ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მე-კალ-მე
ჟანრი: პროზა
16 აპრილი, 2012


მირანდა

  მირანდა ერთი ჩვეულებრივი გოგონაა ჭორფლიანი ცხვირით, თხელი ტუჩებით,  უხეში, გრუზა თმით, უცნაური სხივით მუდმივად ანთებული თაფლისფერი თვალებით, რუჯისფერი...
  ჩვენ კლასელები ვართ. მე კარგად ვსწავლობ, ყველა სახელმძღვანელო მაქვს, ჩემი რვეული ყოველთვის ყველაზე ჭრელყდიანია ოცდაექვს საკონტროლო წერის რვეულს შორის... მე სამეჯლისო და ხალხური ცეკვების ჯგუფში დავდივარ, კიდევ პიანინოზე დაკვრას ვსწავლობ უკვე მეექვსე წელია და რეპეტიტორებთანაც დავდივარ; სკოლას რომ დავამთავრებ, სამედიცინოზე უნდა ჩავაბარო. დედას უნდა, ექიმი გავხდე მასავით.
  მირანდა ცუდად სწავლობს. ხშირად, როცა მასწავლებელი გაკვეთილის მოუმზადებლობის გამო ეჩხუბება, ის თავის გასამართლებლად ამბობს, რომ სახელმძღვანელო არ ჰქონდა, ან უფროსი ძმისგან მემკვიდრეობით მიღებულ სახელმძღვანელოში ის გვერდი იყო გამოხეული, რომელზეც გაკვეთილი ეწერა, ანაც დედამ პატარა დაიკო დაუტოვა და ვერ მოიცალა სასწავლად... კლასელები ამბობენ, რომ ის იტყუება... მეც მჯერა კლასელების.
  ჩვენი სკოლის წინ ნაყინს ყიდიან. მირანდა არასდროს ყიდულობს ნაყინს. ყელს მატკენსო ამბობს...
  მამამისი ველოსიპედით დადის ქუჩებში და ნაყინს ყიდის... და მე მგონია, რომ მირანდას ყელის ტკივილის არ ეშინია, უბრალოდ მამას იმდენი ნაყინი მოაქვს მისთვის საღამოობით, რომ უკვე მოჰბეზრდა.
  დაბადების დღეზე დედა ყოველთვის მიცხობს ორ უზარმაზარ ტორტს: ერთს სკოლაში წასაღებად, მეორეს კი - სახლისთვის.  ფერადი სანთლების ჩაქრობაში ყოველთვის მეხმარებიან კლასელები ... მირანდაც.
  მირანდას დედას არასდროს მოაქვს სკოლაში ტორტი, არც სანთლების ჩაქრობაში ვეხმარებით... მიკვირს, როგორ აქრობს იმდენ სანთელს მარტო...  კლასელები ამბობენ, მას შვიდი და-ძმა ჰყავს და ალბათ, ისინი ეხმარებიანო სანთლების ჩაქრობაში...
 

  სკოლა დავამთავრეთ.
  მე ბებიის ნაქონი ბრილიანტის საყურე მაჩუქა დედამ... მირანდასაც გაუკეთა დედამ საჩუქარი - პატარა დაიკო. ეს რა საჩუქარია მეთქი, გავიფიქრე...
  საყურე მალევე მომბეზრდა, მირანდა კი ისევ გატაცებით საუბრობს იმაზე, თუ რა სასაცილოდ იშორებს პაწუკა თავზე დამაგრებულ კიკინას მისი დაიკო...
  მე და დედამ ინტერნეტში შევარჩიეთ საბანკეტო კაბა, თმა სალონში გავიკეთე, მაკიაჟიც...
  მირანდა შარვლით მოვიდა ბანკეტზე. საბანკეტო კაბა ჩემს დას დაეწვაო შემთხვევით, დაუთოვებისას... იტყუებაო კლასელებმა...


  მირანდას მამა გარდაეცვალა. ამბობენ, მუშაობის დროს მოულოდნელად ცხვირიდან სისხლი წასკდაო...  მთელი დღე მზეზე ყოფნის შედეგიაო, ალბათ...
  ცხრა და-ძმა ტიროდა ცხარე ცრემლით მიცვალებულის სასახლესთან, ეფერებოდნენ, ეხუტებოდნენ, აწყნარებდნენ ერთმანეთს...

  ჩემი მშობლები ავარიაში მოჰყვნენ, როცა ერთ-ერთი ზამთრის კურორტიდან ბრუნდებოდნენ. მე არ ვიყავი მათთან ერთად - პრაქტიკას გავდიოდი საავადმყოფოში... ორივე გარდაიცვალა.
  სახლი გაივსო :  ნათესავები, მეგობრები, თანამშრომლები... იმაზე ბევრად მეტი ხალხია, ვიდრე მირანდას მამის დაკრძალვაზე. ყველა მეფერება, მკოცნის, მეხუტება...
  ღამეა... უზარმაზარი სახლის სიცარიელისგან აკანკალებული ვიკუნტები ლოგინში, ვტირი უსუსურობისგან... მერე უნებურად საკუთარ მუცელს ვუწყებ ფერებას და...
  წლების შემდეგ  მე აუცილებლად მეყოლება პატარა მირანდა, რომელსაც აუცილებლად ვაჩუქებ რვა და-ძმას...
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები