ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფრომა
ჟანრი: საბავშვო
2 სექტემბერი, 2012


ბიჭი ფარნავაზი

        ბიჭი რომ დაიბადა, ღრუბლიანი დღე იყო. ცრიდა და ციოდა. მას ფარნავაზი დაარქვეს. იზრდებოდა და მოუსვენარი ხდებოდა, ერთ ადგილას ვერ ნახავდით, ხან უღრან ტყეში იყო, ხან ტრიალ მონდორზე, ხან ხეზე და ხან ორმოში იმალებოდა.
    -ოჰ, შენც ახლა ფარნავაზივით ანბანი არ შეგვიქმნა!
    -ნახეთ ბიჭი! ფარნავაზივით გაერთიანებული საქართველოს მეფე რომ გახდები, მერეც თუ გვიცნობ?
    -სანადიროდ რომ წახვალ, მეც წამიყვანე, მეც.....
    -მეც....…
    -მეც...…
    მერე აბეზარ მეგობრებს მოსწყინდებოდათ “დიდო ფარნავაზოს’’ძახილი და დროებით დადუმდებოდნენ ხოლმე. წავიდოდა ბიჭი სადღაც, ცოტა ხნით გადაიკარგებოდა, დაბრუნდებოდა სახლში და იწყებოდა ისევ თავიდან.
    რომ გაიზარდა, მამამ სანადიროდ წაიყვანა. ბიჭმა იცოდა, ფარნავაზივით ძლიერი რომ ყოფილიყო,  მარტოს უნდა ენადირა, ირემი მოეკლა, მის გვერდით ჩამუხლულიყო და დაფიქრებულიყო. მამა კი თავმომწონედ და ხმაურით მიდიოდა ტყეში, ხანდახან ამაყად გადმოხედავდა შვილს და შეძახილებით ნადირსაც აფრთხობდა. ამიტომ არც ნადირობა ჰგავდა ფარნავაზის  ნადირობას. ბიჭს ძალიან უყვარს ტყე, მისი იდუმალება. გულაჩქარებული ისმენს ბებიას მოყოლილ ისტორიებს ოჩოპინტრესა და დალიზე; სანადიროდ წასული კაცებისა და წითელთმიანი ალქაჯების სიყვარულის ამბებს.
  ფარნავაზი რომ გაიზარდება, დაიბრუნებს სამაჩაბლოსა და აფხაზეთს, ჯერ კი პატარაა და როცა ექსკურსიაზე მიდის, ამაყად აჰყურებს მთის მწვერვალებს, მიუყვება მდინარის ნაპირებს, მუზეუმებში ათვალიერებს ათასწლეულების წინანდელ სამკაულებს  და სამეფო ბეჭდებს. ეამაყება, როცა ერთდროულად ხედავს უძველესი სასახლეების ნაშთებს და თანამედროვე ქალაქებს. თითქოს წიინაპრების აჩრდილებიც მიმოდიან ფარნავაზთან ერთად.
  იზრდება ფარნავაზი და მასში იზრდება ქართველური სიამაყე. ახლა ისე უხარია ფარნავაზი რომ ჰქვია, ძილის წინ ისეთ ფიქრები შემოაწვება ხოლმე, მწერლის ფანტაზია რას მიქვია.
  ერთხელ ფარნავაზი მარტო გაიპარა ტყეში. გაცივდა და შინ დაბრუნებული ავად გახდა. მოიწვიეს ექიმები, ექიმებმა წამლები, ზოგი ტკბილი და ზოგიც მწარე ასვეს ბიჭს, მაგრამ გამოკეთება არ დაეტყო. სულ კანკალებდა და გაუჩერებლად ტრიალებდა საწოლში. თვალები უცნაურად უელავდა და შინაურებსაც ვერ ცნობდა.
  მისი საწერი მაგიდა სადღაც გამქრალიყო. წიგნები რომ არ ჩანდა, ცოტა უხაროდა, ტანსაცმლის ნაცვლად დედა უხეშ ტილოს ლამაზად ახვევდა სხეულზე. შემდეგ  ეზოში გაიქცა და ათიოდე თავის ტოლ ბავშვთან ერთად ნადირობანას თამაშობდა .
    ფარნავაზს  ორი ახოვანი მამაკაცი მიუახლოვდა, არაფერი უთხრეს, გვერდით ამოუდგნენ და სადღაც წაყვანა დაუპირეს. ბიჭმა უმწეოდ მიმოიხედა და დედის სევდიან თვალებს წააწყდა.
  -გამიშვით, სად მიგყავართ? -ფარნავაზი წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ მათ ხელში შუბები ეჭირათ და შეუვალი სახეები ჰქონდათ. ბევრი იარეს, ეს მოუსვენარი ბიჭი დაიღალა კიდეც და მცხეთას მიაღწიეს. ფარნავაზი სულ ოცნებობდა დედაქალაქის ნახვაზე, მაგრამ დედა მიწას ამუშავებდა, მამა ხმლებს აწრთობდა და არ ეცალათ.
  ქალაქი ფერადი ნაჭრებითა და ყვავილებით მოერთოთ. ყველა მხიარულობდა, ქალები კეკლუცობდნენ, კაცები წელგამართულები მიაბიჯებდნენ და იარაღს მალ-მალე ისინჯავდნენ. ყველგან ქართული ლაპარაკი ისმოდა.
  აღმართს რომ აუყვნენ, ფარნავაზს თვალი მოსჭრა ბრინჯაოს ქანდაკებამ. ქანდაკების ოქროს მუზარადი და აბჯარი აგვისტოს მზეს გაებრჭყვიალებინა. ბიჭი  გაოცებას ვერ მალავდა და წინ მიიწევდა. ხალხი ფარნავაზის ხელის შეხებას ცდილობდა. შუბლიდან ოფლი წვეთ-წვეთად ფერმკრთალ ლოყებზე ჩამოსდიოდა.
  ქანდაკებამდე რამდენიმე ნაბიჯი დარჩენოდა. ბიჭი მიხვდა, სადაც მიჰყავდათ, წინააღმდეგობის გაწევა სცადა, თუმცა ხვდებოდა, ვერ დაეღწეოდა.
  -გამიშვით, არ მინდა სიკვდილი, გამიშვით... –ფარნავაზმა ტირილი დაიწყო და კიდევ გაიბრძოლა.
  -იამაყე! შენ არმაზს შეეწირები, შენ ღვთაების შვილი ხარ! – და ფარნავაზს ისე აკავებდნენ, სუნთქვა უჭირდა.
                                  ...
  დილის მზის სხივი ბნელეთს შეეპარა და დილა დაიწყო. ოთახში სინათლე შემოიჭრა და ბიჭის სახეზე ათამაშდა. ფარნავაზმა თვალი გაახილა, აღტაცებით მიმოიხედა ნაცნობ გარემოში. მაგიდაზე დახვავებულმა წიგნებმა მხნეობა შემატა, ღვთისმშობლის ხატის წინ დაჩოქილი და მლოცველი დედის დანახვამ კი -სიმშვიდე.
  და ფარნავაზი ბნელში შემოსულმა ნათელმა სიხარულით აატირა.
                                               

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები