ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არმენ არუთინოვი
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2012


უძღები შვილი(შვილი)

 
როცა ჯერ კიდევ ბებიაჩემს ვეწექი გვერდით,
თითზე ვიხვევდი ყოველ ღამე ძვირფას კულულებს,
თამაშ-თამაშით თეთრი თმიდან ზღაპრად ვიწერდი
მაცხოვრის ხატთან დაჩოქილი და მოჩურჩულე,
ძაძით მოსილი, თავდახრილი მოხუცის ლოცვას:

,,მოწყალე ღმერთო, მეუფეო, დიდება შენდა!
დაიფარე და გაამრავლე ჩემი ბადიში!
შენი ერთგული იობივით, დაე, აშენდეს,
როგორც მეთევზეს, - არ მოაკლო თევზი ბადეში,
ხოლო როგორც თევზს, - ნუ ჩაუგდებ ხელში მეთევზეს.

წამოიზარდა ვაშლის ნერგი ჩემი დარგული,
მისი ჩრდილის ქვეშ ჩამოჯდომა ისე მახარებს,
როგორც მის ნაყოფს მომასწარი, ისე მარგუნე
სიბერის ჯილდოდ - გამხდარიყოს ხე ფესვმაგარი,
სუფთა სინდისით გაელიოს წუთისოფელი.”

- დაამთავრებდა მოწიწებით ლოცვას ბებია,
შეასრულებდა ძილისპირულ ბოლო რიტუალს,-
შემიცურებდა თმებში თითებს ნაოჭებიანს,
შუბლზე მკოცნიდა, მისწორებდა ხელით სასთუმალს,
დაიძინეო, მეტყოდა და სანთელს აქრობდა.

წლები გავიდა. ბებიამაც სული დალია
და ვაშლის ჩრდილში მიწის ბორცვთან თავი დავხარე.
მისი დაკრძალვის მეორე დღეს დილაადრიან
მხრებში გაშლილი ჩვენი ვაშლი დამხვდა გამხმარი,
როგორც ნაგაზი მიყინული მწყემსის საფლავზე.

სხვა ნერგი დავრგე, მივამაგრე ტოტზე სანთელი,
მეც შევავედრე ჯერ ფესვები, მერე ნაყოფი
უფალს და  ლოცვა შესმენილი ფეხით გავთელე, -
უძღებ შვილივით ვიწანწალე, ვიავადმყოფე,
მაგრამ ღვთის კალთას აღარასდროს დავბრუნებივარ.

მოხდა ის, რისიც ეშინოდა მოხუც ბებიას:
გზადაგზა ვკრიფე ტკივილები ყველას სამყოფი,
არც უფალი და არც ფესვები გამხსენებია
და როგორც ღვთისგან შერისხული ხე უნაყოფო,
ჩემი დარგული (არმოვლილი) ვაშლის ხეც გახმა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები