ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პროზა
8 აგვისტო, 2012


ყველგან იპოვი ბედნიერებას? ( გაგრძელება )

რა ლამაზი ღიმილი ჰქონია. ახლაღა შევათვალიერე. მაღალი, მხრებგაშლილი, შავგვრემანი, საფეთქლებთან შეჭაღარავებული, სიმელოტე შეპარული, ქართული კეხიანი ცხვირით, შავი, ბრიალა თვალებიანი , ვაჟკაცური შესახედაობის მამაკაცი იჯდა ჩემს საწოლთან.  ორმოცი - ორმოცდახუთი წლის იქნება.
- ჰო, მართლა, მე ბაქარი მქვია.
" ბაქარი, ჩემი საყვარელი, რჩეული გმირი "მირანდუხტ იადხმობილიდან".
- სასიამოვნოა. წადით, ბაქარ, სახლში. მოგვიანებით ვინმეს დავურეკავ.
- არა, თეკლე, მარტო ნამდვილად ვერ დაგტოვებთ. თქვენ ხომ ადგომა არ შეგიძლიათ.
- მაშინ გვერდითა მეზობელს თხოვეთ შემოვიდეს, მერი ჰქვია.
კვნესით ამოვისუნთქე. არ მინდოდა ბაქართან დამეკვნესა, არა და , ტკივილი მიძლიერდებოდა.
- გამარჯობათ. ქალბატონი მერი მინდოდა. თეკლეს სჭირდება.
ეტყობა კარი ზურამ გაუღო, მერის მეუღლემ.
- მერი ბავშვს გაჰყვა გასტროლებზე ბათუმში. სამი დღე არ იქნება. იქნებ, მე გამოვადგე?
- არა, არა, გმადლობთ. თქვენ ნუ შეწუხდებით.
ბაქარი შეწუხებული სახით დაბრუნდა.
- მეორე მეზობელი არ იქნება?
- არა, ის ბინა გაიყიდა და ახლები ჯერ არ გადმოსულან. მე არაფერი მიჭირს. სამზარეულოში, კარადის ზედა, მარცხენა  უჯრაში წამლებია. იქ მგონი ბარალგინია. ის მომიტანეთ და წადით. ზემო სართულზე მცხოვრები ქალი დაბრუნდება სამსახურიდან და მას დავურეკავ.
ბაქარი გავიდა. კარგა ხანს ეძებდა, მაგრამ იქ არანაირი ტკივილდამაყუჩებელი არ აღმოჩნდა.
- აფთიაქში გავალ, მოგიტანთ.
პროტესტს აზრი არ ჰქონდა.
ოციოდე წუთში დაბრუნდა. ოთხნაირი წამალი ეყიდა, თან ხაჭაპური, პიცა, ვაშლის და ბროწეულის წვენი, ვაშლი და ბანანი მოიტანა.
- რატომ შეწუხდით? საჭმელი მაცივარში მაქვს, ან ამდენი წამალი მე დამჭირდება?
- რა თქმა უნდა, არა.- უცებვე მიპასუხა - არ ვიცოდი, რომელი მოგიხდებოდათ. უკვე სამი საათია. მე მშია, ალბათ თქვენც. ვჭამოთ. ვატყობ, საღამომდე აქ მომიწევს ყურყუტი.
მან სამზარეულოდან სკამები, თეფშები, დანა-ჩანგლები, ჭიქები გამოიტანა. ხელსაწმენიც კი ეპოვნა.
- ბარემ წვნიანიც გაათბეთ, მაცივარშია. მშიერს ის  უფრო დაგანაყრებთ, მე კი არაფერი მინდა.
- ოო, ეს არ გამაგონოთ. გავათბობ, ოღონდ იმ პირობით, თუ თქვენც შეჭამთ.
თანდათან მეც გამეხსნა მადა.
ბაქარი კარგი იუმორის მქონე პიროვნება აღმოჩნდა. სიცილ-სიცილში ფეხის ტკივილიც დამავიწყდა.
-ასეთ ამინდში ვის საფლავზე იყავით?
- დედის - ისევ დავსევდიანდი.- მესამე წელია დედა გარდამეცვალა და დავრჩი სრულიად მარტო. სახლი, სკოლა, სასაფლაო, აი, ჩემი გარემო.
- მართლა არავინ გყავთ?
-არა. და-ძმა არ მყოლია. მამა ადრე დამეღუპა, დედა ბავშვთა სახლში იყო გაზრდილი, მამის მხარემ კი... ბავშვობაშივე დამკარგა.
- თქვენ ვის საფლავზე არ დაგაცალეთ მისვლა?
- მეუღლის. მეოთხე წელია გარდაიცვალა.  ჩვენ კურსელები ვიყავით, სტომატოლოგები. მესამე კურსიდან გვიყვარდა ერთმანეთი. მეხუთე წელს შევვუღლდით.  ექვსი წელი შვილი არ შეგვეძინა. ძალზე განიცდიდა ამ ამბავს. შემდეგ გაგვიჩნდა გოგონა. ნია სამი წლის იყო თათია რომ გარდაიცვალა საშვილოსნოს კიბოთი. სად არ მყავდა, მაგრამ ვერაფერი ვუშველე. ნიაკო ჩემს სიდედრთან იზრდება. მეორე კლასშია უკვე.
ცხრა მარტს გარდაიცვალა. საოცრად უყვარდა მიხაკები, განსაკუთრებით, ჭრელი.
რვაში ოცდათოთხმეტი ცალი მივუტანე. ოცდათოთხმეტი წლის იყო მაშინ. ძალიან გაუხარდა. საწოლზე მომაფანტვინა. უკვე ლაპარაკი უჭირდა. საფლავში ჩამაყოლეო, მითხრა...დილის ათზე კი... უკვე აღარ იყო. ძალიან გამიჭირდა უიმისოდ,  ჩვენ ხომ საოცრად გვიყვარდა ერთმანეთი...
მაპატიეთ, გული გატკინეთ თეკლე, არ მინდოდა.  თვითონაც არ ვიცი, რატომ მოგიყევით ეს...
- არა, არა, რას ამბობთ, რაა საბოდიშო - ცრემლები მოვიწმინდე - ალბათ საშინელებაა ასეთი სიყვარულის დასამარება.
- უჰ, რა დრო გასულა, შებინდებულა კიდეც.
საათს შევხედე.  ექვსს უკლდა.
- აწი თინა დეიდაც მოვა, დავურეკავ, თქვენ კი, წადით.
- სანამ თინა დეიდა არ მოვა, არსადაც არ წავალ - გამიცინა ბაქარმა.
ჭურჭელი სამზარეულოში გაიტანა. მესმოდა, როგორ დარეცხა, შემდეგ  ხელები დაიბანა და ისევ ჩემთან ჩამოჯდა.
- რამე ხომ არ გინდათ თეკლე?
- არა.
ის წამოდგა, მოულოდნელად ისევ  ხელში ამიყვანა, სააბაზანოში შემიყვანა, ონკანთან ჩამომსვა, -ცალი  ფეხით ხომ ახერხებთ დადგომას? ათ წუთში შემოვალ.
მართლაც ათიოდე წუთში დაბრუნდა, ისევ  ხელში ამიტაცა და საწოლზე ჩამომსვა.
- აბა დარეკეთ - მომაწოდა მობილური.
- ათ წუთში ჩამოვალ თეკლე - მითხრა თინა დეიდამ როცა ჩემი გასაჭირი შევჩივლე.
ბაქარმა ჩემი თავი ისე ჩააბარა, თითქოს ძალზე ახლობელი იყო, დაგვემშვიდობა და წავიდა.
თითქოს შუქს ბრწყინვალება დააკლდა, ჰაერს - ჟანგბადი.
                                                              ( გაგრძელება იქნება )

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები