ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
1 აგვისტო, 2012


ტამბა (VI ნაწილი )


VI ნაწილი

... მეორე დღეა. მზე ჩვეულებრივზე უფრო  აცხუნებს, ეს ალბათ დედა მეხმარება ციდან – დღეს აუცილებლად უნდა იყოს მზე. სასეირნოდ გავდივართ. ლიზი და ერთი კაცი გამოგვყვა.  სანამ ჭიშკრიდან გავიდოდით, ლინზა ხორთუმით ზუსტად ისე დავდე თივის გროვასთან, როგორც ალბერტმა მითხრა.  მდინარესთან ჩავედით. ცოტა ხანში შევნიშნეთ კიდეც კვამლი, რომელიც თანდათან გაძლიერდა. ჩვენ კი ვამჩნევთ, მაგრამ ლიზი და ის მეორე კაცი ისე გაერთნენ საუბარში უკან არც იხედებიან... მერე მე მივედი ლიზისთან და ხორთუმით ისე მივატრიალე, აუცილებლად დაინახავდა კვამლს. შენიშნა კიდეც...  მაიკლ, მგონი ვიწვით, სასწრაფოდ უკან უნდა დავბრუნდეთო, მეორე კაცს ეუბნება. ამათ რა ვუყოთო,  - ჰკითხა იმანაც შეშინებულმა. არა მგონია შორს წავიდნენ, ისე შეგვეჩვივნენ, თან ალბერტიც აქ არისო და სირბილით  წავიდნენ ამბულატორიისკენ.
-    აჰა, ახლა გადავდივართ გეგმა ბეზე! – ამბობს ალბერტი, - აბა ერთხელ კიდევ ერთხმად ვთქვათ:  ბეეე!  -  მგონია მოეწონა ჩვენი ბეე. 
-      კარგი რა ალბერტ, ამის დროა ახლა? – ბრაზობს მილენა.
-      არადა რა მშვენივრად ბღაოდით, ცხვრის ფარა გამახსენდა, – თითქოს მოიწყინა ალბერტმა.
მდინარესთან  ვართ.  ნიანგების მხოლოდ თვალები ჩანს წყლიდან, მაგრამ ისიც საკმარისია რომ შეგეშინდეს. დედა მარიგებდა ნიანგს არ ენდო, მაგათ არავინ არ უყვართ, მხოლოდ ჭამა უყვართო. 
-      ერთი ამათ უყურეთ რა! – გვეუბნება  ალბერტი, ისე, რომ თითქოს ნიანგებს ყურადღებას არ აქცევს,  - ნებივრობენ აქ. ის კი არ იციან, რომ ზემოთ, იქ სადაც ფონია, კამეჩების გუნდი ემზადება მდინარის გადასალახად. 
-    ხო, აი უკვე თითქმის მდინარეს მიადგნენ! – ზემოთ იყურება მილენა.
-    აბა?! – თავი რაც შეეძლო წყლიდან მაღლა ამოწია ერთმა ყველაზე დიდი ნიანგმა.
-    აი შევიდნენ უკვე მდინარეში!  -  შეთანხმებისამებრ ვამბობ მეც.
-    აბა ბიჭებო, გავცურეთ ფონისაკენ... – ამბობს ისევ ის, ვინც თავო წამოყო წყლიდან. 
-    მოიცა და იქნებ გვატყუებენ, იქნებ ამათ უნდათ წყლის დალევა.  – დაეჭვდა ერთი.
-    ე, ბრიყვო, ეს სპლიყვი ისე პატარაა, ჯერ არ ეცოდინება ტყუილი...
გეგონოს!  - გავიფიქრე მე.  ტყუილი კი არა და ჰიგსის ბოზონიც ვიცი რა არის. მართლა და რა არის,  მერე კიდე ვკითხავ ალბერტს. აი ჯერ ნიამ ვნახო. 
ნიანგებმა მართლაც გასცურეს ზემოთ. ჩვენ საშუალება გვქონდა ცოტა ხანი წყალში გაგვევლო. როგორც ალბერტი ამბობს, ამას ორგვარი დანიშნულება აქვს. ერთი რომ კვალი დაეკარგებათ, მეორე ის რომ წყალში რომ შევალთ, იფიქრებენ, რომ ნიანგებმა  გადაგვსანსლეს და თავს დაგვანებებენო.
-    აბა შევედით.  მივდივართ ნაპირის  გასწვრივ ქვემოთ.  მხოლოდ  ათამდე დათვლა და  ამოვდივართ და უკუსვლით ვაგრძელებთ გზას კვლავ ქვემოთ! -  - გვეუბნება ალბერტი.
ათმა დათვლამ უცებ ჩაიარა. თან ამასობაში მოვბრუნდით ასე მობრუნებულებმა, ანუ უკუსვლით ამოვედით წყლიდან და  გავაგრძელეთ გზა. ნაფეხურებს რომ დახედავდა ვინმე ეგონებოდა კი არ ამოვედით წყლიდან არამედ ჩავედით. რას არ მოიფიქრებს ეს ალბერტი.
უკვე  უკვე ასი დათვლა ვიარეთ. მხოლოდ ამის შემდეგ მოგვცა  ალბერტმა უფლება ჩვეულებრივ გაგვეგრძელებინა გზა. ამასობაში ჩვენი ამბულატორია თვალს მოეფარა. კვამლიც არ ჩანს. ეტყობა, რომ იქ კარგა ხანია უკვე ხანძარი ჩაქრა. ახლა ალბათ ჩვენ გვეძებენ. ერთ პატარა გორაზე ავედით.
-      აბა მილენა, მშვენიერო და მაღალო.  გაიხედე და გვითხარი, სპილოებს ხედავ სადმე? – ეუბნება ალბერტი.
-      ვხედავ სპილოების ჯოგს!  – თქვა მილენამ, თან საითაც იყურება ყურებიც იქითკენ აქვს. 
-    ნიას ხედავ? – ვეკითხები მე. ყურები არ მინდა,  მილენას სიმაღლე მომცა.
-    ტამბა, მე ხო არ ვიცი, როგორია ნია? – მეკითხება მილენა.
-      ნია ყველაზე ლამაზი სპლიყვია, ბევრი ლაპარაკი უყვარს, მაგრამ მაინც ძალიან ლამაზია, – ვაწვდი ნიას მოკლე დახასიათებას.
-      აბა როგორ გავიგო აქედან, ყველაზე ლამაზი რომელია და ვინ რამდენს ლაპარაკობს?
-      საით მიდიან? – კითხულობს ალბერტი.
-      არსად არ მიდიან, დგანა ღრუბლებივით!
-      მაშინ ჩვენ მივიდეთ, თუ ნია არ მოდის ტამბასთან, ტამბა მიდის ნიასთან! - ამბობს ალბერტი, მერე მე მომიბრუნდა.
-      ახლა შენ თავი ღირსეულად დაიჭირე, მდედრმა არ უნდა შეგატყოს  რომ მასზე ირევი, გაიგე?!
-    გავიგე. – ვამბობ მე, - მოიცა  და თავის ღირსეულად დაჭერა რა არის?!
-    ილაპარაკე ცოტა და ბრძნულად, გამოამჟღავნე შენი ინტელექტი...
-    დავთვალო?
-      ვაიმე, ღმერთო დიდებულო, რა უნდა დათვალო? ლექსების მოყოლაც არ გაბედო! ხო მართლა,  იცი რაიმე ლექსი? 
-      არა, აბა საიდან?
-      მადლობა ღმერთო დიდებულო! კიდევ კარგი, ანუ გადავრჩით!
-      კარგი რა ალბერტ, ლექსები, რომანტიკა, სიყვარული...  განა ამაზე კარგი შეიძლება რამე იყოს?
-      ეჰ, შენ რა გესმის? ნიას აუცილებალდ ჰკითხავენ როგორ იქცეოდა მომავალი სასიძო. ნიას მამა სპილოების ბელადია. მისი ფიქრია ნია მეზობელი ტომის ბელადს თუ არა, ბიზნესმენს მაინც  გააყოლოს. ის რომ გაიგებს, ტამბა ლექსებს წერსო, შეიძლება წნევამ დაარტყას...  მერე შენ როგორ ფიქრობ, ნიას ეყვარება მამის მკვლელი?
-      ხო, ამდენი კი არ ვიფიქრე?
-    ჯერ ვნახო. ოღონდ ვნახო და საერთოდ არ ამოვიღებ ხმას! – ვამბობ მე.
-      ასეც არ ვარგა! იფიქრებს მუნჯი ხარ! მოყევი შენი საქმენი საგმირონი. თქვი როგორ გაანადგურე მტრის ურიცხვი ლაშქარი! 
-      რომელი ლაშქარი?
-      გადამთიელთა, რომელიც შენ სამშობლოს აოხრებით ემუქრებოდა!  - აქეთ-იქეთ დარბის ალბერტი.
-      კარგი რა ალბერტ, რა ლაშქარი, რის ლაშქარი, სულ გადარიე ეს სპლიყვი! – ბრაზდება მილენა.
-      სულაც არა, ბრძლოსათვის ვამზადებ. ცხოვრება ბრძოლაა, ტამბა!  მოკლედ, იცი რა ილაპარაკე რაც გინდა, მთავარია იყავი გულწრფელი და გიყვარდეს.  თუ გაგიგებს ნია, ხო კარგი, თუ არა და გადავდივართ გეგმა ცე – დაკიდება. 
-      რისი  დაკიდება? – მიკვირს მე.
-      მედლის!  -  იცინის ალბერტი.
-      რა სასტიკია ეს ცხვარი! – ბრაზობს მილენა.
-      მე არა, მილენა, მშვენიერო, ცხოვრებაა სასტიკი ხანაც მშვენიერი! – ამბობს ალბერტი. 
... ამასობაში სპილოებიც გამოჩნდნენ... ოი საკვირველებავ და ნია დავინახე...  მოწყენილი, მოწყენილი იდგა განცალკევებით. 
-    ნია! – დავუძახე მე. მოიხედა და რომ დამინახა, ხორთუმით თვალების ფშვნეტა დაიწყო. მერე ჩემსკენ გამოიქცა. მე მისკე, ლამის ერთმანეთა დავეჯახეთ...…
-    ტამბო, ცოცხალი ხარ!? – უკვირს ჩემი ნახვა... 
-    კი, მგონი ცოცხალია! – ამბობს მილენა. ერც შევნიშნე, მილენა და ალბერტი ამომდგომია გვერდით...
-    ნია, გაიცანი, ესენი ჩემი მეგობრები არიან. ეს არის მილენა, ეს კი ალბერტი.
-    სასიამოვნოა.
-      გამარჯობა ნია. იმდენი კარგი რამ მსმენია თქვენზე, თქვენს მშვენიერებაზე,  მაგრამ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს  გადააჭარბა. – ამბობს ალბერტი.
-      ალბათ ახლა წესით უნდა დავირცხვინო,  – ამბობს ნია.
-      არ არის საჭირო. თუმცა დიდად ვაფასებ ტამბას, მარლაც რომ  ღირსეული ახალგაზრდაა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ მან სანახევროდაც ვერ გადმოსცა ის ხიბლი და სათნოება რასაც თქვენ ასხივებთ.
-      კარგი რა ტამბა,  მინც რა ილაპარაკე ჩემზე?
-      მე...  მე... – ლამის არის ენა დამებას. რაებს პრუტუნებს ეს ალბერტი. ილაპარაკოს.  რამდენი ხანია არ მინახია ნია, როგორ მომნატრებია.
-      მოკლედ მეგობრებო, ჩვენ ახლა ცოტა ხნით დაგტოვებთ... თქვენ შეგიძლიათ ისაუბროთ ტეტ ა ტეტ, ანუ ხელს არავინ არ შეგიშლით... აბა მილენა რას ამბობდი, გლობალური დათბობაო?
-      რა გლობალური დათბობა? – დაიბნა უცებ მილენა.
-      მე მომწონს ამ პრობლემის გადაწყვეტის შენეული ხედვა, თუმცა რამდენიმე საკითხია სადაც ნამდვილად ვერ დაგეთანხმები...
-      მაინც რომელი საკითხი? – ალბერტს აედევნა მილენა.
-    აი წავიდეთ იმ  აკაციის ჩრდილში და შევაჯეროთ ჩვენი აზრები, როგორც იტყვიან, კამათში ორსულდება სიმართლე და იბადება ჭეშმარიტება...



VI ნაწილის დასასრული
გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები