ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მე-კალ-მე
ჟანრი: პროზა
3 სექტემბერი, 2012


ტყუილი

  დღეს წვიმდა და ძალიან ცოტა ხალხი იყო პარკში, სადაც საღეჭ რეზინებს, ბუშტებსა და მოხალულ მიწის თხილს ვყიდი. ვერაფერი გავყიდე.
    ჭიშკარს მიახლოვებულმა ცრემლები პერანგის სახელოთი მოვიწმნიდე, რამდენჯერმე ხელოვნურად გავიცინე მიმიკის შესაცვლელად და შევედი.
  სირბილით მომეგება ჩემი ერთა, ლოყაზე მაკოცა, ჩანთა გამომართვა და სახლში შეიტანა, მერე კი მთელი დღის ამბების მოყოლა დაიწყო. ცამეტი წლის არის, მაგრამ ზუსტად ისე ტიტინებს, როგორც ბავშვობაში... როცა რაღაც სასაცილოს ყვება, საუბრის დასრულებამდე იწყებს სიცილს თვითონვე. სულ ვეჩხუბები ამაზე, ჯერ სათქმელი გააგონე მოსაუბრეს და მერე იცინე, თუ სასაცილოა, ისიც გაიცინებს მეთქი. ძალიან ლამაზად ეჩხვლიტება ლოყები, როცა იცინის. ახლაც ასე გაიცინა, ვერ გავიგე რაზე, რადგან საუბარი ვერ დაასრულა... "როცა იცინის, ძალიან ჰგავს მამას, მასავით ჭუტავს თვალებს და ეჩხვლიტება ლოყები" - გავიფიქრე და ხატების თაროზე დადებულ მეუღლის სურათს გავხედე... ეს სურათიც დეამ დადო ხატების გვერდით წლების წინ, როცა ავუხსენი, რომ მამიკო ღმერთთან იყო ცაში, ნახავს მამიკო, რომ ჩვენს სახლშიც შეიძლება ღმერთთან ყოფნა და ჩამოვაო ციდან...
  -რაზე ჩაფიქრდი, დე? - ჩამესმა დეას ხმა.
  -არაფერზე, რაღაცას ვიგონებდი. ერთი ეგ ჩანთა მომაწოდე.
  დეამ მიწის თხილით, ბუშტებითა და საღეჭი რეზინებით სავსე მოზრდილი ჩანთა მომაწოდა. გავხსენი და ქექვა დავიწყე. მერე ვიფიქრე, რომ დიდხანს ძებნა ხელოვნური გამოვიდოდა, რადგან ის, რასაც ვეძებდი, ასე ადვილად ვერ დაიმალებოდა ჩანთაში...
  -უიიი! - შევიცხადე რაც შეიძლება ბუნებრივად - რატომ ვარ ცოცხალი?!
  -რა მოხდა, დე?
  -ეტყობა, პური რომ იდო ის პარკი ავტობუსში დამრჩა... არადა კარგად მახსოვს, როგორ ჩავდე ორი ცალი პური წითელ პარკში და ავიტანე ავტობუსში - ლოყები ამეწვა ტყუილისგან, სიტყვებს ვეღარ ვუყრიდი თავს და გავჩუმდი, რომ დეას არ გამოვეჭირე სიცრუეში... არასდროს გამომდიოდა ტყულის თქმა.
  -არა უშავს, დე... მძღოლი ნახავს, იმედია, და აქეთობისას შემოგვაწვდის, ყურადღებით ვიყოთ, რომ დაგვიძახოს... - დამამშვიდა დეამ და მე ვიგრძენი, როგორ აუწვა ლოყები ტყუილმა, ზუსტად ჩემსავით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები