ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ქებულაძე
ჟანრი: პოეზია
9 აპრილი, 2012


მრავალწერტილი...

მე  შეგალიე  მარტოობა  უკვე  ათასჯერ,
გული  დაცვარულ  სიმარტოვეს  ვეღარ  იგუებს..
და  შენთან  ყოფნის  მოლოდინიც  ბევრჯერ  დავტანჯე,
არ  მინდა  ვგავდეთ  ჭადრაკების  მოძრავ  ფიგურებს.

ჩვენ  სხვა  სამყაროს  წევრები  ვართ  შექმნის  დღიდანვე
და  ამ  სამყაროს  ვეგუებით  არაუმეტეს.
ხელში  უცეცხლოდ  გახურებულ  ფურცლებს  ვიკავებთ,
სანამდე  ვინმეს  აზროვნება  გადაუღებეს.

ისევ  ამარტდა  მღელვარება  ქალის  გარეშე,
ნერვის  სასუნთქ  გზას  დაუბერდა  ვიწრო  ხეობა.
თუ  შენს  მახლობელ  სასთუმალთან  გავითარეშე,
გეტყვი  –  ადგილი  შერჩენია  ბავშვურ  მცდელობას.

ვიცინით  იმდენს,  რამდენჯერაც  გვინდა  ტირილი,
ვიხსენებთ  მერე  ერთმანეთზე  მიძღვნილ  მიმოზებს.
ნელთბილ  ოცნებებს  ვუერთდებით  დაშლილ  ტივივით
და  ფუნჯის  ნაცვლად  თითებიდან  ვხატავთ  ტილოზე.

სიზმარეულში  ვარსკვლავეთი  ნერვებს  გვიოკებს 
ცხრანატყვიარი  მონატრების  გვახლავს  შეგრძნება.
ხმაჩახლეჩილი  შეძახილით  ვიწყვეტთ  იოგებს,
მერე  ასეთი  შეძახილიც  მალე  გვბეზრდება.

მე  შეგალიე  მარტოობა  უკვე  იმდენჯერ,
რომ  გული  ასეთ  უშენობას  აღარ  აობებს.
კიდევ  დავთვალოთ  ეს  განცდები  გაშლილ  თითებზე,
სანამ  ჩვენს  ადგილს  დაუთმობენ  ახალ  თაობებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები