლამდე იყო ასეთი.
-----
ში.
-რამდენ ხანში გადიხართ?
-ათ წუთში.
-აქვე რაღაცას ვიყიდი და არ დამტოვოთ ამ სიცივეში.
-მალე, თორემ ესენი თუ აყაყანდნენ მტრისას,-გამოგვხედა მძღოლმა.
ცოტანი ვიყავით. ახალგაზრდა მამაო ამოვიდა და ჩემ პირდაპირ დაჯდა. ოდნავ უფროსი იყო მასზე, ან მისი ტოლი. ერთხელ არ შემოუხედავს.
-კეთილო ხალხო, კეთილო მგზავრებო, დამეხმარეთ,-მოთხუპნული ბავშვი ამოვიდა სამარშუტო ტაქსში.
- ჯერ პირი დაიბანე და მერე მოდი, ხმამაღლა უთხრა მძღოლმა, მაგრამ მაინც ჩაუყარა ხელში ხურდები. წინ მჯდომმა ქალმა ჩემი გამჭირვებიაო და მოიცილა ბავშვი. არაფერი უთქვამს მამაოს. მთელი გზა ვუყურებდი. ხელები მუხლებზე ეწყო და ფანჯარაში იყურებოდა. დაძაბული ველოდებოდი, როდის გავიდოდით მცხეთის გზაზე. სვეტიცხოვლის დანახვაზე ქალებმა იმდენჯერ გადაიწერეს პირჯვარი, დათვლა დამეზარა. ის ისევ დათოვლილ ტყეებს უყურებდა. ამოვისუნთქე.
ქალები ხელებს იფშვნეტდნენ და ლაპარაკობდნენ წვრილმანებზე, წვრილმანებზე და კიდევ უფრო წვრილმანებზე. მანქანამ გადაგვისწრო წინ. მძღოლმა შეიგინა. სხვა კაცებმაც. ერთმა ქალმა, გნახავ მალე სადმე ხევში გადაჩეხილსო და თმა შეისწორა. მე მამაოს ვუყურებდი, ის ისევ-მთებს. ცალი ხელი ჰქონდა მარტო მომუშტული. Mმე გაჩერებაზე ჩამოვედი, არც ჩამოსვლისას შემოუხედავს. ქარი იყო.
----

იქ.
გაჩერებაზე ბიჭები იდგნენ. მარტო გიორგი ვიცანი. როგორ ხარ, რატომ აღარ ჩამოდიხარო,- როგორც ხდება ხოლმე. ოქროსფერი რგოლი ეკეთა ხელზე. გამეცინა. ადრე სახლის კარამდე მაცილებდა, ახლა გაჩერებაზე დარჩა.
მუხასთან გავჩერდი. აქედან კარგად ჩანს ჩემი სახლიც და არაგვიც-დაპატარავებული. ზაფხულობით აქ რომ ჩამოვდიოდი, გიორგი ამ მუხასთან მოდიოდა ხოლმე ყოველ დილას და ხან მარწყვი, ხან მაყვალი მოჰქონდა. მე ეზოდან ვუყურებდი. მზე რომ დააჭერდა, მდინარეს გაატანდა მაყვალს და მუხლამდე შედიოდა წყალში. მერე უცებ გაუჩინარდებოდა ხოლმე. არ მეშინოდა. კარგად ცურავდა გიორგი, ძალიან კარგად.
ეზოში რომ შევედი, შეშას ჩეხავდა ბებო. ხმაურით დავკეტე ჭიშკარი. ნაჯახი კუნძის უკან დამალა და ძაღლს დაუტია, ჩემს დასათხუპნად რომ მორბოდა. საერთოდ ასე იციან ძაღლებმა, ადრევე იგრძნობენ რომ მოდიხარ და აწკმუტუნდებიან, შინ შემოსულს კიდევ თათებით გეხვევიან თავისებურად.
არ შეგცივდეს, შვილოო,- შეშით აივსო მკლავები და პირველი თვითონ შევიდა სახლში. მიყვებოდა, ბიჭებმა დამიჭრეს შეშა, ჯერ კიდევ ახსოვთო უბედური მამაშენი. მე არაფერი მითქვამს. ჟოლობის ქვეშ გუბე იდგა, ფეხის წვერი ჩავყავი - რგოლებად დაიხაზა წყალი. ისევ თავისას აგრძელებდა, ეს ოხერი ღუმელი ვერ ათბობს სახლს, ნეტა რა ჯანდაბად მინდოდა ამხელა სახლი, აქ მაინც კაცმა ვერ გაიხარაო. მე საერთოდ არ მეხერხება თანაგრძნობის გამოხატვა, ამიტომ, როცა ბებო თავისი გაჩენის დღეს წყევლის , მე ჭერზე მომრავლებულ ლაქებს ვუყურებ ხოლმე. მეზობელი მომკვდარა. ის კაცი ცურვას გვასწავლიდა მე და ლევანს. ლევანი ბაზალეთზე დაიხრჩო შარშან, მე დღემდე მეშინია წყლის.
დიდი თოვლი მოსულა ამ წელს სოფელში, მუხლამდეა. ბებო საბძლამდე გზას თოვლავს, ისეთი პატარა ჩანს აქეთ-იქით დაგროვებულ თოვლში.. ფანჯარაში ვიყურები და თან ქურთუკს ვიცვამ. წყარო არც ისე შორსაა, მაგრამ მაინც ჭირს თოვლში სიარული. სანდრო პაპას საქონელი მოჰყავს შინ, დიდი წვერი აქვს. ტყის ბილიკზე გადავუხვიე, არ მინდოდა მასთან ლაპარაკი. ადრე სანდრო ხის სათამაშოებს მიკეთებდა ხოლმე, მერე.. ლევანის პაპა იყო სანდრო.
ჩამოიბუდა მთაში. გათოვდება მალე. თურმე, დათოვლილ მთებში უნდა ნახო თებერვალი. შინ დაბრუნება აქ ამოსვლაზე უფრო ძნელია. აქედან კარგად ჩანს ჩემი სახლი, შუქი გამოდის ფანჯრიდან. შებინდებისას გათოვდა. ფეხი სულ უფრო და უფრო ცურავს. ძაღლების ყეფა ისმის ქვემოდან. ისე წავიქეცი, სულ პატარაობის მერე რომ არ წავქეულვარ. ალბათ, დიდი ლურჯი კოპი მაქვს შუბლზე, მუხლებიც გადავიყვლიფე. ასე სახლში შესვლა.. გზა შინისკენ ისე დაგრძელდა, ლამის უბრალოდ ხის ქვეშ ჩამოვჯდე. შალით გადამიხვია ბებომ მუხლები. გახუხული პურის და კვამლის სუნი იდგა სახლში. ღუმელთან მიყუჟული, ჩაის ჭიქზე ვითბობდი ხელებს და ისე ვწერდი. მთელი ღამე იყეფეს ძაღლებმა.
თოვდა დილითაც.
უკვე ვნახე თებერვალი. ავდექი და წამოვედი.
კარებთან დამაწია ბებომ, იები რომ ამოვა ხომ ჩამოხვალო. თავი დავუქნიე.
მოვდიოდი.
იდგნენ ხეები თოვაში, მოხრილები, მარტოკები, როგორც მოხუცები მაღალმთიანი სოფლიდან.





                  ამბავი მეოთხე და მთავარი.
                (რაზეც უნდა ვწერდე. თურმე)

  პარიზი არ მინახავს, მაგრამ, ალბათ, ნანახიც რომ მქონდეს მაინც არ მომეწონებოდა. დიდი და ხმაურიანი ქალაქიაო, ამბობენ. სიუ პარიზში წასვლაზე და მწერლობაზე ოცნებობს. ჯერ ვერ ვეუბნები, ჩვენი ველოსიპედებიც რომ გავყიდოთ, პარიზის მატარებლის ბილეთს მაინც ვერ ვიყიდით. არ მესმის, რატომ არ მოსწონს აქ ცხოვრება. პატარა, მშვიდი ჰოლანდიური ქალაქია. შეიძლება სულელურად ჟღერს, მაგრამ ერთ ოჯახად ვცხოვრობთ. როცა ამას ვამბობ, სიუ მწარდება და მეკითხება, რას ეძახი ოჯახურად ცხოვრებას, მამაშენს დედაშენის მაგივრად შენს მეზობელთან რომ ძინავსო? ახირებული ხასიათი აქვს სიუს და ამიტომ არ ვუბრაზდები. ხანდახან, როცა დილაობით თვალებდასიებულ დედას ვუყურებ, მგონია, რომ სიუ მართალია, მაგრამ ასე უფრო მშიდად ვარ.
ჩვენს ქალაქში ასეთი წესია, ზღვის დღეს აღვნიშნავთ ხოლმე. ქალები ეზოებში გაშლილ მაგიდებზე ყვავილებსა და ნიჟარებს აწყობენ, მამები ადრე ბრუნდებიან დამბიდან. მე ძალიან მიყვარს ეს დღე, სიუ-პირიქით, ვერ იტანს. სიუს მამა ზღვამ წაართვა და, ალბათ, ამიტომ.
ჩემი ფანჯრიდან კარგად ჩანს ქარის წისქვილები. როცა სიუ ჩემთან მოდის სათამაშოდ ხშირად უყურებს ხოლმე მათ და თავისთვის ამბობს რაღაცებს. რომ ვეკითხები, რას ამბობს, მეუბნება წასვლის წინ მოგიყვებიო. ვიცი, რომ სიუ ვერ წავა და არ მეშინია. ხანდახან ფანჯარაზე აძვრება, ხელებს გაშლის და ამბობს, ერთ დღესაც ფრენას ვისწავლიო. ამ დროს ვფიქრობ ხოლმე, რომ დამბაზე ვიმუშავებ, ფულს შევაგროვებ და ვერტმფრენით შემოვიფრენთ ჩვენს ქალაქს. არ ვიცი, ჩემს აზრებს კითხულობს სიუ თუ რა ხდება, მაგრამ ჩემკენ ტრიალდება, ფარადს იფარებს სახეზე და მეუბნება, არაფერი გესმის, შენ სიზმრებსაც კი არ ნახულობო. ხანდახან მწყინს ხოლმე სიუს სიტყვები. სიზმარი არასდროს მინახავს, როცა გძინავს უბრალოდ გძინავს და როგორ შეიძლება რამეს ხედავდე. ხან მგონია, რომ სანაპიროზე ყოფნას და თვალებდახუჭული წოლას ეძახის სიუ სიზმარს. შეუძლია საათობით იწვეს ზღვის ნაპირზე და საერთოდ არ ილაპარაკოს. Aბავშვები დასცინიან ხოლმე, მაგრამ არ ესმის სიუს. ასე ამბობს, მამას ველაპარაკებიო. როცა საღამოობით ღელვა იმატებს, ველოსიპედებზე ვსხდებით მე და სიუ და შინ ვბრუნდებით. ის ყოველთვის წინ მიდის, მე-უკან. ხვეული თმა აქვს სიუს და ჭორფლები სახეზე. ასე ამბობს, ამ ქალაქში რომ არ დავბადებულიყავი ჭორფლები არ მექნებოდაო. მაშინ , ალბათ, არც მეყვარებოდა სიუ.
სკოლა ქალაქის ბოლოს არის. ყოველ დილით გავუვლი ხოლმე სიუს და ველოსიპედზე ჩანთის დამაგრებაში ვეხმარები. აღმართზე ხელით აგვყავს ველოსიპედები და ყველა ლოყებაწითელებულები შევდივართ კლასში. მარტო სიუს არ ეცვლება ხოლმე ფერი. ჭორფლიანიაო ეგ- ამბობენ სხვა გოგოები და კაბებს ისწორებენ. დიდ შესვენებაზე სკოლის წინ, დიდ მინდორზე, ვიკრიბებით ყველა. ბიჭები სირბილში ვეჯიბრებით ხოლმე ერთმანეთს, მოგებული დიდ ძუძუებიანი მათემატიკის მასწავლებლის გაკვეთილზე პირველ მერხზე ჯდება. გოგოები წრეზე სხედან და კვირის ბოლო კინოსეანზე ლაპარაკობენ, ხან ერთმანეთს უყურებენ მკერდზე და იცინიან ხოლმე. სიუს არ უყვარს დიდი შესვენება, თავისთვის ზის ხის ქვეშ და რაღაცას წერს, მერე ფურცლებს ხევს და ჯიბეში ხელებჩაწყობილი სეირნობს.
სკოლიდან რომ ვბრუნდებით სიუ მთელი სისწრაფით ეშვება ხოლმე დაღმართზე, ხანდახან მგონია, რომ აფრინდება და თვალებს მაგრად ვხუჭავ. დამშვიდობებისას ხელს მიქნევს, სახლში იქამდე არ შედის, სანამ ქუჩის ბოლოში არ გავალ, მერე თმას უკან გადაიყრის და ისე შედის შინ.
გუშინ სკოლიდან დაშვებისას ველოსიპედიდან გადმოვარდა სიუ. მუხლები სულ გადაყვლეფილი ჰქონდა, სკოლის ექმიმმა შეუხვია. იმ დღეს მე და სიუ პირველად დავბრუნდით შინ ფეხით და ხელჩაკიდებულები. სიუ ორი წლით დიდია ჩემზე.
წუხელ პირველად შემეშინდა სიუს წასვლის. შუაღამისას გამომეღვიძა. სიზმარი ვნახე, მუხლებზე მწვანე ბალახი ამოსვლოდა სიუს და ველოსიპედით მთელი სისწრაფით მიჰქროდა ზღვისკენ.
ფანჯარაში გავიხედე. არ ჩანდნენ წისქვილები. ღამე იყო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს