ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ნიკა ჩერქეზიშვილი
ჟანრი: პოეზია
23 აგვისტო, 2012


ციკლიდან - მა (მეექვსე ლექსი)

მხრები (დარჩენა)

თეკლას

მა,
იწერება ლექსები ასე,
თითქოს ჭერიდან ღვთის მადლი ჟონავს.
დგას აწმყო, ჩემი ფიქრებით სავსე
შენს მომავალზე. შეგიკრავ ზონარს
ფეხსაცმელზე და აგიყვან ხელში,
მა,
შენ ყოველთვის წვდებოდი ჩემს მხრებს,
ამ მხრებს,
რომლებსაც აწყვია ქეშად
ვალაუვალი დღეები. მტეხენ
სახსრებში,
ძვლებში ის ღამეები,
რომელთაც თვითონ ვტეხდი
და მა, მა,
მიწევს თამაში ბედნიერების,
მაშინ როდესაც ცხოვრება დრამას
სთავაზობს (მხოლოდ) ჩემნაირ კაცებს,
ვინც ნაპირზე არ გამოირიყა.
მე ვინ ვარ, ჯვარზე უფალი აცვეს.
მა,
არ გამოდის,
რომ კარგად ვიყო.
დრო ზედაპირულ ტკივილებს არჩენს,
სიღრმეში მუდამ ცხელია ლავა.
მინდა გჯეროდეს, რომ შენთან დავრჩი,
მაშინ,
როდესაც აქედან წავალ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები