ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
16 ივნისი, 2012


ტამბა ( I ნაწილი )



                                                                                  I ნაწილი

დილის Eშემდეგ არაფერი მიჭამია.  დედას ვერსად ვპოულობ.  - დედააა, - ვყვირივარ. მზე აცხუნებს და  საშინელი, ცხელი ქარია.  სად არის დედაჩემი, ყველას ვეკითხები... მზერას მარიდებენ და არავინ მეუბნება... 
ნაი დავიმარტოხელე,  საქმე მაქვს-მეთქი. ნაი ჩემზე ცოტათი დიდია,  ჭორიკანა და ძალიან ლამაზი. ჯერ არაფერს მეუბნებოდა, არ ვიციო, თან თვალს მარიდებდა. რომ არ მოვეშვი, მაშინ  მითხრა დედაშენი ცაში გაფრინდა.  ახლა პეპელააო.  არა მჯერა მისი, მერე რა რომ ლამაზია, მაგრამ მაშ სად არის დედაჩემი.  მერე მინდორში პეპლებს  გავეკიდე დედა, დედა მეთქი...
გაკვირვებული პეპლები ყავილებში მემალებოდნენ,  რა მატყუარა ნაი,  როგორ შეიძლება დედაჩემი პეპელა იყოს. … დედა არასდროს  არ მიმატოვებდა და პეპლად არ გადაიქცეოდა, მაგრამ მაშ სად არის...
მერე  ბელადმა მითხრა:  სპლიყვო,  დედაშენი ხრამში გადაიჩეხა.  ხოდა ახლა შენ თვითონ  უნდა მიხედო საკუთარ თავს, პეპლების დევნას კი თავი დაანებეო... 
დაღლილი აკაციის ჩრდილში წამოვწექი.  ჩამეძინა. სიზმარში დედა მოვიდა ჩემთან...  და პატიება მთხოვა, მარტო რომ დაგტოვე მაპატიე,  თავს გაუფრთხილდიო... დედა, მშია-მეთქი, თვალი გავახილე და გაქრა. ისევ სპილოებს შორის დავიწყე სირბილი დედას ძახილით...
მერე ფერდში თითქოს ბზიკმა მიკბინა. მოვიხედე. ის რამაც მიკბინა, სულაც არ იყო ბზიკი. უფრო ეკალს ჰგავდა და აქეთ-იქეთ ქანაობდა. უცებ ყველაფერი გაქრა... 
*    *  *

გავიღვიძე. Eმგონი მეც იმ სამყაროში ვარ, ნაი რომ მეუბნებოდა. აი იქ სადაც დედა გაფრინდა.  არსად ჩანდა ვრცელი  ტრამალი, არც  ყვავილებით სავსე  მინდორი და არც აკაციების ტყე.
პირველი რაც დავინახე,  ადამიანი იყო... დედა მეუბნებოდა, რომ ადამიანები არიან უცნაური არსებები, რომლებიც ყუთებში ცხოვრობენ, ზოგი მოძრავ, ზოგი უძრავ და მათგან თავის შორს დაჭერა სჯობს. ეს ადამიანი კი ზუსტად ჩემს თავთან დაჩოქილიყო და უნდოდა ბოთლიდან რძე დამელია...  მე თუმცა მშიოდა, ერთი ყლუპიც არა დამილევია...
იქვე სხვა ადამიანებიც იდგნენ და ჩვენ გვიყურებდნენ.  მე მთელი ძალა მოვიკრიბე და წამოვდექი. აქეთ-იქეთ სირბილი დავიწყე. მინდოდა ისევ ჩემს მოძმეებთან დავბრუნებულიყავი, თუმცა უფოთლო და უტოტო ხეები ისე ახლოს-ახლო იყო ამოსული, გასასვლელი ვერსად ვიპოვე... დედაა-მეთქი, ისევ დავიძახე  და ცას შევხედე... ციდან კი იგივე მზე მიცქერდა, როგორიც ჩვენთან იყო სავანაში...  ცოტა დავმშვიდდი. იქნებ მზე არის დედა. 
-    სულ ცოტა რძე თუ არ დალია, მოკვდება, – თქვა ქალმა, - ალბათ  ერთი კვირა იქნება, რაც არაფერი უჭამია.
-    ლიზი, რამე მოვიფიქროთ რომ ჭამოს! იქნებ ეშინია ჩვენი!
-    არაფრისაც არ მეშინია, - ვთქვი მე, - მე დედა მინდა!
-    მგონი რაღაცა გვითხრა! – თქვა კაცმა...
-    რა საყვარელია ხო! – ამბობს ქალი, ალბათ ლიზი  და უნდა თავზე გადამისვას ხელი...
-    შენ თვითონა ხარ საყვარელი!  - ვამბობ მე და ისევ აქეთ იქეთ სირბილს ვიწყებ... 

მერე უცებ ქარი ამოვარდა და წვიმა დაიწყო.  ცა შავმა ღრუბლებმა დაფარა. ჯერ ელვამ გაანათა და მერე გრუხუნი დაიწყო. იქნებ დედა  მიბრაზდება ციდან, აქ, ადამიანებთან რა გინდაო...  დედააა-მეთქი ისევ ცას დავუწყე ძახილი და ეზოში სირბილი დავიწყე.
-    ეტყობა ელვამ შეაშინა, პატარებს ხო საერთოდ ეშინიათ ელვის! – თქვა ქალმა.
-    დიდებსაც ეშინიათ! – დაემოწმა კაცი.
-    ამაღამ მარტო რო დარჩეს შეიძლება გული გაუსკდეს...
-    აბა რა ვქნათ...
-    მაღლა საწოლი მომიმზადეთ, თუ დამინახავს, თავს მარტო არ იგრძნობს,  და  შუქიც გავაკეთოთ,  რო სიბნელემ არ შეაშინოს...
მერე როგორც მათი საუბრიდან გავიგე,  მეორე დღეს გადაწყვიტეს ვინმე მომიყვანონ, რომ მარტო  არ ვიგრძნო თავი. მაშინ დედა მომიყვანეთ, - ვამბობ მე, თუმცა მათ არაფერი ესმით. ასე მგონია თუ დედა არ მეყოლება ვინც არ  უნდა მომიყვანონ, მაინც სულ მარტო ვიქნები... დედააა... 
იმ ღამით მართლა ჩემთან დარჩა ეს ლიზი, მაღლა საწოლი მოუწყვეს და იქედან მიყურებდა და სანამ დაიძინებდა ტამბა როგორ ხარ, ახლა ხო არ გეშინიაო, მეუბნებოდა... მე არც არასდროს არ მეშინოდა. თუმცა ვერ ვხვდები, საიდან იცოდა ჩემი სახელი  ასე ხო დედა მეძახდა და ნაი მხოლოდ... 

*    *  *
... აი ისიც – ცხვარი. სახელი მერე გავიგე -  ალბერტი. დავინახე თუ არა, გავეკიდე. მთელი ბრაზი მასზე მინდა ამოვანთხიო:  დედა რომ დამეკარგა,  ფერდში რო რაღაც გამარტყეს, აქ რომ ჩამკეტეს,  რომ მშია... მე მივსდევ, ის გამირბის, თან ცალი თვალით უკან მიყურებს და ბურტყუნებს:
-    ეი, შტერო, რას მომსდევ? რა ჯანდაბა გინდა!?
-    მოიცა დაგეწიო, შტერს განახებ!
-    კი აბა, მოგიცდი!
-    სახე სულ უნდა დაგიბრტყელო.
-    მუტრუკო, ცოტა ნელა, არ გადამთელო...
-    დამელოდე-მეთქი...
ბოლოს ისეთ შემოღობილს შეეფარა, სადაც მე ვერ შევიდოდი. იქედან ბრაზობს:
-    შენ, ჰეი, სპლიყვო, რო დამდევ, აფთარი ხარ?
-    მე შენ გაჩვენებენ აფთარს, გამოდი!
-    შენ რა მთლად სულელი ხარ, რო დამსდევ რა,  შენი ნაშა ვარ?
-    ნაშა რა არის?
-    შენ, ჰეი, პატარა დიდო შტერო! რამდენი წლის ხარ?
-    არა მგონია წლის ვიყო, რა შენი საქმეა, გამოდი ერთი გაგაბრტყელო!
-    აბა, კი! შენა ძმა, პატრონი არა გყავს?
ეს რო მითხრა ლამის ჭკუაზე გადადავედი, მინდოდა მისი საფარი შემენგრია.  მთელი ძალით დავეტაკე ხეებს, მერე ლამის  გონება დავკარგე და წავიქეცი... 
ვწევარ, თან მისკენ ვიყურები. ის შეშინებული  მათვალიერებს, რა მოუვიდაო...
-    პატარა დიდო, ცოცხალი ხარ?
არ ვუპასუხე...
-    არ მპასუხობ, მაგრამ სუნთქავ, ანუ ცოცხალი ხარ!  - ამბობს.
კვლავ არ ვუპასუხე.
-    ეი, სპლიყვო?  მოკვდი? -  მგონი შეშფოთდა.
-    აბა მანდედან გამოდი და განახებ როგორ მოვკვდი! – ვეუბნებიო.
-    ცოცხალი ხარ? –ხმაში შეეტყო, რომ გაუხარდა. არაფერი ვუთხარი.
-    დედა არა გყავს? – მეკითხება უცებ.
-    მყავდა, - ვთქვი მე, - მითხრეს ცაში გაფრინდაო.
-    აუჰ, ესე იგი... გაფრინდა. სამწუხაროა, თუმცა მოვა დრო და ყველა იქ გავფრინდებით და აუცილებლად ნახავ დედაშენს!
-    მართლა?
-    კი, გეფიცები...
-    მაშინ მეც მინდა იქ გაფრენა!
-    შენ რა, სულ გააფრინე! გინდა კარგია! ჯერ აქ უნდა იყო...
-    მშია და დედა მინდა!
-    ესენი არაფერს არ გაჭმევენ? – ვიღაცეებზე მიმანიშნა. ახლაღა შევამჩნიე, თურმე ღობის იქედან ადამიანები დგანან და გვიყურებენ... მერე ისევ ის ქალი შემოვიდა ეზოში, გუშინ რომ რძიანი ბოთლით დამსდევდა... ახლა უკვე ვედროში ესხა რძე... ჩემს გვერდთ დაიჩოქა და ხორთუმთან ვედრო მომიტანა.
-    სადილიც მოგივიდა, პატარა დიდო  ჭამე, ხო ხედავ სირბილის თავიც  აღარა გაქვს? – მეუბნება ცხვარი.
-    შევჭამ და მერე გაგაბრტყელებ!  - ვპირდები მე, თუმცა უკვე ვიც, რომ ამას არ ვიზამ... მგონი მანაც იცის, იმიტომ რომ საფარიდან გამოვიდა და  სეირნობა დაიწყო, ოღონდ ისე რო თვალს არ მაცილებს... მე მაინც დავუჯერე მას. გემრიელი რძე იყო. მთლად ისეთი არა, როგორიც დედაჩემის, მაგრამ  ცუდი ნამდვილად არ იყო. ქალს ძალიან უხაროდა რომ ვჭამდი, სიხარულით უძახდა სხვებს, ნახეთ, რძეს სვამსო. სულ ალბერტის დამსახურებააო, მაშინ მივხვდი, რომ  ცხვარს ალბერტი ერქვა.  დაუმსახურებლად მიაწერეს დიდება. მე ვჭამდი და ის რა შუაში იყო.
-    შეგერგოს... – თქვა მერე და იქვე შემოღობილში შემორჩენილი ცოტაოდენი ბალახის წიწკნა დაიწყო...
კაცმა ალბერტსაც მოუტანა საჭმელად ბალახი. იგი გემრიელად შეექცა, თან ცალი თვალით მე მიყურებს...

                  გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს