ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პროზა
25 აგვისტო, 2012


ყველგან იპოვი ბედნიერებას ? ( ახალი დასასრული )

დილით ბაქარმა დამირეკა:
- თეკლე, უნდა მაპატიო, დღეს ვერ მოვალ. დილით ვმუშაობ, ნაშუადღევს კონფერენციაა, გერმანელი სპეციალისტები ატარებენ, უნდა დავესწრო, საღამოს კი ბანკეტია.
- რა საბოდიშოა ბაქარ, სავალდებულოა ყოველდღე მოხვიდე?
- მე ამას ვალდებულების გამო არ ვაკეთებ, ხვალამდე თეკლე- დახშული ხმით მითხრა ბაქარმა და ეგრევე გათიშა ტელეფონი.
გულში სითბო ჩამეღვარა. ე.ი. მასაც უხარია ჩემთან ყოფნა, მოვწონვარ, იქნებ ვუყვარვარ კიდეც? იქნებ უბრალოდ შემეჩვია? როგორ გავივლი ხვალ?
ხელჯოხით უკვე კარგად დავდივარ, თაბაშირიან ფეხსაც მშვენივრად ვადგამ, მაგრამ მოხსნის შემდეგ რა იქნება ? რამდენი რამე უნდა გაარკვიოს ხვალინდელმა დღემ?
მზიანი, თბილი დილა გათენდა. ვეცადე, რაც შეიძლება კოხტად ჩამეცვა და მიმზიდველი ვყოფილიყავი.
ბაქარი  ათისთვის მოვიდა. რაღაცნაირად დაბნეულად გამოიყურებოდა, მაგრამ შემომხედა თუ არა, თვალები ისე გაუბრწყინდა, მივხვდი, ჩემს მონდომებას ფუჭად არ ჩაუვლია.
მიუხედავად ჩემი პროტესტისა, რომ თავად მივიდოდი მანქანასთან, ბაქარმა მაინც  ხელში ამიტაცა. ძლივს შევიკავე თავი, რომ  ხელები არ შემომეხვია და მკერდში არ ჩავკროდი.
თაბაშირის  გახსნის შემდეგ მხოლოდ უხერხულობის შეგრძნება მაწუხებდა, სხვა მხრივ ყველაფერი კარგად იყო.
- რამოდენიმე დღე მაინც ხელჯოხით იარეთ - გამაფრთხილა ექიმმა.
ბაქარი საოცრად გახარებული იყო, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
გარეთ საკმაოდ თბილოდა. გაზაფხულის სურნელი უკვე ძალუმად იგრძნობოდა.  ხეთა ნორჩი ფოთლები თვალს აამებდა.
- რესტორანში გეპატიჟები, თეკლე, ხომ უნდა ავღნიშნოთ საქმის კარგად დაგვირგვინება?
- დღეიდან ჩემი " აპეკუნობისგან "თავისუფლდები, აღსანიშნავია, მაგრამ რესტორანში არა. მოდი, სადმე პარკში ჩამოვსხდეთ ცოტა ხნით, მერე კი...
- რა მერე? - გაბზარული ხმით მკითხა ბაქარმა.
- რა ვიცი რა იქნება მერე - მხრები ავიჩეჩე მე.
- ფუნიკულიორზე ავიდეთ, ღია ვერანდაზე დავსხდეთ. სუფთა ჰაერზეც ვიქნებით და რესტორანშიც.
- ორ კურდღელს ერთად დავიჭერთ, არა? - გამეცინა მე.
- გთხოვ, უარი არ მითხრა თეკლე - ჩუმად მითხრა ბაქარმა და ხელზე ოდნავ მომიჭირა.
ბაქარი დაბნეული და ნირწამხდარი მომეჩვენა. გულმა რეჩხი მიყო. აი, ახლა დავსხდებით , ვისაუბრებთ და ნელ-ნელა შემაპარებს რომ მოვალეობა მოიხადა, რომ ყველაფერი დამთავრდა და ...წავა?
თვალები გავუსწორე. ბაქარის თვალებში მოლოდინი, ყოყმანი, თხოვნა, იმედი ერთად ჩაბუდებულიყო.
განაპირა მაგიდასთან დავსხედით. მზე სასიამოვნოდ გვათბობდა. თბილისი საოცრად ლამაზი ჩანდა ზემოდან დღისითაც.
ბაქარმა შეკვეთა მისცა. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. მე არ ვიცოდი რა მეთქვა, ის კი ჩუმად იჯდა და გარემოს ათვალიერებდა. შევამჩნიე,  ხელები უთრთოდა, თითებს ხან ჩახლართავდა, ხან მომუშტავდა, ხან ისრისავდა.
- თეკლე!
-რა იყო, ბაქარ?
- გთხოვ, მომისმინო და არ შემაწყვეტინო, კარგი?
- კი, ბატონო - ძლივს ამოვილუღლუღე მე.
ასეთი ბაქარი ჯერ არ მენახა. იჯდა აწურული, დაბნეული, აწითლებული. ხან მე შემომხედავდა, ხან გარემოს შეხედავდა, ხან თავის ხელებს დააჩერდებოდა. უჭირდა ლაპარაკის დაწყება.
შეკვეთილი საჭმელ-სასმელი მოგვიტანეს.
ბაქარმა შამპანიური ჩამოასხა. ჭიქა აიღო, ხელებში ჩაბღუჯა და შემომხედა.
- თეკლე, წუხელ მთელი ღამე ვერ დავიძინე. ვფიქრობდი შენზე, ჩემზე, ნიაზე. საბოლოოდ მაინც ვერაფერი გადავწყვიტე... მე არ მინდა, არ შემიძლია შენი დაკარგავა. უცნაური იყო  ჩვენი გაცნობა და ასევე უცნაურად მოიკალათე ჩემს გულში. მე შენი მოტყუებაც არ მინდა. არ ვიცი, რა ქვია ჩემს შენდამი გრძნობას, შეჩვევა? მოწონება? შეთვისება? თუ ყველაფერი ერთად? სიყვარული... არ ვიცი... ის სიყვარული სხვაგავრი იყო, ამიტომ...
პირველად საშინლად გავბრაზდი შენზე, არც კი შემიხედავს შენთვის, დაბნეულ, უყურადღებო ქალად ჩაგთვალე. მერე, როცა ჩემგან დახმარების მიღება არ გინდოდა და როცა ჩემი  ხელების შეხებისას შეკრთი და დაიძაბე, ამან კიდევაც მასიამოვნა და კიდევაც გამაღიზიანა. შეგხედე და მივხვდი, უბრალო, წესიერი და თან ლამაზი ქალი იყავი.
მერე შენს მარტოობაში ძალაუნებურად შემოვიჭერი და ვეღარ მიგატოვე.
თათიას მერე ვერავისთან ვპოვე სიმშვიდე, ვერავინ მივუშვი გულთან, თუმც რამოდენიმე ძალიან ცდილობდა ამას.
შენ კი, ისე, რომ იოტისოდენადაც არ მოგინდომებია, გულში მოიკალათე. თათიას ადგილი ისევ ცარიელი დარჩა, მაგრამ შენი ადგილიც მოიძებნა იქ. შენ ის ტკივილიც მიაყუჩე თითქოს...
შეიძლება მე ვერ ვხვდები და ეს სიყვარულია, ნაგვიანევი სიყვარული. მომეცი ნება, ისევ ვიარო შენთან, გავერკვე ჩემსა და შენს გრძნობებში.  ხელს ნუ მკრავ, თეკლე. ნუ მომაკლებ ამ სიამოვნებას....
ზეგ ნია ჩამოყავს ბებიას. გთხოვ, ერთად შევხვდეთ აღდგომას მე, შენ და ნია.
ასე დაბნეული არასდროს ვყოფილვარ , თეკლე... - ახლაღა შემომხედა. ტუჩები უკანკალებდა, გაფერმკრთალებულიყო, თვალები დანისლოდა.
- ვიცი, უსუსრად ვჩანვარ შენს თვალში ალბათ, მაგრამ... იმედი მაქვს შენი გულისხმიერებისა, თეკლე. ხედავ? არც კი გეკითხები, შენ რას ფიქრობ, შენ გინდა კი ჩემთან?
ხმა ვერ ამოვიღე. მეშინოდა, ჩემი გულის ბაგა-ბუგი ბაქარს არ გაეგონა.  ხელები მიცახცახებდა, ვიცოდი, რამე რომ მეთქვა, ჩემი აკანკალებული ხმა გამცემდა, თუ რამდენად ბედნიერი ვიყავი.
" ნუთუ,  სასაფლაოზეც შეიძლება იპოვო ბედნიერება?"გავიფიქრე და ბაქარის ხელმა თავი ამწევინა. თვალთაგან ორიოდე კურცხალი გადმომივარდა და მას ცრემლიანი თვალებით გავუღიმე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები