ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეკლე ბატონიშვილი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
4 მაისი, 2012


"მე ახლა ნასესხებ ცხოვრებას გავდივარ...~ მიხო მოსულიშვილი

სიცივე. გადათეთრებული ქალაქი. ტროტუარებზე – სქელი ყინულის მასა, ალაგ-ალაგ _ მყიფე. თბილისში ასეთი ყინვა არც მახსოვს.
მიდიან, ეცემიან, დგებიან. ისევ ეცემიან.
უცნაური შეგრძნებაა, მიცურავ, ჯერ ფრთხილად, მერე უფრო თამამად.
ალუზია – ბავშვობა. ბარდნის. ბარდნის. ბარდნის.
ტყდება ყინული. ბათინკებში ყინულის ნავები შედიან. გამოდიან.პორტი.
თბილა.სიკვდილი არაფერია, როცა ადამიანებს უყვარხარ. ამეკვიატა.
ყავა. როგორ მომწონს მაკა. ისევ თბილა. არ მეჩქარება.
გარეთ თოვს...


ის ჩემი პირველი წიგნის რედაქტორია.არა, ეს ისე, ზოგადი წარმოდგენისთვის, ისე კი – ის ჩემი მეგობარია. არ მითქვამს, მეგობრობა როგორ მესმის?.. დაახლოებით ისე, როგორც ამ მინიატურაში. როცა გთბილა, როცა ენდობი. როცა ჩაის ფინჯანში ჩაგდებული ლიმონიდან მზე იყურება.სტუმრად მიხო მოსულიშვილთან:


–აბა, როგორ ხარ, კატო?.. ამასწინათ, შენ „ჭუპრს“ მოვკარი მაღაზიაში თვალი  და გამიხარდა _ დაფრთიანებულა-მეთქი, ვიფიქრე... ხომ იცი, მე სხვა რედაქტორებთან შედარებით, დიდი უპირატესობით ვსარგებლობ, პირველი წიგნი ხომ ადამიანს არასდროს ავიწყდება... ძალიან ჯიუტი კი იყავი ისე, თავისნათქვამა, შენთან მუშაობას მაგარი ნერვები უნდა.

–ისევ ისეთი ვარ, მიხო, ჯიუტი და პრინციპული. მართალი ხარ, პირველი წიგნი მაინც სხვაა. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ცხოვრებაშიც და პოეზიაშიც, მაინც ყველაზე თბილად მახსენდება. პირველი რედაქტორიც სხვა ყოფილა, თურმე. ისე კი, “ჭუპრის” შემდეგ წერა მიჭირს. ძალიან  მნიშვნელოვანი ეტაპი დაასრულა ამ წიგნმა ჩემში.  მეტს ვფიქრობ. ნაკლებს ვწერ. და ისევ ციცაბოები და ქარაფები.

–უფსკრულის გარეშე შენი პოეზია ვერც იარსებებს. ისე, თუ უფსკრულში არ ჩავარდი და ცხვირ-პირი არ დაიმტვრიე, მწვერვალზე ვერაფრით ახვალ. შემოქმედს ისევე ქმნის პაუზები, როგორც თავად შემოქმედება. რადგან კრიზისული პერიოდი თავისთავად განსაზღვრავს დასაწერი ნაწარმოების ვარგისიანობას. აი, გაკეთებული ლექსები, მაგალითად, რომლებითაც გადავსებულია წიგნის მაღაზიები თუ ჟურნალ-გაზეთები, ხომ ეტყობათ? მაგრამ ნამდვილი ლექსიც ხომ თვითონვე გაგრძნობინებს თავს, არა?

–რა თქმა უნდა. ასეთ ტექსტს ისევ თეთრი ფურცელი სჯობს.  გაკეთებული ლექსებიო, ახსენე და, ლექსები კი არა, ტექსტს ამოფარებული ავტორიც რამდენია... ხანდახან, როცა წიგნი სცდება ავტორს, იმასაც კი ვფიქრობ, - ნეტა, საერთოდ, არ მცნობოდა-მეთქი..

–ანუ, თვითონ უნდა ისეთი იყოს, როგორადაც პერსონაჟი გამოყავს. აი, ამიტომ მიყვარს მთის პოეზია. სულ მგონია, რომ ეს ყველაფერი ერთი კაცის დაწერილია, გეგონება ერთმა პოეტმა დაწერა. ზემოდან მოსული პოეზიაა, სულ რომ ნაპერწკლებს ისვრის, ისეთი.

–ყველა პოეტი ცდილობს თავისი გზით წავიდეს, რაღაცები არ გაიმეოროს, ან გაიმეოროს, ოღონდ ისე, რომ საკუთარი ჩადოს შიგნით. ვის რა,  და როგორ გამოსდის, ეგ უკვე სხვა საქმეა.

–ვაჟამ აიღო ხალხური პოეზია, შიგნით მოაქცია თავისი უზარმაზარი სათქმელი, და  სიუჟეტის აგება დაიწყო. გამოეხმაურა სოფოკლეს, ევრიპიდეს და ესქილეს, მითოლოგია  ზევით ამოიტანა და ქვაზე დადო. გაუგონარ სიმაღლემდე ავიდა. სამშობლოს ვეძახი მე ვაჟას, იმიტომ რომ ყველა მისი სიტყვა ამითაა გაჟღენთილი. ვაჟას პოეზიას გაგრძელება აღარ მოჰყოლია. მიხეილ ჯავახიშვილი ამბობდა: “დიდი ხელოვანის, ვაჟა-ფშაველას... `ჩაფიქრებულა მინდია, ყალივანი სჩრავ პირშია~, _ საუკუნეებს გაუძლებს, მაგრამ სალიტერატურო ენაში ვერ შემოვა”. მე მაინც მგონია, რომ ქართული ლიტერატურა ისევ ელოდება იმ სიდიდის პოეტს, როგორიც ვაჟა იყო. როგორც გალაკტიონმა გააგრძელა აკაკი, ისე უნდა გაგრძელდეს ვაჟაც.

–ასე არ ვფიქრობ. ჩემი აზრით, ვაჟამ ყველაფერი ამოწურა. მთის პოეზია წრეზე სიარულს ჰგავს, ისედაც. განვითარება მასში ნაკლებია. სწორედ ამიტომ გგონია ერთი ავტორის დაწერილი ყველა ლექსი. ვაჟამ საზღვრები წაშალა, მთის ენით მთელი კაცობრიობის სათქმელი გითხრა. ამის გაგრძელება კი ძალიან ძნელია.

–დიდი ლოდი დადო ვაჟამ, დახლოებით ის გააკეთა, რაც რობერტ ბერნსმა ინგლისურ პოეზიაში.  ძველი ბერძენი დრამატურგები რომ დაუმატო ბერნსის და კიპლინგის ნიჭს _ ვაჟაა. ვაჟა ლიტერატურაში ორ ავტორიტეტს აღიარებდა, მეტს არავის _ რუსთაველს და გურამიშვილს.

–გურამიშვილი ჩემთვისაც ავტორიტეტია. ქართლურ-კახური დიალექტი, ამას დამატებული გლობალური აზროვნება და უდიდესი სათქმელი. და სულ ახალი მოტივები, რომლითაც ძალიან დიდხანს იკვებებოდა ქართული ლიტერატურა... და მის საუკეთესო გამოვლინებებში არაფრით ჩანს, რომ ეს რუსეთის იმპერიაში მყოფი ხალხის ლიტერატურაა, ჩვენმა მწერლებმა იცოდნენ, რომ ყველა იმპერია დაინგრევა ბოლოს

.–იცოდნენ, კი. ყველა იმპერია დაინგრევა აუცილებლად და ყოველმიზეზგარეშე. ამ ბოლო, 2008 წლის ომამადე, - მაშინ, როცა რუს მწერლებთან ჯერ კიდევ მქონდა ინტერნეტიდან ურთიერთობა, ბევრი მათგანი ფიქრობდა, რომ იმპერია პროგრესული მოვლენაა და იმპერიაში ყოფნა ხალხისთვის ძალიან კარგია. უცნაური შეხედულებაა, არა? მაგრამ მაინც, არის ამაში ერთგვარი ლოგიკა, თუ ის დაპყრობილი ხალხი განუვითარებელია ჯერ, და თავის ძროხებთან ერთად სძინავს... მაგრამ საქართველოს შემთხვევაში, როცა ეს ქვეყანა თავისი კულტურული განვითარებით არაფრით ჩამოუვარდება და წინაც ასწრებს დამპყრობელს - დიდი უბედურებაა იმპერიის სუბიექტად ყოფნა. საქართველო თავისუფალი უნდა იყოს და როგორც ილიამ ათქმევინა მოხევე ლელთ ღუნიას - ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნეს! მანამდელი ჩანაწერიც არსებობს ჩვენს მატიანეში - “არავის ვეყმოთ, არცა ვემონოთ, გარეშე ღვთისა დამბადებლისა”.  და თუ საჭირო შეიქმნა, შენი სამშობლოს თავისუფლებისთვის თავიც უნდა გაწირო კაცმა... და რა სჯობია, საკუთარ საწოლში უსახელოდ სიკვდილი თუ ბრძოლის ველზე დაცემა?

–ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ პასუხობ დროს. რა გაქვს სათქმელი, რისი გეშინია, რას ეუბნები, რისი გრცხვენია; რას, უბრალოდ, არ ამბობ. ამასწინათ ამბობდნენ, რომ იდენტობა არ არის საჭირო, მწერალი უნდა იყოს გლობალისტი და არ ჰქონდეს იდენტობა. ჩემთვის ეს წარმოუდგენელია. ის, რომ მე ვმეტყველებ ამ ენაზე და ჩემი ტექსტებიც ამ ენაზევე დაიწერა _ უკვე იდენტობაა, რომელსაც ვერსად გაექცევი. თავის მოტყუებაა ყველაფერი. თუ ჩემი პერსონაჟი არის გოგია, ვერასდროს გახდება ფრანსუა, და თუ გახდა “ფრანსუა” _ ის მაინც დარჩება გოგიად... მაგრამ მოდი, ლიტერატურას შევეშვათ და მომიყევი შენს ბავშვობაზე, როგორ, საიდან, რატომ მოდიხარ. ვინ არის მიხო მოსულიშვილი?

–ეგრე იყოს. ბავშვობას ხომ ძალიან დიდი ადგილი უკავია შემოქმედის აზროვნებაში. ჩემმა ბავშვობამ გურჯაანის რაიონში – სოფელ არაშენდაში გაიარა. იქ ჩამოდის მდინარე ლაკბე, რომელსაც ტრასამდე ჰქვია ეს სახელი, იმის იქით კი - ოლე. ეს ადგილი ანდრონიკაშვილების სათავადო ყოფილა. ჩემი წინაპარიც ანდრონიკაშვილს გადმოუყვანია, რადგან, თურმე, თიხაზე მუშაობა სცოდნია და ჯამებს, ფიალებს, დოქებს შესანიშნავად ამზადებდა. ისე კი, მოსულიშვილები ქიზიყიდან ვართ. დედაჩემი გვარად ვარაზაშვილია. ვარაზა შალიკაშვილიდან მოდის ეს გვარი. თქმულებაა ეგეთი, რომ ვარაზა შალიკაშვილს მოსაკლავად დასდევდნენ, მერე გვარი შეუცვლია და ვარაზაშვილი გამხდარა... კითხვა დედამ შემაყვარა. მამაჩემს ნადირობა უყვარდა ძალიან, ბუნებასთან ახლოს იყო და არის ახლაც; და სახლში დაღლილი რომ მოვიდოდა ხოლმე, გადმოაღებინებდა  დედას ვაჟას და აკითხებდა. ისევ ყურში მიდგას დედის ხმით წაკითხული ვაჟა. ჩემთვის ეს ყველაფერი ზამთრის დიდთოვლიან საღამოებთან იგივდებოდა. სადაც წიგნი გადაიშლებოდა, იქიდანვე იწყებოდა კითხვა. ვაჟაზე წიგნი რომ დაიბეჭდა და ჩავიტანე სოფელში, მამამ დედა აღარ დასვა საკითხავად, სათვალე მომიტანეო – უთხრა... ზაფხულს სულ სხვა გემო ჰქონდა– ტყეები მინდვრები, ღელეები, ნადირობა, თევზაობა და ბევრი სილაღე.

–რამდენიმე წლის წინ მითხარი, მინდა ასეთი კონკურსი დავაარსო  – „ჩემი მდინარე“, წაგიყვანოთ ჩემ სოფელში და მდინარეზე გაწერინოთო. ყველა ადამიანს ხომ ჩვენ–ჩვენი მდინარე გვაქვს. მდინარეც, განა რაა? ცხოვრების გზა, რომელსაც დინების საწინააღმდეგოდ კი გვინდა ავუყვეთ, მაგრამ მაინც თავის ჭკუაზე მივყავართ.

–ზუსტად ეგ ადგილია, კატო, კარგად დაგიმახსოვრებია. ეს მდინარე ცივგომბორის ქედიდან, დაახლოებით 1200 მეტრის სიმაღლიდან მოდის. დაახლოებით, თიანეთის დონეზე. გარშემო სულ ტყეა. მახსოვს იმ ტეებში სიარული, სოკოს შეგროვება, შემოდგომობით შინდის კრეფა, პანტა, მაჟალო... იქ არის ჩამოვარდნილი დიდი მეტეორიტი, რომელიც გადახლეჩილია და შუაში ჩამოდის წყარო. ნეტა კი მოხერხებულიყო მაგ კონსკურსის ჩატარება...

–სულ მიკვირს ხოლმე, ასეთ გარემოში გაზრდილი ადამიანები, როგორ ადაპტირდებიან მერე ქალაქში. როგორ ეგუებიან ამ ქაოუტურ და ძალიან დამღლელ რიტმს, რუტინას. და რაო, ქალაქმა?

–რაო და, ჯერ გეპეიში ვსწავლობდი, მერე გამოვიტანე საბუთები და თეატრალურში შევიტანე, სარეჟისოროზე, სადაც რა თქმა უნდა, ვერ მოვხვდი. მერე აღმოვჩნდი გეოლოგიურზე. უნივერსიტეტმა ძალიან ბევრი მომცა. იცი, როგორი დრო იყო?.. ერთი ღამით ვთხოულობდით წიგნებს, მერე ვიკრიბებოდით, ვმსჯელობდით, ვკამათობდით. მყავდა ასეთი მეგობარი - ზაზა ლეკიშვილი, რომელიც ახლა ცოცხალი აღარაა, შევიკრიბებოდით ხოლმე ზაზასთან, ორთაჭალაში, ვუსმენდით მუსიკას, ვათვალიერებდით ბოსხის ნახატებს, ვმსჯელობდით ლიტერატურაზე. ერთი ჭიქა ჩაი გყოფნის ზოგჯერ ადამიანს, რომ ღამე გაათიო. გეოლოგიის გარდა, იყო მეორე ფალულტეტი - კინოდრამატურგია, სადაც დათო აგიაშვილი, ტატა თვალჭრელიძე და ერლომ ახვლედიანი მასწავლიდა. სულ სხვანაირ ლიტერატურას ქმნის ეს ადამიანი და სათანადოდ დაფასებული ჯერ კიდევ არ არის... კატო, ამასწინათაც თქვი შენ ეს, და ქალაქმა რა დააშავა? ამ ქალაქს ხომ უამრავი კარგიც აქვს ყველაფერთან ერთად.

–როგორ მიყვარს ასეთი შეკრებები – დროის შეგრძნებას რომ კარგავ და ზუსტად იცი, ისე გაიგებენ შენს ნათქვამს, როგორადაც ჩაიფიქრე. ადამიანს აუდიტორია კი არა, გარემოცვა სჭირდება. სხვანაირად ვაკუუმში ჩავარდება და მოკვდება. რაც შეეხება ქალაქს, იცი როგორ მიყვარს ეს ქალაქი? – ზედმეტადაც, კი. უბრალოდ ხშირად მაბრაზებს. მე კიდევ – ვებუტები. ისეთი პროფესია გქონია შენ, ალბათ, ექსპედიციებში რამდენ რამეს ნახავდი, მიხო, განსაკუთრებით კი, ენობრივ თავისებურებებს, ბუნებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

–მთა და ის ენა, რა ენითაც მთაში ლაპარაკობენ, ჩემთვის ძველ საქართველოსთან მიახლოვება იყო – რაც რაჭამ, ფშავმა, ხევსურეთმა, თუშეთმა კარგად შემოგვინახა. სულხან-საბას მთელი ლექსიკონი მაქვს გადაწერილი სტუდენტობისას. უნივერსიტეტის სულ ბოლო სართულზე იყო ბიბლიოთეკა, ავიდოდი ხოლმე და სიტყვა რომ მეგრძნო, ვიწერდი. მთაში უცხო სიტყვას თუ მოვკრავდი ყურს, და მერე  უკან დაბრუნებული ამ ლექსიკონში ვიპოვნიდი – ბედნიერი ვიყავი. მთა მარტო მეფის განძეულს კი არ ინახავდა, ის ენაც შემოგვინახა, რომლითაც მეხუთე საუკუნის საქართველო ლაპარაკობდა. რომანს ვწერ, თუ როგორ შეიქმნა რაინდების ჯგუფი, რომელსაც განძეული მთაში გადაჰქონდა. ამათ ფუსტი რაინდები ერქვათ. ფუსტი კიდე - ბატონს ნიშნავს... დავმჯდარვარ და მიყურებია, როგორ დღვებენ ფშაველი ქალები კარაქს. წარმოიდგინე, გამოჭრილი მორი, ამ მორში ჩასხმულია რძე, ჩამოკიდებულია ორი თოკით, ამ თოკს ფეხით და ხელით აქანებენ, ოღონდ ეს აუცილებლად რიტმულად უნდა გაკეთდეს, თორემ არაფერი გამოვა... ისე, კატო, შენ რას იტყვი, წინ წავიდა ადამიანი თუ უკან? როგორი გახდა ცხოვრება? აი, მე სულ მგონია, რომ ადამიანი არ შეცვლილა და რაც ადრე იყო, ისეთია ზუსტად.

–ბედნიერი კაცი ხარ, თუ ასე ფიქრობ. ცხოვრება კიდევ კი არ გადაფასდა, გაუფასურდა. გაუფასურებაში სიკვდილ–სიცოცხლის თემას კი არა, სასიცოცხლო ღირებულებების დაკარგვას ვგულისხმობ. მგონი, ადამიანმა აღარ იცის, რატომ უნდა იცოცხლოს... ისე კი, რაც შეეხება კონკრეტულ საგანთან დამოკიდებულებას, დროთა განმავლობაში ნამდვილად იცვლება. აი, ეს ჭიქა მაგალითად, 20 წლისას  – წითელი მეგონა, ოცდახუთისამ პირველი ბზარი შევამჩნიე და ბზარის ადგილი გაბაცდა, ოცდაათისამ კი, აღმოვაჩინე რომ ზოლებიანი ყოფილა. 


–დამოკიდებულებები იცვლება. ძალიან მიყვარდა ნიცშე სტუდენტობისას. მერე მივხვდი – ეს იყო ჩემი აგრესია იმ საზოგადოების მიმართ, რომელიც ნიცშეს არ მაკითხებდა. ადამიანს დაჩაგრულის დაცვის სურვილი აქვს ხოლმე. როგორ გგონია, სინდისი საიდან გვაქვს? დაინახე რომ ფული გდია, იცი, იქ შენი მეგობრები იყვნენ და ვიღაცას დარჩა, შეგიძლია აიღო, ჯიბეში ჩაიდო და გამოიყენო, და შეგიძლია თქვა, ფული ვიპოვნე და რომელმა დაკარგეთო. და ამას რომ იკითხავ, ესე იგი, სინდისი გაქვს. სინდისი კიდევ, - ალბათ, ღმერთია. ბოლო დროს ძალიან ხშირად ვფიქრობ იმაზე, რა იქნება მაშინ, როცა აღარ ვიქნებით...

–ვერ ვარ ეგეთი მორწმუნე, ყოველ კვირას წირვაზე ვიარო. ეს შეიძლება ძალიან ცუდიცაა. არ ვიცი, ალბათ, ამის კომპენსირებას შინაგანი მექანიზმი აკეთებს, და ამას ღირსება ჰქვია. ალბათ, ეგ არის კიდეც ღმერთი.. რაღაცაზე უარს რომ გათქმევინებს, სადღაც არ გაგიშვებს, დაგიშლის. დაგსჯის.

–ეგეცაა. შენ ის შიგნით გყავს, საკუთარი თავის მსაჯული. და ისიც, რომ ღმერთმა შენ რაღაც ნიჭი მოგცა, შემთხვევითი არაა... ჯემალ ქარჩხაძე მეუბნებოდა, როცა შენ იქ წახვალ და გეტყვიან, - აი, ჩვენ მოგეცით წერის ნიჭი, შენ კი ციროზით მოკვდი, რაში გამოიყენე და დახარჯე ის მადლიო, -რას უპასუხებ?.. არ გეგონოს, რომ ჩვენ ვწერდეთ რაიმეს. ღმერთს, უბრალოდ, რაღაცის თქმა უნდოდა ჩვენი საშუალებით. შენ იმისი ერთ-ერთი ინსტრუმენტი ხარ ანდა ჭურჭელი, სიტყვის მატარებელი ჭურჭელი...

–შინაგანად, ალბათ, ყველა ადამიანს სჯერა ამის. ბოლო-ბოლო ნიცშემ აღიარა დამარცხება სიკვდილის წინ. ეს ალბათ სასჯელია, მაგრამ საქმე იმაშია, ამ ტვირთს როგორ ატარებ და როგორ მიიტან ბოლომდე... იცი, როგორ არის?  ჩვენ როცა ფანჯრიდან ვიყურებით, ერთმანეთს მხოლოდ წელამდე ვხედავთ. თუ ადამიანი მხოლოდ თავისი ფანჯრიდან, სხეულიდან, სულიდან, სუბიექტიდან ვერ გამოვიდა - ღირებულს ვერაფერს შექმნის.

–ნამდვილი ლიტერატურული ტექსტი სიყვარულივით აუხსნელი რამ არის. ტექსტს ან შეუძლია ეს, ან არა. ნამდვილ ლიტერატურას ადამიანები გრძნობენ. ერთგან დავწერე, სიტყვით დაიწყო და სიტყვა დაამთავრებს ყველაფერს მეთქი. და ეგრეცაა... სიტყვა რომ არ თქმულიყო, ეს სამყაროც არ იქნებოდა... სიურეალისტური ხედვებია შენთან და, როგორ გგონია, საიდან ჩნდება ეს? არასრულყოფილებას ხედავ სამყაროში, და გინდა საკუთარ თავსაც და სხვებსაც ეს გამოუგონო.

–მართალია, ხანდახან ალუზიაში გადავდივარ, რადგან სინამდვილე ხშირად მამარცხებს. მიუხედავად იმისა, რომ მიწაზე საკმაოდ მყარად მდგარ ადამიანად მიმაჩნია თავი.

–ზედმეტად იცლები. ამან, ისე არ უნდა შეგცვალოს, რომ შენ შვილს ვერ გაუკეთო გასაკეთებელი. შენ დასაწერს მაინც ვერავინ დაწერს. ღმერთმა მოგიზომა შენი ყანა და სხვა ვერავინ მოუვლის.

-ვიცი.  ბოლო წლები სულ კატაკლიზმებია ჩემს ირგვლივ. ძალიან ბევრი სიკვდილი იყო, ჩემად-ჩემი. ბოლოს უკვე ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ამით ვიკვებებოდი. ვიკვებებოდი არა როგორც ადამიანი, არამედ როგორც პოეტი. რამდენადაც პიროვნულად ვნადგურდებოდი, იმდენად იზრდებოდა ეს რაღაც ჩემში. ბოლოს ისიც კი ჩავთვალე, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ ხდებოდა, რომ მე მეწერა. მქონდა განცდა, რომ ჩემს სათქმელს გადავაყოლე მთელი ცხოვრება, ოჯახი, თითქმის ყველაფერი, რაც მიყვარს. მაზოხიზმია, მაგრამ ასეა..

_ერთ პატარა ამბავს მოგიყვები: სოფელ უკანაფშავის გადაღმა ფერდობზე რომ ახვალ, სასწაული ალპური მდელოებია და მარშრუტზე ვიყავით იქ, ავედით, მასალა მოვაგროვეთ და ქვემოთ ჩამოვდიოდით. გოგი ხორნაული იყო მაშინ ჩემი მეწყვილე. ბრეზენტის შარვალი და ბათინკები მეცვა. ძალიან დავიღალე და ვიფიქრე, დავცურდები და ისე ჩავალ, ქვევით ერთი ხე იდგა და თუ რამე, ამ ხეს მოვკიდებ ხელს და გამაჩერებს მეთქი. ჩამოვცურდი და ხეს რომ უნდა მოვჭიდებოდი, უცებ ხე გატყდა და, ესღა მახსოვს, ჰაერში სამჯერ ამოვტრიალდი... უცებ, მთელმა ჩემმა ცხოვრებამ თვალწინ ჩამიარა. ჯერ უნივერსიტეტში ვხედავდი თავს, მერე სკოლაში, მერე საბავშვო ბაღში. ბოლოს, თეთრი ღრუბელი გამოჩნდა და მითხრა _ დაბრუნდი, აქ ჯერ შენი ადგილი არ არისო. თვალი რომ გავახილე, ბევრი მზეები დაცურავდნენ და გოგი სახეში სილაქებს მირტყამდა და მათარიდან მასხამდა წყალს, რომ გონზე მოვეყვანე... მოთხრობაც მაქვს ამაზე დაწერილი _ “კლდედ მომევლინა ფათერაკი”. 1987 წელი იდგა, იმ დროს უკვე რამდენიმე მოთხრობა მქონდა გამოქვეყნებული... „ტყის კაცი" _ ცისკრის დამატება ნობათში იყო დაბეჭდილი 1984 წელს, მწერლის სახელიც გარკვეულწილად მოპოვებული მქონდა. მაგრამ იმ დროს, როცა ჩამოვვარდი, ჩემი დაწერილი ერთი სიტყვაც კი არ გამხსენებია, გამახსენდნენ - ჩემი ცოლი, მაკა და შვილი _ ანი. ანი მაშინ ერთი წლის იქნებოდა. იქ დრო დიდდება, აქ წამს რასაც ვეძახით, იქ შეიძლება საუკუნედ მოგეჩვენოს. და აი, ამ დროს, გახსენდება ერთადერთი რამ, შენ რა დატოვე ამ ქვეყნად... რა დატოვე და სიყვარული დატოვე, სხვა არაფერიც არ დაგიტოვებია. ეს იყო ფათერაკი, რომელმაც მე შემცვალა, გამომცადა. მაშინ ამპარტავანი ვიყავი, მეგონა, საქართველოში არ მოიძებნებოდა მწერალი, რომელიც `ტყის კაცს~ ჩემსავით დაწერდა. ალბათ, საჭირო იყო ჩამოვვარდნილიყავი, რომ ჩემს ამპარტავნებას რქები მოტეხოდა.

_ ამოვიშენე გისოსები, საკუთარი თავი დავიპატიმრე და აბა, თუ მაგარი ხარ, შემოდი... როცა ვწერ, იქ ჩემთვის აღარ არსებობენ ადამიანები. ანუ, ის რომ მე წავედი სამსახურში, მოვედი, სადილი გავამზადე თუ რა, ეს არის მექანიკური ადამიანი – კატო ჯავახიშვილი, რომელიც მარტივად, გადარჩენისთვის იბრძვის და არანაირი კავშირი არ აქვს პოეტთან. თუმცა არსებობს ჩემი შვილი, ის, ვისი გულისთვისაც ათასი დაცემის შემდეგ ისევ ავდექი, და არა მხრებჩამოყრილი, არამედ წელგამართული. ეს მარტო ფათერაკი კი არა, შანსი იყო, შანსი, საკუთარი თავი თავიდან აღმოგეჩინა. დაბადებასავითაა, მხოლოდ სიკვდილს რომ მოსდევს.

_ რა თქმა უნდა. დღეს უკვე ეგრე ვფიქრობ მეც. მე მაშინ იმ კლდეებზე ცოცხალი ვერ უნდა გადავრჩენილიყავი და რაკი გადავრჩი, ეგრე ვთვლი, რომ ნასესხებ სიცოცხლეს გავდივარ, და ეს სიცოცხლე სწორად უნდა გავიარო. სიკეთე ვაკეთო, რაც ღმერთმა ნიჭი მომცა, გამოვიყენო, უანგაროდ დავეხმარო ადამიანებს. ცხვარში ჰყავთ ეგეთი ადამიანი _ მცნობელი ჰქვია. იქ ბატკნებს და დედებს ცალ-ცალკე ამწყვდევენ ხოლმე. ფარეხიდან რომ გამოუშვებენ, ზოგი ბატკანი ვერ პოულობს დედას, და იქ არის `მცნობელი~, - მეცხვარე, რომელიც აიყვანს ბატკანს და მიუყვანს დედას. ეს ხომ ფანტასტიკაა..

_ არსებობს მარადიულობა... დედა-შვილობას ამ სიტყვაზე უკეთ ვერაფერი ახსნის. ჩვენი ნასესხები ცხოვრების არსიც ალბათ ესაა. მარადიულია სიყვარულიც, როცა ის არის; და როცა აღარ არის, მაშინაც მარადიულია, რადგან თვალებით და გულით კი არა, ზურგით გვიწევს მისი თრევა.

_ მარადიულია მეთევზე, რომელიც თევზაობს, სახლში მიიტანს ამ თევზს, და თევზის მეტი არაფერი აქვს. მარადიულია გლეხი, რომელმაც ვენახი გასხლა, წალამი გამოაქვს, გაზაფხულზე უკვე ვენახს მიხედავს... მარადიული მინდა იყოს ცხვარი და მეცხვარე, - და რამხელა უბედურებაა, რომ იკარგება.

_ და რა დარჩება ჩვენს შემდეგ?..

- ჩვენს მერე დარჩებიან ჩვენი შვილები, იმათში გაგრძელდება ჩვენი სიცოცხლე. სიკვდილი ძალიან კარგი რამეა, გათავისუფლებს. აქ ხომ სტუმრები ვართ ისედაც... ამიტომ, კატო, უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მეტი კარგი დავტოვოთ ამ დიდ სასტუმროში და ისე წავიდეთ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები