ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარტოსული ზორო
ჟანრი: პროზა
15 ივლისი, 2012


შენ

    შენ ხარ ქალი, რომელიც ენდობა იმპულსებს და როდესაც ამ თავსხმა წვიმაში ქოლგით გამოდიხარ,  გულში რაღაც მწყდება. შენ რაღათქმაუნდა ჩემს თვალებში კითხულობ ყველაფერს, კეცავ ქოლგას და სადარბაზოში დებ. სერიოზული ხმით მიხსნი რომ მხოლოდ მეხუთედან პირველ სართულამდე გჭირდებოდა ქოლგა და  ეჭვიც კი არ შემაქვს ამაში. მე ვეხები შენს ტუჩებს, ვგრძნობ პომადის გემოს და გულში ვფიქრობ, რომ შესანიშნავად ეხამება ტანსაცმელს ალუბლისფერი. 
 
 

    აწვიმს მთელ სამყაროს და შენ წვიმის ქალად გადაიქცევი. ხელს გკიდებ ხელზე, ერთად მივაბიჯებთ ამ უკაცრიელ ქალაქში უამრავი ხალხით გარშემორტყმულნი. რათქმაუნდა ყველა ჩქარობს და ჩვენი იდილია სწორედ ამაშია. მე და შენ, ამ უკაცრიელ სავსე ქალაქში. გვინდა გაგრძელდეს ეს წვიმა რაც შეიძლება დიდხანს და გაგვიგრძელდეს მარტოობის ძვირფასი წუთები. თითებს თითებზე გიჭერ და ვგრძნობ ცივ შეხებას. ძალიან მინდა ახლა შემოგხედო თითებზე, მაგრამ თავს ვიკავებ. ვიცი იდილია დაგვერღვევა და იმიტომ.
 
 
    სანაპიროზე. სანაპიროზეა ჩვენი ხსნა. მღელვარე ზვირთებს ერთად ვუყურებთ და ვგრძნობ როგორ ვივსები ენერგიით. შენც ივსები. შენ გაცვია გრძელი, კოჭებამდე კაბა. გახურავს შავი შლიაპა და ლამაზად ტანზე მომდგარ კოსტიუმის ქვეშ, თეთრ პენუარში ვგრძნობ როგორ გიფეთქვას მკერდი. მკერდზე გადებ თავს და შენს გულისცემას ვითვლი.
-გინდა ერთად დავწვეთ?
-მინდა ჰო. სიგიჟემდე მინდა როგორც არასდროს არც ერთ ქალთან.
მე თვლას ვწყვეტ,რაღა აზრი აქვს. ყველაფერი გასაგებია უკვე.

 
   

    შენ ხარ ქალი რომელიც იმპულსებს ენდობა და ამ თავსხმა წვიმაში იღებ ქოლგას და ქალური სავსე ნაბიჯებით ადიხარ კიბეებზე. გამომშვიდების მიზნად ხელს მიქნევ და ოქროსფერი ბზინვარება შენი თითებიდან, ჩემს სულში ილექება.
  მე შენ გუშინ გაგიცანი. მე შენ დღეს გიცნობ. მე შენ ხვალ გაგიცნობ და ასე იტრიალებს.
    ჩვენ არასოდეს ვწოლილვართ ერთად...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები