ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პროზა
31 აგვისტო, 2012


ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით ( ნაწილი პირველი )

ათი დღეა კიევში ჩამოვედი. შვილიშვილის შეძენამ მიმატოვებინა სახლ-კარი. ლელის ჩემი დახმარება სჭირდება. ასეც რომ არ იყოს, ერთადერთი ქალიშვილის პირველი შვილის შეძენაზე უფრო სასიხარულო და მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს ჩემთვის?
მეორედ ვარ უკრაინაში. პირველად ქორწილზე ჩამოვედი. კარგი ბიჭი გამოდგა სიძე. თავიდან წინააღმდეგი ვიყავი, არ მინდოდა ლელის ქმარი უცხოელი ყოფილიყო, მაგრამ .... სიყვარულმა აჯობა ჩემს "არ მინდას". არ ვნანობ. განათლებული, ზრდილი, ცოლის მოყვარული გამოდგა. მუშაობს პრესტიჟულ ფირმაში მენეჯერად. ლელიმაც, კიევის უნივერსიტეტში გადმოიტანა საბუთები. მზახლებიც კარგები არიან, პატიოსანი, მშრომელი, მოსიყვარულე. სოფელში ცხოვრობენ, მაგრამ ახლოს. სამიოდე საათის გზაა. ნიკოს ( სიძეს ნიკალაი ჰქვია. მე ჩვენებურად ნიკოს ვეძახი, ლელი - ნიკას. ეცინება, გამაქართველეთო ) მანქანა აქვს და შაბათ - კვირას სტუმრობენ მათ. " ისეთი ბაღ-ბოსტანი აქვთ, საქართველოში მგონია თავიო," მეუბნებოდა ლელი.
კიდევ კარგი, ორსულობამ ყოველგვარი ტოქსიკოზებისა და გართულების გარეშე ჩაიარა. გაჩნდა  ჩვენი გოგოცუნა და ყველაფერი უფრო სახალისო გახდა.
თავიდან სახელზე ვერ შეთანხმდნენ. ლელის ქართული სახელი უნდოდა, ნიკოს - სლავური. ბოლოს კომპრომისზე წავიდნენ და მარია დაარქვეს, ჩვენებურად - მარიამი. მე ხან მარიკუნას ვეძახი, ხან მარიკუზას, ხან მარიკელას. ყოველ დილა-საღამოს ვსეირნობთ ბებია და შვილიშვილი. ორი საქმე ერთად კეთდება, მარიკუნას სუფთა ჰაერზე დიდხანს უწევს ყოფნა, მე კი უსაქმურობას და მოწყენილობას გავურბი.
ახლო-მახლო ქუჩები და სკვერები ზეპირად შევისწავლე. ხან ძელსკამზე ვჯდები და გარემოს ვათვალიერებ. ვფიქრობ წარსულზე, მომავალზე. ვაკვირდები კორპუსებს, აივნებს. ზოგს ისე ლამაზად აქვს ყვავილებით დახუნძლული, მჯერა, იქ ლამაზი სულის, კეთილი ადამიანები ცხოვრობენ, ზოგი აივანი ისეთი ხარახურითაა გადაჭედილი... ვთზავ ისტორიებს იქ მცხოვრებლებზე, თავს ვირთობ, თავისუფალი დრო ხომ თავზე საყრელად მაქვს.
რა დროსაც არ უნდა გამოვიდეთ, ვხედავ, მეზობელი სადარბაზოს წინ ზის შუახნის, (მოხუცი ნამდვილად არაა), სოლიდური მამაკაცი ყავარჯნით  ხელში. უფრო ხშირად კითხულობს ხოლმე, ან ჩემსავით გარემოს თვალიერებით ერთობა, ან მეზობლებთან საუბრობს. ყოველთვის კოხტად, პეწიანად აცვია. მასზე ასეთი ისტორია შევთხზე რატომღაც. ყოფილი პარტიული მუშაკია, ახლა პენსიაზეა. ცოლი ახალგარდაცვლილი ყავს, შვილი მასთან არ ცხოვრობს, მარტოა. მუშაობა უკვე არ შეუძლია, სახლშიც რა აკეთოს და ასე გაჰყავს დრო.
რატომღაც ძალიან მაგონებს ბატონ ვახტანგს,  ჩვენი რაიონის რაიკომის პირველ მდივანს, რომელთანაც იმდენი მოგონება მაკავშირებს...
მე დედის ერთა ვარ. როგორც იტყვიან, ცივ ნიავს არ მაკარებდნენ მშობლები. ორივენი პატიოსანნი, მშრომელნი, უბრალო ადამიანები იყვნენ, კოლმეურნეები, მაგრამ ძალიან უყვარდათ წიგნი. მეც ასე გამზარდეს სწავლისა და შრომის მოყვარედ. " სკოლის თვალს" მეძახდნენ. მართლაც, ყველა საგანს კარგად ვსწავლობდი, მედლის კანდიდატად ვითვლებოდი, მაგრამ...
დამამთავრებელ კლასში  ჩვენთან პირველი მდივნის  ძმიშვილი მოიყვანეს. ხმა დაირხა, რომ მედალი მისთვის უნდა მიეცათ. ჰუმანიტარულ საგნებში მას აშკარად ვჯობნიდი, მაგრამ... როგორც ხდებოდა ხოლმე, მედალი მაინც მას მისცეს.
მამამ ბევრი იბრძოლა, ვისთან არ მივიდა, რა და რა ისტანციაში. უშედეგოდ."თუ თქვენი შვილი ასეთი მცოდნეა, რა განერვიულებთ, ისედაც ჩააბარებსო"-ეუბნებოდნენ.
არ ვიცი ამ ნერვიულობამ უწია თუ დამთხვევა იყო, ერთ დილას წნევამ დაარტყა და დევივით კაცი ნახევარ საათში გათავდა.
ვისღა ჰქონდა უმაღლესში ჩაბარების თავი. სტაჟისთვის ფერმაში დავიწყე მუშაობა. მალე იქაური კომკავშირის კომიტეტის მდივნად ამირჩიეს, კარგად მუშაობო და ორიოდ  თვეში კოლმეურნეობის კომკავშირის კომიტეტის მდივანი გავხდი.
დეკემბერში თავმჯდომარემ დამიბარა: "- მაგდა, რატომ უნდა დაკარგო წელიწადი? იანვარში დაუსწრებელი სწავლების განყოფილებაზე დამატებითი გამოცდებია. სინჯე ჩაბარება. თან ისწავლი, თან იმუშავებ, შენ ყოჩაღი გოგო ხარ, შეძლებ. მე, რაც შემიძლია,  ხელს შეგიწყობ. ხომ იცი, მამაშენი ჩემი მეგობარი იყო".
ასე გავხდი დაუსწრებელი განყოფილების, რუსული ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი.
ერთ წელიწადში დამაწინაურეს. რაიონულ კომკავშირის კომიტეტში გადამიყვანეს ინსტრუქტორად. არ ვიცი, ეს მართლა ჩემი კარგი მუშაობის გამო იყო თუ, რაიკომის მდივანმა კონპენსაცია გამიკეთა.
შესანიშნავ, მეგობრულ კოლექტივში მოვხვდი. ასაკით ყველაზე პატარა ვიყავი და მანებივრებდნენ.
ოქტომბერში პარტიის რაიკომში ახალი ინსტრუქტორი მოვიდა.
"რაიკომის პირველი მდივნის შვილია. მოსკოვში სწავლობდა. წელს დაამთავრა. ცოტა ხანს აქ ამუშავებენ, მერე ამას ტრამპლინად გამოიყენებენ და მაღლა-მაღლა წაიყვანენ კარიერულ კიბეზე" -  მითხრა ლილიმ, მეორე ინსტრუქტორმა.
ლევანი, ასე ერქვა მას, მაღალი, ვაჟკაცური შესახედაობის, ქერა, ლურჯთვალა ბიჭი იყო. პირველსავე დანახვაზე მომეწონა, მაგრამ სად მე, სოფლელი, კოლმეურნეების შვილი, დაუსწრებლის სტუდენტი და სად ის, რაიკომის მდივნის შვილი, უმაღლესი განათლებითა და წინსვლის ასეთი პერსპექტივის მქონე - გავივიფიქრე .
ერთი კვირის შემდეგ გავიცანი. კიბეზე შევეჩეხეთ მე და ლილი. მანვე წარმადგინა მასთან.
- ლევანი - ღიმილით მითხრა და  გამომიწოდა გრძელთითება ხელი.
- მაგდა -მორცხვად ჩამოვართვი  ხელი და ვიგრძენი, გავწითლდი. კიდევ კარგი, შავგვრემანი ვარ და ძნელად მეტყობა სიწითლე.
- სასიამოვნოა - ჩაილაპარაკა მან, შემათვალიერა და გზა განაგრძო.
- მოგეწონა? -მკითხა ლილიმ.
- კარგი რა, ლილი, რომც მომეწოოს, მერე რა?
- რატომ? მასზე ნაკლები რითი ხარ? სარკეში არ იხედები?
გარეგნულად მართლაც ლამაზი ვიყავი. აშოლტილი, შავი, ბრიალა თვალებით, შავი, ხვეული თმებით, საყვარლად გაბუშტული ( ახლა სპეციალურად რომ იბუშტავენ ისეთი ) წითელი ტუჩებით.
- უჰ, რა ვიცი - ჩავილაპარაკე და სამუშაო ოთახის კარი შევაღე.
შემდეგ საშვიდნოემბრო პარადზე შევხვდით, შემდეგ "მრავალშვილიან დედებთან " შეხვედრაზე. შიგადაშიგ კიბეზე ავუვლიდით ერთმანეთს, ან ეზოში შევეჩეხებოდით. ყოველთვის მომიკითხავდა, თბილი ღიმილით მიყურებდა ხოლმე.
შემდეგ იყო საახალწლო კაფე-საღამო. რაიონში, ყოველ ახალ წელს, ტრადიციულად, რესტორანში იკრიბებოდნენ ხელმძღვანელი მუშაკები, ყველა სოფლიდან საუკეთესო წარმომადგენლები.
ბედი იყო თუ რა, არ ვიცი, მაგრამ ერთ მაგიდასთან მოვხვდით. მთელი საღამო განსაკუთრებულ ყურადღებას მაქცევდა.
მთელი გატაცებით ჩავები საღამოს მსვლელობაში და რამოდენიმე პრიზიც კი დავიმსახურე.
უკვე თენდებოდა, როცა "საუკეთესო მოცეკვავე" წყვილის გამოსავლენი კონკურსი გამოცხადდა. წყვილს ერთი ქართული და ერთიც უცხოური ცეკვა უნდა შეესრულებინა.
- ხომ არ ვცადოთ მაგდა? - მკითხა ლევანმა.
- ვცადოთ - მხიარულად ვუპასუხე, ტყუილად კი არ დავდიოდი მთელი ბავშვობა ცეკვაზე.
ჯერ ქართული ვიცეკვეთ, შემდეგ ვალსი. სულ ათი წყვილი მონაწილეობდა. ყველაზე მაღალი შეფასება დავიმსახურეთ. არა მარტო საუკეთესო  მოცეკვავე წყვილი, არამედ საღამოს "მის" და "მისტერის" ტიტულიც თქვენია - გამოაცხადა ჟიურის თავმჯდომარემ და პრიზებიც გადმოგვცეს. მე -  ფიფქია, ლევანს - თოვლის პაპა.
- მართლაც ზღაპრული წყვილი ხართ - მიჩურჩულა ლილიმ.
იმ დღის შემდეგ ლევანმა მოუხშირა  ჩვენთან შემოსვლას. ხშირად გვეპატიჟებოდა ხან სადილზე, ხან ყავის დასალევად.
                                                          ( პირველი ნაწილის დასასრული )

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები