ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მე-კალ-მე
ჟანრი: პროზა
17 მაისი, 2012


თუ გადარჩები

 
                                            (იაპონიაში მიწისძვრის დროს დაღუპულ დედას)


"თუ გადარჩები, იცოდე, რომ..."-დაიწყო ტექსტის აკრეფა მობილურში...

  ***
  მანამდე კი...
  ბიძგებმა ჩინური ორნამენტებით მორთული ჭრელი ჭაღი ააქანავეს ჭერზე, კედელზე გვერდიგვერდ დაკიდებული მშობლების სურათები ერთმანეთს ჩაახუტეს... ჩაის ფინჯანი გადმოაგდეს მაგიდიდან...

  სასწრაფოდ გაახვია ჩვრებში მხოლოდშობილი, მხოლოდ სახე გამოუჩინა ოდნავ... ყველაზე მყარი სკამის ქვეშ დააწვინა პატარა...

  გაძლიერებულმა ბიძგებმა ფანჯრის მინებს ბზარი გაუჩინეს, მსხვრევის ხმად ჩამოშალეს... მრგვალი აკვარიუმისგან დარჩენილ ნამსხვრევებში ასუნთქეს თევზები ლაყუჩების დახეთქვამდე...

  სკამს თავად გადაეფარა ზევიდან და მობილურში ტექსტის აკრეფა დაიწყო, შიშისგან გაფართოებული თვალებითა და აკანკალებული თითებით: "თუ გადარჩები, იცოდე, რომ..."

  ძლიერმა ბიძგებმა ჭრელი ჭაღი ჩამოაგდეს და მასთან ერთად მთელი ბეტონის მასა, რომელიც ოთახის ჭერს წარმოადგენდა...

***

  როცა ბიძგები შეწყდა, მაშველებმა ქალის დამახინჯებული სხეული აღმოაჩინეს სკამზე უცნაურ პოზაში დამხობილი (მლოცველივით წინ გადახრილი). სკამის ქვეშ კი გადარჩენილი პატარა ათამაშებდა ხელში მობილურს, რომლის ეკრანზეც გაუგზავნელი ტექსტი იკითხებოდა:  "თუ გადარჩები, იცოდე, რომ ძალიან მიყვარდი..."

  ...და, ალბათ, სწორედ ამ მესიჯს ერქვა ყველაზე ნაკლებად "გაუგზავნელი"...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები