ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მინდია არაბული
ჟანრი: პოეზია
13 ოქტომბერი, 2012


შენ ხარ ვენახი (გამომშვიდობება)

"ფურთხის ღირსი ხარ შენ, საქართველო..."

შენ ხარ ვენახი, აჩეხილი, ტანგაწყვეტილი,
და ფარდის უკან, ფანჯრის უკან თვალთა მიმალვა,
შენ ხარ შუაზე გაგლეჯილი მრავალწერტილი,
ასე უეცრად, ღვთაებათა გზაზე მიმავალ
უკვდავის ბოლო...

შენ ხარ ზურგსუკან ალესილი დაშნის შენახვა,
შენ ხარ ქვიშებში მოღაღადე ქვათა ბუნება,
და როცა მტკივა, შიგნით მტკივა, ესეც შენა ხარ,
ღია ჭიშკარში დარჩენილი არდაბრუნება
უძღები შვილის...

და ბოლო სხივიც სიბნელემდე გუგას ასკდება,
და ბოლო სხივიც, სიბნელესთან თანა–ნათებით
გადაიელვებს, რათა გიცნო უკანასკნელად,
რომ დავივიწყო იმედი და თანანადები
ყოველი ჩემი...

შენ ხარ ვენახი, აჩეხილი, ძირმოგლეჯილი,
მიმოფენილი იარებად და მეჭეჭებად,
აღარც მტევანი, აღარც კერა, აღარც ჯეჯილი,
ასე გიყურებ, ასე გიცქერ და მეეჭვება,
შენ ხარ თუ არა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები