ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პროზა
5 აგვისტო, 2012


ყველგან იპოვი ბედნიერებას? ( გაგრძელება )

მანქანიდან სოლიდური შესახედაობის მამაკაცი გადმოხტა და ჩემთან ჩაიმუხლა.
-მაპატიეთ, ქალბატონო, არ შემიმჩნევიხართ. ასე უცებ საიდან გაჩნდით ან სად იყურებოდით? მე კიდევ, რა მანქანის დაყენება ამიტყდა, როცა არაავინაა? ესაა,  ჩვეულება სჯულზე უმტკიცესიაო. იტკინეთ რამე? აბა, წამოდექით.
მან  ხელები მომხვია და წამომაყენა.  ფეხის მძაფრმა ტკივილმა დენივით დამიარა და ისევ ჩავიკეცე.
-ერიჰა! - წამოიძახა მან, უცებ ხელში ამიტაცა, გულზე მიმიკრა, მარჯვენა ხელით მანქანის უკანა კარი გამოაღო და სავარძელზე დამსვა.
- აბა, ვნახოთ რა ხდება.
მან მარჯვენა  ფეხი ამიმოძრავა,  თითქოს არაფერი, მაგრამ როგორც კი მარცხენას შეეხო, ტკივილისგან ისევ შევკივლე და კინაღამ გრძნობა დავკარგე.
- ამოვარდნილს არ ჰგავს, ესე იგი, მოტეხილობაა - დაფიქრდა, შემომხედა - ნუ გეშინიათ, ახლავე ტრამვმატოლოგიურში მიგიყვანთ და ყველაფერს ეშველება.
- არა, არა, მე თვითონ...ტაქსს გამოვიძახებ და...-ჩუმი, ტკივილნარევი ხმით გავაპროტესტე.
კაცმა განმგმირავი, დამცინავი მზერით შემომხედა, შემატრიალა ისე, რომ ფეხები სავარძელზე შემომედო, კარი მიმიჯახუნა, საჭეს მიუჯდა და მანქანა სწრაფად მოსწყვიტა ადგილიდან.
- თქვენ ხომ საფლავზე უნდა მისულიყავით -ვთქვი ჩუმად და უკანა მინასთან ჭრელი მიხაკების თაიგულს შევავლე თვალი.
- საფლავი არსად გაიქცევა, მთავარია, თქვენ მოგხედოთ - უხეშად მიპასუხა მან და სიჩქარეს მოუმატა.
"ახია ჩემზე. დამეჯახა და კიდევ იქით ვებოდიშები. კეთილ ინებოს და მომხედოს - გავუბრაზდი ჩემს თავს და ტუჩი მოვიკვნიტე, რომ კვნესა  არ წამომცდენოდა.
როგორც იქნა, მივედით.
- ახლავე მოვალ - მომიგდო და მანქანიდან გადავიდა.
მართლაც, ხუთიოდე წუთში დაბრუნდა. კარი რომ გამოაღო ჩასვლა ვცადე.
- თქვენ გაგიჟდით? -გაბრაზებით მითხრა და  ხელში ამიტაცა. - თუ არ იტყვით, რომ მე დაგეჯახეთ...მადლობელი ვიქნები.
უარის ნიშნად თავი გავაქნიე.
-რა გქვიათ?
- თეკლე.
მისაღებში უკვე გველოდნენ.
წვივის წვრილი ძვალი გადამტეხოდა,  საბედნიეროდ, დაშორების გარეშე. თაბაშირი დამადეს და ნება დამრთეს, სახლში წავსულიყავი.
-სამი დღის შემდეგ შემოწმებაზე მოიყვანეთ, ერთი თვის შემდეგ კი თაბაშირს მოვხსნით. ეს სამი დღე უნდა იწვეს, მერე ვნახოთ. - უთხრს ჩემს მხლებელს.
მან ფული გადაიხადა, მე ისევ  ხელში ამიყვანა და მანქანაში ჩამსვა.
- თეკლე, საით წავიდეთ? იქნებ წინასწარ დარეკოთ და შეამზადოთ ახლობლები. - მითხრა მან და მობილური გამომიწოდა.
- სახლში მარტო ვარ, თუ მიმიყვანთ, მადლობელი ვიქნები.- ვუპასუხე კვნესით და მისამართი ვუკარნახე.
-არა, ეს რა ვქენი, როგორ მომივიდა. ოცი წელია საჭესთან ვარ და გაფრთხილებაც კი არ მიმიღია- ჩაილაპარაკა გაბრაზებით, საჭეს  ხელი დაჰკრა. შემდეგ მანქანა დაქოქა და წავედით.
- თქვენები სად არიან? მეუღლე არ გყავთ?
- არავინ არ მყავს, მარტო ვცხოვრობ.
მან სარკიდან შემათვალიერა, თავი გაკვირვებით დააქნია და ჩემს ქუჩაზე შეუხვია.
- მესამე სახლია.
-სადარბაზო?
- მეორე.
მანქანა გაჩერდა.
- გასაღები მოიძიეთ. რომელ სართულზე ცხოვრობთ?
- პირველზე, მარჯვენა კარია.
-კიდევ კარგი.
ის შევიდა, კარი გააღო, დაბრუნდა, ისევ  ხელში ამიყვანა. შევედით.
-საით?
მარჯვნივაა ჩემი ოთახი. "კიდევ კარგი, დილით საწოლი რომ მივალაგე".
მან საწოლზე დამაწვინა.
- ფეხსაცმელს და ქურთუკს გაგხდით.
სხვა რა გზა მქონდა, თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
მან მარჯვენა ფეხზე ფეხსაცმელი გამხადა, ქურთუკიც ფრთხილად მომაცილა, შემოსასვლელში გაიტანა და მობრუნდა.
-თეკლე, დაურეკეთ ვინმე ახლობელს, მარტო ხომ ვერ იქნებით?
" მართლაც, მარტო რა ვქნა? წყალსაც კი ვერ მოვიტან, მაგრამ ვის დავურეკო? სამსახურის მეგობრები? ნანა სოფელშია მშობლებთან წასული, ნინო გუდაურში აპირებდა ოჯახით რა კი რვა მარტი ხუთშაბათი იყო და პარასკევიც გადაგვიმატეს. სოფოს ბავშვი ჰყავს ავად..."
-მოგვიანებით დავრეკავ, თქვენ წაბრძანდით.
- არა, ვარტო ვერ დაგტოვებთ. თქვენს თავს ვინმეს ჩავაბარებ და სამი დღე მშვიდად ვიქნები.
- სამი დღე?!
- ჰო, სამი დღე. შემოწმებაზე ხომ უნდა მიგიყვანოთ?
                                                      ( გაგრძელება იქნება )

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები