ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პოეზია
6 სექტემბერი, 2012


ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით ( დასასრული)

- თქვენ ლამაზი ქალი ხართ, ახალგაზრდაც, ცოდვა ხართ მარტო .
გამომარკვია ფიქრებიდან ვლადიმერის ხმამ. " ერიჰა, ახლა ამ კაცმა გრძნობებზე საუბარი რომ დამიწყოს და ცოლობა შემომთავაზოს, ბედის ირონია არ იქნება? ამდენ ხანს ამისთვის ვინახავდი თავს? "- გამეცინა.
- მე მარტო არ ვარ, შვილი, სიძე, შვილიშვილი, კოლეგები...
- მე სხვა სიმარტოვეზე გეუბნებით - შემაწყვეტინა მან.
მხრები ავიჩეჩე.
რამდენს უთქვამს იგივე, მაგრამ... მე ვერ დავივიწყე ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარული, თან ლელის არ მინდოდა მამინაცვალი ჰყოლოდა, თორემ განა მსურველები არ იყვნენ? თან საკმაოდ. ყველაზე მტკივნეულად და რომანტიკულად ერთი ისტორია მახსენდება.
ლელი ხუთი წლის იყო მაშინ. დილით, ადრე ამდგარმა ეზოს კარებთან ვარდების თაიგული შევნიშნე. გამიკვირდა. თაიგულს თან ბარათი ახლდა, "მიყვარხართ". გამეცინა. ვიღაცის ხუმრობად ჩავთვალე. მის მერე, მთელი ცხრა თვის განმავლობაში დილით კარებთან მხვდებოდა ყვავილები და ისეთივე ბარათი. ვერაფრით მივხვდი, ვინ უნდა ყოფილიყო. დედასაც გავენდე. რამდენჯერმე დავუდარაჯდით მე და დედა. დილის ოთხ-ხუთ საათამდე. არავინ მოდიოდა, დავწვებოდით, დილით ისევ მხვდებოდა ნობათი. თითქმის ყველა მამაკაცს ეჭვის თვალით დავუწყე ყურება, უკვე ნერვებს მიშლიდა ინკოგნიტო თაყვანისმცემელი. ამ ამბავს სასაცილო თუ სავალალო დასასრული ჰქონდა. ერთ დილით ასეთი ბარათი დამხვდა. 'მე ძალიან, ძალიან მიყვარხართ. თქვენზე რამდენიმე წლით უმცროსი ვარ, მაგრამ სიყვარულს ასაკი არ აქვსო - ნათქვამია. არ გეგონოთ ყმაწვილური გატაცება, მართლა, მართლა უზომოდ მიყვარხართ". ჯერ გამეცინა, მერე გავბრაზდი სიყვარულის  ახსნის ამ ფორმაზე. რამდენჯერმე გადავიკითხე წერილი და უცებ... თვალწინ წარმომიდგა ვაჟა, ჩემი ნამოწაფარი, რომელმაც ორი წლის წინ დაამთავრა სკოლა. გამახსენდა, დისპუტზე " სიყვარული და მისი კანონები", როგორი გაცხარებით ამტკიცებდა, რომ თავისუფლად შეიძლება შეიყვარო შენზე უფროსი, თუნდ შვილიანი ქალი და შექმნა მასთან ბედნიერი ოჯახი.
ადრე მივედი სკოლაში, გადმოვქექე  ძველი რვეულები. აი, ვაჟა ხადურის რვეულიც...მოვძებნე საკონტროლო, სადაც ქართული ტექსტი იყო სათარგმნი. ინტუიციამ არ მიმტყუნა, ვაჟას ხელწერა იყო.
ახლაც ტკივილი გამკრავს გულში  ჩვენი საუბრის გახსენებისას.  აჭარხლებული, როგორ გულმოდგინედ მეფიცებოდა სიყვარულს  " თქვენობით " ფორმაში. როგორ  აევსო თვალები ცრემლით დაშორებისას. "მე მაინც მეყვარებითო", მომაძახა ოთახიდან გასვლისას. ათი წელი ყოველ რვა მარტს მოდიოდა უზარმაზარი თაიგულითა და შიგ ჩამალული ბარათით. ძლივს დავარწმუნე, რომ სხვა შეეყვარებინა, რადგან ეს სიყვარული განწირული იყო.
- არ მისმენთ, მაგდა ვარლამის ასულო?
შევკრთი.
- მაპატიეთ, მოგონებებში ჩავიძირე - მოვუბოდიშე, - აბა, ვნახოთ რას შემომთავაზებს.
- როგორც გითხარით, ბევრ ქართველს ვიცნობ. ვიცი თქვენი ტრადიციები. ჯერ კიდევ სტუდენტობისას რამდენიმეჯერ ჩავედი თბილისში. ვნახე მცხეთა, ვარძია. მერე პარტიულ სკოლაში სწავლისას  სამს დავუმეგობრდი. უკვე მათთან ერთად მოვიარე სვანეთი, თუშეთი, ვიყავით გრემში, ალავერდში, ყვარელში, თელავში. ზოგი მათგანი დამეკარგა ცხოვრების ორომტრიალში. ზოგს ხანდახან მოვიკითხავ ხოლმე, აი ლოვა კი, თქვენებურად ლევან ვახტანგის ძე, დღემდე ჩემი გულითადი მეგობარია.
ლევან ვახტანგის ძე? შევკრთი. დამთხვევაა? სახელი, მამის სახელი, პარტიული სკოლა.
- ხომ არ იცნობთ, მაგდა? რაღაცნაირად შეგეცვალათ სახე.
-რა გვარია? - ძლივს ამოვთქვი.
- შადური.
კინაღამ გულმა ძგერა შეწყვიტა. ისაა ნეტავ?
- მაგდა, მაგდა ვარლამის ასულო, ცუდად ხომ არ ხართ? - გაოგნებიდან გამომარკვია ვლადიმერის შეშფოთებულმა ხმამ.
- არა, არა, არაფერია. თავბრუ დამეხვა. ალბათ წნევის ცვალებადობაა.
- შეიძლება. გაიზომეთ მაინც. იცნობთ ლოვას?
- იცით რა? მყავდა ნაცნობი ამ სახელითა და გვარით. დიდი ხანია მასზე არაფერი მსმენია. ოც წელზე მეტი.
- თუ თქვენი ნაცნობია, ნახავთ. ყოველ ივლისს ჩამოდის ჩემთან ათიოდე დღით. ვისვენებთ ჩემს აგარაკზე. ვთევზაობთ, ვირუჯებით. ადრე სალაშქროდაც მივდიოდით, ვნადირობდით კიდეც, ოღონდ ავარიამდე. კარგი ნაცნობია?
- ისე რა, ერთად ვმუშაობდით ცოტა ხანს. სად ცხოვრობს ლევანი?
- მოსკოვში. სანამ მშობლები ცოცხლები იყვნენ ხშირად ვსტუმრობდით ერთად. ლაგოდეხის ნაკრძალში გვიყვარდა წანადირება, აზერბაიჯნის საზღვართანაც იყოკარგი სანადირო ადგილები. კარგი მონადირე იყო ვახტანგ ლევანის ძე.
ვახტანგ ლევანის ძე? ნამდვილად ისაა. ამდენი დამთხვევა არ შეიძლება. ხომ ამბობდა, ბაბუის მოსახელე ვარ და ვაჟს მეც მამის სახელი უნდა დავარქვაო.
- ცოლ-შვილი?
-ცოლს გაშორდა. ესტრადის მსახიობია და ვერ აიტანა მისი გასტროლები, სუფრები, თაყვანისმცემლები. ქართველები სხვანაირები ხართ - გადმომხედა ღიმილით - მერე კატიუშაც გათხოვდა, ლევანს ჯერ ცოლი არ შეურთავს. ორი ვაჟი ჰყავთ: ვახტანგი და გიორგი. ორივე მასთან ცხოვრობს. ვახტანგი წელს გახდა სტუდენტი. ძალიან ჭკვიანი ბიჭები არიან. ლევანს თავისი ფირმა აქვს, ასე რომ , არაფერი აკლია გარდა სიყვარულისა.
რატომ დაკარგეთ ასე ერთმანეთი? ლოვა ძალიან ხშირადაა საქართველოში.
- ალბათ ცხოვრებამ გაყარა  ჩვენი გზები. გადაიღო უკვე. მარის ჭამის დროცაა. წავალთ აწი. შევხვდებით, მე ჯერ აქ ვარ. სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი - გავუღიმე და წამოვდექი.
-ჩემთვისაც, თანაც ძალიან. რა გვარი ბრძანდებით მაგდა ვარლამის ასულო?
- ბარდაველი. რატომ?
- დამაინტერესა. დროებით, ხვალამდე.
ბინაში ავედით. მარის ვაჭამე , გამოვუცვალე.
რომ დაურეკოს ვლადიმერმა ლევანს? რატომ ვუთხარი ჩემი გვარი? მეთქვა სხვა, ნებისმიერი. გამიხსენებს? რა სულელი ვარ, როგორ არ გამიხსენებს, მაგრამ...გაუხარდება კი? ცოლს გაშორდაო, რომ ნდომებოდა, ხომ მოგვძებნიდა? ე.ი. მე კი არა, ლელიც არ უნდა. გავალ და ვეტყვი, არ დარეკოს. ასე უფრო რომ დავაინტერესო? იქნებ არ აპირებს თქმას და...
იქნებ გაუხარდეს? ჩემი თუ არა, ლელის ნახვა მაინც მოუნდეს იქნებ?
ადგილს ვერ ვპოულობ. რა იქნება? ისევ გამოჩნდება ლევანი ჩემს ცხოვრებაში და ისევ ტკივილს განმიახლებს, თუ არც კი ისურვებს  ჩვენს ნახვას და ამით უფრო დავიტანჯები?
ვუთხრა ლელი რამე? როგორია ოცდაორი წლის მერე მამის აღმოჩენა? ვუთხრა და ლევანმა არ ისურვოს მისი ნახვა? ეს ხომ ღია ჭრილობად დარჩება მთელი სიცოცხლის მანძილზე? რა ვქნა? ასე დაბნეული მგონი არასდროს ვყოფილვარ.
ლელიმ შემატყო აფორიაქება.
- რა მოხდა დედი? საქართველოდან ხომ არ გაგიგია რამე ცუდი?
- არა დე, ეტყობა ამინდის ცვლილებამ იმოქმედა, თავბრუ მეხვევა. - ვიცრუე.
- მარიმ ხომ არ დაგღალა? ამეღამ  ჩემთან დავაწვენ. შენ დაისვენე.
- არა დედი, მარიმ როგორ უნდა დამღალოს, ჭკვიანად იქცევა ღამე, ენაცვალა ბებო, გამივლის - დავამშვიდე შეწუხებული ლელი.
მთელი ღამე ვერ დავიძინე. ვიხსენებდი ლევანთან გატარებულ საათებს, წუთებს. როგორი ცეცხლოვანი სიყვარული გვქონდა და რა უცებ ჩაქრა, თუ ჩააქრეს. არა აქვს მნიშვნელობა, მთავარია, მე დავრჩი ჩაფერფლილი...
ასე უხეშად რომ არ ჩარეულიყვნენ  ჩვენს ურთიერთობაში, ან ლევანი ასე სუსტი ნებისყოფის რომ არ ყოფილიყო, ალბათ ბედნიერი ოჯახი გვექნებოდა. ლელის ეყოლებოდა და-ძმა. დედისერთა რომ ვიყავი, ბევრ შვილზე ვოცნებობდი, მინიმუმ ოთხზე. ვიქნებოდი მოსიყვარულე , მზრუნველი, ერთგული ცოლი, კარგი დიასახლისი და კარგი პედაგოგი, მაგრამ ოჯახზე ჩემს ოცნებებს დასაწყისშივე  უმოწყალოდ შეკვეცეს ფრთები.
რომ მოინდომოს  ჩვენი ნახვა? მიიღებს ლელი? როგორ გაგრძელდება  ჩვენი ურთითერთობა? რომ გვთხოვოს პატიება , ვაპატიებ ტკივილიან ახალგაზრდობას? ლელი? ლელი როგორ განიცდიდა უმამობას, თუმც მე არ მაგრძნობინებდა ამას.
მეშვიდე კლასში ლიტერატურის გაკვეთილზე მიუციათ თავისუფალი თემა "ჩემი მშობლები". დღემდე უცრემლოდ ვერ ვიხსენებ მას. მასწავლებელმა მაჩვენა ის ნაწერი.
რამდენი თბილი სიტყვა ეწერა ჩემზე. " მე რომ ისეთი მამიკო მყავდეს, როგორიც დედიკო,  ფრთები შემესხმებოდა და ზეცაში ვიფრენდი ალბათ...არ მინდა ფრენა, ოღონდ მამა მყავდეს და იყოს ჩვეულებრივი... " ასე მთავრდებოდა ის თემა.
იქნებ ლელის ძალიან გაუხარდეს მამის გამოჩენა? ცოლი თუ ნაცოლარი გათხოვდაო და ვინ უნდა დაუშალოს შვილთან ურთიერთობა? მით უფრო, მშობლებიც გარდაცვლილან. შვილებმა? იქნებ, მათაც გაუხარდეთ დის აღმოჩენა? რამდენი იქნებ დაგროვდა...
როგორც იქნა გათენდა. მარიკუნას ვაჭამე, დავბანე, გამოვპრანჭე. საუზმე გავამზადე და ლელიც ადგა.
- დე, რატომ გაქვს ქუთუთოები დასიებული და თვალებიც წითელი? მარიმ გაგაწვალა? - შეწუხებული ხმით მკითხა ლელიმ.
- არა, გენაცვალე, თავის ტკივილმა არ დამაძინა.
- რატომ არ გამაღვიძე? წამალს მოგცემდი.
- ხომ იცი, არ მიყვარს წამლები. არაუშავს, გამივლის. გავალთ სუფთა ჰაერზე და გამივლის.
- ვისაუზმოთ და გადით. შენ რომ არ მყავდე, რა გვეშველება მე და მარის - ჩამეხუტა ლელი.
სამივემ ვისაუზმეთ. ახალგაზრდები წავიდნენ.
ბინის დალაგება დავიწყე, არ მინდოდა ადრე გავსულიყავი გარეთ. ვლადიმერი ალბათ იქ ზის. ისევ ლევანზე რომ დამიწყოს ლაპარაკი? არ მინდა.
გამოვგავე, გამოვწმინდე, მტვერი გადავწმინდე, გავრეცხე, მარიკუნას ვაჭამე და წავედით.
სადარბაზოდან გავედი თუ არა, ვლადიმერმა დამიძახა:
- მაგდა ვარლამის ასულო, ძვირფასო, რა ხანია გელით. მობრძანდით, აქეთ მობრძანდით, რაღაც უნდა გითხრათ.
ისეთი გახარებული ჩანდა, თვალები ისე უციმციმებდა, გამიკვირდა კიდეც.
ჩამოვჯექი მის გვერდით.
- რატომ არ მითხარით, თუ თქვენ... - შეჩერდა, შემომხედა - მოკლედ, ლოვა კინაღამ დამუნჯდა სიხარულით, როცა თქვენი სახელი და გვარი ვუთხარი. დღესვე მოფრინავს. ორისთვის აქ იქნება.
ყელი გამიშრა, თვალწინ ნათელი წერტილები აციმციმდნენ, ამაკანკალა.
- მაგდა, მაგდა ვარლამის ასულო, რა მოგდით?! - შორიდან მომესმა ვლადიმერის შეშინებული ხმა.
ვიღაცამ მაგრად შემანჯღრია  ერთჯერ, მეორედ. ძლივს ამოვისუნთქე, თვალთაგან ბინდი ნელ-ნელა იწმინდებოდა.
- აბა, ეგეთები არ იყოს, გეთაყვა. უნდა გიხაროდეთ, თქვენ კი...ისეთი სახე გაქვთ, თითქოს სამყაროს აღსასრული გაუწყეთ. აბა შემომხედეთ.
თავი ძლივს ავწიე. საფეთქლებში თითქოს ჩაქუჩებს მიბრაგუნებდნენ. გულსაც ბაგაბუგი გაჰქონდა.
" მოდის! მოდის!  მოვა! მერე? მივიღო? მივიღოთ? რა იქნება ხვალ? ზეგ?"- ფიქრები სკიდან გაქცეული ფუტკრებივით ზუზუნებდნენ, მარიკუნას კი თავის ეტლში მშვიდად ეძინა და ძილში ცალყბად იღიმებოდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები