ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
12 მაისი, 2012


მგზავრის წერილები

„- დე, თოვლი რატოა ცივი?
- იმიტომ, რომ ლამაზია“.
    მე და დედაჩემი

„- რაი გინდა შე უპატრონო, გარს რომ მივლი და არ მეშვები?
- აფელი!“
მზე და დედამიწა

„- სამოცი ღირს, მარა, თუ იჭინ¬ჭყლა, ორმოცდაათადაც მი¬ეცი“.
ბანანების გამყიდველი
უცნობი ქალი, რომელმაც მე და ბიძაჩემს გვითხრა, ვჩარლიჩობო.



წერილი პირველი. გიოს 17.05.2010.
გიო, როგორ ხარ? რა ხდება პრეტორიაში? კარგია, რომ მშვიდობით ჩახვედი. რო მწერ, ორ ხაზს ნუ იწერები, დიდი წერილით მოიწერე შენი საქმენი საგმირონიო, ახლა მოგწერ, რაც გამახსენდება.
ჯერ სოფლის ამბები. სანამ წერა-კითხვას ვისწავლიდი, მეზობლები ამბობდნენ, აი იმისთანა ყაზილარია, ხელს ყველაფერზე მოაწერსო, ვისწავლე წერა-კითხვა - ახლაც ამას ამბობენ.
შენ მშობლებზე მწერდი! დედა ხო იცი, რომ მყავს. ხო დაგპატიჟე ბიძაჩემთან ჩემს დაბადების დღეზე, ხაჭაპურები რომ ჭამეთ შენ და მამუკამ, რო იძახდით, რა გემრიელიაო, ხოდა იმის გამომცხვარი იყო.
მამაც მყავს. ალბათ, დამინახავს, მაგრამ არ მახსოვს. სამი თვის ვყოფილვარ, სახლიდან რომ წავიდა. სამაგიეროდ სურათები მაქვს და ყველა ამბობს, რომ კოპიო მე ვარ. კოპიო ხო იცი, რაც არის, ქსეროასლი ანუ.
ცოტა რომ წამოვიზარდე (ცოტა რა, ოთხის ვიყავი უკვე), დედაჩემის მიკიბულ-მოკიბულმა პასუხმა არ დამაკმაყოფილა და ერთხელაც ვეუბნები, დე, ძუძუ მინდა-მეთქი. თითქოს იეჭვა რაღაც, რა დროს შენი ძუძუა, ხუთის გახდები მალეო, - შეიცხადა. რავი, იშტაზე ვარ-მეთქი და არ მითხრა უარი.
წინასწარ მეზობლის გოგოს, რომელიც უკვე სკოლაში დადიოდა და წერა იცოდა, ტექსტი შევადგენინე და ხელში მქონდა დამალული. ხოდა რო მოვუჭირე კბილები ძუძუსთავს (მსგავსი რღაც მისი წაკითხული ზღაპრიდან მახსოვდა) და მაშინ დავანახვე ტექსტი: „სიმართლე მითხარი, მამაჩემი სად არის?“ დედამ დასარტყმელად ვერ გამიმეტა, ან რას გამიმეტებდა, დედისერთა ვარ, და ცრემლიანმა დამიყვავა, გამიშვი კბილები და გეტყვიო. გავუშვი და მაშინ მოჰყვა, მამაშენმა აქ სამუშაო რომ ვერ იშოვა, უცხოეთში წავიდა, რაღაც ფირმამ წაიყვანა. დამპირდა, კარგი ვარიანტია, ვიმუშავებ, ფულს ვიშოვნი და ჩიტის რძეს არ მოგაკლებთ შენ და ბაღანასო. ერთ-ორჯერ კი დარეკა, მაგრამ მერე სულ დაიკარგა. არც ავი ვიცი მისი, არც კაი, არც იმ ფირმის ისმის რამეო.
ახალი არაფერი უთქვამს. ეს ტექსტი მეზობლებისგანაც მქონდა გაგონილი. იმის მერე შევიძულე უცხოეთი, ასე მეგონა, მამაჩემს მიმალავდა და არ უშვებდა ჩემთან. მამას აბა როგორ შევიძულებ, ჯერ ერთი, სიცოცხლე მაჩუქა, მეორეც კიდე: მთელი სოფელი ამბობს, კაცური კაცია მამაშენი და ყველას გვაკლია, არა მარტო შენო.
მე და დედაჩემი ვუძღვებოდით საოჯახო მეურნეობას. ვცდილობდით, უკაცობა არ დასტყობოდა ოჯახს. თუ რამე იყო და მეზობლებიც გვერდით გვედგნენ. მეწველი ძროხაც გვყავდა, ფრინველიც, თხილობისას კი ერთ ტომარა თხილს ნაზარდში ვცვლიდით და საკალანდოდ ვზრდიდით.
ოთხი წელი სკოლაშიც ვისწავლე, უფრო სწორად კი ვიარე. მეხუთე კლასში რომ ვიყავი, გამრიცხეს, იმიტომ რომ ერთ დღეს (ზოგი ამბობს, იმ დღეს წვიმდა და დაეზარა გარეთ გასვლაო, არადა მშვენიერი მზიანი ამინდი იდგა) საკლასო ოთახში ყვავილების ქოთანში მოვფსი. თუმცა ახლა ხო გაზრდილი ვარ, მაგრამ იმასვე ვიზამდი, იმიტომ რომ შეყვარებული გამირიცხეს სკოლიდან. კლასის დამრიგებელმა, რომელსაც დიდი ძუძუები ჰქონდა და მათი მკაფიოდ გამოჩენის უნარი, დირექტორს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა: დღესო ჯერ ყვავილი ამოთხარა ქოთნიდან და მერე შიგ ჩაუფსიაო. არადა ეს ყვავილი ერთი თვის წინ ამოვ¬თხარე. ჩემს კლასელს ცისნამს დაბადების დღე ჰქონდა და ასე მივულოცე. აი მაშინ იქცეოდა ცა და ქვეყანა, ისეთი თქეში მოდიოდა. თუმცა ყვავილები რომ ვაჩუქე, უცებ გადაიდარა და ცისარტყელა გამოჩნდა ცაზე, ცისნამს ძალიან გაუხარდა – არ ვიცი ყვავილები, არ ვიცი ცისარტყელა, ან ორივე ერთად . ერთმა ჩემმა კლასელმა დაიძახა, ნახეთ, რომ ამბობენ, არაფერი არ არსებობს, რა ცოდნია სიყვარულსო. ხოდა გაკვეთილების მერე ცისნამის ცოლად მოყვანა გადავ¬წყვიტე - აბა ყოველდღე ხომ არ ამოვთხრიდი ქოთნიდან ყვავილებს. ხოდა სკოლიდან პირდაპირ ჩემთან გავიპარეთ - სახლში. ცისნამი, რა თქმა უნდა, დამთანხმდა, თუმცა თავისთან სუფრა იყო გაშლილი და ჩვენი კლასელები და სტუმრები იქ იკრიბებოდნენ. ცისნამს აშკარად ვუყვარდი, მგონი, მეც მიყვარდა, უფრო კი ის მაინტერესებდა ცოლ¬ქმრობა რა იყო.
მივედით ჩემთან. ის იყო მეორე სართულზე უნდა ავპარულიყავით, ჩემს ოთახში და იქ გვინდოდა ვას მახენ ზი, იშტი-მიშტი, ნუ რასაც ცოლ-ქმარი აკეთებს (თუმცა მაშინ არც ვიცოდი, ეს რა იყო), რომ დედა გამოვიდა ამ დროს სამზადიდან და რა კარგი ბავშვები ხართ, უნდა იმეცადინოთ ხოო, გვითხრა. ჩემი საცოლე ფრიადოსანი იყო, თან სულ ას მეტრში ცხოვრობდა ჩემგან და ხანდახან გადმოდიოდა, დავალებებს მიკეთებდა და მათემატიკის ამოცანებს მიხსნიდა.
ხო არის ნათქვამი, რამ დამღუპა და ჩემმა ენამო, ასე მომივიდა მეც. - კი დედა, უნდა ვიმეცადინოთ, თან მიულოცე, დღეს ცისნამის დაბადების დღეა და ცოლად მომყავს-მეთქი, - მივახარე. რაის ცოლი, ხო არ გააფრინე შენო, - ჩხუბი დამიწყო. მერე ცისნამს ეუბნება, დაბადების დღეს გილოცავ, შვილო, მშვენიერი ბაღანა ხარ, მარა ამ ტვინგადაბრუნებულს რას უყურებ, რა დროს თქვენი ცოლქმრობააო. ცისნამი არ შეეპუა სადედამთილოს, ჩვენ ერთმანეთი გვიყვარსო. კაია, ნენა, რო გიყვართ, მარა პატარები ხართ ჯერ, წაი ახლა სახლში, თუ არა, დავურეკავ მამაშენსო. დედა, რას მიშობი, მღუპავ? რაჟდენა მინდა ახლა აქ-მეთქი, მაგრამ ვინ გაიგონა. დარეკა მაინც. იქ უკვე შეშფოთებული ყოფილა ყველა, სტუმრები მივიდნენ, იუბი¬ლარი არ ჩანს. ჩამიშვა დედაჩემმა: რაჟდენა, გადმეიარე ჩემთან, წეიყვანე შენი ციცა სახლში, თუ არა ცოლად მოყავს ჩემს ბიჭსო.
ხუთ წუთში მოვარდა რაჟდენა ქოშინით. მოჰყვნენ სტუმრებიც. ცისნამს ვეუბნები, შენ ჩემი ცოლი ხარ და არსად არ წახვალ-მეთქი. კაიო და ჩამჭიდა ხელი. რაჟდენა, იმის მაგივრად კაცურად დაგველაპარაკა, გიჟივით მომვარდა. ჯერ მე და ცისნამს გაგვაშვებინა ხელი. არ გავუშვებდი, მაგრამ რამე არ ატკინოს ამ ვეშაპმა-მეთქი. მერე ეზოში კარალიოკი გვიდგას და იძახოდა, იმაზე უნდა ჩამოგკიდო ფეხებითო და მეძიძგილავებოდა. მე არ ვეპუებოდი, თუმცა აშკარად მჯაბნიდა, ცისნამი კი უშენდა ზურგზე მუშტებს, გაანებე თავიო, მაგრამ რაი? რაღა დამრჩენოდა. თან ვუძალიანდები, თან ვაგინებ, რაჟდენას ოჯახის არც ერთი წევრი არ გამომიტოვებია მისი ჩათვლით და ცისნამის გამოკლებით, თან ვყვიროდი, მომეხმარეთ მეზობლებო, მომაცილეთ აი თავგასიებული-მეთქი. ასე მეგონა, მთელი სოფელი ჩემს ეზოში იყო თავმოყრილი. გაგვაშველეს, უფრო სწორად კი წაართვეს ჩემი თავი.
მერე დედაჩემს ეუბნება: მართა, შენი და ავთოს ხათრით, თორემ ჩამოვკიდებდი ამ ბაღანას ხეზეო და წავიდა და წაიყვანა ცისნამი ატირებული.
იმ საღამოს ზვინი ავუბრიალე რაჟდენას, სულ ერთი ასანთის ღერი ეყო. ჩემი კეთილი გული ამბავი რა ვთქვი, დავინდე მაინც. ის ზვინი დავუწვი, მოშორებით და განცალკევებით რომ იდგა ეზოში. ნალიასთან რომ დგას, იგი რომ ემებდღვიალებინა, იმას საქათმე, საღორე და სახლიც მიყვებოდა ზედ.
ერთი თვე დეიდაჩემთან, მეზობელ სოფელში ვემალებოდი რაჟდენას, თუმცა პირდაპირ ვერ დამადებდა ხელს, იმიტომ რომ დამნახავი არ იყო არავინ, თუმცა მთელმა სოფელმა იცოდა, რომ ზვინს მისით არ მოეკიდებოდა ცეცხლი და ვინც მოუკიდა ისიც.
ერთი თვის მერე დავბრუნდი სკოლაში და რომ გავიგე, ცისნამი გაერიცხათ, იმ დღესვე ჩავაფსი იმ უყვავილო ქოთანში, არადა, მეგონა, ჩვეულებრივ დამხვდებოდა ჩვენს საოჯახო მერხთან და რომ დამინახავდა, გამიღიმებდა. კლასელებმა მითხრეს, ცისნამი თბილისში წაუყვანია სწავლის გასაგრძელებლად რაჟდენასო.
მერე კი გითხარი, რაიც ვქენი. დიდად არც მე მეპიტნავებოდა გაკვეთილებზე ჯდომა და მასწავლებლების ლაილაი, ასე რომ დირექტორის გადაწყ¬ვეტილებას არც დავლოდებივარ, ისე წამოვედი სახლში.
დედამ ჩემი სწავლა-განათლების დასასრული ცრემლით გამოიგლოვა, თან ტიროდა და თან მეჩხუბებოდა, ერთი სარი რატო არ მაქვს ხელში, წელზე რომ გძგუნო, მამაშენი რომ იყოს სახლში, ხო მოგივლიდა კარგად და ამდენს ვერ გაბედავდიო, ეგდე სახლში, იქნები უსწავლელი და დაგაჯდება ყველა თავზეო.
ვიქნები სახლში და ვნახოთ ერთი, თავზე ვინ დამაჯდება-მეთქი, დავიქადნე.
მერე ბიძაჩემს დაურეკა, თავის ძმას, მოუყვა ყველაფერი ჩემი ამბები, მერე ეჩხუბა, სანამდე უნდა იყო მარტო, როის ვეღირსები, შენ რომ ცოლს მოიყვანო. ის, არ ვიცი, იქედან რას ეუბნებოდა, მაგრამ ორ დღეში კი ჩამოვიდა და გამო¬უცხადა, გურამს თბილისში ვასწავლი და შენც წამოდიო. დედაჩემმა მოიკლა თავი, კერია რაფერ გავაციო, ავთო რო დაბრუნდეს და სახლში არ დავხვდე, ხო მოსაკლავი გამიხდა თავიო. ელოდე, შენ, ელოდეო, გაბრაზებით უთხრა, ვიცი, რატომაც. იმას ეგონა, სხვა ქალი ნახა უცხოეთში მამამ და ჩვენ დაგვივიწყა, მაგრამ არც დედაჩემი და არც მე არასდროს დავიჯერებდით ამას.
ბოლოს გადაწყდა: დედაჩემთან ბებია გადმოვიდოდა საცხოვრებლად, მე კი თბილისში გადავიდოდი სასწავლებ¬ლად. მეორე დღეს კოინდარიან ეზოში იმდენი მატრიალეს თვალცრემლიანმა დედამ და ბებიამ, წაღმა გევლოსო, თავბრუდახვეული ჭიშკრის მაგივრად კინაღამ ისევ სახლისკენ წავედი.
თორმეტი წლის ვიყავი და პირველად უნდა მემგზავრა მატარებლით. ჩოხატაურიდან სამტრედიამდე ავტობუსს გავ¬ყევით. ვშორდებოდი ჩემს სოფელს და ისეთი გრძნობა მქონ-და, თითქოს რაღაცა დიდი მრჩებოდა და ვერ ვიგონებდი, რა.
მატარებელში (ხო, პლაცკარტით ვიმგზავრეთ, ეს ახლა ვხვდები, თორემ მაშინ პლაცკარტიც, კუპეც და ესვეც ახალი და უცნობი იყო ჩემთვის) ერთი პატარა ბავშვი იყო, წუთს არ ისვენებდა. ხან ქართულად, ხან უცხოურად ითვლიდა, ხანაც ლექსებს უყვებოდა დედამისს და მამამისს, მთელი ვაგონის ხალხი ამ ბაღანას იყო მიშტერებული. ერთი ლექსი ახლაც მახსოვს - პროფესორ თხუნელაზე. ისე გამოთქმით ამბობდა, გეგონებოდა ტელევიზორში გამოდისო.
„თხუნელ, ეშმაკის კერძო
რად გინდა კერძო მეტრო,
არ სჯობს საერთო სორო?
სოროთა პროფესორო?“
ხალხმა ტაში დაუკრა, ერთმა სთხოვა, ალბათ, ყრუ თუ იყო, კიდევ თქვი იგივეო. ბავშვმაც გაიმეორა. რომ დაამთავრა, ახლა უკვე მამამისს ეკითხება, კიდე ვთქვაო? კაი, ერთხელ თქვი კიდეო, მამამისმა. დაიწყო ისევ ამ ბაღანამ: „თხუნელ, ეშმაკის კერძო...“ დაამთავრა, სახელოზე ექაჩება კვლავ მამამისს, კიდე ვთქვაო? მაშინ კაცი ცოლს მიუბრუნდა, ქალო, გააჩერე აი ბაღანა, მეიშალა, ეტყობაო. მთელი ვაგონი იცინოდა.
მაგარი სახალისო ბაღანა იყო. ცოტა შემშურდა კიდეც, ის არა, დათვლა რომ იცოდა და ლექსები, ის შემშურდა, მამაც რომ ჰყავდა და დედაც, თან იქვე.
მერე დაიძინა ამ ბაღანამ და ვიღაცამ თქვა, აბა ამოცანები ვთქვათო. დაიწყო ერთმა, ოთახში შვიდი სანთელი ენთო, სამი ჩააქრეს, რამდენი დარჩებოდაო. ოთხი-მეთქი კი ვიყვირე, მაგრამ სწორი პასუხი სამი ყოფილა, თურმე დანარჩენი დაიწვებოდა. მერე მეორე თქვა, დიდიცაა, პატარაცაა, კეთილიცაა, ბოროტიცაა, თბილიცაა, ცივიცაა, ახლობელიცაა, შორეულიცაა. ვერ უპასუხა ვერავინ, ისევ მე ვთქვი, მამაჩემი-მეთქი და რატო მამაშენიო, ბიძა მეკითხება. იმიტომ, რომ მამაჩემი ჩემთვის ყველაფერია-მეთქი. გაიცინა. სწორი პასუხი კი, მოიცა,  გავიხსენო, კონტრასტი ყოფილა...
ბინდბუნდი იყო, თბილისში რომ ჩამოვედით. ქალაქი ისე ჩანდა შორიდან, ვარსკვლავებიანი ცა გეგონებოდა მინაზე გაფენილი. მაშინ რა ვიცოდი, გლდანში უნდა მე-ცხოვრა თურმე. კორპუსთან რომ მივედით, გამყიდველი მარკეტს აღებდა.  ბიძაჩემი მეკითხება, მოშიებული ხო ხარო, რას შეჭამ, რა გირჩევნიაო. არ მშია-მეთქი. რას იპუწკები, აწი ერთად გვიწევს ცხოვრება და ხო უნდა ვიცოდე, რა უფრო გიყვარსო. მაშინ ვუთხარი, სგუშონი მალაკო და პური მინდა-მეთქი. გაიცინა, ეს რა საჭმელიაო, რა ვიცი, შენ მკითხე, რა გინდა და მე ეს მინდა-მეთქი. კაიო. იყიდა მართლაც მალაკო და პური და სხვა რაღაცეებიც. დედაჩემიც ყიდულობდა სგუშონს, მაგრამ საახალწლოდ და სააღდგომოდ - ნამცხვრები რომ დაეცხო. რომ გახსნიდა და გადმოღვრიდა ჭიქაში ან ჯამზე, რაც კოლოფში დარჩებოდა, მე ამოვამთავრებდი კოვზით. ხოდა ახლა მთლიანი ქილა ჩემი იყო. არასდროს დამავიწყდება, ისე გემრიელად მივირთვი. ბიძაჩემმა, მაგარი კაცი ხარო, რატო არ ვიცი - რა შუაში იყო სგუშონის ჭამა და მაგარი კაცობა. მერე ლოგინი გამიშალა, ახლა დაისვენე, მე სამუშაოზე წავალ და ნაშუადღევს ქალაქში გავიდეთ, რაღაცეებს გიყიდი, ხვალ, ხო იცი, სკოლაში უნდა წაგიყვანოო.
მართლაც, გამეღვიძა თუ არა, მოვიდა კიდეც და ტანსაცმელების ბაზრობაზე წავედით. ყველაფერი ახლები მიყიდა, თავიდან ფეხებამდე შევიმოსე, ბაზრობიდან რომ დავბრუნდით. ხვალ სკოლაში წავიდეთ და რაფერც სოფელში ქენი, ისე არ გააკეთო, არ მომჭრა თავი ამ ახალ დირექტორთან და სკოლასთანო. მე ვუთხარი, მეყო, რაც ვისწავლე, მირჩევნია, სადმე ვიმუშაო-მეთქი. ეწყინა, იმ პირობით წამოგიყვანე, რომ აქ გასწავლიდი, გინდა, მომკლას ჩემმა დამო. ნუ ვეტყვით და რას მოგვკლავს-მეთქი.
კი, მაგრამ სად უნდა იმუშაო, რა უნდა გააკეთოო, გაუკვირდა. აი ბაზრობაზე რომ ვიყავით, ბანანებს ყიდდა ჩემზე პატარა ბაღანა და მეც გავყიდი-მეთქი.
შენ უკვე ბიზნეს-გეგმაც შეგიდგენია, რომ გნახოს ვინმემ ჩვენი სოფლიდან, არ შეგრცხვებაო? სასირცხვილო რა არის, ხომ არ ვიპარავ რამეს-მეთქი. არ ვიციო, გადაიქნია თავი, არ მთანხმდებოდა არასდიდებით, მაგრამ მაინც გავიტანე ჩემი.
კარგიო, ხვალ გაგყვებიო. გავედით დილით მეტროსთან. ვნახეთ ერთი ქალი, ბანანების გამყიდველი. აბა როგორ ხარ, რას შვებიო, - ბიძაჩემი ეკითხება. რა ვიცი, ვჩარლიჩობო, - იმან. იცინის ბიძაჩემი, მერე უთხრა, ამ კაცსაც უნდა აი საქმე და გვასწავლე ერთი, რა ქნასო. კაი ქალი იყო. აგვიხსნა, სად უნდა აგვეღო ბანანი და რამდენად უნდა გაგვეყიდა, რომ მოგება დაგვრჩენოდა.
პირველი ყუთი ბიძაჩემმა მიყიდა, მაინც ჯავრობდა, მომკლავს მართა და შენი ბრალი იქნება, იცოდეო.
დავიწყე ბიზნესი. დღეში  ათ ლარამდე მრჩებოდა. რომ შეგროვდა ცოტა თანხა, ბიძაჩემს დავუბრუნე ვალი. არ იღებდა, ის ფული გაჩუქეო. მაშინ სოფელში გავაგზავნოთ შენი სახელით, დედას იქ ფული დაჭირდება-მეთქი. კარგიო. მეორეჯერაც რომ გავუგზავნეთ მისი სახელით ფული, დაურეკა დედამ, შენ ხომ არ გაგიჟდი, აქეთ რას გვიგზავნი ფულს, მანდ ბაღანა აგკიდე ტვირთადო. მერე ამიკრძალა სოფელში ფულის გაგზავნა, შენ თვითონ წაუღე, არდადეგებზე რომ ჩახვალ, ან აქ დააგროვე და რაიმე იყიდე შენთვისო.
ამ დროს გავიცანი მამუკა. ერთხელაც მოდის ჩემი ტოლი ბიჭი და ერთი ბანანი მომეციო, მეუბნება. მივეცი, გოუტკბა, კიდე მომეციო. მე ვუთხარი, მათხოვარი ერთხელ ითხოვს, დაახვიე-მეთქი. ვინაა შენი მათხოვარიო და ხელი მომიქნია, ავიცილე და ისეთი გავუშალე, ადგილზე დაწვა მოწყვეტით, არ ელოდა. დაბნეული აჭყეტდა თვალებს. მერე ადგა, ტანსაცმელი დაიფერთხა და გინებ-გინებით წავიდა, მაცალეო. მეორე დღეს ძმაკაცების მთელი გროვა მოიყვანა. ერთი ახლდათ, მაღალი და გამხდარი, იმას ეუბნება, ეს არისო.
აბა რა მოხდაო, - მეკითხება ეს ბიჭი. მაგან თქვას-მეთქი. თქვა მართლაც იმ გალახულმა, ერთი ბანანი დავაწერე, მეორეზე კი მათხოვარი დამიძახა და დამარტყაო. კაი უქნიაო, იმ ბიჭმა. მერე მე მეკითხება, რა გქვიაო. გურამი-მეთქი. მე მამუკაო. ამ კაცს ვინც გაუტრაკებს, ჩემთან ექნება საქმეო, - ბიჭებს მიუბრუნდა. ასე დავძმაკაცდით. დაბადების დღე¬ზეც ვიყავი მამუკასთან, ბურთი ავუტანე საჩუქრად, ისე გა¬უხარდა, ლამის მისაღებში გააჩაღა კენწვლა. მამუკა კი ძმაა, მაგრამ სხვები არ მომეწონენ, ყველა იგინებოდა ჩემი დედა, ჩემი დედაო... მალე წამოვედი.
აუ, რამდენი ტექსტი ამიკრეფია. მეც შევყევი და შევყევი. შვიდი წელია, თბილისში ვარ უკვე, ყველაფერი რო მოგწერო, წიგნი გამოვა კარგა მოზრდილი. დედაჩემს დღემდე გონია, რომ სკოლაში ვსწავლობ, არადა ახლა მართლა ვსწავლობ. ბიძაჩემმა იმ ნაცნობ დირექტორთან ექსტერნად სწავლა გამიჩალიჩა. ანუ სკოლაში არ დავდივარ, მაგრამ გამოცდებს ვაბარებ, გაჭირვებით, მაგრამ მაინც ვაბარებ. მომავალ წელს ატესტატსაც ავიღებ. სოფელში სკოლის არდადეგების დროს დავდივარ. ცისნამი ვერ ვნახე იმის შემდეგ ვერც ერთხელ. ვერიდები, იმიტომ კი არა, რომ ან გადავიყვარე, ან სხვა რამე, ახლა უფრო მიყვარს, მაგრამ რაჟდენამ რომ მაშინ შემარცხვინა იმდენ ხალხში, ეს ვერ მომინელებია ისევ. ისე კლასელი გოგოები მეუბნებიან, სულ შენზე გვეკითხება და ისევ ისე უყვარხარო.
რომ მეუბნები, მუნდიალზე ჩამოდი, მაგარი თამაშები იქნება, მერე ოთხი წელი უნდა ელოდოო, პრეტორიაში ჩასვლა ჩოხატაურში ჩასვლა გგონია შენ?
ის დღე მახსენდება ახლა, ბარსეტკა რომ დაგივარდა. ან სად გარბოდი, ძლივს დაგეწიე. არ ვიცოდი, ათი ათასი ევრო და სამხრეთ აფრიკაში გასაფრენი ბილეთები თუ გედო, თორემ შეიძლება არც გამოგდევნებოდი.
მაგარი ხარ, ათი ათასი ევრო ჯიბეში გაქვს და მეტროთი დადიხარ?!
საბუთები გავამზადე უკვე. ისე, ამდენი ფული რომ გადმოგიგზავნია სახარჯოდ და ბილეთებზე, მაგას ცოტას დავამატებდი და ბინას ვიყიდდი აქ თბილისში, მაგრამ კარგი, მოვდივარ და იცოდე, ლომებს არ შეაჭმევინო მანდ ჩემი თავი.

წერილი მეორე. ცისნამს. 21. 07. 2010.
გოგო, ცისნამო, ჩემო ცოლო, ჯერაც შეურთველო, როგორ გამახარე შენი წერილით, გოგოვ...
მიყვარხარო, რომ მწერ, ასე უნდა დამეკარგო?
ღრუბლის ფაფუკი ქულა რომ შეერევა ლურჯ ცას, ისე რად გამიქრი?
მამაშენ რაჟდენას დავასხი თავსლაფი, რათ ჩაგვიშალა ქორწილი, თორემ ხო გვეყოლებოდა ახლა ვარსკვლავ¬თვალება შვილები, შენსავით ჭკვიანები და ლამაზები.
ხო კარგად ავუბდღვიალე ზვინი, დაბადების დღეზე ჭიაკოკონა დაგინთე ეშმაკების დასაფრთხობად, აბა!
სურათი ვნახე შენი ფეისბუკზე, რა ლამაზდამშვენებულ¬ხარ, გოგო. მაინცდამაინც პრეტორიაში უნდა წავსულიყავი, რომ შენი წერილი მიმეღო? ასე რად დამანატრე თავი, ჰა?
რო მწერ, მიყვარხარო, ახმეტელის მეტროსთან დაგინახე, მაგრამ მოსვლა მომერიდაო, უნდა მოსულიყავი, რომ იცოდე, რა ბედნიერება მომაკელი!
ხო იცი, თუმცა შენ საიდან იცი, ორი წერილი ერთად მივიღე დღეს, ლამის ერთად, ჯერ შენი, მერე მამაჩემის. ალბათ, შენ გეცოდინება უკვე, მამა ჩამოვიდა, იქნებ ნახე კიდეც. კარგია, რომ სოფელში ხარ და ინტერნეტიც გაქვს.
იცი, ახლა რა ბედნიერი ვარ? აი ახლა რომ მითხრან, დაჰკარ ფეხი და ცაში აფრინდიო, ალბათ, ავფრინდები.
გიოს, ჩემს ძმაკაცს, ვინც მასპინძელია აქ ჩემი, ვუთხარი უკვე, სახლში უნდა დავბრუნდე მამაჩემი და ჩემი მეუღლე ორივე ერთად გამოჩნდა და მეძახიან-მეთქი. კარგიო, უკვე თანამშრომელი გააგზავნა ბილეთებისთვის. აქ რამდენიმე რეისის გამოცვლა მიწევს, მაგრამ შენ არ ინერვიულო, მალე გნახავ.
ავთოს ამბავი ხო იცი? თურმე ფირმის მეპატრონეს საბუთები წაურთმევია იმ ჯგუფისათვის, სადაც მამაჩემიც იყო და შუა უდაბნოში ყოფილან დატყვევებულები, მაგრამ ახლა კარგად არის, ჯანზე ვარო, მწერს, ჩემი ნახვა ენატრება.
ხო გახსოვს, მართა სულ ამბობდა და სჯეროდა, ცოცხალია და დაბრუნდებაო. გადადი ჩემებთან და ორივეს ჩაეხუტე ჩემ მა¬გივრად. შენ ხო იცი, რომ მაგათი რძალი ხარ და მაგათაც იცი¬ან, ხოდა მე რო არ ვიქნები, შენ უნდა უპატრონო მაგათ, ესეც ხო იცი?
მიყვარხაროოო... ცისნამო...
ახლა მამაჩემს უნდა მივწერო, მერე გოდერძასთან გა¬დავლენ, იმას ინტერნეტი აქვს და გახსნიან წერილს.
სულაც შენ გადადი, ავთომაც იცის  ინტერნეტი, უსწავლია, მაგრამ შენ მიეხმარე მაინც.
მამაშენს უთხაი, ახლა ხო ვართ სრულწლოვნები, ჩამოვა სამხრეთ აფრიკიდან და ჩემს ხელს გთხოვს-თქო და არ ახტეს და დახტეს კვიცივით.
ხოდა რა უნდა გითხრა:
მიყვარხარ, ცისნამო, შენ ჩემო ცის ნამო და ცის მანანო.
ხოდა მალე ჩამოვალ.
ხოდა კიდე მიყვარხარრრრ…


წერილი მესამე. მამას. 21. 07. 2010.
მა, როგორ ხარ, მაა!
მა, იცი, მაილზე რომ შენი წერილი გავხსენი, მეგონა, ცა გაიხსნა და ჩემი მფარველი ანგელოზი მეუბნებოდა, მამაშენი სახლშიაო.
მა, ხო გახსოვს ჩვენთან ზალაში, მეორე სართულზე, იქ, სადაც დედაჩვენის ნამზითვი პიანინო დგას, სურათი რომ არის ჩამოკიდებული, ორი პატარა ბაღანა რომ თამაშობს უზარმაზარი უფსკრულის პირას.
ამ ბაღნებს ზემოდან ფრთებიანი ლამაზი ქალი დაცქერის, მფარველი ანგელოზი ანუ.
მა, ყოველთვის მეგონა, მე და შენ ვიყავით ის ბაღნები და არ მიგვატოვებდა არასდროს ჩვენი მფარველი ანგელოზი, რა ვი, შეიძლება ცუდად ვამბობ, დედას რომ გავს ძალიან.
მა, იცი, დეს როგორ უყვარხარ, შენ ვერც წარმოიდგენ, ალბათ, როგორ.
ყოველდღე შენზე ლოცულობდა, ცოცხალი და ჯან¬მრთელი მიმყოფეო, შენი ტანსაცმლის ჩუმი ჩახუტებით იწყებდა ყველა დილას...
მარტო რამდენი დარჩებოდა, ცრემლების ღვარღვარით ევედრებოდა ხატს შენს კარგად ყოფნას.
მა, ახლა უფრო მენატრება ყველაფერი, შენ რომ მანდ ხარ, შენ მენატრები, დედაჩემი მენატრება, ბებია, ცისნამი, რაჟდენაც მენატრება. ფეხებით რომ უნდოდა ჩემი დაკიდება, არ აცდება მაგას ჩემი სიძეობა და შეაჩვიე ამ ამბავს, შენ მაგარ პატივს გცემს.
მა, შენ მთელ სოფელს უყვარხარ და სულ მეამაყებოდა, რომ ასეთი კარგი მყავდი.
მა, შენ არსად არ წახვიდე აწი ხო? მე ვიმუშავებ და არაფერს არ მოგაკლებთ, ოღონდ შენ არსად არ წახვიდე, მა...
მამა, მე მალე დავბრუნდები, აქედან პირდაპირი რეისი არ არისო. ჯერ მაროკოში უნდა გადავფრინდე, იქედან რომში, მერე სტამბულში და მერე ან კიდევ თვითმფრინავით, ანაც ავტობუსები დადიან თურმე ბათუმამდე, იქედან კი უცებ ამოვირბენ.
მა, მე მალე სახლში ვიქნები!
ხო დამიცდი, მამა...

 
2010 წლის 11-12 დეკემბერი, საგურამო 
    პენ მარათონი 2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები