ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არმენ არუთინოვი
ჟანრი: პროზა
10 აგვისტო, 2012


ვერდაწერილი ლექსის ამბავი

                                 
პირველი წინადადების დაწერა ყოველთვის ძალიან მიჭირს. ჩემი შეცდომა ალბათ იმაში მდგომარეობს, რომ საჭირო სიტყვებს მეტისმეტად დიდხანს ვეძებ. კაცმა რომ თქვას, საძებნი არც არაფერია,-საჭიროა მხოლოდ სათქმელზე კონცენტრირება და ყველაფერი თავისით მოგვარდება,-მეხსიერებაში დალექილი სიტყვათა მარაგი შერჩევითობის პრინციპით გადახარისხდება და ყველა საჭირო სიტყვა ფურცელზე თავისთავად ამოტივტივდება. საკმარისია მხოლოდ მათი თანმიმდევრობით დალაგება და ევრიკა!-ყველაფერი ნათქვამია.

მაგრამ ახლა რის მოყოლასაც ვაპირებ, სიტყვათა ლოგიკურ კავშირს ნაკლებად ექვემდებარება. შეუძლებელია გრძნობებისა და ემოციების გასიტყვება, ფურცელზე ისე გადმოტანა, რომ არაფერი დაკარგო, არაფერი მოაკლო იმ შეგრძნებებს, რაც ერთ კონკრეტულ მომენტში განიცადე, ძალიან გეტკინა და ურომლისოდაც ნაწერი, რომლის დაწერასაც ახლა აპირებ, მხოლოდ მშრალი და უემოციო სიტყვების გროვა გამოგივა.
ის-ღა გრჩება, შენ შენი მაინც სცადო, მეხსიერება მაქსიმალურად დაძაბო და ყველა ის გრძნობა, რომელიც ამ ოთხიოდე დღის წინ მოსვენებას არ გაძლევდა, გაასიტყვო. შენ ხომ სცდი, დანარჩენს უკვე გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს.

როგორც ყველაფერი, ჩემი იმდღევანდელი ამბავიც სადღაც ერთი კონკრეტული მომენტიდან დაიწყო. თუმცა ახლა უკვე ძალიან მიჭირს მისი გამოკეთა და ხაზგასმა.

თბილისიდან საღამოს ვაპირებდი გამგზავრებას, მეგობარმა რომ დამირეკა და შემომთავაზა, ერთი ჩვენი სახლში გამოკეტილი მეგობრისთვის გაგვევლო და მოგვენახულებინა. დაუფიქრებლად დავთანხმდი.

ყველა თავისებურად უცხადებს პროტესტს ამ ცხოვრებას, ზოგი ჰიპერაქტიურობით და ყველგანყოფნით ცდილობს სარკეში საკუთარ გამოსახულებას დაემალოს და თვალებში არ ჩახედოს; ზოგი უბრალოდ ცხოვრობს, მეტი არაფერი; ზოგიერთი კატეგორიულად უარს აცხადებს ფიქრზე და ინსტინქტურად აგრძელებს სუნთქვას, მაგრამ არის იშვიათი კატეგორია ადამიანების, რომლებიც ცხოვრების მთელ ტრაგიზმს თამამად უსწორებენ თვალს და მხოლოდ იმიტომ მარტოვდებიან, რომ საკუთარი ქვეცნობიერი, დაფარული და არეული შინაგანი სამყარო არსებობაში ამხილონ, გააშიშვლონ და როგორც მტვერგადაცილებული წიგნს, თვალი შეაჩვიონ.

სწორედ ამ უკანასკნელ ტიპს განეკუთვნება ჩვენი მეგობარიც. არსებობისა და გარესამყაროსთან კონტაქტისთვის კომპიუტერი და წიგნებით დამძიმებული თაროებიც ყოფნის, ყველაფრისგან დასკვნების გაკეთებას სწავლობს და უკვე ხორცშესხმულ აზრებსა და შეგრძნებებს ფურცლის ნაგლეჯებსა და ვორდის ფაილებში აგროვებს ლექსების სახით.

მასზე ლეგენდები დადის, მისი ცხოვრების წესზე, მისი სიყვარულის ისტორიებზე, მაგრამ რამდენადაც მათში სიმართლის მარცვალი ურევია, იმდენადვე სასაცილოდ და უსუსურად გამოიყურებიან.

დანამდვილებით ერთი რამის თქმა შემიძლია,-ყველა მისი მეგობარი უსაზღვროდ ბედნიერები ვართ მასთან შეკრებით, ზოგადად ერთად ყოფნით, საინტერესო საუბრებით, ერთმანეთის ახალი ლექსების მოსმენა-შეფასებით და იმ ჰაერის სუნთქვით, რომელსაც თითოეული ჩვენგანი პოეზიით წამლავს.

უხსოვარი დროიდან კულტურული მსოფლიოს მექასა და მედინობას თუ პარიზი ითავსებს, მონმარტრზე, ბულონის ტყესა და ელისეს მინდვრებზე მიწას მოწყვეტილი, რეალობას აცდენილი ადამიანები თუ პილიგრიმობენ,-ჩვენ ჩვენ მეგობართან, ერთ ძალიან ჩვეულებრივ თბილისურ ბინაში ვიკრიბებით, ერთფეროვან ცხოვრებას ერთმანეთით ვიფერადებთ და ხან ბოჰემური ქეიფითა და ხან წიგნების მტვრით  ფილტვებს ვივსებთ ხოლმე.

და სწორედ ასეთ წუთებში ვხვდებით, რომ მთელი ცხოვრება ერთმანეთს ვეძებდით, გვწამდა სადღაც ერთმანეთის არსებობის და ვტკბებით ერთადყოფნის იმ წუთებითა თუ საათებით, რომელსაც ცხოვრება ეს უკვე მერამდენედ გვჩუქნის.

საღამოს ცხრა საათი იქნებოდა, ჩვენი მეგობრისგან რომ წამოვედით. ქალაქიდან უკვე ვეღარ გავიდოდი, მაგრამ არც მქონდა გასვლის დიდი სურვილი. როგორც არასდროს, ისე მინდოდა ის წუთები გამეხანგრძლივებინა და თბილისის ხმაურიანი სიჩუმისთვის მესმინა.

არის წუთები, რომლებიც ან უახლოესი ადამიანების გვერდით უნდა გაატარო,  ისეთების, რომლებსაც უსიტყვოდ ესმით შენი, ან საერთოდ უნდა განმარტოვდე და ეს დრო ნაყოფიერად უნდა გამოიყენო-ძიებისთვის. მე ეს უკანასკნელი ავირჩიე.

ჩემ მეგობარს მეტრო რუსთაველთან დავშორდი. თვითონ ვერ ახერხებდა ჩემთან დარჩენას, მაგრამ ვერც მელეოდა და ნერვიულობდა. პირობა ჩამომართვა, რომ ერთ საათში როცა დამირეკავდა, უკვე რომელიმე ნათესავთან ან მეგობართან ვიქნებოდი. დავპირდი, მაგრამ როგორც მე ვიყავი დარწმუნებული, რომ პირობას არ შევუსრულებდი, კიდევ არა ერთ საათს ვიხეტიალებდი, ალბათ არც მან დაიჯერა ჩემი დაპირების, ხელი ჩაიქნია და მეტროს შესასვლელში გაუჩინარდა.

რუსთაველის გამზირს დავუყევი. სამი-ოთხი თვე მაინც გასულიყო, რაც აქ მარტოს არ გამევლო და მიხაროდა. ჩემი სტუდენტობის  გზას და მოგონებებს მივუყვებოდი, არც ხალხს ვათვალიერებდი, არც შენობებს, ისე, უბრალოდ, მივდიოდი და მიხაროდა.

ჩემთვის რუსთაველის გამზირს უცნაური დატვირთვა აქვს,-უბრალოდ მივუყვები ყოველგვარი მიზნის გარეშე. ეს არაა არც სეირნობა, არც საღამოს შინისაკენ აჩქარებული და დაღლილი ნაბიჯებით წასვლა, არც პაემანზე მიმავალი ბიჭის მოუთმენელი ნაბიჯები, არც ცნობისმოყვარე თვალებით გვერდით  ჩამვლელების თვალიერება, უბრალოდ მივუყვები ტროტუარს და მორჩა. არის რაღაც ძალიან განსაკუთრებული და მშობლიური რუსთაველის გამზირზე. მიჭირს იმის თქმა,  რა კონკრეტულად, ალბათ ესეც სადღაც ქვეცნობიერში დალექილი დადებითი შეგრძნებაა, მეტი არაფერი.

კიდევ ერთი უცნაურობა მაკავშირებს ამ ადგილთან,-მივდივარ და არასოდეს  არაფერზე ვფიქრობ. ყველაფერი ან რუსთაველის ძეგლთან, ან თავისუფლების მოედანზე მრჩება, იმის მიხედვით, რომელი მიმართულებით მივუყვები. უბრალოდ კადრები კადრებს ცვლიან, შეგრძნებები შეგრძნებებს,  ვერაფერს აღვიქვამ ჯეროვნად და ინსტინქტურად მივაბიჯებ.

პუშკინის სკვერში გამოვფხიზლდი. ერთ ჩაბნელებულ კუთხეში უსახლკარო მოხუცს მუყაოს ყუთის ნაგლეჯები დაეფინა და ზედ არხეინად ეძინა. ზურგზე გაშხლართულიყო, მარცხენა ხელი თავქვეშ ჰქონდა ამოდებული, მარჯვენა კი იქვე მიგდებული არყის დაცლილი ბოთლის მიმართულებით ჰქონდა გადაგდებული. ისე ხვრინავდა, რომ გამვლელ-გამომვლელები შეშფოთებით იყურებოდნენ მისკენ და თავიანთდაუნებურად ნაბიჯს უჩქარებდნენ.

შევჩერდი და სიგარეტს მოვუკიდე. რაღაც მომენტში ძალიან შემშურდა მოხუცის უშფოთველი და არხეინი გამომეტყველების და მეც სასწაულად მომინდა, ცხოვრებაში პირველად ღამე ქუჩაში გამეთენებინა, ქალაქის სუნთქვისთვის მომესმინა და მისი პულსაცია მეგრძნო.

იმ წუთას საშინელებად წარმომედგინა ვინმეს საზოგადოებაში ყოფნა, ყველაზე მოსაწყენი საუბრები ყოფით თემებსა თუ პოლიტიკაზე. მაშინ, როდესაც შენ რაღაც ამაღლებულზე ფიქრის ხასიათზე ხარ, გინდა რაღაც სპეტაკსა და მშვენიერზე იოცნებო, დიდ ტკივილს გაყენებს ყველაფერი ერთფეროვანი, ყოველდღიური, ბანალური. გაქცევა გინდა არსაით-მიმართულებით, კარის გაჯახუნება და უაზრო და ცარიელთვალება თანამოსაუბრისთვის ერთი გემოზე შეკურთხება.

მაშინ სწორედ ასეთ ხასიათზე ვიყავი. პოეტ მეგობრებთან გატარებული საღამოს მერე, მათგან ემოციებით ავსებული, ვერ ავიტანდი ვერავის საზოგადოებაში ყოფნას და გადავწყვიტე, იმ წუთას დაბადებული მარტოყოფნის სურვილი რეალობად მექცია, თუნდაც ერთი ღამით.

აუჩქარებლად ჩავუყევი პუშკინის სკვერს. იმაზე ფიქრიც კი, რომ მთელი ღამე განმარტოების ფუფუნება მექნებოდა, უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა. ვუსმენდი თბილისური ღამის მელოდიას და ჩემდაუნებურად გონებაში ამოჩემებული სიმღერასავით სიტყვები სიტყვებს ებმებოდნენ, მერე ამ სიტყვებს ქვეცნობიერად მისამღერივით ვიმეორებდი და რიტმში ვსვამდი. გავაცნობიერე, რომ ლექსს ვწერდი და ამ ლექსის ფურცელზე გადატანის დაუძლეველი სურვილი გამიჩნდა. მოულოდნელად გამახსენდა, რომ არც საწერ-კალამი და არც ფურცლის არც ერთი ნაგლეჯი ჩანთაში არ მედო (ახალშეძენილ ქენძაბურო ოესა და მარკესის მოთხრობების კრებულებს ზედ რაიმეს მიჩხაპვნას ვერ ვაკადრებდი) და შიშმა შემიპყრო,-ვაითუ ვერ მეშოვა ვერც ერთი, ღამის თერთმეტი საათისთვის ხომ მაღაზიები ძირითადად უკვე დაკეტილია.

ეს არც შიშია, არც შეშფოთება, არც მღელვარება. რაღაცნაირი განცდაა, სული ყელში რომ გებჯინება. ძალიან რომ გინდა რაღაცის გაკეთება, მაგრამ ხელისშემშლელი ფაქტორები რომ გეღობება და მზად რომ ხარ, ნებისმიერი მსხვერპლის ფასად დასახულ მიზანს მიაღწიო. მაგრამ რომელ მიზანზე შეიძლება ლაპარაკი, როცა საქმე შემოქმედებას ეხება, როცა უნდა შექმნა რაღაც ახალი, სული უნდა შთაბერო და არსაიდან და არაფრიდან გააჩინო. ამ დროს მიზანს ვერ დაისახავ, ვერასოდეს განსაზღვრავ შედეგს, მხოლოდ ის შეგიძლია, ბრმად მიენდო შეგრძნებებს, ემოციებს, შთაბეჭდილებებს და წერო. გეჩვენება, რომ ყველაზე ლამაზ ლექსს წერ დედამიწის ზურგზე, ყველაზე ზუსტად შენ შეგიძლია ყველაფრის ამ ერთ ლექსში ჩატევა, ყველაფერზე ფიქრობ და აზრები გერევიან ერთმანეთში. სიგარეტს სიგარეტზე ეწევი, თითებს ნერვიულად იმტვრევ, მარცხენა ხელით თავს იფხან და მარჯვენათი საწერ-კალმის კნოპს ლოყაზე იწკაპუნებ, თან შიშ- და მორიდებანარევი მზერით აქეთ-იქით იყურები, სადღაც გულის სიღრმეში მაინც აცნობიერებ, რომ მიწაზე ხარ და არ გინდა ვინმემ შეგამჩნიოს ეს ეიფორიული მდგომარეობა, მით უმეტეს არ გინდა, რომ ხელი შეგიშალონ. 

რაღაც ამის მსგავსი განწყობა დამეუფლა. სასწრაფოდ ლექსი უნდა დამეწერა, მაგრამ როგორ, რით, რაზე, სად, რანაირად,-ეს უკვე აღარ ვიცოდი. ყველაფერზე ერთდროულად ვფიქრობდი, მეჩქარებოდა საწერ-კალმის და ბლოკნოტის ან რვეულის, ან ნებისმიერი ფურცლის ნაგლეჯის შოვნა. თან იმაზეც ვფიქრობდი, სად უნდა მეპოვა ისეთი ადგილი, სადაც ხელს არავინ შემიშლიდა და ჩანაფიქრს განვახორციელებდი. აქეთ-იქით ვიყურებოდი და ერთდროულად სადღეღამისო მაღაზიასაც ვეძებდი და ადგილსაც, სადაც ჩამოვჯდებოდი და ყველაზე მაგარ ლექსს დავწერდი.

აქა-იქ ღია მაღაზიები შევამჩნიე, მაგრამ იმედები მიცრუვდებოდა თითოეულ მათგანთან მისულს,-სიგარეტის, სასმელების და სურსათის გარდა არაფერი ებადათ. გამყიდველებს უცნაური რეაქცია ჰქონდათ ჩემ თხოვნაზე და დაჟინებით მაკვირდებოდნენ. შესაძლოა, ზოგიერთმა მათგანმა არც თუ ისე სახარბიელო დიაგნოზიც დამისვა, არ ვიცი. ვიცი მხოლოდ ის, რომ არავის აზრი მაინტერესებდა, არ მაფიქრებდა არაფერი, ოღონდ რასაც ვეძებდი, მეშოვა.

ის-ის იყო იმედი მეწურებოდა, რომ ერთმა ღვთისნიერმა შუახნის გამყიდველმა ქალბატონმა უზარმაზარი სადღეღამისო სავაჭრო ცენტრი მიმასწავლა ორი წუთის სავალზე.

უცნაურია ამბავია, მაგრამ აქ მილიონჯერ ავლილ-ჩავლილს ეს ამხელა სუპერმარკეტი, რომელსაც უზარმაზარი შენობის მთელი პირველი სართული ეკავა, არასოდეს მქონდა შემჩნეული.

გზა ძლივს გავიგნე საკანცელარიო განყოფილებისაკენ, საწერ-კალმების ფართო ასორტიმენტი დამხვდა. ერთი მათგანი შევარჩიე ნაჩქარევად და რვეულის ან ბლოკნოტის ძებნა დავიწყე. მთელი განყოფილების თავდაყირა დაყენების შემდეგ მივხვდი, რომ ამაოდ ვეძებდი. ყოველი შემთხვევისთვის კონსულტანტთანაც გადავამოწმე, მაგრამ ნამდვილად არ ჰქონდათ არც ერთი. ცოტა დამაკლდა, რომ რაიმე ფურცლის ნაგლეჯი ან მუყაოს ყუთის ნახევი არ მომეთხოვა. რაღაცამ შემიშალა ხელი და ვერ ვთხოვე.

გაწბილებულმა გადავიხადე საწერ-კალმის ფული და გამოვედი. თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ ფურცლის ნაგლეჯს უფრო ადვილად ვიშოვიდი და კორტების მიმართულებით დავუყევი დაღმართს.

ჩვენი სამეგობროს ამოჩემებული დუქნის წინ ნულოვან სართულზე განლაგებული მაღაზია ღია დამხვდა. თაყვანისმცემელთან მოჟღურტულე გამყიდველმა გოგონამ ხელის შეშლისთვის დამსაჯა და რვეული სამმაგ ფასად მომყიდა. მაინც უსაზღვროდ გამიხარდა, რომ უკვე ყველა საჭირო ნივთი მქონდა ლექსის საწერად და გულითადი მადლობა გადავუხადე.

კორტებთან შუქ-ნიშანზე არ გავჩერებულვარ და წითელ შუქზე გადავჭერი გზა. მშრალი ხიდის მიმართულებით წავედი. შევუყევი ხიდზე ამავალ მცირე აღმართს და თან თვალით ისეთ ადგილს ვეძებდი, სადაც განათებაც იქნებოდა და ისეთი ადგილიც, მშვიდად რომ ჩამოვჯდებოდი, გამვლელ-გამომვლელთა ნაბიჯების ხმა არ შემიშლიდა ხელს და დავწერდი ლექსს. მაგრამ ხეების ტოტებში გახლართული ლამპიონები ისე სუსტად ანათებდნენ, რომ გზა ვორონცოვის მიმართულებით გავაგრძელე და ხიდზე გადასულმა რატომღაც პირველივე შემხვედრ მიკროავტობუსს ავუწიე ხელი. მნიშვნელობა არ ჰქონდა, საით წავიდოდი, ჩემ განკარგულებაში ხომ მთელი ღამე იყო. ერთი რამ დანამდვილებით ვიცოდი, იქ გაჩერება არ შემეძლო, სადმე უნდა წავსულვიყავი. ესეც რაღაც შინაგანი კაპრიზი იყო, აუხსნელი.

აღმოჩნდა, რომ რკინიგზის სადგურისკენ მქონდა გეზი აღებული. ის-ის იყო თითქმის ცარიელ მიკროავტობუსში მძღოლის უკან მოვიკალათე, რომ ჩემი მეგობრისგან მოკლე ტექსტური შეტყობინება მომივიდა, როგორ იმგზავრე და სად ხარო. საპასუხო შეტყობინებაში რაღაც მოვიგონე სახელდახელოდ და კმაყოფილი სახით მივეყუდე სავარძელს.

ესეც ასე: ჩემ განკარგულებაში მთელი ღამე იყო და ახლა მხოლოდ ის მაფიქრებდა, რკინიგზის სადგურზე მაინც მეპოვა ლექსის საწერად შესაფერისი ადგილი.


(გაგრძელება იქნება)



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები