ნაწარმოებები



ავტორი: აზგო
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
30 აპრილი, 2012


თანამედროვე წიგნების მნიშვნელობა

თანამედროვე  წიგნების მნიშვნელობა
სიტყვამ მოიტანა და აქ ერთ ადამიანს შევეკითხე, თუ კითხულობ თანამედროვე წიგნებს მეთქი?
სრულიად მოულოდნელად, არა მარტო მისგან, არამედ კიდევ რამდენიმე ადამიანისგან, ამ შეკითხვას ძალიან ნერვიული რეაქცია მოჰყვა!
გასაკვირია არა, როცა  წიგნის ხსენება ამ პორტალზე შეურაცხყოფად აღიქმება.
მაგრამ სულ მალე გაკვირვებამ გამიარა და მივხვდი რაშიცაა საქმე: ეს ხალხი ეტყობა არ კითხულობს წიგნებს, ანუ უბრალოდ რომ ვთქვათ, უწიგნურია.
უწიგნურობაში ვგულისხმობ რომ ისინი არ კითხულობენ ან თითქმის არ კითხულობენ თანამედროვე ლიტერატურას (ამაზე იყო საუბარი თავიდან).
მხედველობაში მაქვს წიგნები, რომლებიც მსოფლიო ბესთსელერთა უახლესი სიის სათავეში არიან.
სადმე სხვაგან რომ არ კითხულობდნენ ასეთ ნაწარმოებებეს, კი ბატონო, მაგრამ პორტალზე, სადაც თავმოყრილია ხალხი, რომელიც მწერლობაზე აცხადებს პრეტენზიას, ეს,მგონი, უაზრობაა.
იმიტომ რომ თუ შენი თანამედროვეობის ყველაზე წარმატებული წიგნები არ იკითხე, მაშინ საიდან გეცოდინება როგორ იწერება ისინი დღეს?
მწერალი ხომ პირველ რიგში უნდა წვდებოდეს თავის ეპოქას, გრძნობდეს თავის დროს! სხვანაირად იგი ვერ ხედავს რა ხდება მის გარშემო. ანუ ბრმაა, და ბრმამ რა უნდა შექმნას?
ამბობენ კლასიკოსებს ვკითხულობთ და ის გვყოფნისო. ეს იგივეა რომ თქვა, ბუნების კანონების ცოდნისთვის ნიუტონის კლასიკური ფიზიკაც მეყოფაო.
კი მაგრამ ამ კაცის მერე ხომ მეცნიერება წინ წავიდა და დღეს მისი ფიზიკა საკმარისი აღარაა.  თანაც არა სადღაც კოსმოსში და დაკარგულში, არამედ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
მაგალითად ის „ჯი-პი-ეს“-ები, მანქანებში რომ გვიყენია, ისინი რომ არ ითვალისწინებდნენ დროის შენელების ფაქტს, ჩვენ ამ ხელსაწყოს შემხედვარე პირველივე ბოძს ან კედელს მივასკდებოდით!
ხოლო ნიუტონის ეპოქაში და კაი ხანს მერეც, ვინ  წარმოიდგენდა რომ დროის შენელებაა შესაძლებელი!
და ლიტერატურას ვითომ რატომ არ ეხება ეს ყველაფერი?
თუმცა ცხადია, ისევე როგორც დღევანდელ მეცნიერებას ვერ გაუგებ თუ არ იცი რა იყო წარსულში, ისევე არ შეიძლება დღეს რამე დაწერო, თუ არ იცი რაა შექმნილი შენამდე.
მოკლედ, კლასიკის ცოდნა რა თქმა უნდა აუცილებელია, მაგრამ მარტო მისი იმედით თუ ხარ, მაშინ შენს დროს ჩამორჩები, და ვინც დროს ჩამორჩება იმას რა ემართება, ქე იცით. ცხოვრებასთან შეჯიბრს აგებს.
სამწუხაროდ ამჟამად საუბარი შეიძლება მხოლოდ უცხოური ბესთსელერებზე*, რადგან ქართულები არ არსებობს.
უკანასკნელი ქართული ბესთსელერი იყო „დათა თუთაშხია“, მეტი მე არ ვიცი.
ერთი ვარ წიგნის მაღაზიაში და ვხედავ დევს თაროზე უშველებელი ტომი სახელად „სანტა ესპერანსა“, ავტორი აკა მორჩილაძე.
ბიჯოს, ვიფიქრე, ამ კაცს ხშირად აჩვენებენ ტელევიზორში და მოდი ვნახავ, იქნება მართლა კარგად წერს მეთქი.
გადავშალე და პირველივე აბზაცში დავინახე უხეში სამწერლო შეცდომა. იმწუთას მივხვდი რომ ესაა უვარგისი წიგნი. მაინც, ყოველი შემთხვევისთვის კიდევ გადავხედე რამდენიმე აბზაცს. არ ვარგოდა. სხვა წიგნები უარესი.
შეიძლება იკითხოთ, რამდენიმე აბზაცით როგორ ხვდები რომ წიგნი არ ვარგაო? გეტყვით: ისევე როგორც ერთი ყლუპით ვხვდები, ღვინო კარგია თუ უკვე აძმარდა. ამისთვის ბოთლის მთლიანად დალევა არ მჭირდება. იმიტომ რომ ნამდვილი ღვინის გემო კარგად ვიცი.
ჰოდა რატომ ვიყიდო მაგისთანა წიგნი? მარტო ფულზე ხომ არაა, წიგნის კითხვა დროის ხარჯსაც მოითხოვს! მერე სადა აქვს ცხოვრებას იმხელა სიგრძე, რომ მე მისი დრო რაღაც უვარგისობებში ვანიავო!
მასეთი წიგნი იკითხოს მისმა დამწერმა. თუმცა მეტი არც კითხულობს არავინ და ამიტომაც არაა ჩვენში ბესთსელერები!
ხოლო თუ ჩვენი არ გვაქვს და სხვისი არ მოვინდომეთ, მაშინ მართლაც უწიგნურები ვიქნებით.
უწიგნურმა კი შეიძლება მხოლოდ ისეთი ტექსტები წეროს, რომელსაც ნაცნობთა ვიწრო წრე (50- 100კაცი, ანუ ერთ კაი ქორწილზე ნაკლები ხალხი) შეუქებს და აქედან ნახევარი იმ იმედით, რომ მერე ესეც შემიქებს ჩემს ნაწერსო!
მაგრამ ასეთ ვიწრო სივრცეში გამოკეტვით არაფერი არ გამოვა.ტყუილად კი არ თქვა ბეთჰოვენმა: „პროვინციალიზმი ნებისმიერი ხელოვნების სიკვდილიაო“!
ასეთივე პროვინციალიზმია ერთი, თუნდაც ძალიან თანამედროვე, ავტორით შემოფარგვლა.
ცხოვრება ხომ მრავალფეროვანია და ყველა მწერალს თავისი იდეები, ხერხები, სტილი და ტექნიკა აქვს. ამ ყველაფრის „აზრზე ყოფნის“ გარეშე როგორ გამოიმუშავებ საკუთარ, თანამედროვეობის შესაფერის, იდეებს და სტილს?
ამისათვის აუცილებლად უნდა იყო საქმის კურსში და იცოდე რა ხდება „წინა ხაზზე“. ანუ როგორ იწერება „ყველაზე-ყველაზე“ ბესთსელერები!
მაგრამ ამის საპირისპირო აზრიც არსებობს, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ დღევანდელი გახმაურებული ბესთსელერები დაბალი დონის ბულვარული ლიტერატურააო და არაფერ მხატვრულს არ შეიცავსო.
კი კაცო, მოუჭიროს ხელი თავის ნათქვამს, ვინც მაგას ამბობს!
აბა რატომ კითხულობს მაშინ ამ ტექსტებს ასეულ მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში? რა, ყველა ეს ხალხი, თანაც ისინი, ვისაც წიგნის კითხვა უყვარს, სულელია? არა რა თქმა უნდა!
სულელია ის ვინც სადღაც ერთ ადგილზე გაჩერდა და იქვე ჩახავსდა, მაგრამ თავი მაინც დიდი ლიტ. ექსპერტი ჰგონია. ასეთი „ექსპერტები“ ვერასდროს ვერ ხედავენ და ვერ ეგუებიან ახალს.
სამაგიეროდ მკითხველი ძალიან კარგად გრძნობს სიახლეს და ითავისებს მას.
ამის ერთი ნათელი მაგალითია ედგარ რ. ბეროუზი. რომელმაც 1912 წელს(ზუსტად ასი წლის უკან!) დაწერა „მარსის პრინცესა“ და „ტარზანი“. მაშინაც ამ ადამიანს, მიუხედავად მკითხველთა შორის უზარმაზარი წარმატებისა, ბულვარულიო და იაფფასიანიო და მდარეო და რა არ უძახეს!
მარა მომდევნო ასი წლის განმავლობაში გამოირკვა, რომ მან უდიდესი გავლენა მოხდინა კერძოდ ფანტასტიკური ლიტერატურის განვითარებაზე. ხოლო ახლახანს ჰოლივუდმა 250 000 000 დოლარის ბიუჯეტიანი ფილმი გადაიღო („ჯონ კარტერი“) მისი წიგნის მიხედვით.
ჰოდა სად არიან ამასობაში ის ლიტერატურული ტრადიციების დამცველნი, რომლებიც მას ლანძღავდნენ? სად და სადაც მათი ადგილია - სადღაც საიქიოს სანაგვეში, და მათი სახელიც არავის ახსოვს.
შეიძლება აქ ადამიანი დაეჭვდეს, რა აზრი აქვს ჩემთვის იმ წიგნების კითხვას, მე ხომ ამ მსოფლიოში ცნობილი ბესთსელერების ავტორებს ვერ შევეჯიბრებიო?
საქმეც მაგაშია! არავინ არავის არ ეჯიბრება! ეს არაა ფეხბურთი ან ავტორბოლა! ჩვენ ყველანი ვეჯიბრებით მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს საკუთარ „წერ-კითხვის უცოდინარობას“!
არცერთი მწერალი და არცერთი წიგნი არაა ერთმანეთის კონკურენტი. ისევე, მაგალითად, როგორც არცერთი სიმფონია არ ეჯიბრება სხვა სიმფონიებს. თუ კაია, ყველა სასურველია.
ხელოვნება საერთოდ ისეთი „ადგილია“, სადაც ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავს ეჯიბრება, მეტს არავის.
რა თქმა უნდა ყველაფერი ეს ეხება მხოლოდ იმას, ვისი ამბიციაც სცილდება პორტალების და კონკურსების ფარგლებს და აქვს იმის პრეტენზია, რომ შექმნას რაღაცა ისეთი, რაც თავისი მხატვრული დონით, ან პოპულარობით, ან ორივეთი ერთად, მსოფლიოს სუკეთესო ნიმუშებს შეედრება.
ცხადია, რადგან ასეთ რამეს ვამბობ, ესე იგი მეც მინდა ყველაფერი ეს, მაგრამ ცოდვა რომ გავამხილო, ჩემთვის ეს გზა ძალიან გრძელი გამოდგა და მისი ბოლო ჯერ კიდევ სქელი ბურუსითაა დაფარული. მაგრამ მე ბევრჯერ დავრწმუნდი ცხოვრებაში, რომ მთავარია არ დანებდე!
ჰოდა, რომ აღარ გავაგრძელო, ვკითხულობთ იმ წიგნებს, რომლებიც საუკეთესოთა სიის სათავეში არიან? თუ ბოდიში და ისე ხომ არ გამოვგდის, ერთი ანეკდოტის გმირი რომ ამბობს, „მე მწერალი ვარ, მკითხველი არ ვარო“?
მე ჩემი ბოლო 2-3 თვის „რეპერტუარი“ უკვე გამოვამზევრე, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის გავიმეორებ იმ პოსტს:
1. სუზენ კოლინზი "შიმშილის თამაშები"(Hunger Games) გამოცემულია 2008 წელს.
2. მაიკლ ქრაითონი "შემდეგი" (Next). 2006 წელი.
3. სტივენ ბექსთერი "წყალდიდობა"( Flood). 2008 წელი.
4. ვკითხულობ : სტივენ ჰოქინგი "დიადი  ქმნილება"(The Grand Design) 2010 წელი. ეს არამხატვრულია.
ამათ გარდა შიგადაშიგ „მოძველოებსაც“  და „საშუალოებსაც“ ვკითხულობ. მაგ.: ეკო, სარამაგო, მურაკამი... „პროცესი“ ხომ უწყვეტია.
მოკლედ, კარგი იქნებოდა რომ „გამოხვიდოდეთ სიტყვაში“ და ჩვენს ლიტერატურულ  „კოორდინატებს“ შევაჯერებდეთ. შეიძლება სასარგებლო გამოდგეს. ყოველ შემთხვევაში ვერ დაგვაზიანებს. რა ზარალი მომადგა მე იმით, რომ „ჩემი“ წიგნების სია გამოვიტანე?
ხოლო თუ ისე გამოვიდა რომ „მოწინავე“ წიგნებს აქ არვინ არ კითხულობს, მაშინ ცოტა მიყრუებული ადგილი ხომ არ გამოდის ეს პორტალი, და საერთოდ სხვა ქართული ი-ნეტ ლიტ. გვერდებიც? (როგორც მე მივხვდი, ყველგან მეტნაკლებად ერთიდაიგივენი ვართ).


* ეს „ბესთსელერობანას“ ამბავი რომ განვმარტო, მოგახსენებთ რომ, მაგალითად, აშშ-ში ასეთად ითვლება წიგნი, რომელიც იყიდება 4000-დან 25000 ცალამდე ერთ კვირაში.
როგორ უნდა „გადაანგარიშდეს“ ეს რიცხვი საქართველოზე, მე არ ვიცი.  თუმცა ვფიქრობ ყოველგვარი „გამოთვლა“ უბრალოდ სპეკულაცია იქნება და ეს რიცხვები მხოლოდ პრაქტიკიდან შეიძლება დადგინდეს. როცა ისევ გამოჩნდება, მაგალითად, „თეთრი ბაირაღების“ მსგავსი  ბესთსელერები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები