ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ქებულაძე
ჟანრი: პოეზია
26 სექტემბერი, 2012


გჯეროდეს!

მაშინაც  ღამით  ანათებდა  მთვარე  აღმართებს,
უსმენდა  სივრცე  სანაპიროს  ტალღის  ღაღადისს.
როცა  გოლგოთას  ჯვარგაკრული  ქრისტე  აღმართეს
და  მატიანეს  მოაგლიჯეს  გვერდი  ქაღალდის.

მაშინაც  ღმერთში  დალექილი  სისხლი  ინატრეს,
ცასდაბნეული  ვარსკვლავებიც  ჯვარცმას  ელოდნენ
და  მიანდობდნენ  უფლის  სხეულს  სანამ  პილატეს,
მანამ  თავს  და  სულს  იოანეს  კვეთდა  ჰეროდე.

გადაუცვალეს  იესოზე  ზეცას  ბარაბა
და  შემოაცვეს  უწმინდური  თეთრი  ხალათი.
ბრბო  კი  ცოდვილი  სურვილების  ხროვას  ფარავდა  -
ეკლის  გვირგვინით,  უნდობლობით,  ეჭვით,  ღალატით.

ეპოქის  გარდა  ტაძრის  შიგნით  ფარდაც  გაორდა,
მთებში  ჩაწოლილ  დიადემას  ერქვა  უკუნი.
შუა  ჩაიხსნა  დედამიწამ  თითქოს  აორტა
და  კაცთა  ცოდვებს  შეეწირა  ეს  საუკუნეც.

ისევ  ვერ  ვხვდებით  რისთვის  ეცვა  ჯვარზე  მესია,
ვისთვის  ევნო  და  ჩააბარა  სული  სამოთხეს.
ამ  ისტორიის  ერთადერთი  რთული  წესია,
რომ  ვერცერთ  ფურცელს  დღიურიდან  ვეღარ  ამოხევს.

ახლაც  ღამეა,  სავსე  მთვარე  კოცნის  აღმართებს
და  აღდგომისას  ზეციური  ხარობს  დიდება.
თუ  უფლის  ნებას  სიყვარულთან  ერთად  აღმერთებ,
გჯეროდეს,  შენშიც  სულიწმიდა  გადმოფრინდება.                             

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები