ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: jonatan livingstoni
ჟანრი: პროზა
10 სექტემბერი, 2012


"ასი ტანკა"


როგორც იქნა, სტიპენდია მოგვცეს, თანაც, რამდენიმე თვის ერთად. ზუსტად იმდენია, იმ საყურის საყიდლად რომ მჭირდება.
საყურე- მინანქრის მინიატურული ჭიამაიები, სამიოდე თვის წინ ერთ-ერთ “საკომისიოში“ აღმოვაჩინე. მთლად ცოცხლებს ჰგავდნენ. ბევრჯერ ვიყავი იმ მაღაზიაში ამ თვეების მანძილზე, სუნთქვაშეკრული შევაღებდი ხოლმე კარს, ვაითუ გაიყიდა მეთქი. გამყიდველი ქალბატონი უკვე მცნობდა და შორიდანვე მომახარებდა - აქაა შენი ჭიამაიებიო. დახლიდან გამოიღებდა და ხელისგულზე ის ფრთხილად მიდებდა, თითქოს მართლა გაფრინდებოდნენ.
-ამ დღეებში აუცილებლად იქნება სტიპენდია და ვიყიდი! - მერამდენედ ვპირდებოდი გამყიდველს.
- იცი, განგებ ვაფარებ ზემოდან სხვა სამკაულებს, რომ ვერ შეამჩნიონ - შეთქმულივით მიჩურჩულებდა ისიც.
ვეღარ მოვითმინე, ბოლო ლექცია გავაცდინე და მაღაზიისკენ გავეშურე. აჩქარებული ნაბიჯით გავიარე მელიქიშვილის ქუჩა, ჩავცდი მეტროსადგურ “რუსთაველს“, მეცნიერებათა აკადემიის წინ გამოფენილი ნახატებისკენაც კი არ გამქცევია მზერა, სულ ცოტაც და “ჩემი “ ჭიამაიები ნამდვილად ჩემები გახდებიან.
უცებ შემომესმა, რომ დამიძახეს. მივიხედ-მოვიხედე, ნაცნობი ვერავინ შევამჩნიე და გზა გავაგრძელე. ისევ შემაჩერა რაღაცამ, კვლავ მიმოვატარე მზერა და... დავინახე!
მიწისქვეშა გადასავლელის მოაჯირთან, მოხუცი კაცი წიგნებს ჰყიდდა. პირამიდის პრინციპით ჰქონდა წიგნები დაწყობილი ერთმანეთზე და სულ ბოლოს, ქარვისფერი პატარა წიგნი იდო.
ის მიხმობდა, ნამდვილად!
წიგნებს მივუახლოვდი, ფრთხილად ავიღე ხელში წიგნუკა, ხაოიან ზედაპირს  ვერცხლისფრად ნატვიფრი, რომელიღაც მცენარის აყვავებული ტოტი ამშვენებდა.
გადავშალე.
“ტაკუბოკუ ისიკავა, ასი ტანკა“- მამცნო თავფურცელმა.
მივხვდი, რომ იაპონელი მწერალი იყო და ყდაზე საკურა ყვაოდა.
არც გადამიფურცლავს, ისე ვკითხე - რა ღირს-თქო.
საყურის ღირებულების ნახევარი ღირდა.
წიგნი გადავშალე და უცებ თვალნათლივ დავინახე, როგორ ამოფარფატდნენ ფურცლებიდან ჭიამაიები.
“ეს წიგნი ჩემი უნდა იყოს! რად მინდა საყურე?! ყურიც კი არ მაქვს გახვრეტილი!“- უცებ მივიღე გადაწყვეტილება, ფული (კუპონები) სასწრაფოდ ჩავუთვალე ბუკინისტს და სახლისკენ შემოვბრუნდი.
ასივე ტანკა სულმოუთქმელად წავიკითხე იმ საღამოს, მეორედაც, მესამედაც...
დიდხანს, დიდხანს მახსოვდა ბევრი მათგანი ზეპირად. ზოგიერთი ახლაც მახსოვს:

* * *
ერთხელ ხუმრობით დედაჩემი
მხარზე შევისვი,
იგი ისეთი მსუბუქი იყო,
რომ უცბად ცრემლი მომერია
და ვეღარ ვზიდე.

* * *
მიწებს ჰყიდიან, სახლებს ჰყიდიან.
სვამენ, ლოთობენ...
გადაშენების
გზაზე დამდგარა ჩემი სოფელი!
გული კი მაინც მისკენ მიიწევს...


* * *
მოწმენდილია ცა შემოდგომის,
ირგვლივ არა სჩანს ღრუბლის ნაფლეთიც.
გიყურებ,
როგორ მარტო ხარ, ცაო!
ყორანმა მაინც გადაიფრინოს.


* * *
ბიჭის თვალებში
შური ჩამდგარა:
აგერ
ის ჩიტი
ფრინავს და მღერის.

* * *
მეგობარს გული გადავუშალე...
და მომეჩვენა:
ამ საუბარში
რაღაც დავკარგე და გავღარიბდი...
მყისვე დავტოვე მისი ოთახი...

* * *
რად გინდა ნიჭი,
სული მდიდარი,
როცა ხელები
გაქვს შებორკილი!
... ასე გალოთდა ერთი ჭაბუკი!

* * *
“მძულს, მეზიზღება უმოქმედობა
ადათ-წესებში გაყინულ ქვეყნის!”
ასე ვსთქვი ერთხელ
და იმის შემდეგ
აღარ მასვენებს მშფოთვარე სევდა.

რამდნეიმე დღის შემდეგ ისევ შევიარე იმ მაღაზიაში.
მე რომ “ასი ტანკის“ მფლობელი გავხდი, იმ დღეს გაყიდულა “ჩემი“ ჭიამაიები.
სამუდამოდ შევეშვი საყურეებზე ოცნებას- რად მინდა?! მე ხომ ყურიც კი არ მაქვს გახვრეტილი.
ჭიამაიები კი... ახლაც, ყოველთვის, როცა ტაკუბოკუ ისიკავას ვესტუმრები და წიგნს გადავფურცლავ, ვხედავ - როგორ იწინწკლება შავ-წითლად  თითო ფურცელზე ყოველი ტანკა.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები