ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პროზა
10 აპრილი, 2012


მოუცლელი

თვრამეტი მარტი, თვრამეტი მარტი...
დრო როგორ გარბის, რა სწრაფად გარბის...
ვიღაცა გიხსნის გულსა და კარტებს,
დროს თითქოს სცივა და სადღაც გარბის...

                                                    ოთარ ჭილაძე



მარტის თვე ყველაზე უჩვეულო თვეა. გაზაფხულია _სიმბოლო აყვავების, დათბობის, ყვავილსურნელების, შეყვარებული წყვილების გარეთ გამოკრეფის, ისინი ხომ დათბობისას ისევე მრავლდებიან ეზოებში და ქუჩებში, როგორც წვიმის გადაღებისას  სოკოები ტყეებში და მინდვრებში. მაგრამ მარტის თვის მოჩვენებითი გამოდარება, მხოლოდ ილუზიაა გაზაფხულის, მხოლოდ ძლიერი მოლოდინის მირაჟია და იმედგაცრუების გარდაუვალი ფინალი.
....

აგერ, ვწევარ, მარტის თვის გრილ დღეს, ჯერაც ბოლომდე მოუწესრიგებელი ოთახის შუაგულში, ნახევრად გაშლილი ფარდაგის ერთმესამედზე და სხეულს ამოძრავების სურვილი დაუკარგავს. მახსენდება ადამიანები, რომლებიც სიარულს, სირბილს, მოძრაობას ნატრორბენ, მაგრამ ამის საშუალება არ აქვთ, მე კი... როგორ ვცოდავ, როგორ ვაშავებ, ცოცხალ, ჯანსაღ ადამიანს არაფრის გაკეთება რომ არ მინდა. დრო დამიბერდა და ფერები შეიცვალა, ცხოვრების უდაბნომ ნდომა გამიხმო...

ამ დროს ხელზე ვგრძნობ სისველეს, ვხვდები რომ ეს ჩემი პატარა უჯიშო ბებერი ძაღლია, რომელიც ერთ დღეს დაკბენილი ავიყვანე სახლში, ვუმკურნალე და განუყრელ მეგობრად ვაქციე, რომელთან შეხებაც ჩემმა დერმატოლოგმა ამიკრძალა, რადგან აღმოჩნდა რომ ალერგია მაქვს ძაღლებზე. მანამდე ეს არ ვიცოდი, მე ხომ ბავშვობაში ძაღლი არ მყოლია არასოდეს, მიუხედავად იმისა რომ ძალიან მინდოდა . ექიმის დაჟინებული თხოვნის და ხელებზე ჭინჭრისციებასავით გამონაყარის მიუხედავად მაინც ვერ ვშორდები ამ ძაღლს, რომელსაც სახელიც კი არ მივეცი, იმიტომ რომ ეს სულელური სახელები მხოლოდ ადამიანებს გვჭირდება ერთმანეთის მისამართად და დასაძახებლად, მას კი დაძახება რად უნდა_სულ თვალებში მიყურებს.
მეამა ჩემი ბებრუხუნას სველი და ცივი ცხვირი არათითზე და ხელისგულზე, მერე კი თითქოს ჩემს გამოფხიზლებას და აყენებას ლამობსო, მსუბუქად წამავლო ასაკიანი ეშვები ცერზე და მაგრძნობინა, მინდა ადგე და ისეთივე ხალისიანი და მხიარული, მებრძოლი და შეუპოვარი იყო, როგორმაც მთელი ჩვენი უბნის ძაღლები მოიგერია და გადამარჩინაო.
მოვახერხე და მისკენ შევატრიალე თავი. ისეთი ერთგული და მზრუნველი იყო მისი გამოხედვა, ჟრუანტელმა დამიარა და მაშინღა ვიგრძენი ცხადად რომ ცოცხალი ვარ და შემიძლია ყოველი კუნთი დ ყოველი სახსარი ავამოძრაო, თავისუფლად და ძალდაუტანებლად. ასეთი გამოხედვა ბოლოს მაშინ ვნახე, როცა მაღალი სიცხეებით გათანგული, უღონოდ და უსიცოცხლოდ ვეგდე ლოგინში, მეოთხე კლასის მოსწავლე, სიცხისაგან მთელი სხეული რომ მტკიოდა მაშინ,  როცა თვალები საწოლის მარჯვნივ მივატრიალე ჩუმი სუნთქვის ხმაზე და დედაჩემს შევხედე...
თურმე როგორ მომნატრებია ასეთი მზრუნველობა და სითბო, ასე კარგა ხანია არავის სტკენია გული ჩემს გამო, არავის უთანაგრძვნია ჩემთვის უსიტყვოდ, ისე, როგორც ახლა ჩემმა ბებრუხუნამ მოახერხა.
მიყვარხარ ჩემო ფინია, მიყვარხარ და ეს ხომ იცი შენ როგორ მიყვარხარ. თქმა რად უნდა, შენც ხომ ისევე ხედავ ამას ჩემი უსიცოცხლო სხეულის ორ სხივმდინარეში, როგორც მე_შენსაში. ჩვენ სიტყვები რად გვინდა. არადა გვიმტკიცებდნენ დიდი მამანი, პირველად სიტყვა იყოვო. არაფერიც, შეგეშალათ! ეს იმათთვის იყო პირველად სიტყვა, ვისთვისაც თქვენ წერდით დიდო მამანო, ოღონდ ჩუმად! არვინ გამიგოს ჩემი კადნიერი აზრები... _მივხვდი რომ გაჩუმება სულაც არ მჭირდება, ისედაც საკუთარ თავს აზრებით ვესაუბრები და კედლებსაც რომ ჰქონდეთ ყურები, ისინიც ვერ დამასმენენ ვერავისთან...

ოხ, რამდენ სისულელეზე შეუძლია ადამიანს ფიქრი.

...მაშინ დედა ღამეებს რომ ათენებდა ჩემს ფეხმონგრეულ საწოლთან, ნეტა რა მჭირდა,? გაციებული მახსოვს რომ არ ვიყავი. არც რაიმე ინფექცია მქონდა, არც ტრავმა  მქონდა მიღებული, თუმცა... მოიცა... რატომ წაშალა ეს მოვლენა მეხსიერებიდან ტვინმა თუ გადარჩენის ინსტინქტმა? რა ხდებოდა ნეტა მაშინ ჩემს თავს?_ამ ფიქრებში გართულმა ვერც კი შევამჩნიე როგორ ავმდგარვარ,  ფინიასთვის დიდი შეფუთვიდან საჭმელი გადმომიყრია ლითონის , თხელ მათლაფაზე. თავზე ვეფერები და ჩაფიქრებული ვაკვირდები როგორ ნელა და აუჩქარებლად უახლოვდება თავის სარგოს.

...მახსოვს შუადღე იყო , ჩემს ოთახში მოცახცახე რომ მიპოვა დედამ. მაშინვე იგრძნო მისმა გამოცდილმა ტუჩებმა რომ მაღალი სიცხე მქონდა. ყველანაირი ზომები მიიღო, რაც კი შეიძლება მაგ დროს მიიღოს სიცხიანის პატრონმა. მეორე წუთს ძმრიანი წინდებით, ძმრიანი ტილოთი შუბლზე და საწრუპელათი პირში უკვე ლოგინში ვეგდე და საბნის შემოკეცვისასაც კი მაკანკალებდა სიცივისგან. დედას ეგონა ვირუსი შემეყარა, მაშ ვირუსი მქონდა? არა, არც ცხვირი მიჭერდა, არც მახველებდა და თანაც გაზაფხული იყო, მაისი.

მაისში ჩემში ქალურმა საწყისმა გაიღვიძა, ყველა თავისი ამალათი.
აჰ, ეს საშინელი მაისი, ეხლა გამახსენდა რატომ მძულდა ასე ძლიერ. ეხლაც ხომ მაისი დადგება მალე. მაშინ კი აპრილშივე დათბა და მოკლესახელოებიან  ბლუზებზე გადავედით გოგონები.
ყოველთვის ყველაზე დიდი ვიყავი ტანით კლასში. მეოთხე კლასში კი დამაკომპლექსა განუწყვეტელმა ყურადღებამ და გაოცებულმა შეძახილებმა ჩემი აყრილი და მომწიფებული ტანის გამო. ჩემი სხეული ნაადრევად მოემზადა ქალური ცხოვრებისთვის. მესამე კლასიდან დეიდამ ქალური თეთრეულის მაღაზიაში წამიყვანა და ბიუზჰალტერი შემირჩია, რადგან უკვე აუცილებელი იყო ეს ატრიბუტი განუყრელ მეგობრად მექცია.
გამახსენდა ის მზიანი დილა, ის ქართულის გაკვეთილიც, როდესაც თანაკლასელმა გოგომ  უკნიდან შემიხსნა ბიუზჰალტერი და ათასი საძაგლობა მაკადრა. ესეც არ იკმარა, ჩანთა ამოატრიალა და ათასი სისულელის მოყოლას განაგრძობდა, იმაზე, თუ როგორ მიგვატოვა მამამ, თუ როგორი უგემოვნებო იყო დედაჩემი, თუ როგორ ვმათხოვრობდით ნათესავებში... მანამ, სანამ მასსწავლებელმა გაკვეთილიდან არ გაუშვა.
არ მახსოვს რამდენი ხანი ვიდექი გულზეხელებაფარებული, მაგრამ ის მახსოვს რომ ყველა ხარხარებდა და იცინოდა, იქნებ ყველა არც იცინოდა, ბევრმა ხომ ისიც არ იცოდა რაზე უნდა ეცინა იმ წუთებში, მაგრამ მე ასე მახსოვს, ჩემს გარშემო კლასი ტრიალებდა, ბზრიალებდა და თავბრუ დამეხვა. მერე მასწავლებელმა ჩამჭიდა ხელი, გამიყვანა გოგონების ტუალეტში და მოწესრიგებაში დამეხმარა. თავზე ხელი გადამისვა და სახლში გამიშვა.
იმ დღის მერე 1 კვირა ვიავადმყოფე, მერე კი დედისთვის რომ არ შემექმნა პრობლემები, ისევ იმ სკოლაში, ისევ იმ კლასში განვაგრძე სწავლა. მთელი 3 წელი არავისთვის გამიცია ხმა, არც ისინი იწუხებდნენ თავს ჩემთან ურთიერთობით, ახლად გადმოსულ მოსწავლეებს უფრო მხიარულ, ანც და გულღია  ბავშვებთან ერჩივნათ მეგობრობა. ან რა გასაკვირი იყო, ჩემნაირი გულჩათხრობილი ბავშვი მგონი მთელ სკოლაში მეორე არ იყო და ვინ აიტკივებდა თავს. მართლაც რა საინტერესოა ბავშვური სისასტიკე! საინტერესო, ძალიან საინტერესო...

კარზე კაკუნია. ინკასატორი მეწვია, ჩაიწერა მთვლელის გრძლად ჩამწკრივებული ციფრები და უხმოდ დამემშვიდობა. გამიკვირდა რომ მას არ გაუკვირდა ახალი მაცხოვრებლის ხილვა, ან იქნებ ისიც ახალი იყო, ინკასატორებსაც ხომ ხშირ-ხშირად ცვლიან, ისევე ხშირად როგორც...
ხო... რაზე ვფიქრობდი... აჰა, ფინიას სულ გაუთავებია ულუფა და აგერ, პირღია შემომყურებს ისევე ერთგულად და თანაგრძნობით, როგორც რამდენიმე წუთის უკან.
გაიხარე ფინია, რომ მაიძულე ავმდგარიყავი, რამდენი რამე მაქვს მოსაწესრიგებელი და დასახარისხებელი. გაუხსნელი ყუთები ლამის თავზე მაყრია. მაინც დამრჩა წინდახედულობა და წესრიგისადმი ლტოლვა. ყუთებზე გულდასმით გამიკეთებია ნივთების სია, რაც მათში ჩამიწყვია და ამოლაგებაც არ გამიჭირდება. ცოტა ხანი შევდექი, გადავხედე, რომლით დავიწყო , ან რითი დავიწყო დალაგება. მერე ისევ ჩემეული წესი გამახსენდა: დავიწყო იმით, რაც პირველი მომხვდება ხელში და საქმეც ნელნელა გაილევა.
ბევრჯერ მიფიქრია იმაზე რომ დალაგება და სახლის საქმიანობა ქალისთვის დროის ფუჭი ფლანგვაა, მაგრამ დღეს დავრწმუნდი რომ ასეთმა საქმიანობამ ორმაგი სარგებელი შეიძლება მოუტანოს ქალს. პირველი ის რომ სახლი დალაგდება და დასუფტავდება და მეორე ის, რომ ფიქრის და გაანალიზების დრო ეძლევა.
ჩემს თავში ეხლა იმდენი ამბავი ამოტივტივდა, იმდენი ისტორია, რამდენიც  ბრაკონიერების მიერ ტბის ფსკერის აფეთქების შემდეგ ზედაპირზე  ამოცვენილი მკვდარი თევზია ხოლმე. ეს ჩემი ისტორიებიც ხომ უკვე მკვდარი და დავიწყებულია, ისეთი, რომლითაც აღარ გეტკინება, აღარ აგეტირება და შეგიძლია უემოციოდ გაიხსენო. მაგრამ რომლისგანაც მიყენებულ ზიანს თუ სარგებელსაც რომ ვეღარ შეცვლი უკვე. ეს ისტორიები ხომ სულის ფაქიზ ფურცლებზე იწერება.
აგერ ერთი ყუთი გადმოვაბარგე. ეს ჩემი საწერი მაგიდიდან აკრეფილი ნივთებია: ფოტოსურათები, ჩანახატები, კონსპექტები, კალმები, სუვენირები, ფაიფურის პაწუკა ფიგურები, ფურცლები_ცარიელი და სავსე... რამდენი წვრილმანი და რამდენად მნიშვნელოვანი. ყოველთვი დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი პატარა წვრილმან ნივთებს.
აი ეს ხელსახოცი, რომლითაც ცრემლებს ვიწმინდავდი მაშინ, როცა პირველი იმდგაცრუება ვნახე სიყვარულისგან. აგერ დედაჩემის და ჩემი ფოტო. რა ლამაზი იყავი დედიკო, როგორი თხელი, სევდიანი და დაღლილი. დაღლილი ცხოვრებისგან, უსამართლობისგან, სიდუხჭირისგან, სიბოროტისგან და ბოლოს, ავადმყოფობისგან. როგორ მჭირდები დედი რომ იცოდე. მე შენთვის სახელი არასდროს დამიძახია, იმიტომ რომ დედა ჩემთვის  დედაც იყო და უფრო მეტიც, უფრო წმინდა და ფაქიზი ცნება იყო დედა-შვილობა ჩემთვის და ვერასდროს წარმომედგინა სხვა სახელით მომართვა. ნეტა თუ მხედავ იქიდან სადაც ხარ. მინდა რომ ასე იყოს, თუმცა მთელი ამ სისულელის მე ნაკლებად მჯერა, თუმცა მინდა რომ მჯეროდეს, ასე ხომ უფრო გამიადვილდებოდა მარტოობა, უშენობა, ცხოვრება...
აგერ მამას სურათიც, შენი ხათრით მასაც ვინახავდი, თუმც 4 წლიდან ის თვალით არ მინახავს, არც შენ გინახავს და მაინც მის სიყვარულს მინერგავდი და მის პატივისცემას მასწავლიდი. ცოტა რომ წამოვიზარდე მივხვდი თუ რამხელა ტკივილი მოაყენა მან შენს ქალურ თავმოყვარეობას, მაგრამ ვერ გავბედე გულშიაც კი გამეკიცხა ის, ამით ხომ შენ გიღალატებდი, შენი ღალატი კი უდიდესი დანაშაული არის დე...
რომ არ მენახა როგორ ებრძოდი სიკვდილს, ალბათ მუდამ გისაყვედურებდი ჩემი მიტოვებისთვის. 3 წელია უშენოდ. შენ რომ ჩემტან ყოფილიყავი იქნებ ამდენი მცდარი ნაბიჯიც არ გადამედგა! კი სულ მუდამ მეუბნებოდი, ყველამ ჩვენ-ჩვენი სისულელეები უნდა ჩავიდინოთ ცხოვრებაშიო, რადგან მხოლოდ ბრძენი ხალხია შეუცდომელი და ისინიც ძალიან მოსაწყენები არიანო...
აგერ, საერთო სურათი. რამდენი მეგობარი მყავდა ერთ დროს, რომლებიც ისევე შეუერთდნენ ჩემი უბრალო ნაცნობების სიმრავლეს, როგორც მდინარე უერთდება ზღვას და ზღვა კი ოკეანეს_უმტკივნეულოდ და უწყვეტად.
აგერ ჩემი ტყუპისცალის სურათი. ესეც რა სასწაული ამბავია, ჩემს თავს გადამხდარი. ის 3 კილო და 600 გრამი დაბადებულა, მე კი პერანგშემოვლებული დავიბადე პარკუჭში, ნახევარი კილოც არ ვიყავი და სანაგვეში მომისროლეს. დედას კი ჯანსაღი და ჯანმრთელი ბავშვი ანახეს. დედამ 28 წლის უკან მთიან რაიონში, მამის მშობლების ოჯახში იმშობიარა ოდნავ ნაადრევად. ჩემს დას სურათებიც გადაუღეს ახალდაბადებულს და შემდეგ ეზოში, ნაწვიმარ 18 მარტის საღამოს სუფრა გაშალეს. დედას თითქოს გული უგრძნობდა , დედამთილს უხმობდა და სთხოვდა ახლადგამოკვებილი ბავშვისთვის დაეხედათ, მაგრამ სიცილად არ ჰყოფნიდათ ჯანმრთელი, ლოყებდაბერილი ბავშვის შემხედვარე ბიცოლას და ბებიას დედის განგაში და აღელვება. ცოტა ხანში დედასაც ჩასძინებია და ჩემი დაიკო დედის რძემ მოგუდა. ოთახში შემოსულ ბებიას ეს საშინელი სურათი რომ დახვდა არ დაიბნა და მე მომძებნეს ნაგავში ჩაგდებული, მომიარეს და შემფუთეს. მე, რომელიც მეტრა და 75 გავიზარდე, ბებო თურმე ხან ნაგვის ბალღს და ხან კი ბედის პერანგას მეძახდა. მართლა ხშირად გადავურჩენივარ ჩემს უკვე უხილავ პერანგს და ბევრჯერ ულუკმაპუროდ დარჩენილს უცებ სუფრა გამიშლია ისეთი, ჩიტის რძეც რომ არ ეკლდა...

უჰ, ამდენ მოგონებებში დრო ბევრი დამიკარგავს, ცოტა უნდა ავუჩქარო ხელს.  ხვალ ისევ სამსახური და მოუცლელობა. მოუცლელობაზე გამახსენდა  ოკეანის სიღრმესა და უკიდეგანობას შერწყმული ჩემი მოუცლელი მეგობრები.ერთერთის გამო მთელი დღე გავაცდინე სამსახურში, მისი ძაღლის პრობლემებს ვაგვარებდი, ყოველთვის პიონერივით მზად ვიყავი მის დასახმარებლად , მაშინაც კი, როცა მისი 2 ხელი და 2 ფეხი საკმარისზე მეტი იყო მისივე პრობლემების გადასაჭრელად. ერთხელაც მეც დამჭირდა მისი დახმარება, ჩემს ყოფილ მეუღლესთან არასახარბიელო ურთიერთობის შედეგად ჩემი დაღუპულ შვილთან განსაყრელად გინეკოლოგთან მიყოლა ვთხოვე, კლინიკა მისი სახლის გვერდით მდებარეობდა და მარტო შემეშინდა წასვლა. ის კი მეუღლის მიერ მივლინებიდან ჩამოტანილ საჩუქრებს ახარისხებდა და მოუცლელობის გამო ვერ ჩამოვიდა მისი ფანჯრების ქვევით მდებარე  გაჩერებასთან. ამჯერადაც გადავრჩი ბედისპერანგა და ჩემი ჯერ ჩამოუყალიბებელი ნაყოფის დასამარებასთან ერთად მასთან მეგობრობაც დავასამარე ყოფილ მეგობართა სამუდამო სასაფლაოზე. მანამდე ბევრჯერ მიპატიებია მისთვის გულისტკენა, გულგრილობა, ტყუილი და უყურადღებობა, მაგრამ ამის მერე, დრო გავიდა და როგორც იქნა გავაანალიზე ჩემი სიტუაცია და მივხვდი რომ მეგობრებში და ახლობლებში ერთადერთი მოცლილი და უსაქმური მე ვიყავი, მიუხედავად 2 სამსახურისა, ოჯახისა და კიდევ მრავალი საზრუნავისა, რომელსაც თავად ჩემი ახლობელ-მეგობრები მიმატებდნენ . ჩემს ტავს ვკიტხე, მჭირდება კი ასეთი ახლობელ-მეგობრები, რომელთათვისაც მხოლოდ პრობლემის გადამჭრელი ელექტროხერხი ვარ, ამოცანის ამოხსნის საშუალება... და ვინაიდან, სწორად დასმული კიტხვა ნახევარი პასუხია, მეც აღარ დამჭირვებია პასუხის ჩამოყალიბება და გაანალიზება, სარეველა ბალახივით ამოვიშალე საახლობლო-სამეგობრო, მთლიანად, რადგან ყველანი წყლის წვეთივით გავდნენ ერთიმეორეს უტიფრობით, უსირცხვილობით, მოუცლელობით, სიცრუით და უგულჯიგრობით.  უმტკივნეულოდ დავცილდი ყოველივე მათგანს ერთად და ცალკცალკე. არ გეგონოთ უმიზეზოდ, ყველასთან მქონდა რაღაც მიზეზი, თითქოს ცხოვრება თავად მაიძულებდა ნელნელა სათითაოდ ჩამომეხსნა უსარგებლო ტვირთი ჩემი ისედაც დამძიმებული მხრებიდან.
ბავშვობიდან მასწავლიდა დედა პირველ რიგში შენს თავში უნდა ეძებო მიზეზი, რაც არ უნდა მოხდესო. მეც ჩავფიქრებულვარ, ნუთუ ყველა ასეთი უსარგებლო წურბელა მყავს შემოხუნძლულითქო, ნუთუ შეიძლება ყველა ცუდი იყოს და მხოლოდ მე ვიყო კარგითქო. ხოდა პასუხსაც მივხვდი, აღმოვაჩინე მიზეზი, რატომაც მოხდა ასე. ჩემი ბრალი იყო, მე ვაქცია, ნაწილობრივ, ასეთებად ისინი, ჩემი გადამეტებული მზრუნველობით და სხვისი ტკივილით ტკენის უნარით, ან სახეზე რომ მეხატა სახედრის ნაკვთები, ყველა ამდაგვარი წურბელა იმიტომაც შემომასკუპდა . მე ყოველთვის ხელგაშლილი და გულგაშლილი ვიყავი ყველა ჩემი ახლობელ-მეგობრის მიმართ, ყოველთვის მქონდა მათთვის დრო, მაშინაც კი, როცა ის მართლა არ მქონდა, ყოველთვის ვშოულობდი მათთვის სახსრებს, მაშინაც კი, როცა სახსრები მტეხდა და წესით არ უნდა შემძლებოდა მათთვის ხელის გამართვა. ამიტომაც ყველას მოცლილი და სულელი ვეგონე. მე კი ისინი მიყვარდა, მიყვარდა , ძალიან მიყვარდა და მიხაროდნენ, ძალიან მიხაროდნენ.
ბოლოს მათ იმედი გაუცრუვდათ ჩემში, ისევე როგორც მე_მათში,  როცა მე, 1 წლის უკან, ჩემი ყოფილი მეორენახევრის და უღლის გამწევის სახლიდან დედის ოროთახიანში დავბრუნდი, რომელშიაც, სასოწარკვეთილობის ჟამს გადავბარგდით ოდნავ დიდი, ოდნავ უკეთეს ადგილას მდებარე სახლიდან, მაშინ როცა მე მეშვიდე კლასში ვიყავი.
მხოლოდ ის მახარებდა ამ გადაბარგებაში მაშინ, რომ სკოლას გამოვიცვლიდი და უსიტყვობის აღთქმას დავარღვევდი, იქნებ მეგობრებიც გამეჩინა. ახალ სკოლაში უფრო მეგობრული და გახსნილი გავხდი, ვაიძულებდი თავს მომეჩვენებინა მაინც გარშემომყოფებისათვის რომ ძალაინ გულღია, ლაღი და მეგობრული ვიყავი. მართლაც ბევრი ახლობელი შევიძინე იქ, ნამდვილი მეგობარი კი არავინ შემომრჩა იმ სკოლიდან...
უჰ, სულ ამებნა ტვინი.
გამახსენდა როგორ დავუსვი წერტილი ჩემს წვალებას მეუღლის სახლში, რომელსაც მზითვად კი არ გამოჰყვა დედა და მამა, დითურთ, არამედ  მზითვად დამხვდნენ ისინი, იმ დამცირებითურთ, რასაც რამდენიმე წელიწადი ვიტანდი მათგან. მიყვარდა ჩემი ქმარი, მასაც ვუყვარდი ალბათ, რადგან ჩემი უქონლობის, ოჯახის წინააღმდგობის მიუხედავად მომაქცია ყურადღება და „გამოსულმა“ ბიჭმა გარეუბნელი, არა „სვეცკი“ , გარეგნობით ერთი ჩვეულებრივი გოგონა მომიყვანა ცოლად, გოგონა, რომელსაც უცხოეთში არ ქონდა განათლება მიღებული და არც ბრენდნეიმ ტანისამოსით იწონებდა თავს, პრესტიჟული ბარების ნაცვლად ბიბლიოთეკის ვირთხად იყო ქცეული და ნათესავ-ახლობლების მიერ ნაშოვნი სამსახურების მაგიერ ბუღალტერიის მტვერსა და დახუთულებაში ატარებდ დღის 70 % დროს.
პირველმა წელიწადმა, ოჯახური ცხოვრების, ნორმალურად ჩაიარა, ყველაფერი ნორმალურად იყო, მეც მიხაროდა, რომ ვნახე ასეთი ადამიანი, მაგრამ 1 წელიწადში რომ ვერ შევძინე შთამომავალი მის გვარს და ჯიშს, ეგრევე „დამბრაკეს“ და ამითვალწუნეს, ან იქნებ ეს მიზეზი იყო, მათი გულწრფელი გამოვლინების გამმართლებელი მიზეზი, რომელსაც აგერ 1 წელი მოთმინებით თუ მოუთმენლად ელოდნენ. უკვე აღარ ერიდებოდნენ ეჩვენებინათ ყველაფერი, რასაც ჩემზე  ფიქროსინამდვილეში ფიქრობდნენ...
...ჩემი ქორწილის მერე ბევრი მეგობარი შევიძინე, კი მეგობარი, მეგობარი რომლებიც მომეშალა, იმ მუცელივით, რომელიც უმტკივნეულოდ მომწყდა . ამ სიტყვამაც დაკარგა სილამაზე და ფერი ჩემთვის თითქოს , არადა ადრე ეს სიტყვა ბევრის მომცველი და ბევრის მატარებელი იყო, ბევრის დამავალდებულებელი, მაგრამ ყველაფერი ორმხრივია კარგიო, ასე ამბობდნენ აქამდე ჭვკიანი ადამიანები.
რა ფენომენია ეს? როცა ხედავ, მაგრამ ვერ ამჩნევ? გესმის, მაგრამ ვერ იგებ? ეხები, მაგრამ ვერ გრძნობ? ყნოსავ, მაგრამ ვერ შეიგრძნობ? გაძლევს, მაგრამ ვერ იღებ? გხატავს, სხეულს და სულს გიხატავს, მაგრამ ფერებს აუფერულებ?
რა ფენომენია ეს? გულგრილობა? ეგოიზმი? თუ...
ამ ფენომენით იყო შეპყრობილი ჩემი მეუღლე, მაშინ როცა უამრავი დამცირების და თავმოყვარეობის შელახვის მსხვერპლი ვიყავი მის სახლში.
მაგ დროისთვის უკვე შემეძლო საკუთარი თავის რჩენა, მათი თხოვნის მიუხედავად უარი ვთქვი მათივე რომელიღაც ახლობლის მიერ შემოთავაზებულ სამსახურზე და ეს მგონი ერთერთი ყველაზე ჭკვიანური და გონივრული ნაბიჯი იყო ჩემს ცხოვრებაში, რაც კი ოდესმე გადამიდგამს. მიუხედავად იმისა, რომ 2 წელიწადში წარმატებებს მივაღწიე, მაინც ენის მოსაფხანი ჯაგრისი ვიყავი ჩემი შეძენილი ნათესავების ოჯახში და არამარტო ოჯახში.
  თითქოს შევეჩვიე კიდეც იმას რომ ბერწს და უნაყოფოს მეძახდნენ, მაგრამ ბოლოს  ისევ კითხვა დავუსვი საკუთარ თავს:ნუთუ ეგოიზმი ყველა ჩვენგანის თვისებაა? სადაც გაგგვდის იქ? იქნებ მეც ეგოისტი უნდა გავხდე?
1 კვირაში დავასკვენი რომ სიყვარული სადღაც გამქრალიყო...

აგერ მადუღარა წივის. ცხელი ყავა, მმმმმ ერთერთი სულიერ-ფიზიკური ნეტარება ჩემს ცარიელ ცხოვრებაში. 1 ჭიქა ყავა და ყველაფერი თითქოს უფრო მარტივდება. თითქოს!
ნახევარი ოთახიც მიმილაგებია და ისევ ფიქრებში ჩავიძირე.

...დედის სახლში დაბრუნებულს ჩემი მეგობრები მომისკუპდნენ, ისიც კი მესტუმრა, ერთხელ რაღაც აუცილებელ საქმეზე რომ გავაგზავნე და იმის მერე რომ არ გამოჩენილა, იმ თანხითურთ, რაც თან წაიყოლა. მასზე რუსები იტყოდნენ: ის მხოლოდ სიკვდილზე უნდა გააგზავნოო. მომისკუპდნენ, გარს შემომეხვივნენ და აინტერესებდათ ჩემი ქმარი უკვე ექს ქმარი იყო მართლა თუ მხოლოდ მათნაირების მიერ გამოგონილი ამბავი და მონაჭორი.  აინტერესებდათ ჩემი ქმარი უკვე თავისუფალი იყო თუ არა, საბრძოლველად და მოსაპოვებლად, თუმცა ის უკვე კარგა ხანია თავისუფალი იყო და არ ერიდებოდა ცოლიანის სტატუსს, არ უშლიდა ხელს საბუთი და საქორწილო რგოლი ახალ-ახალი ინტრიგებისა და ისტორიებისათვის. როცა ყველა მათგანის ხელოვნური თანაგრძნობით შენიღბული სახეები დავინახე , ვეღარ მოვითმინე და თვითოეულს მივახალე სიმართლე, ის სიმართლე რასაც მათზე ვფიქრობდი, ობიექტურად და სუბიექტურად, სარკეში ჩავახედე, იმ სარკეში, რომელსაც ისინი არასდროს ეკარებოდნენ, არადა ქუჩაში მანქანის მინებშიაც კი იხედებოდნენ, ვიტრინებში, პრიალა ზედაპირებში, ამ სარკეში კი_არასდროს. გაუკვირდათ , პირდაღებულები დავითხოვე სახლიდან და გავუშვი ჩემი ცხოვრებიდან შორს და კიდევ დიდი ხნით...

ეხლა ახალი ცხოვრება უნდა დავიწყო. ახალ სახლში. ის ძველი სახლი გავყიდე , რადგან ის დედისეული სახლი აღარ იყო, იქ მხოლოდ თავი შევაფარეთ მე და დედამ , მაშინ როცა სხვაგან თავშესაფარი და მისაყრდენი აღარ გვქონდა, საკუთარ თავზე ჩცვენ უნდა გვეზრუნა...
ეეეჰ. ეს მოგონებები. დაღამებულა და მეც ნახევარზე მეტი საქმე გამიკეთებია, მარტოს,  ჩემი ბებრუხანას ერთგული და  გულითადი გულშემატკივრობით.
ხვალ ახალი სამსახური, ახალი მეგობრები, რომლებსაც აღარ ვაქცევ წურბელებად, რომლებსაც ვაგრძნობინებ რომ მეც მომთხოვნი ვარ, რომ მეც მჭირდება ხანდახან ტელეფონით მაინც მოკითხვა, ჩემი საქმეებით მეგობრების დაინტერესება...
იქნებ მეც ვისწავლო მოუცლელობის შარავანდედშემოვლებული გულგრილობა...
ამ რამდენიმე დღის უკან გოგისაც მხოლოდ იმიტომ დავშორდი რომ მივხვდი, ჩემთვის ის მუდამ დაკავებული და მოუცლელობის სინდრომით შეპყრობილი იყო. სამაგიეროდ დროს ნახულობდა ბევრი სხვა ისეთი რამისთვის, რასაც მე დაუფიქრებლად გადავდებდი მისი გულისთვის. ავდექი და ერთ საღამოს, როცა ტელეფონზე მომწერა რაღაც მოკითხვის მაგვარი, შევხვდი და თვალებში ჩავხედე, ვკითხე, გულწრფელად მითხარი, სურვილი რომ გქონდეს ჩემი ამბებით ოდნავ უფრო ხშირად დაინტერესების, 5 წუთი, ან თუნდაც 2 წუთი არ გაქვს ხოლმე ჩემთვის მეთქი. ისე განცვიფრდა ამ სიტყვების მერე, ისე შეიცხადა, ჩემში გეპარება ეჭვი და მაგიტომ მსაყვედურობო რომ ლამის მე ვიგრზენი თავი დამნაშავეთ, ჩემს კეთილის მყოფელს ასე გული რატომ ვატკინეთქო, მარა მერე მალე მოვედი აზრზე და გამეღიმა, მერე გამეცინა და მერე კი ლამის ხმამაღლა ვიხარხარე _ბოდიში, რომ ასეთი რამე გაკადრე, მეტი აღარასდროს გაკადრებს ასეთ რამეს_ ვუპასუხე.
- ხომ იცი, როცა კი დრო მაქვს, მუდამ შენზე ვფიქრობ, მუდამ შენ მახსენდები. ისეთი ცუდი დროა, იმდენი საქმე მაქვს სამსახურში, აქეთ მშობლები, იქით ყოფილი ცოლი... ცოტაც მაცალე... _აქ უკვე მეტი აღარ ვალაპარაკე და მივახალე, რომ უკვე  რვა თვე იყო ველოდი როდის მოიცლიდა ჩემთვის, როდის გამოიჩენდა ისეთივე სითბოს და ყურადღებას, როგორსაც ჩემგან იღებდა, მაგრამ ამაოდ. ავუხსენი რომ მეც მჭირდებოდა რაღაც, რაც გაცემულს ჩაანაცვლებდა, მეც მჭირდებოდა ვინმესთან მეწუწუნა დილის თავისტკივილზე, უფროსის უსამართლობაზე და ბოლოსდაბოლოს მოუცლელობაზე. გაოცებული მიყურებდა, თითქოს რაღაც უცნაურს ვაკეთებდი, უცნაუირს ვეუბნებოდი, თითქოს მოჩვენებას ან უცხოპლანეტიდან ჩამოსულს ხედავდა.
ასეთი გაოცებული დავტოვე და ისევე ამოვშალე  ტვინიდან და გულიდან, როგორც მისი მონაცემები ჩემი მობილური ტელეფონიდან...

ეხლა ახალი ცხოვრება მეწყება , სხვებისთვის მოუცლელი ნიღბით. უცებ გამახსენდა, როგორ მეტკინა გული, როცა დედის სამძიმარზე რამდენიმე ახლო მეგობარმა ტელეფონით მომისამძიმრა, მიზეზით რომ გვიანობამდე იყვნენ სამსახურში დასარჩენები. ამ ტყუილსაც მოკლე ფეხები ჰქონდა და იქნებ იმ მომენტში ჩემთვის უკეთესიც ყოფილიყო არ გამეგო სიმართლე, იქნებ უკეთ მეგრძნო თავი?!
ახლა კი არავის მივცემ უფლებას ვამპირივით მხოლოდ ჩემით იკვებოს, მეც მჭირდება რაღაცეები, მეც მჭირდება ხანდახან თავგანწირვა სხვებისგან და გულითადობა...

ცხელი შხაპი! გაახაროს ღმერთა მისი მომგონი! თითქოს დაღლილობა და ემოციები მიაქვს წყალს, ტრაპში, სადღაც შორს ჩემგან.
გასაუთოვებელ თეთრეულში ვწვები, არაუშავს, დღეს იყოს დაჭმუჭნული, ხვალ მაგასაც მივხედავ, ხვალ ხომ ახალი დღე იწყება, ახალი ხანა დგება, მოუცლელობის, ერთმანეთისთვის მოუცლელობის ხანა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ფრესკაული ვულოცავთ დაბადების დღეს