ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მე-კალ-მე
ჟანრი: პროზა
20 თებერვალი, 2014


დიდი ბავშვის დღიური (ოცნება სომალზე)




  სომალელი ბავშვების მზერა აქვთ ჩემს ლეკვებს: მუდამ რაღაცის მომლოდინე და ამავე დროს უიმედო, ცხოვრებაზე გაბრაზებული და საოცრად მადლიერი, მომაკვდავი მოხუცის მზერასავით დაღლილი და ბავშვურად მოციმციმე... საკუთარი თვალით თუ ვერ ნახავ, ძნელად წარმოიდგენ ამ კონტრასტს.
  ერთი ყავისფერია, მეორე – შავი, თავზე თეთრი ლაქებით (უცნაურია, ლაქაც შეიძლება თეთრი იყოს, სიწმინდისფერი). უკვე ორი თვეა, რაც ცხოვრებას სწავლობენ. ხუთნი იყვნენ თავიდან, სამი გავაჩუქეთ, ესენი კი არავინ წაიყვანა, რადგან ძუები იყვნენ, თან სიგამხდრით დაუშნოვებულნი (დედა ამბობს ასე, თორემ მე ვთვლი, რომ ისინი მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ლეკვები არიან).
  თამაში უყვართ ძალიან, სითბო, მოფერება... ალბათ, ამაშიც გვანან სომალელ ბავშვებს. უხალისოდ დადიან, სანამ ყურდღებას არ აქცევ, მაგრამ როგორც კი იგრძნობენ, რომ თუნდაც თბილად გამოხედე, ეგრევე შენსკენ გამოიქცევიან უცნაური სიხარულით ანთებული თვალებით. მე ვამბობ, რომ ძაღლის თვალები ადამიანის თვალებზე მეტ ემოციას იტევენ და ამას ჩემებურად ვუხსნი იმ ადამიანებსაც, ვისაც ჩემი ლეკვები არ უნახავთ: აი, ხომ ხდება, რომ როცა ადამიანს რომელიმე შესაძლებლობა უქრება ან ეზღუდება, სხვა შესაძლებლობა უძლიერდება, მაგალითად თუ ადამიანი ბრმავდება, მას სმენა უმახვილდება, თვალების ფუნქციასაც ითავსებს გარკვეულწილად სმენის ორგანო, ან, ვთქვათ, როდესაც ადამიანი კარგავს ფეხებს, მას მეტი ძალა უჩნდება ხელებში, რომ ზედა კიდურების დახმარებით შეძლოს გადაადგილება, ეტლით, ხელჯოხებით და ა.შ.  დედაჩემი ამბობს სულელური შედარებააო, არ აქვთო ძაღლებს გრძნობები და ისევე როგორც სხვა ცხოველები, ინსტიქტებით მოქმედებენო. მე მას არ ვეთანხმები, ის არც მეკამათება, უბრალოდ თავისთვის ჩაილაპარაკებს, ჯერაც ვერ მოიხსენი ვარდისფერი სათვალე ამხელა გოგომო... მე არ ვთვლი, რომ “ამხელა გოგო” ვარ, მე დიდი ბავშვი ვარ და ასეთად მსურს დარჩენა... არ მინდა, დედას დავემსგავსო, არც ის მინდა არშერჩენილი, ან სულაც არნაქონი ემოციები მძიმე ცხოვრებით გავამართლო.
  -ხომ ვამბობდი ძუ ლეკვებს არავინ წაიყვანს მეთქი? უნდა გადამეყარა დაბადებისთანავე, რომ გაიგიჟეთ თავი, ჩვენ ვუშოვით პატრონსო... აჰა, უშოვეთ ახლა პატრონი! მალე ამ ძაღლისგან მხოლოდ ძვლებიღა დარჩება... – ჩაილაპარაკა ბოლო წინადადება და გაურკვეველი ემოციით (თუმცა არა უემოციო, როგორც სჩვევია) სავსე  თვალებით გახედა გაძვალტყავებულ ძაღლს, რომელიც გაუნძრევლად იდგა ერთ ადგილას და მხოლოდ ხანდახან გახედავდა ორ ლეკვს, რომლებიც უკანა ფეხებზე შემდგარნი ჩამოკიდებოდნენ ძუძუებზე და ცდილობდნენ შერჩენილი (ან სულაც არშერჩენილი) რძის წვეთები გამოეწოვათ...

                                                                  ***

  დღეს ჩვეულთან შედარებით გვიან გამეღვიძა. ხელ-პირი გავიმშრალე, პირსახოცი დედას მივაწოდე, რომ ონკანის გვერდით ხეზე მიჭედებულ ლურსმანზე ჩამოეკიდა, რომელიც საკიდის მაგივრობას გვიწევდა.
  ჭიშკართან ახლოს მინდორზე პიპა იწვა, ჩემი ძაღლი. ჭიშკარს გასცქეროდა უჩვეულოდ სევდიანი და ამავე დროს იმედიანი და რაღაცის მომლოდინე თვალებით (ადვილია ძაღლის თვალებში ემოციის წაკითხვა). დედამ შემამჩნია პიპას რომ ვუყურებდი და ძალიან ხმადაბლა ჩაილაპარაკა:
  -დღეს დილით ელგუჯას ჩავუსვი ლეკვები მანქანაში, სამსახურში მიდიოდა და დავტოვებო სადმე გზაზე, ამოისუნთქავს ეგ უბედური ძაღლიც, დაისვენებს...
  ხმა ვეღარ ამოვიღე, გავქვავდი, მხოლოდ ცრემლები მოძრაობდნენ ჩემი თვალებიდან ნიკაპამდე, მერე წვეთები ერთდებოდნენ და ერთად განაგრძობდნენ გზას მკერდამდე, რომელშიც გულს ვეღარ ვგრძნობდი ტკივილისა და უსუსურობისგან  შეგრძნებადაკარგული.
  დედამ შეამჩნია ჩემი ცრემლებიც, მაგრამ უსიტყვოდ განაგრძო სარეველა ბალახის მოცილება იქვე, პატარა ბოსტანში დათესილი ოხრახუშის ძირებიდან. ალბათ, არც ელოდა სხვა რეაქციას ჩემგან.
  დიდხანს ვიყავი გაშეშებული, უამრავი რამ წარმოვიდგინე: სასადილოს კარებთან მოწკმუტუნე ჩემი ლეკვები, რომელთაც მდუღარეს ასხამს ღიპიანი, გაქონილხელებიანი მზარეული... მანქანა, რომელიც ჩემს ყავისფერ ლეკვს გადაუვლის გზაზე გადასვლისას, მძღოლი, რომელიც სასწრაფოდ გადმოდის მანქანიდან და გინებით უწყებს თვალიერებას მანქანას, ხომ არაფერი გაფუჭდაო, ჩემი თეთრლაქებიანი ლეკვი, რომელიც უზარმაზარი ტკივილით სავსე მზერით უცქერს ამ ყველაფერს გზის მეორე ნაპირიდან... უამრავი რამ მომაფიქრდა, მაგრამ ვერაფრით წარმოვიდგინე, რომ ჩემს ლეკვებს პოულობს რომელიმე კეთილი ადამიანი, მიჰყავს თავისთან, აჭმევს, უვლის... შემეშინდა. ვიგრძენი, რომ ადამიანების აღარ მჯერა, არ მწამს სიკეთის არსებობის, რომ თანდათან ვემსგავსები დედას, რომ ვკარგავ რწმენას, იმედს და ... ვარდისფერ სათვალეს.
    ფიქრის სხვა რამეზე გადატანა ვცადე. ჭიშკარს გავხედე, პიპა ისევ იქ იწვა, ისევ იმედით, სევდითა და მოლოდინით სავსე თვალები ჰქონდა... გამიკვირდა, რომ იმედი არ დაუკარგავს, მან ხომ დედას სიტყვები მოისმინა წეღან (ძაღლების ყველაფერი ესმით, მხოლოდ ვერ ლაპარაკობენ, უბრალოდ ეს უნარი შეზღუდული აქვთ). პიპამ იცოდა რა ბედი ეწიათ მის პირმშოებს, უბრალოდ იმედს არ კარგავდა. ის ამით მჯობდა მე – ადამიანს. მას სწამდა დედამიწაზე სიკეთის არსებობის, სასწაულების, მე  - აღარ... მისთვის იმედი ბოლოს კვდებოდა, ჩემთვის კი... ჩემთვის ეს იყო, ალბათ, ბოლო...

                                                                ***

  ახლა ღამეა. ვერ ვიძინებ. ისევ ჩემს ლეკვებზე მეფიქრება, ყავისფერზე და შავზე, თეთრი ლაქებით (მე აღარ მჯერა დედამიწაზე სიწმინდის არსებობის, არც თეთრი ფერია წმინდა, ამიტომ არ მიკვირს, რომ ლაქა შეიძლება თეთრიც იყოს).
  მე აღარ მწამს, რომ ვიპოვი ჩემს ლეკვებს, მაგრამ მე აუცილებლად წავალ სომალში, რომ ვნახო იქაური ბავშვების მზერა : მუდამ რაღაცის მომლოდინე და ამავე დროს უიმედო, ცხოვრებაზე გაბრაზებული და საოცრად მადლიერი, მომაკვდავი მოხუცის მზერასავით დაღლილი და ბავშვურად მოციმციმე...
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები