ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
15 ივლისი, 2012


ტამბა (IV ნაწილი)


IV ნაწილი

ასე მგონია ალბერტმა ყველაფერი იცის.
-    ალბერტ, ყველაფერი იცი? – ვეკითხები.
-    მე ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი. – მპასუხობს.
-    სოკრატე ხარ? – ეუბნება მილენა.
-    არა, მთელი ცხოვრება ალბერტი ვარ...
-    მეგონა ყველაფერი იცოდი! – გული მწყდება მე.
-    და რისი გაგება გინდოდა, პატარა დიდო?
-    ნიას  ნახვა მინდა...  როგორ ვნახო?!
-    ნიას ვინ არის?
-    ნია, ნია... – ენა დამება მე...
-    კარგი, აღარ გააგრძელო, გასაგებია, - მერე, თითქოსდა მხოლოდ  მილენას გასაგონად ამბობს,  - დათვლა ისწავლა, ახლა სიყვარული მოუნდა! 
-    ტამბო, ანუ სატრფო გყავს? – უხარია მილენას.
-      ამას გვიმალავდი?  - მეკითხება ალბერტი, - შევადგინოთ სამოქმედო გეგმა. აბა კრებას იმის შესახებ, თუ როგორ მოვიტაცოთ ნია, გახსნილად ვაცხადებ. მე თავმჯდომარე,  მილენა მდივანი. კრებას ხმის უფლებით ესწრება ტამბა. განსხილველია ორი საკითხი: პირველი საკითხი,  როგორ გავიდეთ აქედან შეუმჩნევლად, რადგან თუ ადამინები უკეან გამოგვყვებიან, ისინი ყველაფერს გააფუჭებენ. მეორე საკითხი: როგორ მოვიტაცოთ ნია. აბა პირველ საკითხზე ვის რა აზრი აქვს, ხო, თანაც  ისე უნდა გავიდეთ, რომ დილისთვის მაინც უკან დაბრუნებაც მოვასწროთ. მილენას წამალი აქვს დასალევი...
-    რომელი წამალი? – უკვირს მილენას. 
-      მილენა, გგონია აქ ლამაზი თვალების გამო ხარ? დილით შენს საჭმელში ანთების საწინააღმდეგო ბიოტიკს ურევენ...
-      რატო?
-      არ აფორიაქდე ახლა. იმიტომ ურევენ, რომ იცოცხლო...
-        და შენ რატომღა ხარ? – ცრემლი გადმოუგორდა  მილენას... ალბათ  თვალში რამე ჩაუვარდა.
-    მე სამსახუროებრივი მივლინება მაქვს, - იცინის ალბერტი.
მეც გამიჩნდა კითხვა.
-    ალბერტ, მე რატომ ვარ აქ? -
-    შენ იმიტომ, რომ პატარა ხარ, პატარა დიდო. – ამბობს ალბერტი და აგრძელებს:
-      აბა დავუბრუნდეთ დღის წესრიგს. აბა ვის რა აზრი აქვს. როგორ გავიდეთ.
-    დილით ჭიშკარში რომ მანქანა შემოვა, ჩვენ გარეთ გავიდეთ... – მოვიფიქრე მე. – ოღონდ ნიას მოტაცება არ  მინდა, ისე უბრალოდ ნახვა მინდა.
-      რა მნიშვნელობა აქვს მოტაცება გინდა თუ არა, მაინც ხო უნდა გავიდეთ აქედან? - ამბობს ალბერტი.
-      მოდით,  ღობის ქვეშ გვირაბი გავთხაროთ, - ამბობს მილენა. 
ალბერტმა სირბილი დაიწყო, მერე წაიქცა  ფეხები მაღლა აიშვირა და ყვირის...
-      მილენას უნდა გვირაბი გათხაროს... რეციდივისტი მილენა, ვინმე მიშველოს, წყალი...
-      ღმერთო,  რა უზრდელი ცხვარია... – ბრაზობს მილენა.
-      რაღაც ძალიან შეგიყვარდა შენ გვირაბები! – ვეუბნები მეც.
-      ვითომ  და რა არის სასაცილო?!
-      მილენა, ძვირფასო,  - როგორც იქნა ისევ ფეხებზე დადგა ალბერტი, - ყველაზე მშვენიერო და ყელნატიფო, სად უნდა წავიღოთ გვირაბის გათხრის დროს დაგროვილი მიწა, ან რამხელა გვირაბი უნდა გავაკეთოთ, შენ რომ გაძვრე? ამისთვის ალბათ მთელი აქაური ცხოვრება არ გვეყოფა.
-      ხო,  ეს კი პრობლემაა... აბა შენ თქვი,  რა ვქნათ?
-      მე მაქვს სამასი ვარიანტი...  რომელიც ავარჩიე სამასსამოცდახუთისაგან. ამ სამასიდან ორასი მსხვერპლით თავდება, ამიტომ ისინიც ამოვიღე. დარჩა ასი. ასიდან ოთხმოცდაათი უცხოურ ინვესტიციას მოითხოვს, მტერი იქნა უცხოელების იმედზე. ანუ დაგვრჩა ათი. ათივე გაგაცნოთ? – იკითხა და გაინაბა. განაბული ცხვარი...
-    უფ, ტრაბახა, ლამის არის ცას აარტყას თავი! – თქვა მილენამ და წყლის დასალევად მიდის...
-      მილენა, მალე დაუბრუნდი  და ცოტა წყალი ჩვენც დაგვიტოვე! – დაადევნა ალბერტმა. ისიც მალე მობრუნდა, ალბათ  აინტერესებს როგორ გაგრძელდება კრება.
-      მეგობრებო, გთავაზობთ ერთ გეგმას იმ ათიდან: დილის საუზმის შემდეგ, როცა სეირნობის დრო დადგება, ანუ როცა ჩვენ  სასეირნოდ ვიქნებით, ამბულატორიაში მოვაწყოთ ხანძარი, უფროს სწორად კი ხანძრის იმიტაცია... ადამიანები გამოიქცევიან ამბულატორიაში ხანძრის ჩასაქრობად. ჩვენთვის არავის ეცლება და  წავალთ ნიას მოსატაცებლად, თუ სანახავად, რა მნიშვნელობ აქვს. 
-      ხანძრის იმიტაცია როგორ მოვაწყოთ? - უკვირს  მილენას, - საშიშია არ იქნება?
-      არა, ამაზეც ვიფიქრე,  უბრალოდ თივის ზვინი დაიწვება...
-      თუ ჩვენ  სასეირნოდ ვიქნებით თივას ცეცხლს ვინ გაუჩენს, ვერაფერს მივხვდი! – მიკვირს მე.
-      ყოჩაღ ტამბა, შენ უკვე აზროვნებ. ანუ აზროვნებ იმაზე თუ როგორ აზროვნებ. ლოგიკური კითხვაა, ამაზეც ვიფიქრე: მზე და ლუპა...
-      ეს როგორ? – ერთად ვამბობთ მე და მილენა. რა მაგარია ეს ალბერტი.  ისე რაღაცეებს, იტყვის ყურები მექავება...
-      ძალიან იოლია,  ხედავთ ღობერთან სათვალის ლინზას? ეტყობა  ადამიანებმა დაკარგეს...
-      ვხედავთ... – ისევ  ერთდროლად ვთქვით ჩვენ.
-      ეს ლინზა დავდოთ თივის ზვინთან და თავად გააჩენს ცეცხლს.
-      კი, აბა!  - არ ჯერა მილენას.
-      არა გჯერათ?! 
-      არა! –თქვა მილენა და თავი გააქანა აქეთ-იქეთ... 
-      კარგით ბატონო,  ცდა ჩავატაროთ, თან ისიც ხო უნდა გავიგოთ, რა დროში წაეკიდება თივას ცეცხლი.
მილენას არ ჯერა. სიმართლე რომ ვთქვა, დიდად არც მე, მაგრამ მინდა ნია ვნახო და  ვიჯერებ.  ალბათ იოლია იმის დაჯერება, რაც გინდა სიმართლე იყოს.
  მერე, ალბერტმა როგორც მითხრა, თივის პატარა გუნდი ცალკე მოვაგროვე და მასთან ხორთუმით  ის რასაც ალბერტი ლინზას ეძახის, დავდე...
ლინზამ მზის სხივი პატარა წერტილად გადააქცია... თუმცა ცეცხლი არ ჩანდა.
-    აბა, გაჩნდა ცეცხლი? – ნიშნის მოგებით ამბობს მილენა.
-      ცოტა მოიცადე, მილენა, შენ თვითონ მზეო და ცეცხლო...  ხო, მართლა შენ არ გყავს გულის სწორი? გინდა ისიც მოვიტაცოთ... – ახალ საქმეზე გადადის ალბერტი. ჰეი, ცხვარო, ჯერ ერთი საქმე დაამთავრე.
-      იჰ,  თუ კარგია აქეთ მომიტაცონ... – ტუჩს იბზუებს მილენა. მე მიხარია, რომ მილენა უარს ამბობს ვიღაცის მოტაცებაზე. .
-      ხოდა მოგიტაცებენ კიდეც. ვინ იცის რამდენ ნორჩ ჟირაფს აუბნია თავგზა შენმა მოელამო თვალებმა. შენ ისეთი  მილენა ხარ, ის მიკვირს აქამდე რომ არავინ მოგიტაცა, ასე რომ ფრთხილად იყავი...



IV ნაწილის დასასრული
გაგრძელება იქნება






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები