ავტორი: ბექა ქებულაძე ჟანრი: პოეზია 17 სექტემბერი, 2012
შენი ჯერია!
შენი ჯერია, შენი დროა, აღდგომაც დადგა. ცაზე ზარების რეკვა ისმის, ღრუბელთა ბინდად.. თვალებს აცეცებ სამოთხეში შეღებულ კართან, გეშინია და ამავე დროს შიგ შესვლაც გინდა.
ანგელოზები გხვდებიან და ზეიმობს ზეცა, სიხარულისგან ღრუბლებს მიღმა გიგებენ ტაძრებს.. არგამართლებას ღვთისმშობელი წვიმის წყლით რეცხავს და გამართლებულ უკვდავების შეგრძნებას გაძლევს.
ჩვენ კი მიწაზე ჩვეულებრივ ვცოდავთ და ვნანობთ ეკლესიასთან პირჯვრის წერით ( ან ამის გარდა) ეს იგივეა, არასოდეს რომ არ ვთქვათ ამინ და არასოდეს ამოვლამბოთ ზნეობის ფარდა.
ნათქვამ ლოცვებში მიმობნეულ შეცდომებს ვეძებ, გამოვასწორებ, დამერწმუნე და მოვალ მალე. მერე მოგისვამ სისხლისაგან მოწმენდილ გვერდზე და ერთად ყოფნის სადღეგრძელოს ზეციდან დავლევთ.