ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ქებულაძე
ჟანრი: პოეზია
24 ოქტომბერი, 2012


ბრიფინგი სარკის წინ


მგონი  ისევ  ლექსის  იქით  -  დამეწერა  სხვადასხვა,
დამეწერა  უნებურად  და  რითმებმა  გამწირეს.
აკრძალული  მეტაფორა  შეეცდება  თავდასხმას,
ააწყვიტავს  შემობნეულ  თეთრ  ღამეებს  ყმაწვილებს. 

სანადიმოდ  დასხდებიან  მერე  კითხვის  ნიშნებად  -
გაწბილებულ  მებადურთა  დამშეული  მსტოვრები.
უენობით  საუბარზე  მეტად  პირი  გვიშრება,
ენით  კიდევ  არ  გვაწუხებს  მოლაყბეთა  მორევი.

ავტორობას  ეცილება  ზოგი  ნამდვილ  სტიქიას
და  უბეებს  იჭედავენ  ღვაწლმოსილი  თუმნებით…
ზოგის  სიტყვაც  უადგილო  ხმამაღალი  ფიქრია,
გზა  გამოჩნდა,  ანუ  უკვე  გადაბრუნდა  ურემი.

დაფნიანებს  რა  გამოლევს,  გვებევრება  გმირები..
განთიადის  მოლოდინში  დაგველია  სული  და
დღითიდღე  რომ  პურის  რიგში  საცოდავად  ვძვირდებით.
ვბოჭავთ  ხურდებს  ორი  ხელით  ცარიელი  უბიდან.

გვიხარია,  რომ  ვპოულობთ  ნაწყალობელს  ღვთისაგან,
თუმცა  მაინც  უმადური  ვრჩებით  ზეციურების.
დღეში  ერთხელ  სამადლობელ  ჯვარს  არ  გამოვისახავთ
და  უკმეხად  ჰორიზონტზე  მოძმეს  ვედიდგულებით.

უმეცრებას  ყოველ  ფეხის  ნაბიჯს  ვუდებთ  საფუძვლად
და  ვამაყობთ  სანთელს  როცა  სულის  ბერვით  ჩავაქრობთ.
უცხოს  აუგს  ვერიდებით,  ძმას  ქაღალდზე  დავფურცლავთ..
უხიაგო  სინთეზებით  არ  დავინდობთ  ქალბატონს.

ამ  ყველაფრის  მერე  ისევ  გვავიწყდება  პირობა
და  ერთმანეთს  ვუზიარებთ  ჩვენს  უგმირო  გმირობებს.
ეს  ცხოვრება  ჩვენი  ხელით  მოხატული  ტილოა,
რომ  დავხატავთ,  ვეღარ  წავშლით,  სირცხვილიც  რომ  გვტკიოდეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები